Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ უზრუნველყოფს ჩვენს სიბერეს?

12 იანვარი 2016

ყოველი თვის 16 რიცხვში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების წინ მოხუცებულთა გრძელ რიგებს შენიშნავთ -ამგვარი ნაკადისთვის სრულიად მოუმზადებელი განყოფილებები ამ დღეს პენსიებს გასცემენ.

75 წლის ნელი ძებისაშვილს გული აწუხებს. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ აღებული, კუთვნილი პენსიით პირველ რიგში ფილიალის გვერდით მდებარე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს.

ვიდრე პენსიაზე გავიდოდა, ბუღალტრად მუშაობდა. ნორმალური ანაზღაურება ჰქონდა. თავს ირჩენდა და მშობლებსაც არჩენდა. ახლა მარტო ცხოვრობს, 150 ლარი პენსიით. სახლიდან მხოლოდ მის ასაღებად გამოდის და „ლიბერთი ბანკის“ უზარმაზარ რიგში დგება.

-„თვიდან თვემდე იმაზე ვფიქრობ, წამლები შევიძინო  და გადასახადები გადავიხადო. 150 ლარი რას მეყოფა. 30 ლარს სოციალურად დაუცველის დახმარებასაც ვიღებ. ისიც ბოლო რამდენიმე თვეა, მაქვს. ადრე მომიხსნეს, მერე თავიდან დავწერე განცხადება. აი, თქვენ თვითონ დაითვალეთ  -თვეში 180 ლარი როგორ უნდა ეყოს თუნდაც ერთ ადამიანს საჭმელში, გადასახადებსა და წამლებში, რომელიც ასე ძვირია? საჭმელს ვიკლებ ხოლმე, რომ წამალი ვიყიდო, რა ვქნა? ბრინჯს მოვხარშავ, პურს ვყიდულობ და ასე გამაქვს თავი. ამას ცხოვრება არ ჰქვია, ეს წვალებაა“.

* * *

76 წლის ნინო ირემაძე თბილისში, ჭავჭავაძეზე, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე ბოსტნეულს ყიდის. სოფელ კუმისში, პატარა სახლში, ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს. მომცრო ზომის საცხოვრებელი ნაცნობმა დაუთმო.

ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა. ექიმთან მისვლა რამდენჯერმე გადადო, ფული არ ჰქონდა. საბოლოოდ, როცა  მივიდა,  ექიმმა უთხრა, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს -უამრავი წამალი გამოუწერა.  მარტო ერთი პრეპარატისთვის, რომელიც 6 თვის განმავლობაში  ყოველდღე უნდა მიიღოს, თვეში 240 ლარი სჭირდება. მწვანილის გაყიდვით მხოლოდ  ყოველდღიური პურის ფულს შოულობს.  წამლებს ვერ იღებს. ამბობს, რომ მისი პენსია 150 ლარია, სამარცხვინოა, იმის ნაცვლად რომ ადამიანმა სიბერეში,  როცა ფიზიკურად ბევრი შრომა აღარ შეუძლია,  ნორმალურად იცხოვროს, მუდმივი წვალება უწევს.

* * *

„წვალება“ -ეს სიტყვა ჩვენმა რესპონდენტებმა რამდენჯერმე გაიმეორეს. პენსიის არსი კი სრულიად განსხვავებულია. მან მოხუცის ღირსეული ცხოვრება უნდა უზრუნველყოს და ცხოვრების ხარისხის გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

მოქმედი სისტემით, პენსია საარსებო მინიმუმს ეყრდნობა და „ცხოვრების ხარისხის გარკვეულ სტანდარტზე“ მეტად ჩვენი რესპონდენტების მიერ ასე ხშირად ხსენებული დეფინიცია შეესაბამება. საპენსიო რეფორმის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგება, როდესაც სპეციალისტები დემოგრაფიულ სურათს აანალიზებენ, შედეგად კი, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებისა და  ხანში შესული, საპენსიო ასაკის მოქალაქეთა მატების ტენდენციას იღებენ.

საპენსიო რეფორმაზე ფიქრი წლების წინ დაიწყო. ეს თემა პერიოდულად იღვიძებდა და პერიოდულადვე ივიწყებდნენ. ამ საკითხს ბოლოს სერიოზულად ორი წლის წინ მოჰკიდეს ხელი.

ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი მინის კარით გამოყოფილ, მინიმალისტურად გაფორმებულ კაბინეტში მხვდება, -„ესეც ცხადყოფს, ჩვენი ხელისუფლების გამჭვირვალობას“ -საუბარს ნახევრად ხუმრობით ვიწყებთ.

„იმისათვის რომ პენსია ადეკვატური გავხადოთ, ჩვენ გვჭირდება ახალი ელემენტი. სახელმწიფოს გარდა სხვა მოთამაშეც უნდა გაჩნდეს -ეს არის კერძო დაგროვებითი პენსია“ - ამბობს ახალგაზრდა ჩინოვნიკი, მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი,  და მოდელის ახნას იწყებს:

პრინციპი მარტივია -დასაქმებული ხელფასის 2%-ს იხდის, კიდევ 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, თავის მხრივ, სახელმწიფო გადახდილი გადასახადიდან, ხელფასის 20%-იდან 18%-ს იტოვებს და ორს გიბრუნებს, ასე გროვდება ხელფასის 6%-ის ოდენობის თანხა. თანხა სპეციალურ ფონდში აკუმულირდება. საპენსიო ასაკის მიღწევისას  შემდგომი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელზე გაიყოფა და გაცემა დაიწყება. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა 50 წლამდე მამაკაცებს და 45 წლამდე ქალებს შეეძლებათ (საპენსიო ასაკს მინიმუმ  15 წელი უნდა გაშორებდეთ, თანხის დაგროვება რომ შეძლოთ).

ეს პრინციპი მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებზე ვრცელდება. თვითდასაქმებულებზე, რომელთა შემოსავალი არსად აღირიცხება, სისტემა სამომავლოდ იფიქრებს.

ძიძიკაშვილის აზრით, პროგრამაში, რომელშიც თავიდან ყველა დასაქმებული გაწევრიანდება, გასვლის უფლებით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 350 000 ბენეფიციარი დაიწყებს თავისი პენსიის დაგროვებას. დაახლოებით 5 წლის შემდეგ ფონდი 4,5 მილიარდ ლარს დააგროვებს.

ვინ განკარგავს ამ ფულს?  -„ეს იქნება აპოლიტიკური ორგანო -ამბობს ძიძიკაშვილი -პროფესიონალური წრეებიდან შეირჩევიან ფინანსისტები და ეკონომისტები.  ესენი ფულს არ მართავენ, ეს იქნება სამეთვალყურეო საბჭო. ფონდი თანხას გადასცემს კერძო კომპანიას, რომელიც ტენდერით გამოვლინდება“.

* * *

„თვითორგანიზების ქსელის“ წევრი, ალექსანდრა აროშვილი ფიქრობს, რომ „ეს არ არის რეფორმა, ეს არის პენსიის პრივატიზაცია.“

მისი აზრით, ამით სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას, გაზარდოს სოციალური დანახარჯი, და კერძო კომპანიას დააკისროს.

აროშვილი აკრიტიკებს  სახელმწიფოს მიდგომას თვითდასაქმებულების, საბაზისო პენსიის, ფულის მართვის მექანიზმისადმი და ა.შ. მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხი -ვისი ვალია, პენსიით უზრუნველყოს მოქალაქეები, თავად მოქალაქეების თუ სახელმწიფოსი.

მისი აზრით, რეფორმა მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე. აკუმულირებული ფულის ძირითადი დანიშნულება კი ის იქნება, რომ იაფი ფულის წყარო იყოს კაპიტალისთვის.

ოთარ ძიძიკაშვილი არ უარყოფს, რომ საპენსიო რეფორმა „ერთი მხრივ, ეკონომიკური პროექტია“. ეს საკითხი არც ყოფილა დაფარული. თუნდაც ის, რომ რეფორმას არა სოცუზრუნველყოფის და შრომის  სამინისტრო, არამედ ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს,  კითხვაზე ნათელ პასუხს იძლევა.

„საპენსიო რეფორმას ფული უნდა დავაწერინოთ. ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ ანალიზს ვერ დადებდა. უნდა შეიქმნას ბიზნესმოდელი და ამის შედეგი იქნება ის, რომ პენსიონერი მაღალ პენსიას მიიღებს“ -ამბობს ძიძიკაშვილი.

„საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები“ საპენსიო მოდელის პარალელურ ვარიანტზე მუშაობს, მათი ძირითადი განმასხვავებელი ისაა, რომ რეფორმაში სოლიდარობის ელემენტი შემოვიდეს და ფონდში აკუმულირებული თანხიდან პენსიის მიღება უკვე დაიწყონ  საპენსიო ასაკის მოქალაქეებმა, ეს საბაზისო პენსიის გარკვეულწილად ზრდას გამოიწვევს, თუმცა  არ იქნება შედეგი, რომელსაც ოთარ ძიძიკაშვილი ელის.

ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებული რეფორმის დეტალებზე საუბრისას გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ საპენსიო მოდელი სამ სვეტს უნდა დაეყრდნოს - პირველი სვეტი არის ბაზისური პენსია, მეორე ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ  -სოლიდარული პენსია, მესამე, რასაც მთავრობა ამბობს  -კერძო დაგროვებითი პენსია.

„მაგალითად, რაღაც პერიოდი დავრჩი უმუშევარი, 6 თვით ან უფრო მეტი დროით, ამ ყულაბაში როგორ შევიტან ფულს, არც დასაქმებული ვიქნები, არც დამსაქმებელი მეყოლება. ვერაფერს შევიტან. ეს არის გაცდენილი პერიოდი. შეიძლება არაფორმალურად დავიწყო  მუშაობა, მაგრამ არ ვიხდი საშემოსავლოს, ამიტომ ამ სისტემიდან მაინც ამოვარდნილი ვარ. ვისაუბროთ ქალებზე.  ქალი, რომელიც დეკრეტულ შვებულებას იღებს და გარკვეული დროით არ მუშაობს. ზოგი წელიწადსაც იღებს ამგვარ შვებულებად. ვთქვათ, რომელიმე ქალმა ოთხი შვილი გააჩინა, ვინმემ დათვალა ეს რისკი? ამ ხნის განმავლობაში ვინმეს შეაქვს თანხა მის ანგარიშზე?  ან ადამიანმა ტრავმა მიიღო სამსახურში -ამოვარდნილია კალაპოტიდან, ბოლოსდაბოლოს როცა პენსიაზე გავალ,  რა მექნება?“

რეფორმის ავტორთა ოპტიმისტური და მოწინააღმდეგეთა პესიმისტური მოსაზრებების ერთმანეთთან დაახლოება და კომპრომისის მოძებნა იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა როგორც ალექსანდრა აროშვილი აღნიშნავს, „რეფორმა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა“, მასზე საჯარო საუბარი ხელისუფლებამ ბოლო დროს დაიწყო, მაშინ, როდესაც  დეტალები, პრაქტიკულად, უკვე შემუშავებულია.

ოთარ ძიძიკაშვილი იმედოვნებს, რომ მოდელი მუშაობას 2017 წელს დაიწყებს. შესაბამისად, ამ დროისთვის გაირკვევა, ვინ და როგორ უზრუნველყოფს ჩვენს სიბერეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^