Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის ხმა პოლიტიკაში

27 იანვარი 2016

ჩემთვის პოლიტიკა არის შესაძლებლობა, აქტიური წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში. შენ თვითონ ზიხარ გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან და პროცესებს, რომელიც შენ, შენს ოჯახს, შენს მეგობრებს  ეხება გვერდიდან არ უყურებ.  გაქვს კონკრეტული ბერკეტი, რომლის საშუალებითაც შენი ხედვების განხორციელება შეგიძლია“,  - თამარ კეკენაძე, „თავისუფალი დემოკრატები.

როცა ფიქრობ, რომ შენი სიტყვა, აზროვნება, მოქმედება ქვეყანას წაადგება, აუცილებლად უნდა იმოქმედო“, - ირმა კახნიაშვილი , „ახალი მემარჯვენეები.

 „ქალებს ორმაგი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ ჯერ პარტნიორები  დავარწმუნოთ და შემდეგ საზოგადოება, რომ ეს არის ის, რასაც გინდა ემსახურო. ვერ წარმომიდგენია  ქვეყნის განვითარება თუკი ქალებიც ისევე თანაბრად არ იქნებიან ჩართული ნებისმიერ საქმიანობაში, ამ შემთხვევაში პოლიტიკაში, და  მათ არ ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები“, - ნინო გოგუაძე, საქართველოს კონსერვატიული პარტია

 „საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქალები წარმოადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო, ისე მმართველობითი სახელმწიფო სტრუქტურები,  ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავდეს. ქალების ხედვა და გამოცდილება გამოყენებული უნდა იყოს უკეთესი პოლიტიკისთვის“, - ნინო ბახტაძენაციონალური მოძრაობა

 „ქალები ძირითადად აღიქმებიან როგორც შემსრულებლები და არა გადაწყვეტილების მიმღები პირები. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიხელმძღვანელოთ იმ ხედვებით, რომელიც გვაქვს", - ინგა მაღრაძე, „რესპუბლიკური პარტია

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალები ვიდეობლოგების სერიაშიქალის ხმა პარტიაშისაუბრობენ, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა.  „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ (თაქს ფორსის) პროექტი  „50/50“  გენდერული კვოტების შესახებ ქალების მოსაზრებებს გვაცნობს. ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა სავალდებულო გენდერული კვოტის შესახებ პარლამენტს კანონპროექტიც წარუდგინა. თუმცა, როგორც სამუშაო ჯგუფში ამბობენ, პარლამენტისთვის კვოტირების კონცეფციაც კი მიუღებელი აღმოჩნდა და წინადადებას მხარი არ დაუჭირა. „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფისწევრები მოქმედების ახალ ეტაპზე გადადიან.

საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ხელს აწერდა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა" (თასქ ფორსი) მოამზადა. წინადადება „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობდა. ცვლილებების მიხედვით,  პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაეცვათ და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაესახელებინათ. პარტიებს სიების წარდგენისას საპარლამენტო  თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი სქესთა ბალანსის დაცვა დაევალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. საბოლოოდ კი პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას, 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებდით.

„2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საერთო სიით რეგისტრირებული ორმილიონამდე ქალიდან, მილიონ ასი ათასი არჩევნებზე არ მივიდა.  ქალები არ მიდიან არჩევნებზე იმიტომ, რომ 2014  წელს მათ  87 მერობის კანდიდატი შესთავაზეს. მათ შორის მხოლოდ 10 იყო ქალი.  მათ 262 გამგებლობის კანდიდატი და აქედან მხოლოდ 10 ქალი შესთავაზეს. ჩვენ, როგორც ევროპული ღირებულებების დემოკრატიას, წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრების პრეტენზია უნდა გვქონდეს“, -  განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელმა ნინო ჯანაშიამ.

მიუხედავად არასამთავრობოს სექტორის, პოლიტიკოსი ქალების, საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ინიციატივა ჩავარდა. კომიტეტმა ასევე არ დაუჭირა მხარი, დეპუტატების ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ჭკუასელის ინიცირებულ წინადადებას, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მოწინააღმდეგე დეპუტატების აზრით, ისინი ემხრობიან ქალების  აქტიურ წარმომადგენლობას პარლამენტში, მაგრამ კანონის დონეზე ამ საკითხის განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

ოფიციალური სტატისტიკით, პარლამენტში ქალების მონაწილეობა მხოლოდ 12%-ია, 150 დეპუტატიდან - 18 ქალი. ადგილობრივ თვითმმართველობებში მხოლოდ 11%-ია ქალი. ქვეყანაში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი; არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან  115-ე ადგილს იკავებს.

„ქალთა საინფორმაციოს ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუცესკაია ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებს და ამის მისაღწევად რამდენიმე გზას განიხილავს. ერთ-ერთი ხელმოწერების შეგროვებაა.

„ერთხელ, 2008 წელს, ეს გზა უკვე გავიარეთ. მაშინ 32 400 ხელმოწერაც მოვაგროვეთ. ასეთ დროს პარლამენტს ვალდებულება აქვს აუცილებლად განიხილოს ინიციატივა. ეს არ არის მარტივი გზა.  ადამიანები ეცნობიან  კანონპროექტს და გააზრებულად  აწერენ ხელს ყველანაირი ნორმების დაცვით. ეს დროს მოითხოვს. მეორე გზა, შედარებით უფრო აქტიურია, აქციებით საზოგადოების მობილიზაცია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიექცეს. რეალურად ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, რადგან პარლამენტარმა, რომელმაც პულს უნდა დააჭიროს ხელი და მისცეს ხმა, არ გააჩნია ამის ნება და ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფით შედეგს მივიღებთ. საჭიროა უფრო მეტი მობილიზაცია და უფრო მეტი ზეწოლა საზოგადოების მხრიდან, საერთაშორისო ზეწოლაც უფრო მკვეთრი უნდა იყოს.  მიუხედავად იმისა, რომ სიდო კომიტეტმაც მისცა პარლამენტს ვადა 2016 წლის არჩევნებამდე,  ესეც არ აღმოჩნდა  ინსტრუმენტი“, - ამბობს ელენე რუცესკაია.

„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრია საიაც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის ირმა პავლიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მზად იყო, ასევე, პარტიები გამოთქვამდნენ  სურვილს, გაეზარდათ ქალთა მონაწილეობა და კვოტირებაზე  დადებით პოზიციას აფიქსირებდნენ. რეალურად,  როცა საკითხი კენჭისყრაზე დადგა, ჩავარდა და პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამიტომ, როგორც ამბობს, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად შიდაპარტიული მუშაობის გაძლიერებაც მნიშვნელოვანია.

„დასაგეგმია ფართომასშტაბიანი კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რატომაა სავალდებულო კვოტირება. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომ, ერთი მხრივ, სიტუაცია გაუმჯობესდეს და გაჯანსაღდეს,  ქალებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაიკავონ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციები  პარლამენტსა  თუ თვითმმართველ ორგანოებში; მეორე მხრივ კი, განვითარდეს შიდაპარტიული დემოკრატია. პროპორციული სიების შედგენის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია შიგნით, სწორედ ამ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების წყალობით, ადგილი ადამიანების პროფესიონალიზმისა და მათი გამოცდილების მიხედვით გადანაწილდეს, სადაც ქალებს საშუალება მიეცემათ, იყვნენ კანდიდატები და დაიკავონ სხვადასხვა პოზიციები“, - ამბობს ირმა პავლიაშვილი.

გენდერული კვოტების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქალთა საინიციატივო ჯგუფმაც დაიწყო.  "პოლიტიკა SHE" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ლექცია-დისკუსიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა. პირველი დისკუსია უკვე გაიმართა თელავში, სადაც ისაუბრეს ქალების პოლიტიკური მონაწილეობისა და სავალდებულო გენდერული კვოტების შესახებ. ქალაქის ქუჩებში  გაჩნდა ასევე სტენსილები - „პოლიტიკა SHE”. კამპანიის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი საქართველო".

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^