Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვივატ აკადემია!

28 დეკემბერი 2015

ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზგასმა არ სჭირდება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვეყნის შრომის ბაზარს საუკეთესო კადრებს უნდა აწვდიდნენ და ამით განუზომლად დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეთ სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის - მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.  

უმაღლესი განათლების სფერო რომ ქვეყნის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ეს კარგად ესმით განვითარებულ ქვეყნებში. ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მაგალითი ჩვენთვის საყურადღებო, ჩვენსავით პოსტსაბჭოთა ესტონეთია.

პრიორიტეტად გამოცხადებულმა განათლების სისტემამ და ამ მიმართულებით სწორად განხორციელებულმა რეფორმამ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ბევრი თვალსაზრისით აქცია სანიმუშოდ. 1992 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა 10-ჯერ გაიზარდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ის მოწინავედ მიიჩნია. ქვეყანა მოწინავეა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისითაც. ამ წარმატების ისტორიაში საყურადღებო ის არის, რომ ეს შედეგები არც შემთხვევითია და არც სპონტანური. ის იმ ეროვნული სტრატეგიის შედეგია, რომელიც ქვეყანამ 1998 წელს კონკრეტულად განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით შეიმუშავა და დღემდე მიჰყვება.  

დღეს ესტონეთი უმაღლესი განათლების განვითარების თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ტარტუსა და ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტებმა საპატიო ადგილები მოიპოვეს ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის Quacquarelli Symonds-ის მიერ მომზადებულ მსოფლიო უნივერსიტეტების ბოლო წლების სარეიტინგო სიებში, რომლებიც შემდეგი კრიტერიუმებით დგება - აკადემიური რეპუტაცია, რეპუტაცია თანამშრომლებს შორის, სტუდენტებისა და ლექტორების თანაფარდობა, უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა, ეფექტური ინტერნეტრესურსები და გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა პროფესორების რაოდენობასთან თანაფარდობით. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ქვეყანამ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა, რომ ,,სკაიპი” ესტონური პროდუქტია და ქვეყანა ელექტრონული მთავრობის პირველი მერცხალია, ესტონეთის განათლების სისტემის წარმატება კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ ესტონეთი 2006-2012 წლებში ლიდერ პოზიციას იკავებს PIZA-ის შედეგებითაც და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა როგორც მათემატიკაში, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

პოსტსაბჭოთა განათლების სისტემის აწყობა ესტონეთთან შედარებით საქართველოშიც დაახლოებით იმავე ათვლის წერტილიდან დაიწყო.  სად ვართ დღეს, მიუხედავად მცდელობებისა, რეფორმებისა და გარკვეული წარმატებებისა? უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო რეიტინგები ჯერჯერობით არასახარბიელოა. დაჩქარებული ტემპით იხსნება უამრავი ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთა ძირითადი ნაწილი სწავლების ხარისხით არ გამოირჩევა. მოკლედ, უმაღლესი განათლება ბიზნესის განვითარების სფეროდ ნამდვილად იქცა, თუმცა ვერ იქცა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროდ. ეს, სამწუხაროდ, ბუნებრივია, ვინაიდან განათლების რეფორმა და, ზოგადად, განათლების სფერო, ზემოაღნიშნული ესტონური მაგალითისგან განსხვავებით, რეალურად დღემდე არ თუ ვერ გახდა ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტი. 

განათლების რეფორმის დაწყების შესახებ ბოლო ხმამაღალი განცხადებებიდან 3 წლის შემდეგ, განათლების სფეროში მიღწევების შესახებ საუბრისას, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ალბათ კვლავ მხოლოდ უფასო წიგნებსა და პედაგოგთა ხელფასების თანდათანობით მატებაზე არ უნდა საუბრობდნენ. მნიშვნელოვანია, რა შინაარსობრივი ცვლილებები მივიღეთ დღემდე, რა გაუმჯობესდა განათლების ხარისხის მიმართულებით საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. ბოლოს და ბოლოს უფასო წიგნებიც და მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც ხომ პირველ რიგში ამ მიზანს ემსახურება.

ლოგიკური იქნებოდა, ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა უშუალოდ განათლების ხარისხის მართვის  ჩვენთან არსებული სისტემის საფუძვლიანი შეცვლით დაწყებულიყო. ასეთი მოლოდინი, ვფიქრობ, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ჰქონდათ, რადგან კარგა ხანია აშკარაა, რომ ხარისხის უზრუნველყოფის არსებული მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, პლიუს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და ამ ორივე პროცესის მონიტორინგი, რა სახითაც გვაქვს, ისინი დღემდე, ასეთი თითქოსდა ინტენსიური სამმაგი კონტროლის მიუხედავად, არ იძლევა სასურველ შედეგს და ვერა და ვერ გახდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გარანტი. უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის არსებულ სისტემას ბევრი სუსტი მხარე აქვს. სულ რამდენიმე მაგალითის მოტანაც საკმარისია, დავინახოთ, რატომ არ იძლევა ეს მექანიზმები ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და რეალური ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებას. მეტიც, თვალსაჩინოა, რომ სისტემის გაუმართაობა არაკეთილსინდისიერი ადამიანების მხრიდან გარკვეული მანიპულირების მცდელობის რისკებს ტოვებს, რისი კონტროლიც რთულია.      

ავტორიზაცია - 2010 წლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირება ხორციელდებოდა და შემდეგ - ინსტიტუციური აკრედიტაცია. ლიცენზირება ნიშნავდა უმაღლესი განათლების მიწოდების ნებართვის მოპოვებას (ახორციელებდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო),  ხოლო ინსტიტუციური აკრედიტაცია - მიწოდებული განათლების ხარისხის დადასტურებას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლების მოპოვებას (ახორციელებდა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი).  2010 წელს ეს ორივე სტატუსი 1 სტატუსად - ავტორიზაციად - გაერთიანდა. ინსტიტუციური აკრედიტაციის სისტემის მანამდე არსებული ხარვეზები ამგვარი შერწყმით უფრო მძიმე პრობლემებად იქცა. ჯერ ერთი საკმაოდ ბუნდოვანია, როგორ მოხდა, რა დასაბუთების საფუძველზე, განათლების სფეროს  ამოღება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის" მოქმედების სფეროდან, მაშინ როცა ეს კანონი არეგულირებს  ,,ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან". განათლება კი სწორედ ასეთ საქმიანობას განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების მიღებისას არ გაითვალისწინეს ის, რომ საქმიანობის დაწყების უფლების მინიჭება და უკვე მიმდინარე საქმიანობის ხარისხის შეფასება ორი სხვადასხვა, შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული პროცესია. ხარისხის გარე შეფასება ყველგან და ყოველთვის ეფუძნება დაწესებულების მხრიდან თვითშეფასების წარმოდგენას. მისი არსი ხომ სწორედ ის არის, რომ საქმიანობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ (ეს პერიოდი არ შეიძლება იყოს ერთ წელზე ნაკლები) დაწესებულებამ უნდა დახვეწოს სწავლა - სწავლების პროცესი, სერვისები, განახორციელოს თვითშეფასება, გამოავლინოს არსებული ხარვეზები, დასახოს გაუმჯობესების გზები და ა.შ. რაც შეუძლებელია მოეთხოვოს იმ დაწესებულებას, რომელიც ჯერ არ გახსნილა. პრაქტიკულად კი ავტორიზაციის სტანდარტი დღემდე ერთია როგორც ახალგახსნილი, ისე უკვე მოქმედი დაწესებულებებისთვის, რაც არა მარტო სრულიად გაუგებარია, პრაქტიკაში უამრავ რეალურ პრობლემას ქმნის.

პრობლემური იყო და ასეთად რჩება შეფასების სტანდარტები და კრიტერიუმები.  მარტივად რომ ვთქვათ, დაწესებულების ხარისხის შეფასების ზუსტი გაზომვის ინსტრუმენტები მინიმუმამდეა დაყვანილი. შედარებით მარტივი, თვალსაჩინო კრიტერიუმების მაგალითი ავტორიზაციის დებულებიდან: ,,დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის”;  არ არსებობს ის ინდიკატორი, საზომი, რომელიც გვიჩვენებს, რა იგულისხმება ასეთ  გარემოში - პანდუსი, ლიფტი, სველი წერტილების სათანადოდ მოწყობა თუ კიდევ სხვა რამ. ექსპერტებს არც რაიმე სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვთ, რომელიც  შეფასების პროცესის მეტ სიზუსტეს შეუწყობდა ხელს. მსგავსი მაგალითი უამრავია.

                პროგრამების აკრედიტაცია - ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 2010-2011 წლებში, როდესაც საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო, სისტემა ამისთვის არ იყო მზად.  თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობდა არც გამართული ნორმატიული ბაზა, არც სათანადო სტანდარტები, არც შესაბამისი საექსპერტო რესურსი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი კონსულტანტები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ საყოველთაო პროგრამული აკრედიტაციის პროცესის დაწყებას საქართველოში  და ხაზს უსვამდნენ, რომ ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, პროგრამული აკრედიტაცია პრობლემებთანაა დაკავშირებული. კერძოდ,  აღნიშნავდნენ, რომ შეუძლებელია სწავლების ყველა კონკრეტული სფეროსთვის პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტის გამონახვა. ხოლო ბევრგან ექსპერტთა წრე ისეთი ვიწრო იქნება, ეს ექსპერტები პრაქტიკულად ერთმანეთის კარგი ნაცნობები, სულაც თანამშრომლები ან კოლეგები იქნებიან და, გამომდინარე აქედან, მეტწილად დადგება ინტერესთა კონფლიქტისა და შეფასებისას არაობიექტურობის რისკი.

მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა და თვალსაჩინო პრობლემებისა, პროგრამული აკრედიტაციის პროცესი მაინც დაიწყო და უცხოელი კონსულტანტების მიერ ხაზგასმული რისკები რეალობად იქცა - ერთი და იმავე სფეროს, ერთი და იმავე ექსპერტთა ვიწრო ჯგუფი თავად წერს პროგრამებს და თავად ამოწმებს ერთმანეთს.  გარდა ამისა, რადგანაც საექსპერტო რესურსი არ არის და ვერც იქნება საკმარისი ყველა სფეროში, ექსპერტები ზოგჯერ ამოწმებენ „მონათესავე“ დარგებს. ასე მაგალითად, იყვნენ ექსპერტები, რომლებსაც  საექსპერტო სფეროდ მითითებული ჰქონდათ - საბუნებისმეტყველო, ანუ ისინი ეწეოდნენ ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ბიოლოგიის (?!) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების „ექსპერტობას“.

ისევე როგორც ავტორიზაციის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტის შეფასება არ ეყრდნობა მკაფიო, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს. ამასთან, დღემდე არსებული სისტემის მიხედვით, აკრედიტაციის პროცესისთვის განსაზღვრულია 1-2 დღე, რომლის განმავლობაშიც ხშირად ერთი ექსპერტი 5-6 პროგრამას აფასებს, რაც, რა თქმა უნდა,  ეჭვქვეშ აყენებს კვალიფიციური ექსპერტული დასკვნის მომზადების შესაძლებლობას. აკრედიტაციის საბჭოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ხშირად ერთ სხდომაზე ზედიზედ 10-12 პროგრამის განხილვა უწევს, შესაბამისად, თითოეული პროგრამის  განხილვას 10-15 წუთი ეთმობა. რა თქმა უნდა, ასეთი პროცესების შედეგად საეჭვოა საბოლოოდ სასწავლო პროგრამების ხარისხის შესახებ  ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ასეთი ტიპის „ბლიცაკრედიტაციაში“, როგორც ერთ-ერთმა უცხოელმა ექსპერტმა მოსწრებულად უწოდა ამ პროცესს, და რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში (თითო პროგრამის აკრედიტაციის პროცესი, როგორც წესი, ნორმალური სისტემის ქვეყნებში 6 თვიდან 1 წლამდე დროს საჭიროებს), უნივერსიტეტები ათასობით ლარს იხდიან. ლეგიტიმურად ისმის კითხვა - რაში იხდიან ამ ფულს, როგორ ეხმარება უნივერსიტეტს ეს პროცესი ხარისხის გაუმჯობესებაში  კვალიფიციური აუდიტური შეფასებით? ღირებული რეკომენდაციებით? რეალურად არსებული სისტემის მონაგარი და  „მიღწევა“  სხვაა - ეს არის უკვე 73 ავტორიზებული უნივერსიტეტი და ათასობით აკრედიტებული პროგრამა, რომელთა დიდი ნაწილის  მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კვალიფიკაციისთვის შესაბამის შინაარსს.

მოკლედ, დიდი ხანია აქტუალურია, შეიცვლოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ასეთი არასრულყოფილებისა, ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემა მასში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის - უმაღლესებისთვის, სკოლებისთვის, მშობლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის - მეტწილად მისაღები აღმოჩნდა. ეს დაადასტურა განათლებისა და მეცნიერების რეფორმით დაინტერესებული მხარეების ნაწილის უარყოფითმა დამოკიდებულებამაც.  შეიქმნა ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომლის გაწყვეტაც, როგორც ჩანს, საკმაოდ რთულია: უმაღლესები ადვილად მოიპოვებენ ავტორიზაცია-აკრედიტაციას. უმაღლესი განათლება, როგორც ბიზნესის მზარდი სფერო, ქმნის სამუშაო ადგილებს. მშობლების ნაწილიც კმაყოფილია.  სანუკვარი მიზანი - შვილმა მიღოს, ე.წ. „უმაღლესი განათლება“ - ადვილად მიღწევადია. დღეს ხომ  წერა-კითხვის მეტ-ნაკლებად მცოდნე ახალგაზრდა, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე მინიმალური ზღვრის გადალახვას შეძლებს, 73-დან რომელიმე „ვითომ უმათლესის“ სტუდენტი ხდება. სისტემა მისაღები აღმოჩნდა საზოგადოების იმ დიდი ნაწილისთვის, ვისაც ერთდროულად რამდენიმე უმაღლესში ლექციების კითხვით გარკვეული შემოსავალი აქვს; ბევრი მასწავლებლისთვის, რომლებიც ამ პირობებში ინტენსიურად ეწევიან რეპეტიტორობას, არა მარტო აბიტურიენტებთან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთანაც. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, განათლების ხარისხის მართვის არსებულ სისტემას საკმაო ინერცია აღმოაჩნდა.

ნებისმიერი სისტემის ინერციის მდგომარეობიდან გამოყვანას გარე ძალის ზემოქმედება სჭირდება. ამ შემთხვევაში ასეთი ზემოქმედება სახელმწიფოს პრეროგატივაა, რადგან სწორედ სახელმწიფოსთვის უნდა იყოს მიუღებელი ქვეყანაში უმაღლესი განათლების დღეს არსებული დონე. მიუხედავად ამისა, განათლების სფეროს მესვეურების მხრიდან ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემისა და მისი ძირითადი მექანიზმების ძირეული შეცვლისკენ  ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, ან ეს ნაბიჯები იმდენად ფრთხილია, რომ შედეგი არ ჩანს.

როგორც ჟურნალ „ლიბერალის“ 21 დეკემბრის სტატიაში მოტანილი კვლევა აჩვენებს, განათლების სამინისტროს პასიურობა, გადადგას სერიოზული ნაბიჯები განათლების სფეროს პრიორიტეტულობის წარმოსაჩენად და მნიშვნელოვანი ცვლილებები წამოიწყოს განათლების რეფორმის, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არ შეესაბამება საზოგადოების ზოგად განწყობას - „2014 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით  (NDI) სამ მნიშვნელოვან რეფორმას შორის, რომელიც ქვეყანაში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ხალხი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების რეფორმებს ასახელებს“. მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, სამინისტროს ეს პასიურობა შესაბამისად მედიაზეც აისახება. აღარავის ახსოვს განათლების საკითხები, რომლებიც 3 წლის წინ ზუსტად ამ დროს ტელევიზიებისა და ინტერნეტგამოცემების ყოველდღიური განხილვის თემა იყო. ამ საკითხმა ისევე დაკარგა აქტუალობა, როგორც 3 წლის წინ გაცხადებულმა და დაპირებულმა, ხოლო შემდეგ „თაროზე შემოდებულმა“ განათლების რეფორმამ.

არადა, განათლების რეფორმა და მისი ხარისხის გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.

დღე-დღეზე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმში ვიქნებით, ვიმედოვნებთ, მალე ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. რა შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ ოჯახს ტურიზმისა და ქართული პურმარილის გარდა, იმისათვის, რომ მისი ღირსეული წევრები ვიყოთ? - ალბათ ასევე დიდი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სკოლები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ამ სკოლებს ახლიდან მოუწევთ შესაბამისი აღიარების მოპოვება.  საბედნიეროდ, ამის რესურსი ქვეყანაში ჯერჯერობით არის, ოღონდ ჯერჯერობით. დღეს სულ უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა  უცხოეთში აგრძელებს სწავლას, ხშირად ბაკალავრიატის საფეხურზევე. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა ეს ჩვენი უმაღლესი განათლების ხარისხისადმი ახალგაზრდების უნდობლობას და ასევე, როგორც იტყვიან, „საუკეთესო ტვინების“ ქვეყნიდან გადინების მაღალ რისკს რომ არ უკავშირდებოდეს.

ისევ ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდეთ.  წლევანდელი სასწავლო წლის პირველ დღეს, ორ წამყვან  - ტარტუს და ტალინის - ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სტუმრობდნენ და საუნივერსიტეტო ჰიმნი  - გაუდეამუსი პროფესორებთან ერთად შეასრულეს. ქვეყნის მთავარი სატელევიზიო არხები ამ საზეიმო მომენტს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ.  რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან ამ უნივერსიტეტების მიმართ გაცხადებული ნდობისა და მხარდაჭერის გამოხატვას ნიშნავს და ამასთან ხაზს უსვამს, რომ უმაღლესი განათლება აქ დღესაც უმთავრესი პრიორიტეტია.

განათლების პრიორიტეტულობის აღიარება და მხარდაჭერა, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მკაფიო სტრატეგია და გრძელვადიანი გეგმა ჩვენთვისაც აუცილებელია. იქნებ საზოგადოებამ და მედიამ შეასრულოს იმ ბიძგის ფუნქცია, რომელიც განათლების სისტემას არსებული ინერციიდან გამოიყვანს და ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვის წარმოდგენას აიძულებს. შესაძლოა, თავად ხელისუფლებაც ელოდება ასეთ ბიძგს.  ასეთ მნიშვნელოვან საქმეში დაპირისპირება არაფრის მომტანია. მხოლოდ ხელისუფლების, საზოგადოების, მედიის ერთიანი ძალისხმევით შეიძლება მივიღოთ სასურველი შედეგი.

...იქნებ, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, სხვადასხვა წამყვანი ტელეარხებით ჩვენც სიამაყის გრძნობით ვუცქიროთ, როგორ მღერიან ქვეყნის პირველი პირები, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად საუნივერსიტეტო ჰიმნს  -  „ვივატ აკადემია!...“  

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^