Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვები

27 იანვარი 2016
სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების მიმართ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე განათლების სამინისტრომ მუშაობა 2013 წელს გაერო-ის ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. 2015 წლიდან პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს და მისი მიზანი სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილ ბავშვთა განათლების უფლების უზრუნველყოფა, ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამის შესახებ “ლიბერალი” ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკა დგებუაძეს ესაუბრა.

სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების მიმართ პოლიტიკის დაგეგმვა გაერო-ის ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013 წლიდან დაიწყო. რა გაკეთდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში?

2013 წელს განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამის ფარგლებში გაერო-ის ბავშვთა ფონდთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა,  რადგან დღეს საქართველოში არიან ბავშვები, რომლებიც ფორმალური განათლების მიღმა რჩებიან. პროგრამის დაწყების პირველ ეტაპზე განისაზღვრა რისკის მქონე ბავშვთა ჯგუფები, კერძოდ გამოიკვეთა ბავშვთა ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა წევრებიც ყველაზე ხშირად რჩებიან ფორმალური განათლების მიღმა.

პირველ ეტაპზე შეიქმნა სამუშაო დოკუმენტი, ასევე ჩავატარეთ კვლევა. განისაზღვრა ის სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ბავშვების საგანმანთლებლო პროცესში ჩართვას. დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის კრიზისული და ტრანზიტული ცენტრები შექმნა. ვითანამშრომლეთ ამ ცენტრებთან და მოვიძიეთ სკოლები, სადაც ეს ბავშვები ირიცხებოდნენ. გამოვიკვლიეთ, როგორი იყო სასკოლო მზაობა და როგორ ეხმარებოდა სკოლა ბავშვებს სასწავლო პროცესში ჩასართავად. საინტერესო კვლევა გამოვიდა, გამოვიკვლიეთ სკოლისა და თანაკლასელების დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ და მიზეზები, რატომ არ დადიოდნენ სკოლაში ეს ბავშვები. ამის შემდეგ, 2015 წლიდან განათლების სამინისტრომ აიღო პასუხისმგებლობა და ამ პროგრამის დაფინანსება დაიწყო. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის ფარგლებში ავიღეთ ორი დღის ცენტრი - “World Vision”-ის ტრანზიტული ცენტრი და კრიზისული ცენტრი. ამ პროგრამის ფარგლებში ტენდერით განისაზღვრა ორგანიზაცია, რომელიც ამ ცენტრებში შევიდა, დაიწყო ინდივიდუალურად ბავშვებთან მუშაობა. პარალელურად მუშაობა დაიწყო სკოლებთან. მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის  წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები. წელს 2016 წელს გავზარდეთ ბიუჯეტი. დაგეგმილი გვაქვს თბილისში არსებულ ყველა დღის ცენტრში შესვლა.

რამდენი ბავშვი მოიცვა პროგრამამ?

დაახლოებით 27- 28 ბავშვი.

ძალიან კარგად ვიმუშავეთ სკოლებთან. დავინახეთ ამ ბავშვების პრობლემები. სკოლის გაძლიერება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის წარმომადგენელებმა ძალიან ბევრი პრობლემა დაასახელეს. მათ ამ ბავშვებთან მუშაობის მეთოდოლოგია ვასწავლეთ.

მოსწავლის სტატუსშეწყვეტილ ბავშვებს აღუდგათ სტატუსი. ამ ბავშვებს ინტეგრაციაში გადამზადებული პედაგოგები დაეხმარნენ. ბავშვებს ჰქონდათ დაბალი მოტივაცია. ტრენინგების შემდეგ მათი მიმღებლობა გაიზარდა.

27 ბავშვი და რამდენი სკოლა?

8 თუ 9 ..

გააგრძელებთ თუ არა ამ სკოლებთან მუშაობას 2016 წელს?

ვინარჩუნებთ სკოლებს და ვამატებთ ახალ ცენტრებს. გაჩნდება ახალი სკოლებიც…

გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებიც არასოდეს ჩარიცხულან სკოლაში?  2013 წელს, როცა პროექტი დაიწყო, ამბობდით, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის რეგულაციის გამო სამინისტროს ხელი არ მიუწვდებოდა სხვადასხვა სტრუქტურებში (ჯანდაცვა, შსს, იუსტიცია) რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზებზე. შეიცვალა თუ არა რაიმე ამ კუთხით?

ამ ეტაპზე გადავიწყვიტეთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და მინისტრის სახელით უწყებებს წერილი დავუგზავნოთ. ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად მემორანდუმის ტექსტზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ვალდებულება აიღონ და მოგვაწოდონ ყველა ის ბაზა, რომლებიც არსებობს მათ სისტემაში და ეს ბაზები შედარდეს 6 – 18 წლამდე ბავშვების ბაზას.

სავარაუდოდ, რამდენი ბავშვია ფორმალური განათლების მიღმა ?

ზუსტად არ ვიცით. იმის გამო, რომ არ ხდება ერთიანი სტატისტიკური მონაცემების თავმოყრა და გაზიარება, განათლების სისტემისთვის რთულია ინფორმაციის მოძიება სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობის, ასაკობრივი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა სოციალურ-დემოგრაფიული საკითხების თაობაზე.

2015 წელს პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო  საჯარო სკოლის პედაგოგთა მომზადება სკოლის მიტოვების რისკის მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციისთვის. რა გაკეთდა ამ მიმართულებით?

ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ამის საშუალებას იძლევა მონაცემები, როცა მოსწავლე 90  დღეზე მეტს აცდენს, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება. გვინდა ჩავატაროთ კვლევა - რატომ შეუჩერდა მოსწავლეს სტატუსი, რა იყოს ამის მიზეზი.

რამდენ ბავშვს შეუწყდა სტატუსი, მაგალითად, წელს?

ზეპირად არ მახსოვს... თუმცა ეს დათვლადია და არსებობს სტატისტიკა.

რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს პედაგოგმა, რომ ბავშვი სკოლის ადრეული მიტოვების რისკჯგუფშია?

ვმუშაობთ ამ კუთხით პედაგოგების მომზადებაზე. პარალელურად ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც ვმუშაობთ, რათა კანონი შეზღუდული შესაძლებლობების კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. გაჩნდება ჩანაწერი კანონში იმის შესახებ, თუ რომელი ბავშვია ფორმალური განათლების მიღმა მყოფი.

რა ცვლილებები შედის?

ბევრი რამ აბსოლუტურად შეიცვლება - პასუხისმგებლობები და მოვალეობები. კანონში აისახება ყველა ის ვალდებულება, რომელსაც კონვეცია უყენებს სახელმწიფოს.

შეეხება თუ არა ცვლილებები სპეცპედაგოგების სტატუსს?

უნივერსიტეტებთან მასწავლებლის სტატუსთან დაკავშირებითაც ვთანამშრომლობთ, რათა მოსამზადებელი პროგრამები დაიწყოს. კანონში ეს ცვლილებებიც შევა, რომ უნივერსიტეტებმა პროგრამების განხორციელება დაიწყონ.

სპეციალურ პედაგოგებს რომ დავუბრუნდეთ, ახლა ისინი ადმინისტრაციის წევრები არიან და პედაგოგის სტატუსი არ აქვთ. 

ახლა არიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. როგორც იცით, შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გეგმა, სადაც სპეცპედაგოგები ვერ მოხვდნენ.

თუმცა კანონი ამბობს, რომ ის მასწავლებელია და ხელს უწყობს დაწყებით და საბაზო საფეხურზე სპეციალურ საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. ჩვენ შევქმენით სპეცპედაგოგის განვითარების სქემა, რომელიც განსხვავებულია. ჯერ მზად მხოლოდ სქემის სამუშაო ვერსია გვაქვს, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მინისტრს.

იგეგმება თუ არა ამ სქემის იმ დიდ სქემაში ინტეგრირება?

გვგონია, რომ ეს ცალკე სქემა უნდა იყოს.

აისახება თუ არა პროფესიული ზრდა სპეციალური პედაგოგების სახელფასო სარგოზე?

კი, რა თქმა უნდა.

როდის დაასრულებთ მასზე მუშაობას?

2016 წლის ბოლოს ალბათ უკვე გვექნება გამზადებული სქემა, რომლის დანერგვაზეც სამინისტრო დაიწყებს მუშაობას.

როდის შევა ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში?

საგაზაფხულო სესიაზე გვინდა შეტანა.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^