Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანი - უფლებათა დაცვის დღე უუფლებოდ

10 დეკემბერი 2015
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.  აზერბაიჯანის ციხეში კი  ათეულობით ჟურნალისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სასჯელს არცთუ კანონიერი და სამართლიანი ბრალდებით იხდის.  სხვების უფლებების დაცვას საკუთარი თავისუფლება ლეილა იუნუსმა  და  ხადიჯა ისმაილოვამაც შესწირეს.  მათ საქმეებში არსებული მწირი მტკიცებულებები პოლიტიკური სარჩულის შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

„მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, 59 წლის ლეილა იუნუსს გუშინ, 9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა  პირობითი სასჯელით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის საფუძველი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლების შესახებ იუნუსის ადვოკატების შუამდგომლობა იყო. თუმცა სასამართლომ მას ბრალი არ მოუხსნა. 

იმავე საფუძვლით ცოტა ხნის წინ ლეილას ქმარი, მეცნიერი და ისტორიკოსი,  არიფ იუნუსი გაათავისუფლეს და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მას სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესებზე გამართულად ჯდომა უჭირდა და ხშირად მთელი პროცესის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

სააპელაციო სასამართლოს დატოვების შემდეგ არიფ იუნუსი აცხადებდა, რომ მასთან შედარებით ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო - „ის ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა“.

გათავისუფლებამდე ლეილა ციხეში მისი რამდენჯერმე ცემის შესახებ  საუბრობდა და კონკრეტულ თარიღებს ასახელებდა. მისი თქმით, მას უძილობა, მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა. მისი ადვოკატების ინფორმაციით კი, ლეილას C ჰეპატიტი აქვს და მისი ღვიძლი თითქმის დაშლილია.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი 2014 წლის 30 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს, მოგვიანებით დააკავეს მისი ქმარიც. მათ საქმეზე  სასამართლო პროცესი კი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის 15 ივლისს დაიწყო. დიდი რაოდენობით ზარალის მიყენებით თაღლითობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, გადასახადებისთვის თავის არიდება და დოკუმენტების გაყალბება - ამ ბრალდებების გამო სასამართლომ ლეილას 8,5 წლით, ხოლო არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ 1995 წელს დაფუძნდა. ლეილა იუნუსი  აზერბაიჯანის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა, რასულ ჯაფაროვთან და ინტიგამ ალიევთან ერთად ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პატიმრების უფლებებისთვის იბრძოდა. ლეილა იუნუსი ასევე თანამშრომლობდა ევროკომისართან, ევროსაბჭოსთან და საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან.

მისი საქმიანობა, სხვა უფლებადამცველთა დაკავება და მის საქმეში არსებული მწირი მტკიცებულები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მისი დაკავება  პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

პოლიტიკური მოტივი ჩანს გამომძიებელი ჟურნალისტისა და „რადიო თავისუფლების“ კონტრიბუტორის, ხადიჯა ისმაილოვას დაპარტიმრებაშიც. მისი  საქმე 15 ტომისგან შედგება და რამდენიმე ბრალდებას მოიცავს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს მოსამართლე რამენ ალახვედიევმა ჟურნალისტს 1 სექტემბერს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიართეს, თუმცა უშედეგოდ - სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

აზერბაიჯანში მასობრივი დაპატიმრებები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. ისმაილოვას საქმეს  ევროპარლამენტი სექტემბერში გამოქვეყნებულ რეზოლუციაში გამოეხმაურა. მან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას „სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ  უპრეცედენტო რეპრესიები“ უწოდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტმა  ევროკავშირს მოუწოდა, აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მანამდე შეაჩეროს, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვისთვის მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

რეზოლუციაში საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც პოლიპატიმართა საქმეებს განიხილავენ, სამგზავრო აკრძალვები და სხვადახვა სანქცია უნდა დაწესდეს.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებს, დეტალურად გამოიძიონ კორუფციის შესახებ ის ბრალდებები, რომელშიც ხადიჯა ისმაილოვამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები ამხილა.

სავარაუდოა, რომ სწორედ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესების შესახებ არაერთი საგამოძიებო ჟურნალისტური ნაშრომი გახდა ისმაილოვას დაკავების საფუძველი. ამაზე საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch 2015 წლის ანგარიშში.

“ხადიჯა ისმაილოვა ღიად იძიებდა მთავრობის კორუფციულ საქმიანობას, მათ შორის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესებს. ოქტომბერში მას ქვეყნის დატოვება ყოველგვარი ახსნის გარეშე აუკრძალეს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა მის წინააღმდეგ 2012 წელს დაწყებული ლაფში ამოსვრის კამპანია გააგრძელეს”, - აღნიშნულია ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე საგამოძიებო საქმინობას უკავშირებენ მის დაკავებას  ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანსი.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 11 ნოემბერს ხადიჯა ისმაილოვა ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული გამბედაობისთვის დააჯლდოვა. აღნიშნულ პრემიას ორგანიზაცია იმ ადამიანს გადასცემს, ვინც საკუთარ სიცოცხლეს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით საფრთხის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის კორუფციული საქმიანობის გამოძიებით ისმაილოვამ სწორედ საკუთარ თავს შეუქმნა საფრთხე.

ამჟამად ჟურნალისტის  საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო  აზერბაიჯანის ხელისუფლების პასუხებს ელოდება, ამისთვის მას დრო 2016 წლის 15 იანვრამდე მიეცა. ადვოკატებმა ევროპულ სასამართლოს საჩივარით  8 სექტემბერს მიმართეს.

უკვე რამდენიმე წელია, დასავლური საზოგადოება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსეუბლ პრობლემებზე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ცხადია, ეს არაფერს ცვლის. სიტუაციის გამოსასწორებლად და პოლიტპატიმართა გასათავისუფლებლად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი მიდგომაა საჭირო, ვიდრე უბრალოდ განცხადებების გაკეთება. მით უფრო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტიკური პატიმარია. Human Rights House-ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული, თითქმის იდენტური ბრალდებით 33 უფლებამდაცველი დააკავა, საიდანაც 10 ჟურნალისტი და ბლოგერია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^