Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სხვა ოცნებებით, პანკისიდან

05 იანვარი 2016

მაქა მუთოშვილი, 22 წლის ჯოყოლოელი გოგონა, მხრებზე ჩამოშლილი წაბლისფერი კულულებით, წითელი ქურთუკით, ქვის ყორით შემოსაზღვრული ეზოს წინ დგას. ეზოში, ასწლოვანი  ხეების მიღმა ჯოყოლოს მეჩეთის კონტურები ილანდება. მუსლიმ ქალთათვის მახასიათებელი მოკრძალება და სიმორცხვე გოგონას თავდაჯერებულობას და ხასიათის სიმტკიცეს სრულებით ვერ ფარავს.

* * *

სოფელი ჯოყოლო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში მოექცა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სოფლის იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. ბორჩაშვილს პანკისელი ახალგაზრდების „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში რეკრუტირება ედება ბრალად.

ტერორიზმის შესახებ შეერთებული შტატების დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“,  "დაეშის" რიგებში საქართველოს 100-მდე მოქალაქე იბრძვის. მათ შორის ყველაზე ცნობილი, ქართული არმიის დაზვერვის ყოფილი სერჟანტი,  „ჟღალწვერა იმამის“ ფსევდონიმით განთქმული 29 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანია. Isis-ის ჩრდილოეთ სექტორში, ერაყსა და სირიაში მეომარი რადიკალი ისლამისტების მეთაური პანკისის ხეობაში ლეგენდადაა ქცეული.

ხეობაში მოსახვედრად ოსებითა და ფშავლებით დასახლებული სოფლის, მატნის გავლა მოგიწევთ, მატანს  ბახლოვერი, ქორეთი, საკობიანო, წინუბანი და ყვარელწყალი მოჰყვება, შემდეგ კი ხეობის უმსხვილეს სოფელში ადმინიტრაციულ ცენტრ დუისში მოხვდებით. სწორედ დუისის გაგრძელებაზე მდებარეობს მაქას სოფელი ჯოყოლო.

ეთნიკური ქისტები ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენენ. მათი ძირითადი ნაწილი სუნიტურ ისლამს აღიარებს, ბოლო დროს კი ვაჰაბისტური მოძრაობა ძალებს იკრებს და როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ კვლევაში ვკითხულობთ - „რადიკალიზაციის, გამარტივებული რეკრუტირებისა და იდეოლოგიური განხეთქილების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ“.

ინტერნეტრესურსებით, სპეციალური თავშეყრის ადგილებით და ახალგაზრდობასთან წვდომის სხვა საშუალებებით საქართველოს მოქალაქეების, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცების ჯიჰადის მეომრებად ჩამოყალიბება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფოს ანტიტერორისტული ქმედებებიდან რამდენიმე ოპერაციის გამოყოფა შეიძლება. ბოლო ხმაურიანი დაკავება 2015 წლის 22 ნოემბერს მოხდა. დავით ბორჩაშვილი თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, როცა დააპატიმრეს. მას ბრალად „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში, ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას“ ედავებიან. ბორჩაშვილი სირიაში ყოფნას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ არა ისლამური სახელმწიფოს, არამედ სხვა ამბოხებული ჯგუფის შემადგენლობაში იბრძოდა, `დაეშისა~ და ბაშარ ალ  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

დავით ბორჩაშვილის დაპატიმრებას ხეობაში არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდნენ. უხუცეს ქალთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი მწვავედ აკრიტიკებს კანონს, რომლის მიხედვითაც, სირიაში საბრძოლო მოქმედებებიდან დაბრუნებულ მეომრებს სპეციალური სამსახურები აკავებენ. „ყველა ტერორისტი კი არ არის. ზოგი შეცდომას უშვებს. მათი უმრავლესობა ხომ ძალიან ახალგაზრდაა. როდესაც შეცდომას აცნობიერებენ, უკან დაბრუნება სურთ, მაგრამ აქ გზა მოჭრილი აქვთ, პრაქტიკულად, ორ ცეცხლს შუა ხვდებიან“.

ისლამური სახელმწიფოსკენ მხოლოდ მამაკაცები არ მიემართებიან, 1 მაისს „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ამჯერად სკოლის მოსწავლე გოგონა გაგზავნეს - „გადამოწმებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა პანკისელ ახალგაზრდას მიათხოვეს, რომელიც წელიწადზე მეტია, სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გოგონამ საქართველოს საზღვარი 2015 წლის 28 აპრილს კანონიერად, მშობლების თანხმობით გადაკვეთა“.

* * *

მაქასთან ჩემი საუბარი ადგილობრივებს უყურადღებოდ არ რჩებათ. გამვლელთა რეპლიკები, ქისტურ ენაზე, ჩვენს ინტერვიუს რამდენჯერმე წყვეტს. 

მაქა პანკისში მოქმედი  „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აქტივისტია. დიდი ხანია, სილამაზის სალონის გახსნა უნდა, მაგრამ საშუალება არ აქვს. როდესაც ცენტრმა მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა, მაქამ პროექტი დაწერა და იმედი აქვს, იდეას დაუფინანსებენ. მისი აზრით, სალონი ფინანსურად მომგებიანი იქნება, რადგან ხეობაში სხვა სალონი არ არსებობს და ამისთვის პანკისელები ახმეტასა და თელავში დადიან. მაქა საქმიანობას ორ მეგობართან  ერთად გეგმავს. სტილისტის გამოცდილება არც ერთს არ აქვს, თუმცა აპირებენ,  ტრენინგები გაიარონ.

* * *

ისლამ გორგიშვილს მეორე დღეს დუისის ცენტრში, კლუბის ეზოში ვხვდები. პანკისის უხუცეს ქალთა ინიციატივით, აქ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

21 წლის ისლამი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ისტორიას სწავლობს, სამოქალაქო აქტივობების გამგეობის წევრია და პანკისელი ბიჭების შესახებ არსებულ სტერეოტიპებს ერთი შეხედვისთანავე არღვევს. ანთებული თვალებით ყვება ღონისძიებებზე, რომელთა დაგეგმარებაშიც თავადაც მონაწილეობდა, მაგალითად, ხეობის სოფლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატზე, სადაც ცხოვრების წესის მკაცრი სტილით გამორჩეული რადიკალური ისლამის მიმდევრებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

სამწუხაროდ, რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების პრობლემა, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული პროგრამების არარსებობა, დაუსაქმებლობა, რადიკალიზაციის გზაზე ხელშემწყობ ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

დუისის ბოლოს, ჯოყოლომდე რამდენიმე ასეულ მეტრში, სოფლის სასაფლაოების გავლით, ტყით დაფარული მთებისკენ ოღრო-ჩოღრო გზა მიუყვება. ცხენებშებმული ურმებით შეშისმჭრელები გზაჯვარედინზე გროვდებიან. პანკისის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა სწორედ ისაა, რომ ბუნებრივი აირის გასაყვანად ინფრასტრუქტურა არ აქვთ, და ზამთრობით ხეობას უამრავი შეშა სჭირდება. შეშის მოპოვება კი არც ისე მარტივია. ერთი ურემი შეშა 45 ლარი ღირს. თავად შეშისმჭრელებს მისი მოპოვება ზოგჯერ ლეგალური, ზოგჯერ კი არალეგალური  გზებით უწევთ. სპეციალური ბილეთის საფასურის გადახდის, ხეების ჩამოტანის, დაჭრის, დაწყობის შემდეგ არც ისე მნიშვნელოვანი მოგება რჩებათ. გარდა იმისა, რომ პანკისელები იძულებულნი არიან, გასათბობად ხეები გაჩეხონ, საკმარის შეშას მაინც ვერ მოიპოვებენ და ზოგიერთი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ზამთარს სიცივეში ხვდება.

პანკისელებს ახმეტის გამგეობაზე, ადგილობრივ დეპუტატებზე, მაჟორიტარ ზვიადაურსა და ზოგადად პოლიტიკოსებზე საუბარი არ უყვართ. მათი არც იმედი აქვთ და არც რამე სასიკეთოს მოლოდინი - ახალგაზრდები უბრალო საუბარს გაურბიან, შუახნის გლეხებს კი ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ.

* * *

მაქა მუთოშვილი წუხს, რომ ძალიან ბევრ მის თანატოლს  უამრავი იდეა აქვს, რომლის განხორციელებაც არ შეუძლია. ზოგს სწავლის გაგრძელება უნდა და ფინანსური პრობლემები უშლის ხელს, ზოგს ადგილზე სურს დასაქმება და ამის საშუალება არ გააჩნია. მაქა არ ფიქრობს, რომ პანკისელი ახალგაზრდები მხოლოდ ამ გარემოებათა გამო ირჩევენ  „ალაჰის მეომრის“ გზას, „თუმცა შესაძლოა, ერთ-ერთი, დამატებითი განმაპირობებელი ფატორი ესეც იყოს...“

 „არიან ისეთებიც, რომლებიც, ალბათ, სალონში არ მოვლენ - მეუბნება დამშვიდობებისას - ზოგი წესებს და ტრადიციებს მკაცრად იცავს,  მაგრამ ნაწილი აუცილებლად მოვა“.

უკვე საღამოა და საგრძნობლად ცივა, თუმცა იქვე, მაღაზიის წინ ჩამომსხდარი შუახნის თავსაფრიანი ქალები თვალს და ყურს არ გვაცილებენ. გზის მეორე მხარეს, საბავშვო ბაღის ეზოში 15-მდე ბავშვი საქანელებს შესევია და აიწონა-დაიწონას თამაშობს; ჩამავალი მზე მინარეთს თავზე მოჰქცევია და სუსტი სხივებით ზამთრის ფერებს შეუმჩნევლად უერთდება. მორწმუნეები საღამოს ლოცვისთვის ემზადებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^