Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო სულხანიშვილის მისია - მერიის გამწვანების სამსახურის ინსტიტუციური რეფორმა

27 იანვარი 2016
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს უკვე სამი თვეა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოვიხედვის” ყოფილ დირექტორსა და არაერთი გარემოსდაცვითი პროექტის ხელმძღვანელ თუ მონაწილე ნინო სულხანიშვილს ამ პოსტზე თავის მთავარ მისიად სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია მიაჩნია. მისი აზრით, ქალაქს სჭირდება ეკოლოგიის სამსახური, რომელსაც თბილისის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეალური ინსტიტუციური თუ სამართლებრივი ბერკეტები ექნება.

რა ეტაპზეა დედაქალაქის შემოგარენში გამხმარი და დაავადებული წიწვოვანი ხეების მოჭრის საკითხი?

ამ წიწვოვანი ნარგავების გახმობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ქალაქს აქვს. ტენდერი ჭრებზე უკვე გამოცხადებულია, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ საქმისთვისაა საჭირო. დაავადების მასშტაბი ძალიან დიდია და ფართომასშტაბიანი ჭრებია დასაგეგმი. ქალაქის მერი უკვე ესაუბრა პრემიერს და ვიცით, რომ არის მზაობა ეროვნული მთავრობისგან, რომ ამ საქმეში დაგვეხმარონ. ჩვენ გავაკეთეთ განმარტება, რატომაა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და თან სწორედ ზამთრის პერიოდში. რადგან მთავარი მავნებლის, ქერქიჭამია ხოჭოს აქტივაციის ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 15-17 გრადუსია. თანაც დადგინდა, რომ ერთი ასეთი ხოჭო 75 -100 ათას კვერცხს დებს. წარმოიდგინეთ გავრცელების სისწრაფე, ანადგურებს ნაძვსაც და ფიჭვსაც და შედეგები კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზაფხულის დადგომამდე ცივი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ დაავადების კერების გამოსატანად. თუ ასე არ მოვიქცევით, ფიტოსანიტარებისა და დენდროლოგების შეფასებით, 4-5 წელიწადში ქალაქში ფიჭვი საერთოდ აღარ გვექნება და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. მით უფრო, რომ თბილისის კლიმატს სწორედ ეს შემოგარენი ტყე და მარადმწვანე წიწვოვანი ხეები ქმნიან.

ამ მასშტაბის გამხმარი ხეები ხანძრის ბუნებრივად გაჩენის საფრთხესაც ზრდის. ამიტომ უახლოეს პერიოდში, თებერვლის დასაწყისში, ვფიქრობთ, ტაქსატორებთან ერთად მონიშვნებზე მუშაობას უკვე დავიწყებთ. ჩვენ უკვე გვაქვს შედგენილი რუკები, სადაც დატანილია ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიები თბილისის შემოგარენში, ოქროყანა, წყნეთი, კუს ტბის ფერდობები, ბევრ საკვლევ მასშტაბზე ხმობა 100%-საც აღწევს. პარალელურად ალბათ  სანიტარული ჭრებიც დაიწყება. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელზეც ჩვენი სამსახური მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულისთვის უკვე გვექნება შედეგები.

თუ არსებობს გეგმა როგორ მოხდება ამ მოჭრილი ხეების ჩანაცვლება?

რა თქმა უნდა არსებობს. როდესაც მოხდება დაავადებული ხეების მოჭრა და გამოტანა, შემდეგ ზოგიერთ ტერიტორიას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა, შეწამვლა. შეიძლება ამ მასშტაბს ჩვენც მოვერიოთ. შემდეგ უკვე დაიწყება დარგვის ღონისძიებები. ძირითადი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს ფოთლოვანი სახეობების შერევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ამ წიწვოვანი მასივების ერთგვაროვნება იყო და ისინი ამიტომ არ აღმოჩნდა დაავადების მიმართ მდგრადი. განაშენიანების პროექტი ჯერ მზად არ გვაქვს, მაგრამ არსებობს გეგმა, რომელშიც გაწერილია ფოთლოვანი სახეობები, რომლებიც წიწვოვანებთან ერთად დაირგვება. ასე მოხდება თანდათანობით ამ ტერიტორიების აღდგენა.  

თებერვალ-მარტში გვინდა, რომ ჭრებს მოვრჩეთ, მერე დაიწყება დარგვა იმ ტერიტორიებზე, სადაც შარშან ხეები მოიჭრა. ეტაპობრივად გადავალთ სხვა ტერიტორიებზეც. იმედი გვაქვს, რომ ეროვნული მთავრობა დაგვეხმარება და სამინისტროსთან ერთად მოვერევით პრობლემას. შეუსრულებელი მისია ნამდვილად არ არის სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში. აუცილებელია პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და გააზრებული, რომ ეს  ნამდვილად საჭირო და გასაკეთებელია. ცხადია, ეს შეიძლება მომავალ წელსაც გაკეთდეს და წლის განმავლობაშიც, მაგრამ იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ, აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

ამავე დროს ხორციელდება მილიონი ხის პროექტიც. თუმცა, სამწუხაროდ, უშუალოდ დარგვების პროცესი ზოგ შემთხვევაში იყო ქაოსური, სპონტანური, ნაკლებად ხდებოდა პროექტის მიხედვით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე, რომლებშიც გაიწერება განაშენიანების სქემა, ეს პროექტები გასაჯაროვდება და როდესაც დარგვა დაიწყება ყველას შეეძლება, მიადევნოს თვალი ამ პროცესს. იმ მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც მოვიძიეთ, 480 000 ნერგი უკვე დარგულია. იყო პრობლემები ზომებთან დაკავშირებითაც. ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების მიხედვით, უკვე ვიცით, რომ წიწვოვანების გახარების თვალსაზრისით საუკეთესოა 2-3-წლიანი 30-40 სმ-ის ნერგები, ფოთლოვანების შემთხვევაში კი - 3-4 წლოვანი, 40-50 სმ-ის ნერგები. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ ასეთი ზომის ნერგები ქალაქშიც ირგვებოდა, რაც არასწორია.

ქალაქისთვის უფრო დეკორატიული სახეობები შეირჩევა, ანუ ლანდშაფტური დიზაინის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ლანდშაფტური დიზაინერი შტატში, მაგრამ სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან თანამშრომლობით შევძლებთ მივიღოთ რეალური ტერიტორიების გამწვანების პროექტები.

გასულ წელს დამტკიცდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სამოქმედო გეგმა. თუმცა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს აქამდე არ ჰქონია და კვლავაც არ აქვს არც პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი და არც სამოქმედო გეგმა. როდისთვის შეიძლება ველოდოთ ამ დოკუმენტების მიღებას?

ამჟამად სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ აქაც ფინანსურ პრობლემებს ვაწყდებით იმ ნაწილში, თუ როგორ შეირჩეს სტრატეგიიდან პრიორიტეტები, რომლებიც სამოქმედო გეგმაში ჩაიდება. სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ძალიან რეალისტური დოკუმენტი, სადაც თითოეული აქტივობა დროში იქნება გაწერილი და ბიუჯეტთან მიბმული. სხვანაირად მის არსებობას აზრი არ აქვს. მეორე მხრივ, სტრატეგიის შესრულება სავალდებულოა, რადგან საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრიორიტეტების განსაზღვრა.

რამდენია თქვენი სამსახურის ბიუჯეტი 2016 წლისთვის და როგორია ხარჯვის პრიორიტეტები?

ბიუჯეტი, სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით შემცირდა. თუ შარშან 15 მილიონი ლარი იყო, წელს დაახლოებით 9 მილიონი ლარია. ამას მიზნობრივად ემატება 2 მილიონი დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციისთვის და 2 მილიონიც ვერეს ხეობის რეაბილიტაციისთვის. 9 მილიონი კი მოხმარდება არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას, ახალ განაშენიანებას, ფიტოსანიტარულ კვლევებს სარწყავი სისტემების აღდგენასა და მოწყობას.

თქვენს გამოსვლებში რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ქალაქში არსებული მწვანე ნარგავების პასპორტიზაცია-ინვენტარიზაცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიგაჩნიათ. რა კეთდება ამ მიმართულებით?

სამწუხაროდ, დედაქალაქში ნარგავების ინვენტარიზაცია 1988 წლის მერე არ ჩატარებულა. კარგია, რომ საკრებულოს დამტკიცებული აქვს გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის წესი, რომლითაც თბილისში პირველად განისაზღვრა გამწვანებული ტერიტორიების ტიპი, ანუ კატეგორია: რა არის პარკი, თარგი, გაზონი, ბაღი, სკვერი და ა.შ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გეოსაინფორმაციო სისტემაში დაიწყოს დარუკება ყველა იმ გამწვანებული ტერიტორიის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შემდეგ უკვე შესაბამისი კატეგორიების მინიჭება მოხდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი გამწვანებული ტერიტორიების პასპორტიზაციისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოს უკვე გვექნება დარუკებული ტერიტორიები.

თუმცა ეს არ ნიშნავს ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაცია გულისხმობს ამ ტერიტორიების შიგნით არსებული ნარგავების აღწერას, მათი ხნოვანებას, სახეობების აღნუსხვას. მაგალითად, 1988 წელს აღწერილი იყო 9 მილიონი მერქნიანი ხემცენარე და 15 მლნ ბუჩქი. ინვენტარიზაციას გაცილებით მეტი დრო და სპეციალისტის ჩართულობა სჭირდება.

თუ ფიქრობთ, რომ არსებობს გამწვანებული ტერიტორიები, საჯარო სივრცეები, რომლებსაც ამჟამად არ აქვს შესაბამისი დაცვის სტატუსი, მაგრამ იმსახურებენ ასეთ აღიარებას იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტები, რაც ასათიანის პარკის ან .. “ციყვებისტერიტორიის შემთხვევაში მოხდა?

ნამდვილად ვფიქრობ და ამ მიმართულებითაც ჩვენმა სამსახურმა სულ ახლახან დაიწყო მუშაობა. “თბილისში და მის შემოგარენში არსებული ნარგავების განსაკუთრებული დაცვის შესახებ კანონში” არის ერთი პუნქტი, რომელიც გულისხმობს, რომ შეიქმნას თბილისში განსაკუთრებული სტატუსის გამწვანებული ტერიტორიები, რომელსაც დაცვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ თბილისში რამდენიმე ტერიტორიას ასეთი სტატუსი მივანიჭოთ. ბევრი ვერსიაა, დიღმის ტყე-პარკი, ვერეს ხეობა, ვაკის პარკის, კუს ტბის შემოგარენი. ცხადია, ამ ტერიტორიებზე კერძო საკუთრებებიცაა, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის დანარჩენ ტერიტორიებს.

საბოლოოდ კი ამის შემდეგ რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ეს იქნება გარანტია, რომ არასდროს აღარავის ექნება პრეტენზია ამ ტერიტორიებზე რამე ააშენოს ან რაიმე სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს.

თუ ფიქრობთ, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმებების პრაქტიკასაც სჭირდება გადახედვა და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ ცალკეული ტერიტორიებისთვის დადგენილი ფუნქციური ზონების ამგვარი ცვლილება?

რა თქმა უნდა ვფიქრობ, და არქიტექტურის სამსახურის უფროსიც მეთანხმება. ერთი ცვლილება ისაა, რომ ზონალურ საბჭოზე უკვე აუცილებელი იქნება გამწვანების სამსახურის წარმომადგენლის დასწრება; და, მეორეც, ქონების მართვის სამსახურთანაც  გვაქვს კომუნიკაცია და ვფიქრობთ, რომ როდესაც ტერიტორია გასხვისდება და ამ ტერიტორიაზე იარსებებს მნიშვნელოვანი მწვანე ნარგაობები, რაღაცა პირობით მოხდეს გასხვისება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებაც. ამიტომაც ჩვენი სამსახური გეგმავს, შექმნას მრჩეველთა მუშა ჯგუფები, სადაც ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას და კერძო პირს, რომელსაც ექნება სურვილი მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით იმუშაოს.

ბევრი საკითხი დაგვიგროვდა. ზოგადად, ქალაქისთვის პოლიტიკა უნდა განვსაზღვროთ, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. ვფიქრობთ, ერთმა ჯგუფმა აუცილებლად კანონმდებლობის კუთხით უნდა იმუშაოს. ბევრი რამ, ჩემი აზრით, გადასახედია, თუნდაც ის, რომ ხეების ჭრისთვის დადგენილი ღირებულება, რომელსაც ხის მომჭრელი იხდის, შედის საერთო ბიუჯეტში. იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა უშუალოდ გარემოსდაცვას ხმარდებოდეს, შესაძლოა დაიხარჯოს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც კიდევ უფრო მეტი ხის მოჭრას საჭიროებს. ანუ ეს არ არის კომპენსირება. ეს თუ არა, სხვა მექანიზმების შემუშავებაც შეიძლება. გვინდა, რომ დეველოპერებსაც ვალდებულებების სახით ტერიტორიის გამწვანება ან რაიმე სხვა სახის გარემოსდცვითი ღონისძიებები ვთხოვოთ ან მოვთხოვოთ. ამ მიმართულებით შეიქმნება ჯგუფი, უახლოეს მომავალში. უკვე გვაქვს გამოხმაურებები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კერძო სექტორიდან, ექსპერტებისგან.

ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვების გაცემისას ვიქნებით უპრეცედენტოდ პრინციპულებიო, ამბობდით დანიშვნისას. თუმცა ამავე დროს ამბობთ, რომ სამართლებრივად ეს რთულია, რადგან კერძო მესაკუთრეს აქვს უფლება სასამართლოთი მაინც მიიღოს ამ ხეების მოჭრის ნებართვანიშნავს ეს იმას, რომ ეკოლოგიის სამსახურის უფლება, უარი თქვას ხეების მოჭრის ნებართვის გაცემაზე, ფორმალურია?

კი, არსებობს ასეთი ჩიხი ბევრი მიმართულებით და ამიტომ გვინდა მთლიანად გადავხედოთ კანონმდებლობას. კანონში წერია, რომ გვაქვს საღი ხეების მოჭრის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვა არსებობს. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი უარის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხეები მაინც მოიჭრა.

სამართლებრივი ბერკეტები და ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს მუნიციპალურ ტერიტორიებზე და ქონების მართვის სამსახურთან კომუნიკაციის შედეგადაც, გამწვანებული ტერიტორიების ხარჯზე დეველოპმენტი აღარ მოხდება, მით უმეტეს ქალაქის ცენტრში, სადაც ამ ქალაქს უკვე აღარანაირი რესურსი აღარ აქვს. ბევრი ისეთი თხოვნა შემოდის, გვიკვირს კიდეც, რა უნდა ჩაეტიოს 2-3 კვ.მ ბუჩქნარის ნაცვლად. ასეთ შემთხვევებში ბოლო ორ თვეში პრაქტიკულად ყველას უარი ეთქვა. კერძო ტერიტორიების შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ხშირ შემთხვევაში მათ ხელისუფლებისგან უკვე აქვთ მიღებული გარკვეული გარანტიები, ჩადებული აქვთ ინვესტიცია და აწყდებიან ბევრ პრობლემას მაშინ, როდესაც პოსტფაქტუმ ჩვენ ვეუბნებით, რომ ხეების მოჭრის ნებას არ მივცემთ. სამწუხაროდ, პრაქტიკაც ისეთია, რომ შენობები პერიმეტრზე იდგმება, ერთი კვადრატული მეტრიც რომ არ დაიკარგოს გასაყიდ-გასაქირავებელი ფართის. თუმცა ზოგიერთი მათგანი მოდის მოლაპარაკებაზე, დათმობაზე.

თუმცა არ არიან ვალდებულნი და შეუძლიათ სასამართლოს გზით თავისი პოზიცია არ დათმონ, ანუ ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?

იცით, ადამიანთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ არაა კარგი ხეების მოჭრა. თანაც ის, რომ სამსახურს პრინციპული პოზიცია აქვს, რამდენჯერმე მიმართავს, რომ პროექტი შეიცვალოს, გვეთანამშრომლოს, ისინიც მოდიან დათმობაზე. თუმცა მუნიციპალურ ტერიტორიებზე პრინციპულად ამ ტერიტორიების დათმობა ქალაქის მხრიდან ძალიან რთული იქნება.

არის რამდენიმე კრიტიკული ტერიტორია, რომელიც არაა კერძო საკუთრებაში, მაგრამ კერძო საკუთრებამდე მისასვლელი გზის გასაყვანად მთელი კორომების გაჩეხვის უფლებას გვთხოვენ. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ და კანონიც ჩვენს მხარესაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ კერძო პირებს თუ კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული გარანტიები, სხვანაირად ამ ტერიტორიებს ასე არ იყიდდნენ. მაგრამ ჯანსაღი კორომების გაჩეხვის უფლებას ნამდვილად ვერ გავცემთ. ალბათ ეს საქმეც სასამართლოში დასრულდება და შესაბამისად მოვიქცევით, თუმცა ვეცდებით,  მაქსიმალურად გადავარჩინოთ თითოეული ხე, რომელიც ჯერ კიდევ არის საღი ქალაქში.

გარემოსდაცვით სტრატეგიაში აღნიშულია, რომ სამსახურს უნდა დაემატოს გარემოს ცალკეული კომპონენტების: ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის ფუნქციები. რამდენად რეალურია უახლოეს წლებში ამ ფუნქციების დამატება?

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დღეისათვის რეალურად მხოლოდ გამწვანებითი სამუშაოებით შემოიფარგლება. ქალაქის წინაშე ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა დგას. რომელიც სათანადო ყურადღების მიღმაა დარჩენილი, რადგან ეს ფაქტობრივად არავის ფუნქციაში არ შედის.

ჩვენს სამსახურს არ გააჩნია მანდატი, რომ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე იმუშაოს, მაგ, ჰაერის დაბინძურება, წყალი, ნარჩენების მდგრადი მართვა, ზედაპირული წყლები, გეოსაფრთხეები. აუცილებელია სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია. მაგალითად, მერიის სხვა სამსახურების მიერ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებაც ხშირად ინფორმაციაც დაგვიანებით მოგვდის, ხშირად ნაკლებადაა გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ასპექტები. მაგ. შინდისის გზის მშენებლობა, სამადლოს გზის მშენებლობა.

გვინდა, რომ ეკოლოგიის სამსახურს ჰქონდეს მანდატი, რომლის შესაბამისადაც ყველა სახის პროექტში - ინფრასტრუქტურული თუ კერძო დეველოპერული კომპანიის მიერ განხორციელებული მშენებლობა - საწყის ეტაპზევე, გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი საკითხები, მანამ სანამ პროექტი შეთანმხდება, დეტალური დიზაინი მომზადდება და ნებართვა გაიცემა.

აუცილებელია დაგვემატოს მონიტორინგის ფუნქცია. მე ის უფრო მიკვირს, რომ დედაქალაქს, რომელშიც მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, არ გააჩნია სტრუქტურა, რომელიც კომპლექსურად გარემოსდაცვით საკითხებზე იმუშავებდა. ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს, შეიქმნას მდგრადი გარემოსდაცვითი სისტემები. არადა, სამინისტრო ვერ ერევა თვითმმართველი ერთეულის პასუხისმგებლობაში. ეს იმ დროს როდესაც კონკრეტული გარემოსდაცვითი ფუნქციები ოფიციალურად არც ჩვენი პასუხისმგებლობა არაა და მთელი რიგი  საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, რომ ქალაქს დაემატოს ჰაერის ხარისხის საზომი კიდევ ერთი სადგური, რომ მოხდეს მდგომარეობის სივრცითი მოდელირებაც. ყველა ძირითადი დამაბინძურებლის გაზომვა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ წარმოუდგენელია სააგენტოს გეოლოგიის სამსახური მხოლოდ თბილისის გეოსაფრთხეების საკითხებზე პროექტების ფარგლებში მუშაობდეს. ვფიქრობთ, რეკრეაციულად გამოსაყენებელია არსებული ზედაპირული წყლები და ხეობებიც. პრობლემურია კლიმატი და სარწყავი სისტემების არარსებობაც. თუ დავაკვირდებით, როგორი გვალვიანი ხდება თბილისის კლიმატი, მივხვდებით, რომ აუცილებელია მთლიანი ქალაქის თუ არა, ინტენსიურად გამწვანებული ტერიტორიების საირიგაციო სისტემების მოწყობა მაინც. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქში არ გაგვაჩნია ტექნიკური წყლის ცნება და სტანდარტი. ნარგავებს სასმელი, ქლორიანი წყლით ვრწყავთ.

თბილისის პარკების და სკვერების მოვლა-პატრონობა და მართვის უფლებაც ხშირად საკმაოდ დიდი ვადებით ტენდერებით გაიცემოდა კერძო კომპანიებზე, თუმცა თქვენი წინამორბედიც აღიარებდა, რომ მოდელი შესაძლოა სწორი იყო, მაგრამ შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. თქვენ როგორ ხედავთ თბილისის პარკების მოვლა-ადმინისტრირების საკითხს?

პირველ ყოვლისა ვფიქრობ, მართვის და მონიტორინგის სისტემაა დასახვეწი. თუმცა მე დამხვდა მერიის გადაწყვეტილება, რომ ქალაქში არსებული 10 დიდი პარკი 1 წლით მოვლა-პატრონობაში 100 %-ით მერიის მიერ დაარსებულ მუნიციპალურ შპს-ს გადაცემოდა. ჩვენთან მომუშავე ორი ასეთი შპს არსებობდა: “მცენარეთა დაცვის საწარმო” და “თბილისის პარკები”. ეს ორი გაერთიანდა და “თბილისის პარკებს” აქვს უკვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამოცდილება და ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ როგორც გადაწყდა, 1 წლით ეს პარკები გადაეცეს მოსავლელად 2016 წლიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს მართვაში გადაცემას. ჩვენს სამსახურს ექნება მონიტორინგის ფუნქცია.

რატომ არის ეს აუცილებელი?

იდეა ისაა, რომ მართვა იყოს ერთიანი. კომუნიკაციისთვისაც უფრო მარტივია, ტენდერიდან ტენდერამდე სიცარიელეებიც რომ არ დარჩეს. თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ “თბილისის პარკებმა” უნდა მართოს, შეიძლება ისევ ტენდერზე გაიტანოს სამსახურმა და სხვა გარედან შემოსულმა კომპანიამ განახორციელოს, მაგრამ ამჟამად ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეს 1 წელი ასე იქნება. შეიძლება უკეთესი მენეჯმენტის პირობებში არც ის მოდელი ყოფილიყო ცუდი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული დაგვხვდა. ვნახოთ რა გამოვა.

ცხადია ამ სიაში ვერ მოხვდება ის პარკები, რომლებიც ხანგრძლივი ვადითაა გაცემული მართვაში, მაგალითად, მუშტაიდის ბაღი. ხომ ასეა?

რა თქმა უნდა, ასეთ პარკებში გამარჯვებული კომპანიები მთლიანად თავად არიან პასუხისმგებელნი პარკების მართვაზეც და მოვლა-პატრონობაც შეუძლიათ დამოუკიდებლად დაუკვეთონ სასურველ კომპანიას. თუმცა დანარჩენი დიდი პარკები, როგორებიცაა დედა ენის ბაღი, 9 აპრილის პარკი, ვაკის პარკი, ისინი “თბილისის პარკებს” გადაეცემა მოსავლელად.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირებაა საჭირო? ხშირად შექმნილა პრობლემა იმის გამო, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს მწვანე ნარგავების შემთხვევაში უჭირთ კონკრეტული დაზიანების ხარისხის დადგენა.

სტატისტიკას რომ შევხედოთ, დღეში 30-35 წერილი მაინც შემოდის. მოქალაქეები ითხოვენ ავარიული ხეების მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას. ამ ყველაფერს ჩვენი სამსახურის რესურსი არ ეყოფა. თუმცა როდესაც აუცილებელია, ზედამხედველობასთან ერთად ჩვენი თანამშრომლებიც გადიან ადგილზე. თუმცა ალბათ ისეთი 5-6 ადამიანი გვყავს, რომელსაც შეუძლია კომპეტენტურად მსგავსი შეფასებების გაკეთება. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ შიდაკვარტალურ ტერიტორიებზე რეაგირების უფლება გამგეობებს მიეცემათ. თუმცა საბოლოო პასუხი მაინც ჩვენს სამსახურზე იქნება, საჭიროა თუ არა მოჭრა ან გადაბელვა.

როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ვაკის პარკში სასტუმრობუდაპეშტიდა რატომ?

ესეც რთული საკითხია მესაკუთრესაც გააჩნია თავისი უფლებები. თუმცა ვფიქრობ, თავიდანვე გადაწყვეტილება არასწორად იყო მიღებული. ჩემი პირადი აზრია, რომ იქ შეიძლებოდა ისევ რესტორანი გაკეთებულიყო, როგორიც იყო, მაგრამ სასტუმროს ნამდვილად დასჭირდება სხვა დიდი ინფრასტრუქტურაც და იქ აუცილებლად დაზიანდება მწვანე ნარგაობები. რაზეც ახლაა საუბარი, ამით ნამდვილად არ დასრულდება. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იქ სასტუმროს ადგილი არაა, თუმცა ამ ეტაპზე ეს  ჩვენი სამსახურის კომპეტენციას სცილდება და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციისთვის მოიჭრა გარკვეული რაოდენობის ხეები, რატომ გახდა ეს აუცილებელი?

ამის შესახებ ინფორმაცია, სამწუხაროდ, ჩვენს სამსახურსაც გვიან მოუვიდა. ჩვენს კომპეტენციაში რაც იყო, გავაკეთეთ - სახეობების კვლევა, რომ იქ არაა წითელი ნუსხის სახეობები და იმ ასი ხიდან 80% არის თვითამონაყარი ბუჩქი, რომელიც ხედ არის ჩათვლილი. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ საკომპენსაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების დარგვას. გავაკეთეთ ნიადაგების კვლევაც. ამბობდნენ, რომ იქ არ გადაირგვებაო, თუმცა არის ამის შესაძლებლობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ დაირგოს, როგორც წესია, მინიმუმ ათჯერ მეტი რაოდენობა იმავე ტერიტორიაზე. დარგვების პროექტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ რაოდენობა ნაანგარიშებია, რაც უნდა შევისყიდოთ იმ რაოდენობაში. იცის გზის დამპროექტებელმაც, თუმცა ის თვითონ არ იღებს ამ ვალდებულებას. ამას ჩვენი სამსახური გააკეთებს, რადგან მერიის პროექტია.

კოჯრის გზაზე 400-მდე ხე მოიჭრა. როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, 500-ზე მეტი ჯერაც წითლადაა მონიშნული. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მილის გადასატანად იყო აუცილებელი, თუმცა ამბობენ, რომ მილი უკვე გადატანილია და გაუგებარია დანარჩენი ხეების მოჭრის აუცილებლობა. რა იცით ამის შესახებ  და რაზეა გაცემული ნებართვა?

რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ჭრა საპროექტო სამუშაოებმა მოითხოვა. გვითხრეს, რომ რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მოსაჭრელი ხეების რაოდენობა და, როგორც ვიცით, აუცილებელი გახდა ამ ხეების მოჭრა, ამაზე დიდი ხნის წინ იყო ნებართვა გაცემული. და მონიშნული როგორც ვიცი ის ხეები იყო, რომლებიც უნდა გადარგულიყო, მაგრამ ახლა ისიც უნდა მოიჭრას. ნებართვა გადარგვაზეა გაცემული, თუმცა ყველა მონაცემით, ისინი არ გადაირგვება. დანარჩენის საქმის კურსში ძალიან ნაკლებად ვართ. გზაც დაპროექტებული იყო და ნებართვაც გაცემული. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაბამისი მანდატი, რომ დროულად ჩავერიოთ და ასეთი გადაწყვეტილებები წინასწარ შეგვითანხმონ. ამჯერად მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საკომპენსაციო სხვა ხეები დავრგოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^