Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკური იდენტობის საკითხი საქართველოში

29 დეკემბერი 2015

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ერთი საერთო პრობლემა აქვთ - თითქმის ყველა მათგანში ეროვნული იდენტობა პოლიტიკურ იდენტობაზე დომინირებს.

მსოფლიოს პოლიტიკური რუკაზე  აღნიშნული ეს ახალი ქვეყნები ჯერ კიდევ 24 წლის წინ ეროვნული იდენტობის არასრულფასოვნებას განიცდიდნენ. ამ გრძნობის მაქსიმალური დაფარვის მიზნით ისინი ზოგჯერ უძველეს წარსულს  (არარსებულს), ზოგჯერ კი რომანტიზმს  (მე-19 საუკუნეში) მიმართავდნენ.

რუსეთის ფედერაციაში ამ კუთხით დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა. იყო დრო, როცა გრაფი უვაროვის 180 წლის წინანდელ, ანუ XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულ ტრიადას -  "Православие, Самодержавие, Народность" მიმართავდნენ. თუმცა თანამედროვე პერიოდში, ეს ტრიადა აღარ ფუნქციონირებდა: გრაფი უვაროვის სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგა და  ის რუსეთის მოქალაქეებისათვის ეროვნული იდენტობის ორიენტირი ვერ გახდებოდა.

ამ დროს, დუგინიდან დაწყებული ლიმონოვით დამთავრებული - ყველა თანამედროვე იდეოლოგმა კონტინენტის შემცველ "Евразийство" კონცეფციას მიმართა. საბოლოოდ, იდეოლოგემა - "русский мир”-მა რუსები უკრაინელებთან (მათთვის ყველაზე ახლო ეროვნების წარმომადგენლებთან) ტერიტორიებზე დავამდე და სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა.

აზერბაიჯანშიც გაჩნდა მსგავსი ტრიადა. XX საუკუნის დასაწყისში მწერალმა და ფილოსოფოსმა, საზოგადო-პოლიტიკურმა მოღვაწემ, ალი ბეი ჰუსეინზადემ აზერბაიჯანელების ეროვნული თეზისი დევიზით - "Türkləşmək, İslamlaşmaq, Müasirləşmək" („თურქული, ისლამური, მოდერნიზაცია“ ) წარმოადგინა. თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე აზერბაიჯანში ამ თეზისმა გაამართლა.  

მაგრამ, რამდენად აქტუალურია საქართველოს ეროვნული იდენტობის საკითხი?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს, მან დევიზით - "საქართველო ჩვენია!"  პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივ გზას მიმართა.

ეს სლოგანი გამიზნული იყო მხოლოდ ეთნიკური ქართველებისთვის. არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური  ნიშნით გაერთიანებული ქართველებისათვის კი ეს არ იყო უნივერსალური გზა. რა თქმა უნდა, ამ იდეოლოგემამ არ გაამართლა და საქართველო სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

ეროვნული იდენტობის უნივერსალური შეფასებისათვის იქნებ  უფრო წინ უნდა წავიდეთ და რომანტიკულ XIX საუკუნის იდეებს დავაკვირდეთ? პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტის კედელზე გაკრული ქართველი პოეტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის პორტრეტი მსოფლიომ ფილმში - "5 days of war"  იხილა (პრეზიდენტმა საკუთარი კაბინეტი ფილმის გადამღებ ჯგუფს დიდსულოვნად დაუთმო).

რატომ მაინცდამაინც ჭავჭავაძე? საქართველოს შოთა რუსთაველით დაწყებული და მერაბ მამარდაშვილით დამთავრებული კიდევ ბევრი საზოგადო მოღვაწე ჰყავს. რატომ გაკეთდა არჩევანი ილია ჭავჭავაძეზე?

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი, ილია ჭავჭავაძე, რომელიც 69 წლის ასაკში მოკლეს, მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ 1860 წელს დაწერილ  ცნობილ სტატიაში - "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა" ქართული იდენტობის შესახებ  ყველასთვის ცნობილ თეზისს  - “მამული, ენა, სარწმუნოება” ავრცელებდა. იქნებ ქართულ იდენტობაზე ნათქვამი სწორედ ამ ტრიადის გამო შეარჩიეს მისი პორტრეტი პრეზიდენტის კაბინეტში დასაკიდად?

საინტერესოა, რამდენად მისაღებია ეს ტრიადა თანამედროვე საქართველოსთვის? ეს კითხვა სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს დავუსვით. ყველა, ვინც საკუთარი აზრი გამოთქვა, საქართველოს მოქალაქეა.

29 წლის ბიზნესმენი ელვინ ბუნთურქი აცხადებს, რომ, ეს არასწორი ტრიადაა, რადგან ქართული ენა ქვეყანაში საერთო ენა არასოდეს ყოფილა. პირიქით, იმის გამო, რომ ყოველთვის არსებობდა ენობრივი ბარიერი ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ისინი საერთო აზროვნებას მოკლებულნი იყვნენ. ამასთან ერთად,  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები განსხვავებული სოციოკულტურული ცხოვრების ტიპით სხვებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. კანონის საფუძველზე ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენად ამ ტრიადის შექმნის შემდეგ გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ქართულ ენას ეთნიკური ჯგუფების გამაერთიანებელ ფაქტორად ვერ ჩავთვლით. არც მართლმადიდებლური რელიგიაა საერთო საქართველოში მცხოვრები ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფისთვის - აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის. ერთადერთ გამაერთიანებელ ფაქტორად შეიძლება თვითონ ქვეყანა ჩაითვალოს, ეს კი მაშინ მოხდება, თუ პოლიტიკური იდენტობა ჩამოყალიბდება.

41 წლის ნინო ჟვანია ფიქრობს, რომ ამ საკითხში მას ეს ტრიადა არ აკმაყოფილებს და ეს თეზისი მისი ქვეყნისთვის უნივერსალური ვერ იქნება. 1878 წელს აჭარაში, ილია ჭავჭავაძის მიერ ამ თეზისში შეტანილი ცვლილების შემდეგ  წარმოქმნილი ტრიადა - “მამული, ენა, ისტორია” კი შესაძლებელია, აღვიქვათ როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი.

ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძის თეზისი დღესაც აქტუალურია, მთლიანი საზოგადოების გამაერთიანებელ იდეად შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ჩაითვალოს. საქართველოში დასავლური და რუსეთზე ორიენტირებული ძალების დაპირისპირება უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. სწორედ ამიტომ,  ეროვნული იდენტობის საკითხს გეოპოლიტიკური ასპექტიც ემატება.

34 წლის რენა ხუდიევა ამბობს, რომ იდეა შეიძლება საერთო ენა იყოს. ის თავს კომფორტულად გრძნობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართულად საუბრობს: „დედა, ძმა და მე ქართულად თავისუფლად ვსაუბრობთ. მამამ კი ქართული ენა არ იცის. ამის გამო მამას ქართველ მეზობლებთან უთანხმოებაც მოსვლია ხოლმე. მე, დედას და ძმას ქართველებისაგან არ გვასხვავებენ. ჩვენ მხოლოდ ენა თუ გაგვაერთიანებს“.

ყოველი ერი ქმნის ლიტერატურას. XIX საუკუნეში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ევროპაში გავრცელებული État-nation-ის იდეისათვის რელიგიური იდენტობა და წინაპრების იდეა აღარ იყო მისაღები. ამ ქვეყანაში ახალი ეროვნული იდენტობა რომანტიზმს, ჰუმანისტურ ლიტერატურასა და გამაერთიანებელ ლიტერატურულ ენას უნდა შეექმნა. XIX საუკუნის რომანტიკას ერთ სახელმწიფოში ერთიანი ენით გაერთიანებული ერის და „იდეალური საზოგადოების“ ჩამოყალიბების სჯეროდა. 

200 წლის შემდეგ, XXI საუკუნეში, ნათელი გახდა, რომ ეს ასე არ იყო და XIX საუკუნის ფანტაზიების პროკრუსტული პალატა აღარ მუშაობდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მსგავსი ორიენტირი შეიძლება, უნივერსალური ყოფილიყო, მაგრამ დღეს, სირიაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო გლობალურ სახეს იღებს და პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ეს იდეები ევროპასა და მთელ მსოფლიოში ღრმა კრიზისს განიცდის.

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^