Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი ცივილიზაციის დასასრულის შესახებ

17 დეკემბერი 2015
ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან:

ხშირად გითქვამთ, რომ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. რა არის ის გარე ფაქტორები, რაც ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია?

გარე ფაქტორებიდან უნდა გამოვყოთ ის, რომ სამყარო უცებ, ძალიან სწრაფად იცვლება, მულტიპოლარული ხდება. ბოლო 25-30 წელი ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური სამყაროს ლიდერი იყო. დღეს ეს სიტუაცია ჩვენს თვალწინ შეიცვალა. სინამდვილეში ეს ტენდენცია ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ახლა საბოლოოდ გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გამო, აშშ მაინც ლიდერია, მაგრამ უკვე ჩანს ამ ლიდერობის დასასრულის დასაწყისი.

რაც ხდებოდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ნორიეგას წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების შემდეგ, ანუ 1999 წლიდან მოყოლებული და დამთავრებული 2008 წლით, როცა შეერთებულმა შტატებმა ვერ გაბედა რუსეთთან დაპირისპირება, საქართველოს შემთხვევაში, უკვე ლიდერობის კრიზისია.

ეს იყო პირველი სერიოზული მარცხი. ამას მოჰყვა ორი მარცხი: ერთი უკრაინაში და მეორე  - სირიაში. ამავე დროს, კასპიის ზღვიდან ცნობილი სტრატეგიული რაკეტების გასროლის შემდეგ სამი მითი დაინგრა ერთდროულად: პირველი, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ ყველაფერი იცის, მეორე, რომ რუსეთს არ აქვს ტექნოლოგიები და მესამე, რომ თურმე გამარჯვება შეიძლება ატომური იარაღის გარეშეც. აქედან გამომდინარე, კრიზისი აშკარაა.

მხოლოდ ამერიკის კრიზისზე საუბრობთ, თუ დასავლური სამყაროსი მთლიანად?

მთლიანად დასავლურ სამყაროზე თუ ვილაპარაკებთ, ეს სხვა თემაა. ასევე სხვა თემაა დასავლური სამყაროს კრიზისიც. გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა და გამოიკვეთა მიზეზები, თუ რატომ ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ ხდება პოსტმოდერნიზმის გლობალიზაცია, რაც განსაზღვრებაში, თავისთავად, უკვე წინააღმდეგობრივია. ამდენად, გლობალიზაციის პროექტისა და პოსტმოდერნიზმის წინააღმდეგობა ძალიან კარგად გამოიკვეთა.

ესე იგი, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მთავარი ფაქტორი აშშ-ის დასუსტებაა?

ეს არის დასავლური სამყაროს ცივილიზაციის კრიზისი, რომელშიც რუსეთს მხოლოდ კატალიზატორის როლი აქვს. ამაზე უკვე 100 წელია ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა ძალიან გამოიკვეთა. მიგრაციული ტალღები და ე.წ. ტერორიზმი ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასავლურმა სამყარომ დაკარგა იმუნიტეტი, ეს არის აბსოლუტურად ნევროტული საზოგადოება, რომელიც პანიკაში ცხოვრობს.

ვფიქრობ, „ისლამური სახელმწიფო“ არის ფანტომი, რომელიც ამ პანიკიდან  დაიბადა. სინამდვილეში „ისლამურ სახელმწიფოს“ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის დასავლური სამყაროს მეორე მხარე.

ტერორიზმის რაციონალიზაციას ცდილობთ?

ტერორიზმი რაციონალურია. ირაციონალურია დასავლური ღირებულებები და დასავლური სტრატეგია. დალაი ლამამ შესანიშნავად ჩამოაყალიბა, რომ თანამედროვე დასავლელი ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილი არ არსებობს და ისე კვდება, თითქოს არც უცხოვრია.

პირამიდები სრულიად გასაგებია, რისთვისაა საჭირო, მაგრამ მე არ მესმის, რისთვისაა საჭირო ცათამბჯენები, იმიტომ, რომ მათი წაღება იმქვეყნად შეუძლებელია. ჩემთვის გაუგებარია, რა იყო „ტყუპების“ არსებობის მიზანი. მათი დანგრევის მიზანი გასაგებია. ამით დაარტყეს, ასე ვთქვათ, მამონას. გარედან გასაგებია, რომ ეს არის სანსარული ცივილიზაცია, ანუ არანაირი საფუძველი არ აქვს. მაგრამ შიგნით რომ არის ადამიანი და ამას აკეთებს, მაინტერესებს, მის ტვინში რა ხდება. როგორც ჩანს, არაფერიც არ ხდება.

ამბობთ, ტერორიზმი დასავლური სამყაროს ანარეკლიაო… უფრო კონკრეტულად, რაზე ვსაუბრობთ?

ეს არის ფანტომი. თანამედროვე ფილოსოფოსს, კანადელ ჩარლზ ტეილორს ძალიან კარგი ტერმინი აქვს გამოყენებული: Close world - დახშული სამყარო. ანუ სამყარო, რომელშიც ტრანსცენდენტური ძალა არ არის ან, სადაც ის მოუაზრებელი ხდება. ასეთ სამყაროს ტეილორი განიხილავს, როგორც ჩაკეტილს, ანუ სამყაროს სულიერების გარეშე. ეს არის თანამედროვე დასავლეთი.

სწორედ ეს უსულობა და ჩაკეტილობა ბადებს ამ ეფექტს. დასავლეთმა უკვე აღარ იცის, რა არის აგრესია და რა  -  არა. მისთვის უკვე ყველაფერი ძალადობაა. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ატარებს, ესეც ძალადობაა. ყველაფერი თუ ძალადობაა, გაუგებარი ხდება, რა არ არის ძალადობა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ საზოგადოებას იმუნიტეტიც აღარ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, როცა ის დაუპირისპირდა ოჯახს, სიცოცხლის ინსტინქტს, ამით მოიჭრა ის ტოტი, რომელზეც ზის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საზოგადოება აბსოლუტურად განწირულია.

რას გულისხმობთ სიცოცხლესთან დაპირისპირებაში?

ამ შემთხვევაში მე ჰომოსექსუალობას არ ვგულისხმობ, საერთოდ სექსუალობას ვგულისხმობ. როდესაც ადამიანი დაიყვანება სექსუალობამდე და საქმიანობამდე, ანუ სხვა კოორდინატები აღარ არის, ეს ადამიანი განწირულია, ის არის ერთგანზომილებიანი ადამიანი.  ეს უკვე მოხდა, დასავლეთმა ჩაიდინა კოლექტიური თვითმკვლელობა.

აშშ-ის დემოგრაფიული ინსტიტუტის მონაცემებით, 2040 წელს ლათინოსი უფრო მეტი იქნება, ვიდრე თეთრი ამერიკელი. საუბარია იმაზე, რომ თეთრი რასა მთავრდება და ძალიანაც კარგი. იმდენი უბედურება დაიტეხა თავს და მსოფლიოსაც იმდენი დაატეხა, ძალიან კარგი, თუ თეთრი რასა მთავრდება.

და ჩვენც, როგორც თეთრი რასის ნაწილი?

განსაზღვრების თანახმად, ქართული კულტურა შეუძლებელია ევროპული იყოს, იმიტომ, რომ ევროპული კულტურა რომის ეკლესიამ ბარბაროსებისგან შექმნა მე-9-10 საუკუნეებში. ჩვენ ამ დროს უკვე ვარსებობდით. ქრისტიანობა რომ შემოვიდა, ცივილიზაცია კი არა, სახარება შემოიტანა, ცივილიზაცია აქ უკვე იყო.

დასავლეთის ცივილიზაციას დარჩა 60-70 წელი. 21-ე საუკუნის 90-იან წლებში ეს ცივილიზაცია საბოლოოდ დამთავრდება.

მაშინ რა უნდა იყოს ჩვენი საორიენტაციო სკალა? რა სივრცის ნაწილი ვართ?

ეს ყველაფერი არის თანამედროვე ენის და წარმოდგენების ნაწილი. ეს რომ დამთავრდება, სულ სხვა ენა და წარმოდგენები იქნება. ასე რომ, ჩვენი შეკითხვა ორიენტაციის შესახებ, ეს არის თანამედროვე კონიუნქტურა. როცა ეს თანამედროვე კონიუნქტურა აღარ იარსებებს, ასეთი შეკითხვებიც აღარ იქნება, რეალობაც შეიცვლება.

იმპერატორი ავგუსტუსი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა ცივილიზაცია პალესტრას და სპორტის გარეშე; არადა შუა საუკუნეების ცივილიზაცია იყო მათ გარეშე.

წარმოიდგინეთ დრო, როცა აღარ იქნება ფსიქოანალიზი და ადამიანებს არ ეცოდინებათ, რას წერდა ფროიდი. როგორც ჩვენ არ ვიცით, ბაბილონელები რას წერდნენ. არ ეცოდინებათ, რა არის მარქსიზმი.

თქვენ გულისხმობთ 50-60 წლის შემდეგ პერიოდს?

კი, მაგრამ ახალი ცივილიზაცია, რომლის ფოკუსიც აფრიკა იქნება, სრულიად ახალი იქნება და მის ჩამოყალიბებას, ალბათ, 2 საუკუნე დასჭირდება. ღირებულებებისა და დისციპლინების, მათ შორის საერთაშორისო წესრიგის მთელი ეს სისტემა აღარ იქნება და რაღაც ახალი დაიბადება. ცხადია, იქნება წყვეტა, რადგან ცივილიზაციური წანამძღვრება ყოველთვის წყვეტასთან არის დაკავშირებული. ახალ ადამიანს არ ესმის, ძველი რას ამბობს.

დასავლური ცივილიზაციის დასასრული ჯერ კიდევ 100 წლის წინათ იწინასწარმეტყველეს. ბოლო პერიოდში ეს თემა შეგვახსენა პატრიკ ბიუკენენმა, რეიგანის მეგობარმა და მრჩეველმა. ის, რასაც ბიუკენენი 15 წლის წინ ამბობდა, დღეს უკვე რეალობაა. მიგრაციული კრიზისი ჩვენი რეალობაა, 3-4 თვის წინათ ასე არ იყო.

უფრო გასაგები რომ იყოს, თქვენი აზრით, დასავლურმა ცივილიზაციამ იმიტომ ამოწურა თავი, რომ ის არსებითად უპირისპირდება ფუნდამენტურ საწყისებს?

ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება არის ის, რომ განსხვავებით ბერძნულ-რომაული ცივილიზაციისგან, რომელიც რომაული სამართლისა და ბერძნული ფილოსოფიის ალიანსზე იდგა, დასავლური ცივილიზაცია თავიდანვე ქრისტიანული იყო. ეს არის რომის ეკლესიის პროდუქტი, რომელიც მან ბარბაროსული ჰუმუსებისგან შექმნა. სიმბოლურ თარიღად შეიძლება 800 წლის 25 დეკემბერი დასახელდეს, როდესაც კარლოს დიდი გამოაცხადეს იმპერატორად.

საფრანგეთის რევოლუციის მერე დაიწყო დექრისტიანიზაციის პროცესი, იგივე სეკულარიზაციას რასაც ვეძახით. ამ პროცესმა მიგვიყვანა იდენტობის აბსოლუტურ პრობლემამდე. დასავლელმა ადამიანმა არ იცის, ვინ არის, არ იცის, ქალია, კაცია, რას მიეკუთვნება. ნაციონალური იდენტობაც უკვე სერიოზულ კრიზისშია, ყველა ვინც ტერორისტული აქტი მოაწყო, ფრანგი იყო. რა იდენტობაზეა საუბარი. პოლიტიკური კორექტულობის გამო ვუწოდებთ მათ ფრანგებს, მაგრამ ისინი თავს ფრანგად არ აღიქვამენ. პარიზის ცენტრში ხალხი რომ იხოცებოდა და პანიკა იყო, გარეუბნებში ზეიმობდნენ, ცეკვა-თამაშით. ეს არის სამოქალაქო ომის სიტუაცია. რომელ იდენტობაზე ვსაუბრობთ.

ეს პირდაპირ მეხუთე კოლონაა, მაგრამ ხომ ვერ გამოყრი იქიდან. ჯერ ერთი, აბსოლუტურად არაქრისტიანულია. იმარჯვებს ყველაზე ძლიერი, მაგრამ ვინ არის ძლიერი? პირველი სამყარო მესამეს ეკონომიკით ამარცხებს, მესამე ამარცხებს პირველს დემოგრაფიით, ანუ იმარჯვებს ჯაყო და ევროპა არის თეიმურაზ ხევისთავი. ეს მოდელი გადასარევად მუშაობს და ვერაფერს იზამ, იმიტომ, რომ შენი ნებისმიერი საქციელი არაჰუმანური იქნება. ანუ ტრამპის პოლიტიკური მოძღვრება უკვე შეუძლებელია.

თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ ევროპა თავის იდენტობას აუმხედრდა.

იმპერიალიზმი და კაპიტალიზმი სწორედ დექრისტიანიზაციასთან ერთად იწყება. ისინი დექრისტიანიზაციის შედეგია, როდესაც წინა პლანზე გამოდის არა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ასკეზა, მედიტაცია, სიღარიბე, არამედ სრულიად საპირისპირო. ანუ ძალაუფლების ნება, პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ღლეტა. ეს ყველაფერი დექრისტიანიზაციის შედეგია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციით დაიწყო. ეს ლოგიკური შედეგია.

საიდან მოდის ის პოტენციალი, რომელსაც აფრიკაში ხედავთ?

ქრისტიანობიდან. მისი აღორძინება უკვე მოხდა, იმიტომ, რომ თუ 1900 წელს აფრიკაში 3 მილიონი კათოლიკე იყო, ახლა 300 მილიონია. აქედან გამომდინარე, უკვე ჩანს, სად გადადის ისტორია. ეს ლოგიკური შედეგია. დასავლეთმა ამოწურა თავისი ფუნქცია.

თავის დროზე ქრისტიანობა საიდან დაიწყო - სირიიდან და ერაყიდან, დღეს კი იქ არაფერი არ არის, დასავლეთში გადავიდა, ახლა სამხრეთში გადადის.

ბენედიქტ მეთექვსმეტემ აფრიკას იმედის კონტინენტი უწოდა, ანუ ბავშვურობა აქვს, რწმენას აბსოლუტურად ბავშვურად, გულით იღებს. მაშინ, როცა აქ ადამიანებს არაფერი აღარ აინტერესებთ.

სწორედ რწმენაა რაციონალური და ურწმუნოება ირაციონალური. თუ კარგად დაუკვირდებით, ასეა.

ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რელიგიური მსოფლმხედველობა აქვს.

მე არ ვიყავი რელიგიური, მაგრამ არ მესმოდა, რა დანიშნულება აქვს ასსართულიან სახლებს, თუმცა მესმოდა პირამიდის დანიშნულება. რა აზრი აქვს ფინანსურ კაპიტალს, არ მესმის.

შამანი რასაც აკეთებს, მესმის, გადადის ტრანსცენდენტურ განზომილებაში, მაგრამ არ მესმის ბიზნესმენის, კაპიტალისტის. ხომ დამთავრდება ეს კომფორტი, არა? აბა, რაშია ხიბლი?

თუ ვიფიქრებთ, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სიკვდილისათვის მზადებაა, მაშინ ეს ყველაფერი აზრს კარგავს. მაგრამ თუ სიკვდილს ჩვენი ცხოვრებიდან გავიტანთ ისე, როგორც სულიერება გვაქვს გატანილი დახშული სამყაროდან, მაშინ როგორ შეიძლება ასე იცხოვრო?! ეს არის ერთადერთი ცივილიზაცია, რომელიც ასე ცხოვრობს.

მე გამოვდივარ ძალიან მარტივი რამიდან - არის დაოსი, არის იოგი, თავისი ცხოვრების წესით. მას სიკეთესა და ბოროტებაზე სულ სხვა წარმოდგენა აქვს, ვიდრე ქრისტიანს, მაგრამ ნებისმიერ კულტურაში არსებობს „მიღმიერი სამყაროს“ ცნება. ნებისმიერი ცივილიზაციის, იქნება ის ჩინური, ინდური, სპარსული, ბერძნული თუ ა.შ. მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ის, რასაც ბერძნები უწოდებენ „სხოლეს“, ანუ მოცალეობას. ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ მოცალეობა გვქონდესო. ღმერთი 6 დღის განმავლობაში ქმნიდა სამყაროს, მეშვიდე დღეს დაისვენა. ამიტომ შაბათის საზრისიც ესაა - ეს არის დღესასწაული, ზეიმი, ანუ ადამიანი ამისთვის არის დაბადებული.

პლატონს თავის კანონებში აქვს ასეთი არაჩვეულებრივი ფრაზა - იმისათვის, რომ ღმერთებს წამოეყენებინათ ადამიანი მისი ახლანდელი, მიწაზე განრთხმული მდგომარეობიდან, მათ დააწესეს დღესასწაული და თვითონ ღმერთები ჩამოდიან მიწაზე, რომ ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაიმართოსო. ამას არანაირი კავშირი არ აქვს დასავლურ რეკრეაციას, რელაქსაციასა და შრომასთან, სადაც ჩემი დასვენება ვიღაცის შრომაა და პირიქით. სადაც სექსუალობაც სწორედ შრომის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით და ცვ-ის ნაწილია.

დასავლური ცივილიზაცია ერთადერთია, რომელმაც მოსპო „მოცალეობის კულტი“. როგორც ნარნიაში შობა არ დგება, ისე ეს არის ცივილიზაცია, სადაც კვირა არ არსებობს, სადაც არ არსებობს მოცალეობა და არის დასვენება და რეკრეაცია. ამიტომ ის დიდხანს ვერ გაძლებს და ვერც გაძლო. აქედან მოდის სწორედ მთელი რიგი პრობლემები.

რა არის რომის ეკლესიისა და კათოლიციზმის როლი დღევანდელ კონტექსტში?

აღმოჩნდა, რომ დასავლური ცივილიზაცია და კათოლიკური ეკლესია არ ემთხვევა ერთმანეთს. დღეს კათოლიკეების უდიდესი ნაწილი არის აფრიკა-აზიაში და არა ევროპაში. გუშინწინ ებრაელები იყვნენ რომის პაპები, მანამდე გალილეველი მებადური იყო პირველი პაპი, შემდეგი _ აფრიკელი იქნება, დარწმუნებული ვარ. კარდინალი რობერტ სარა ან კარდინალი ნაპიერი იქნება შემდეგი რომის პაპი.

რომი არის უნივერსალური ეკლესია, რომელიც ქმნის ერთ ცივილიზაციას, მერე ის მიდის. მოდის მეორე ცივილიზაცია და ა.შ. ცივილიზაცია არის ჰუმუსი და რომის ეკლესია არის მარადიული, ის არ არის დამოკიდებული ამაზე.

შესაბამისად, რომის ეკლესია არ „გადაჰყვება“ დასავლურ ცივილიზაციას?

რა თქმა უნდა, არ გადაჰყვება. დღეს როგორი ვითარებაა იცით, დღეს თუ დასავლეთში ადამიანი არის ქრისტიანი, ის უკვე აღარაა დასავლელი.

რატომ, დასავლეთი ხომ მაინც ტოვებს ადგილს მრავალფეროვნებისთვის, აღმსარებლობის თავისუფლებისთვის?

დასავლეთი არაფრისთვის არ ტოვებს ადგილს. რასაც ჩვენ დასავლეთს ვუწოდებთ, ეს უკვე რელიგიაა. ამას მე გნოსტიკური მატერიალიზმის რელიგიას ვეძახი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი თვითონაა ღმერთი და სწორია ის, რასაც ადამიანი აკეთებს. ამ რელიგიის მთავარი პოსტულატები არის თვითგამოხატვა და თვითგამოხატვის აბსოლუტური ღირებულება. ამას შეიძლება ვუწოდოთ გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია, რომელიც დგას ოთხ ვეშაპზე - მედია, მენეჯმენტი, დიზაინი და ტექნოლოგიები.

ხელოვნება ხომ მოკვდა და ის დიზაინმა ჩაანაცვლა, ანუ ხელოვნებამ, შემოქმედების გარეშე. მედიაც ხომ ჭეშმარიტებას არ გამოხატავს, ის თავის თავს გამოხატავს.

თვითგამოხატვაში ცუდი ისაა, რომ ეს არის საკუთარი თავის აღვირახსნილი სიყვარული და საკუთარი თავის კულტი, ანუ „მე“ ხდება სამყაროს ცენტრი. არადა, სამყაროში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებებიც არსებობს.

რომის და რუსეთის ურთიერთობაზე არ გვისაუბრია. ბოლო რამდენიმე წელია, სახეზეა პაპი ფრანცისკეს და პუტინის ურთიერთრევერანსები, მათ შორის უკრაინის მოვლენების შემდგომაც.

ნამდვილად ასეა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ მათ. ეს ყველაფერი ბუნებრივია. თუ დასავლური ცივილიზაცია თვითონაა ახალი რელიგია, მაშინ რომისა და რუსეთის დაახლოება სავსებით ლოგიკურია ამ ფონზე.

თქვენი  აზრით, რა იქნება დასავლური ცივილიზაციის სხვა ცივილიზაციით ჩანაცვლების შემდეგ?

ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ის, მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცები აღარ იქნება. მაგალითად, აღარ იქნება მარქსიზმი, ფემინიზმი, ლგბტ პრობლემატიკა. მიშელ ფუკო, რომელმაც თვითონ დააყენა სექსუალობისა და სექსუალობის ისტორიის საკითხი, მანაც კი თქვა, რომ მომავალი ადამიანი გაკვირვებული იქნება იმით, როგორ აინტერესებდა ისეთი ბანალური რაღაც, როგორიცაა სექსი.

თეთრი და შავიც აღარ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ შავი რასა იქნება წამყვანი. ჩინელებიც და ინდოელებიც ძალიან სერიოზულ როლს შეასრულებენ, მაგრამ მესამე ქრისტიანული ცივილიზაციის თვალსაზრისით, ფორპოსტი აფრიკა იქნება.

დღევანდელი სირია, ერაყი და ავღანეთი?

იქ სრული დექრისტიანიზაცია მოხდა და ქვა ქვაზე აღარ დარჩა უკვე. ფაქტობრივად, ქრისტიანების სამშობლოში ქრისტიანები აღარ არიან. ამ 4 წლის განმავლობაში ეს ხდება, ერაყიდან დაიწყო და სირიაში ბოლომდე მივიდა ეს პროცესები.

რუსეთის როლი როგორია ამ პროცესებში?

როგორც უკვე ვთქვით, ამჟამად რუსეთი კატალიზატორის როლს ასრულებს. გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, კლასში იყო ერთი მაგარი ბიჭი, გამოჩნდა მეორე ბიჭი და ამბობს, მეც მაგარი ვარო. არის ჩხუბი და ნაწილი აქეთაა, ნაწილი - იქეთ. გამოჩნდა ვიღაც, რომელიც არ დაემორჩილა ამ წესებს და ხალხი ფიქრობს უკვე, მეფე შიშველი ხომ არ არის?

ყველაფერთან ერთად თანამედროვე ცივილიზაცია არის ცინიკური, იმიტომ, რომ ეს არის ძალის ცივილიზაცია, ძალა კი მორევაზეა.

თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით ახერხებს ამას?

ძალის დემონსტრირება არის ის, რომ მას აქვს იმუნიტეტი.

მეტსაც გეტყვით, რუსეთის ასეთი საქციელი ხელ-ფეხს უხსნის ჩინეთსაც და სხვა სახელმწიფოებსაც. აღმოჩნდა, რომ ერთი პოლუსი არ მართავს ამ ყველაფერს.

რუსეთის რეზისტენტულობას აქვს შინაარსობრივი დატვირთვა, თუ უბრალოდ ძალის დემონსტრირება ხდება?

რაში გვაინტერესებს, შინაარსობრივად რუსეთი რას გვთავაზობს. შინაარსი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩადოს. მთავარი ისაა, რომ სამყარო ერთფეროვანი აღარ იქნება. აი, ეს შეიცვალა. მგონია, რომ მეორეხარისხოვანია, ვინ რას მთავაზობს. ეს უკვე დამოკიდებულია ადამიანის აღქმაზე, ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი. ვიღაცისთვის რუსეთი სულიერების გამოხატულებაა, ვიღაცისთვის ბარბაროსი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ თამაშის წესები შეიცვალა და სამყარო აღარ არის ერთფეროვანი, ძალიან კარგია. შეერთებული შტატებისთვისაც კარგია ეს. 25 წელი მოკიდებული ჰქონდა ეს საშინელი პასუხისმგებლობა და ახლა ყველაფერზე პასუხისმგებელი აღარ იქნება. აქამდე ყველაფერი მას ჰბრალდებოდა, ერაყი, სირია… ახლა შეუძლია, გადაანაწილოს როლი და ბევრად უფრო ნორმალურ მოცემულობას მივიღებთ.

შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური გაგებით ალიანსებმა, ნატო-მ, უკვე აზრი დაკარგა. ნატო უკვე ანაქრონიზმია. მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო ევროკავშირის. გაუგებარია, რა არის მათი არსებობის ფუნქცია.

ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის, ეს ნაჯახივით განცხადებაა. მაშინ საითკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი საგარეო ორიენტირი? რა სივრცის ნაწილი უნდა ვიყოთ? ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენი ისტორიული კონტექსტი, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება.

უნდა გავთავისუფლდეთ, მთავარი თავისუფლებაა. უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას. ჩვენ გვინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ სხვას ეფიქრა ჩვენს ნაცვლად, მაგალითად ნატოს. არ გამოვა ასე.

ჩვენთან ხომ იცით, როგორაა? ყველა აცნობიერებს ამას, უბრალოდ, საჯაროდ ვერავინ ბედავს ამაზე ლაპარაკს.

თქვენი აზრით, დასავლეთის კრიზისისა და ნიჰილიზმის ფონზე რა კონტექსტია დღეს ჩვენთან?

თუ დასავლეთი ჩავარდნილია გნოსტიკურ მატერიალიზმში, ქართველი ხალხი ჩავარდნილია წარმართობაში. მაგრამ წარმართობიდან შეიძლება ქრისტიანობაში გადასვლა, მატერიალიზმიდან კი, ალბათ, ვერა.

წარმართი არის პრიმიტიული. „ლგბტ ცნობიერება“ ბევრად უფრო დაწინაურებულია, ვიდრე საწყალი წარმართი, მაგრამ ის სრულ ამპარტავნებაშია ჩავარდნილი. ფაქტობრივად, რაც 30 წელს პარტიის ხაზი იყო, ახლა „ლგბტ“ თემატიკაა. ეს ახალი კონიუნქტურაა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ ფონზე, როცა საზოგადოდ სექსუალური პრაქტიკა და გამოხატვა არის პროგრესი, წარმართობა შავბნელია. 95% ქართველი წარმართია. ეს არის წარმართობისა და გნოსტიციზმის დაპირისპირება.

მაგრამ საკუთარ თავში ხომ ორივეს ვპოულობთ, ჩვენში არის წარმართი, რადგან რაღაცების ახსნას ვეძებთ და გნოსტიციზმიც, რადგან საკუთარი თავის აღვირახსნილ სიყვარულში ვვარდებით.

კაპიტალიზმი, თავისი არსით, ღრმად ჰომოსექსუალური მოვლენაა. კაპიტალიზმი ხომ ისაა, რომ კერძო ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე საზოგადო. ორიენტაცია საკუთარ თავზე და თავის კულტივაცია შეიძლება თვითგამოხატვას სჯობია, მაგრამ ეს არის კაპიტალიზმი.

ფროიდიც ასე ხსნის და ნარცისიზმიც სწორედ ესაა, ორიენტაცია საკუთარ თავზე ანუ საკუთარ სქესზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოება ერთგანზომილებიანი გახდა.

მათემატიკოსი პუანკარე ორგანზომილებიან არსებებზე ლაპარაკობდა. წარმოიდგინეთ ორგანზომილებიანი არსებები, რომლებიც დადიან ბურთზე. მათთვის ეს ბურთი უსასრულო სიბრტყე იქნებოდა, რადგან მესამე განზომილება არ აქვს ბურთს. ასეა, სექსუალობისა და საქმიანობის ადამიანი არის ორგანზომილებიანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს მესამე განზომილება. ეს ე.წ. ჰომოსექსუალსაც და ე.წ. ჰეტეროსექსუალსაც თანაბრად ეხება. ადამიანს სექსუალობა საერთოდ არ განსაზღვრავს, მას უკვდავი სული განსაზღვრავს და არა მისი გენდერული ორიენტაცია და ა.შ.

თუ ადამიანს სულის არსებობის არ სჯერა?

მაშინ მას დარჩა მხოლოდ სიკვდილი.

როგორ ფიქრობთ, არსებობს ოაზისები, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან ჩართულნი ამ პროცესებში?

მეტ-ნაკლებად. ჩინეთი ყოველთვის იყო თვითკმარი. ეს არის ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი, 3 000 წელი ასე იყო და ასე არის დღესაც. თუმცა, ცხადია, თვითკმარობა არ ნიშნავს სრულ იზოლაციას, მაგრამ ჩინური კულტურისათვის დამახასიათებელია, რომ მას არ აქვს გლობალური პროექტი. ჩინეთი ყოველთვის იქნება გახსნილი და არის კიდეც, მაგრამ მას არ აქვს გლობალური პროექტი, განსხვავებით დასავლური სამყაროსგან.

გლობალური პროექტი არც ინდოეთს აქვს, არც თანამედროვე რუსეთს. ბოლშევიკების რუსეთს კი ჰქონდა - მუდმივი რევოლუციებისა და მთელ მსოფლიოში სოციალისტური რეჟიმის დამყარების სახით, მაგრამ ჩავარდა. ე.ი. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩავარდა გლობალიზაციის სოციალისტური პროექტი, ახლა ჩავარდა გლობალიზაციის კაპიტალისტური პროექტი.

და რა დარჩა?

ცივილიზაციური მრავალფეროვნება. ანუ ერთიანი გლობალური მსოფლიო ვერ შეიქმნა. რატომ? იმიტომ, რომ მატერიალისტურმა ცივილიზაციამ ვერ შეძლო აღმოსავლური სულიერი კულტურის ათვისება, არათავსებადი აღმოჩნდა ეს ორი რამ. აღმოსავლური სულიერება ამ პროექტის მიღმა აღმოჩნდა და ამიტომ ჩავარდა. მთავარი მიზეზი ესაა.

რა არის ქრისტიანობის როლი ამ მრავალფეროვნებაში?

საქმე ისაა, რომ ქრისტიანობა ყოველთვის ისტორიაშია ჩართული, ბუდიზმისა და ინდუიზმისგან განსხვავებით. მათ შეუძლიათ ისტორიის გარეშე ცხოვრება. ამის გამოცდილება აქვთ. მათთვის ესაა სანსარა. ქრისტიანი კი ისტორიის გარეშე ვერ იცხოვრებს, რადგან მას ისტორიაზე პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ ქრისტიანობის პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება მისი გადაგვარება წარმართობაში.

როცა წარმართობაზე ვლაპარაკობ, ისტორიულ წარმართობას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ საკრალური გეოგრაფიის განცდას. მაგალითად, რომ სამების ტაძარი არის ყველაზე წმინდა ადგილი, ასევე, ზეციურ საქართველოსა და ასეთ იდეებს. ეს წმინდად წარმართულია. როგორც, მაგალითად, ისლამში არის ისლამის წმინდა მიწის ცნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უფრო ხალხურ ღვთისმოსაობას ახასიათებს.

კაპიტალიზმი კი ამას გამორიცხავს, მისთვის წმიდათაწმინდაა ინფორმაცია და კაპიტალი. აქედან გამომდინარე, გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაციასაც აქვს თავისი სიწმინდეები. ეს სიწმინდეები არის ის, რომ არ უნდა იყოს იზოლაცია, კაპიტალი ყველგან უნდა შედიოდეს, ინფორმაცია ყველგან ვრცელდებოდეს დაუბრკოლებლად. ასევე, „მეს“ კულტივაცია და ა.შ.

ქრისტიანობის როლი კი სწორედ ისაა, რომ ილაპარაკოს საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვასა და უანგარო გაცემაზე. 

                                                                        ესაუბრა შორენა შავერდაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^