Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბჭოთა ნემესისის ფარი და მახვილი

10 დეკემბერი 2015

"საიმედო შვილო სერგო.

გილოცავ ახალ წელს ღმერთმა მრავალს დაგასწროს თქვენი ცოლ-შვილით ვიცი მკითხავ - ვაი ამისთანა სიცოცხლეს ჩემი შვილების დედის.

სერგო დედაშვილობამ თუ რამე იცი ჩემი შვილების შამომითვალე ან გეიგე რამე როდის იქნება მაგათი საშველი რომ გამოძიება როდის იქნება მიშველე სერგო თუ რამე შეგიძლია ხომ იცი ღმერთის მეტი არავინ ყავს მომხმარე ჩემ შვილებს მადლია იმათი მოხმარება შენი ჭირიმე გაფიცებ შენს პატარა ქალს. აპა შენ იცი სერგო.

გწერს კარგის მდომი ვერიკო ახვლედიანი".

ნაჩქარევად ნაწერი და დაჭმუჭნილი წერილი უპასუხოდ დარჩა - 1923 წლის 7 თებერვლის ღამეს საქართველოს ჩეკას მორიგე კომენდანტმა უხალისოდ და ცოტა დარცხვენით გაჩხრიკა მტკიცედ გათოკილი და ნაცემი უკვე ყოფილი კოლეგის ხალათისა და შარვლის ჯიბეები; ქაღალდის უფორმო ნაგლეჯი მაგიდაზე დაწყობილ, ახალი პატიმრისთვის ჩამორთმეულ მთელ არსენალთან - მაუზერის, ბრაუნინგისა და პარაბელუმის პისტოლეტებთან მიაგდო და ოქმის გაფორმებას შეუდგა.

92 წლის განმავლობაში წერილს უცხო თვალი არ შეჰხებია; ადრესატიც უკვალოდ გაქრა და ერთი ოჯახის ტრაგედიასთან ერთად თან გაიყოლა ასეულ ათასობით ადამიანის სიკვდილის, დიდი პოლიტიკის ინტრიგისა და ადამიანების დაუნდობლობის სიმწარეში გადახლართული დიდი პოლიტიკური მკვლელობის საიდუმლო, რომლის ფინალური აკორდიც, დიდი ალბათობით, მაგიდაზე დაწყობილი ერთ-ერთი იარაღიდან გასროლა იყო.

1922 წლის 21 ივლისის ღამით, ტროცკის #22-ში ის ის იყო, კამოს საეჭვო ავტოკატასტროფის საქმე დახურეს და არქივს მიაბარეს, რომ ასიოდე მეტრის მოშორებით ქუჩა ხშირმა სროლამ გააყრუა და ქალაქის შუაგული პანიკამ შეაწრიალა. მაძებარ ჯგუფს ჩაიკოვსკისა და ჟუკოვსკის ქუჩების გაყოლებაზე ოთხი გვამი და ერთი დაჭრილი დახვდა.

მეორე დილით უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოსული აჰმედ ჯემალ-ფაშას და მისი მხლებლების მკვლელობის ამბავი; მოქალაქეთა ნაწილს დიდადაც უხაროდა ოსმალეთის მრისხანე „ტრიუმვირატის“ წევრის, სომეხთა მასობრივ განადგურებაში დამნაშავის ასეთი უსახელო დასასრული, თუმცა ემოციის აშკარად გამოხატვა საშარო საქმე გახლდათ - კომუნისტები დიდ რევერანსებს არ იშურებდნენ ოსმალეთის საფუძველზე გაჩენილი თურქეთის რესპუბლიკისადმი და „ახალგაზრდა თურქების“ ერთ-ერთი მამის ბოლშევიკური რეჟიმის ფხიზელი დარაჯის - ჩეკას სახლთან ახლოს თავისუფალი სეირნობა და უცაბედი სიკვდილი ბევრ აუხსნელ კითხვას აჩენდა, რაც მოქალაქეებს სიფრთხილისკენ უბიძგებდა.

თუმცა თავად ჩეკას ხელმძღვანელობას პასუხები მზად აღმოაჩნდა - მეორე დღესვე საქართველოს კომპარტიის ცეკას ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვასილი პანკრატოვმა დარწმუნებით განუცხადა, რომ მკვლელობაში სომხურ რევოლუციური ფედერაციის - დაშნაკცუტიუნის თბილისური ორგანიზაციის ხელი ერია და მასობრივი დაპატიმრებების სანქცია პოსტ-ფაქტუმ ითხოვა; გაუბედავი და კანტიკუნტი შეკითხვები დასკვნის მამტკიცებელი ფაქტების შესახებ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნის, სერგო ორჯონიკიძის თვალების ბრიალმა ჩაახშო და საღამოს საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩეკას საკნები ახლად დაპატიმრებული თბილისელი სომხებით გადაივსო.

ერთი წლით ადრე ბერლინში „ტრიუმვირატის“ წევრის - თალაათ-ფაშას სოგომონ ტეილირიანის  მოკვლისა და სხვა წვრილი მკვლელობების ფონზე, მართლაც, ცხადი ჩანდა, რომ ჯემალ-ფაშასაც თბილისში შურისმაძიებლის ტყვიამ უწია, თუმცა ძიება გაჭიანურდა და ჩიხში შევიდა - არც დაპატიმრებულმა თბილისელმა დაშნაკებმა და არც პოლიტიკურმა ლიდერებმა მკვლელობაზე (ბრალის ერთგვარი პრესტიჟისა და მიმზიდველობის მიუხედავად) პასუხისმგებლობა არ აიღეს და მისი რეალური გარემოებები უცნობი დარჩა; ძიებას თავი დიდადაც არ გამოუდია - დაშნაკების 1922 წლის ზაფხულის მასობრივი წმენდა ჰარმონიულად გადავიდა წლის ბოლოს ყველა მოწინააღმდეგე პარტიაზე მასირებული შეტევის კამპანიაში - უკომპრომისოების, როგორც შეურიგებლების და სახიფათო მოწინააღმდეგეების გაციმბირებასა და შედარებით სუსტების ნეიტრალიზაცია-გადაბირებაში. ამ კამპანიაში კი კონკრეტული ფაქტების დაზუსტების დრო და სურვილი არავის რჩებოდა.

აჰმედ ჯემალ-ფაშა

მკვლელობის გახსნას დამნაშავეთა თავზეხელაღებული უტიფრობა და თვითმხილველთა, ფაქტობრივად, არარსებობა უღებდა ბოლოს. ნაფლეთ-ნაფლეთ შეკრებილი ცნობებით 21 ივლისის ღამის თავდასხმის რეკონსტრუქცია შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ჯემალ-ფაშა თბილისში მოსკოვიდან 11 ივლისს ჩამოვიდა. ბოლო წლებში, რაც  ოსმალეთში პოლიტიკურ თამაშში დაიჩაგრა და მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ გერმანიაში გაიქცა, ბოლშევიკებთან შეთანხმებით, ავღანეთში გადაბარგდა მთავრობის სამხედრო მრჩევლად და საბჭოთა რუსეთთან სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის შესაკრავად. ავღანეთიდან იგი მოსკოვში გაემგზავრა და მცირეხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, საიდანაც ერთთვიანი დასვენებისა და კონსულტაციების შემდეგ ანგორაში (ანკარაში) უნდა გამგზავრებულიყო მუსტაფა ქემალთან მოლაპარაკებების გასამართავად და ახალი თურქეთის პოლიტიკაში ჩასაბმელად.

1922 წლის 21 ივლისის თერთმეტის ნახევრისათვის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ჯემალ-ფაშა თავის მდივანთან, საზღვაო კაპიტან ნუსრეთ-ბეისთან ხელკავით მისეირნობდა სავარაუდოდ ჯუღაშვილის (ამჟამინდელი იაშვილის) ქუჩაზე მდებარე თურქეთის საკონსულოდან, ჩაიკოვსკისა და ტროცკის (ამჟამინდელი ინგოროყვას) ქუჩების გადაკვეთისაკენ, რამდენიმე ნაბიჯით წინ კი მისი ადიუტანტი, ოფიცერი სურია-ბეი მიდიოდა. სროლა მოულოდნელად ატყდა, ჯემალს და ნუსრეთს ზურგიდან მიჯრით ესროლეს და ორივე მათგანი დაეცა, სურია-ბეი კი ყვირილით გაიქცა, მაგრამ მკვლელების ტყვია მალევე მისწვდა და მძიმედ დაჭრილი რამდენიმე ათეული ნაბიჯის მოშორებით დავარდა. სროლის ხმაზე მიმდებარე ქუჩებში მოსიარულე მოქალაქეები მიიმალნენ; თავდამსხმელების ბრმა ტყვიამ მოშორებით მდგომი ქალი - პონომარენკო დაჭრა. მკვლელები აღმა - ჟუკოვსკის ქუჩისაკენ გაიქცნენ, სახანძრო სადგურიდან გამოსული მცველი - დალანიანიც მოკლეს და უკვალოდ გაქრნენ, ჟუკოვსკის ქუჩიდან ადევნებულმა შემთხვევით გამვლელმა ორმა წითელარმიელმა დევნა მალევე შეწყვიტა, სპარსეთის საკონსულოს დარაჯმა კი, რომელმაც თვალი შეასწრო  თავდამსხმელებს, სროლით გამოდევნებას ეზოში მიმალვა არჩია.

აჰმედ ჯემალ-ფაშას გვამი

10 წუთში შემთხვევის ადგილზე ჩეკას თანამშრომლები, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელი და ექიმთა ჯგუფი ერთდროულად მივიდა. ჯემალ-ფაშას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ზურგსა და კეფაში, ნუსრეთს ხუთი ტყვია, სურია-ბეის კი - ერთი. ექსპერტების დასკვნით ცხადი იყო, რომ ახლო მანძილიდან სროლის შემდეგ წაქცეულ ჯემალს და მის მდივანს დამატებით - საკონტროლოდ ესროლეს. ჯემალს ხელში გადატეხილი ტროსტი შერჩენოდა.

შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფმა მოწმეებმა ვერ შეძლეს თავდამსხმელების გარეგნობის აღწერა - ყველა აღნიშნავდა, რომ სროლა მოულოდნელად ატყდა და ყველამ მიმალვა არჩია, ასე რომ, დამნაშავეები უკვალოდ გაქრნენ და მკვლელობის საქმე თაროზე შემოდეს.

ჩეკას ვერსიამ, მკვლელობის დაშნაკების მიერ ორგანიზების შესახებ, იმოქმედა და დამაჯერებლად გადაფარა მომდევნო წლებში გაჟონილი ინფორმაცია: მკვლელობიდან მალევე პარიზში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა თბილისიდან საიდუმლოდ აცნობა მკვლელობის გარემოებები. რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს პროფკავშირების ერთ-ერთი კომუნისტი ლიდერი - კირილე კაკაბაძე სამუშაო მივლინებიდან აღარ დაბრუნდა და გერმანიაში დარჩა ემიგრანტად - მისმა წერილებმა 1920-იანი წლების საქართველოს სსრ კომპარტიის მოქმედების ბევრ ბნელ ეპიზოდს ახადა ფარდა, მათ შორის ჯემალ-ფაშას მკვლელობასაც, რაც მალევე ასევე საზღვარგარეთ გაქცეულმა ქართველმა ჩეკისტმა - დუმბაძემაც დაადასტურა; ყველა მათგანი ქართველ ჩეკისტს - სერგო თადეოზის ძე ლაბაძეს ადებდა ხელს.

სერგო ლაბაძე კი 1923 წლის 7 თებერვლის ღამის შემდეგ საქართველოს ჩეკას შენობიდან გამოსული არავის უნახავს.

სერგო ყმაწვილობიდან ჩვეულ - ნახევრადლეგალურ მდგომარეობას მოულოდნელად, მოულოდნელ დროში დაუბრუნდა; საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თანამშრომელს, რომლის შიშიც ყველას ზარავდა და ყველა ჩეკას კლანჭებიდან  ნათესავების გამოსახსნელად დახმარებას და წყალობას სთხოვდა, თავად მოუწია ძველი ხელობის გახსენება - ოქტომბერში, ბათუმში მივლინებით გაგზავნილს, 20 რიცხვში, ღამის ცხრის ნახევარზე, შუა ქალაქში - მარიის პროსპექტზე ნაცნობ-მეგობრებმა და კოლეგებმა ტყვიები დააყარეს. აქ სერგოს იღბალმა და სწრაფმა რეაქციამ შეუწყო ხელი და დაჭრილი და გაოგნებული მიიმალა. მალვით ჩააღწია თბილისში და საიმედო კაცის ხელით კომპარტიის ცეკას საჩივრით მიმართა, რომ მას - ჩეკისტს, ამავე სამსახურში შეფარებული ბნელი ელემენტები დაესხნენ თავს და 3 ტყვით დაჭრეს და დახმარება ითხოვა.

ლაბაძის საუბედუროდ, აღშფოთებულმა ცენტრალური კომიტეტის წევრმა, პარმენ საბაშვილმა სერგოს განცხადება გამოძიების მოთხოვნის რეზოლუციით, საქართველოს ჩეკას თავმჯდომარეს გაუგზავნა. საქართველოს ჩეკას თავმჯდომარის მოადგილემ და საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ კი განცხადება ბანდიტიზმთან მებრძოლი განყოფილების გამომძიებელს - ძველ ბოლშევიკ-ტერორისტ ტიტე ლორთქიფანიძეს დააწერა გესლიანი რეზოლუციით - „უცნაურია, რომ ჩეკას თანამშრომელმა მის წინააღმდეგ ჩეკისტის თავდასხმაზე საჩივლელად საკუთარ ორგანოს გვერდი აუარა და პარტიისაგან მოელის გამოძიებას?!“.

ერთ თვეში გაჭიანურებული გაურკვევლობით და სიჩუმით გაბეზრებულმა ლაბაძემ გარისკა და სამსახურში გამოცხადდა საქმის გასარკვევად, სადაც უცერემონიოდ გაანეიტრალეს და საკანში გამოკეტეს. ფორმალურ დაკითხვებზე ლაბაძე ამაოდ ცდილობდა მისი მკვლელობის მცდელობაში ძველი ტერორისტის - ალექსანდრე ჩეჩელაშვილის დადანაშაულებას და მის ბნელ წარსულზე ეჭვების აღძვრას - ყველაფერი პირიქით შეტრიალდა; გამომძიებელი, ტიტე ლორთქიფანიძე ბრალმდებლად იქცა და ლაბაძის რევოლუციურ ტერორში მონაწილეობა ბანდიტიზმად მონათლა, 1921 წლიდან ჩეკაში მუშაობა კი აფერისტობად გამოიყვანა.

ლაბაძემ საფრთხე იგრძნო და გარისკა - ჩვენებაში მან ფრთხილად მიანიშნა, რომ ბათუმში მასზე თავდასხმის ორგანიზატორებში ჩეკას მეორე თანამშრომელი, შალვა ოთარის ძე წერეთელიც იყო გარეული, თუმცა ეს მცდელობა ამაო იყო; მის გარშემო მოქსოვილი შეთქმულების ქსელი სწორედ ლაბაძე-წერეთლის საერთო წარსულსა და ბოლო ოპერაციაზე გადიოდა.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის სუსხმა კავკასიაშიც მოაღწია და სამხრეთის ფრონტი გაიშალა ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიას შორის; ამ მასობრივ ჟლეტასა და არეულობაში ორი განსხვავებული ახალგაზრდის ბედი გადაიკვეთა - ფოსტაზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ გაბანდიტებული რევოლუციონერი ტერორისტი სერგო ლაბაძე ოსმალეთში გაძვრა, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსების მიერ დაკომპლექტებულ ქართულ ლეგიონში ჩაეწერა. მალე მეტყვიამფრქვევეთა რაზმის უფროსობასაც მიაღწია და რანგით ომის ტყვეს, რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილ უმცროს ოფიცერს - შალვა წერეთელს გაუთანაბრდა. ომის დასასრულს, ფრონტის დაშლისა და მტერ-მოყვრის არევის შემდეგ სერგო და შალვა ლეგიონს ჩამოსცილდნენ - სერგომ ძველი ხელობა გაიხსენა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში და მეტეხის ციხეში ამოყო თავი, სადაც მალევე შალვაც შეასახლეს, ბოლშევიკების თანაგრძნობის გამო. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ კი მათი თანამშრომლობა და მეგობრობა საქართველოს საგანგებო კომისიაში გაგრძელდა.

ქართული ლეგიონის წევრები თურქეთში. 1914-1918 წწ. ცენტრში - ლეო კერესელიძე, მარჯვნიდან პირველი - სერგო ლაბაძე.

ლოგიკურია, თუკი ვიფიქრებთ, რომ 1922 წლის ზაფხულში, თბილისში საიდუმლოდ ჩამოსული ჯემალ აჰმედ-ფაშა 10 დღის განმავლობაში სომხური მოსახლეობით გაჯერებულ ქალაქში საკუთარი დაცვის იმედად არ ივლიდა, მით უმეტეს სტუმარი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გახლდათ და მასპინძლებს მისი უსაფრთხოება ყოველწუთიერად უნდა უზრუნველეყოთ. ასევე ლოგიკურია, თუკი ვიფიქრებთ, რომ პირად დაცვად მას ოსმალეთში ნამსახური და თურქი ოფიცრობის მცოდნეები - სერგო ლაბაძე და შალვა წერეთელი მიუჩინეს, რომელთაც ასევე ლოგიკურად, ხელსაყრელ დროს, მოწმეების გარეშე, დაიმედებული მსხვერპლი ზურგიდან დაცხრილეს და დაიმედებულები მიიმალნენ.

კითხვა კი - რატომ მოუსწრაფეს ჯემალ-ფაშას სიცოცხლე მაინცდამაინც თბილისში, მუსტაფა-ქემალსა და ლენინს შორის შეთანხმების ვარაუდს აღვივებს.

ძნელი სათქმელია, რატომ შებრუნდა ტრაგიკულად სერგო ლაბაძის ბედი - წარსულიდან გამომდინარე არასაიმედოობის, ლაყბობის სიყვარულის, თუ მარტივი ლოგიკის გამო, რომ ნაკლები მოწმე - ნაკლები საფრთხეა. მისი ოჯახი და ნათესავები ათწლეულები ამაოდ ცდილობდნენ სერგოს ბედის გარკვევას - საბოლოოდ, მათ მხოლოდ 1967 წელს აღირსეს პასუხი ცნობით, რომ სერგო ციხეში გარდაიცვალა.

1923 წლის 10 თებერვალს გურიაში ბოლშევიკური სადამსჯელო ექსპედიციის ხელმძღვანელი - ასევე ძველი ტერორისტი და გაბოლშევიკებული ჩეკისტი - საშა ობოლაძე მოკლეს. შურისძიების მიზნით ბოლშევიკებმა ციხეებში მყოფი პატიმრების მასობრივი დახვრეტა მოაწყვეს და 18 თებერვალს გაზეთ „კომუნისტში“ 14 თებერვლის ღამით დახვრეტილი 92 პატიმრის - „მკვლელების და ბანდიტების“ სია გამოაქვეყნეს, სადაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ მიაქცევდა ყურადღებას 56-ე ნომრად დაბეჭდილ სახელსა და გვარს - ლაბაძე სერგო ტატიოსის ძე.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^