Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო დაწესებულების მიერ ჩადენილი დისკრიმინაციის საქმის განხილვა სასამართლოში - ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო წარმოება ?

18 იანვარი 2016

საქართველოში 2014 წლის მაისში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული კანონის მიღებასთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში გაჩნდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის სპეციალური ნორმები. დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის ეს დებულებები სასამართლოში უფლების დაცვის პროცესუალურ საფუძველს ქმნის. 

როდესაც პირი სახელმწიფოს უპირისპირდება, როგორც დისკრიმინაციის ჩამდენს, ერთი შეხედვით პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთ საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს მეშვეობით სწორედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებულ დებულებებზე დაყრდნობით განეხორციელებინათ. მაგრამ პრაქტიკულად ეს პრობლემური საკითხი აღმოჩნდა. 

საგულისხმოა, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში უკვე გაჩნდა რამდენიმე გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო დაწესებულების მიმართ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო და გადაწყვიტა, რაც მისასალმებელი ტენდენციაა. (იხ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება „შალვა გოგოლაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ,“  საქმე N 14678481-3/151-14;  ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება „სალომე ზაქარიაძე - სოფიო ასამბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ,“ საქმე N 3-106/15; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება „ირაკლი კვარაცხელია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ,“ საქმე N 3/4396-14).

სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკა ამ მხრივ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. სახელმწიფოს მიმართ მოდავე დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლთა სასარჩელო მოთხოვნებში დისკრიმინაციის საფუძვლის გაჩენამ ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს დაბნეულობა გამოიწვია.

მაგალითად, ორ ასეთ საქმეში  მოსამართლემ აღნიშნა, რომ არასწორია ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა სასამართლომ დისკრიმინაციის შესახებ დავა გადაწყვიტოს. ამის მიზეზი ის არის, რომ დისკრიმინაციის საქმეების განხილვის პროცესუალურ ნორმებს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესრიგებს. ამიტომ, ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა სასამართლომ  სარჩელი დისკრიმინაციის ნაწილში სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს გადაუგზავნა, ხოლო აქტების ბათილობის ნაწილში თვითონ დაიტოვა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას. ამ მხრივ მოსამართლეს მოქნილობა ჰქონდა ადმინისტრაციულ წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმები გამოეყენებინა, რომლებიც ამ შემთხვევაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმის განხილვის პროცედურებს აწესრიგებს და თავადვე გადაეწყვიტა ეს დავები   (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება „ნინო ანდრიაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ“,  საქმე N 3/4436-14; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება „თეონა ჭალიძე თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ,“  საქმე N 3/4308-14).

აღნიშნული საქმეების წარმოებაში მიღებასა თუ მიღებაზე უარის შესახებ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ჩათვლის, რომ მას არასწორად გადაეგზავნა დისკრიმინაციის ნაწილში სარჩელი და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თავად შეეძლო, ამაზე ემსჯელა, სასამართლო კოლეგიებს შორის წარმოშობილ დავას საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.

საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის უფლებამოსილი ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლო, გადაწყვიტოს დისკრიმინაციის შესახებ დავა, მრავალი ევროპული ქვეყნის გამოცდილებით სწორხაზოვანია. როდესაც პირი სახელმწიფოს უპირისპირდება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავაში, ასეთ საქმეებს სწორედ ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოები იხილავენ (მაგალითად: საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია და სხვ. იხ. http://ec.europa.eu/justice/discrimination/files/comparative_analysis_2014.pdf    გვ. 89).

თუკი სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო ზემოთ ხსენებულ საქმეებს წარმოებაში მართლაც მიიღებს, ეს საფუძველს ჩაუყრის სახელმწიფო დაწესებულების მიმართ მოდავე დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართული პრაქტიკის განვითარებას. სახელმწიფო დაწესებულების მიმართ მოდავე დისკრიმინაციის მსხვერპლებს ორმაგი სასამართლო ხარჯით, ადამიანური და დროის რესურსით, ერთდროულად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიებში ერთი და იმავე შინაარსის საქმეზე მოუწევთ დავა. ასეთ შემთხვევაში, საქმეთა განხილვა დროში გაუმართლებლად გაჭიანურდება და მნიშვნელოვნად დაგვიანდება მსხვერპლის უფლებებში აღდგენის პროცესი. ეს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასაც გამოიწვევს, რომ გონივრულ ვადაში მოხდეს საქმის მოსმენა.

მსგავსი სასამართლო პრაქტიკა საგანგაშო იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვინაიდან საჯარო სექტორში ყოველთვის არსებობს ინსტიტუციური დისკრიმინაციის საფრთხე, სასამართლოს ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეასუსტებს საჯარო სექტორში ინსტიტუციური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მნიშვნელოვანი იქნება, სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა სასამართლომ უარი თქვას ასეთი სარჩელის განსჯადობით წარმოებაში მიღებაზე, რომელიც სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან ჩადენილ დისკრიმინაციას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე განაცხადოს საბოლოო სიტყვა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დისკრიმინაციის მსხვერპლთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სარგებლის მომტანი იქნება. 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^