Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანელი ქალები, რომლებიც კეთილდღეობას უცხოეთში ეძებენ

01 თებერვალი 2016

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები  ადრეულ ასაკში ქორწინდებიან და ამის გამო განათლებას ვერ იღებენ. ამ პრობლემის შესახებ საინფორმაციო გადაცემებში სიუჟეტები თითქმის ყოველდღიურად გადის, პრესაში დაბეჭდილ ვრცელ სტატიებსაც ხშირად ვკითხულობთ და მიზეზების შესახებ ექსპერტთა მოსაზრებებსაც ვუსმენთ.

როგორ ცხოვრობენ  შემდეგში ის ქალები, რომელთაც განათლება ვერ მიიღეს და ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს, რომლებიც ახალგაზრდობაში მამებმა და მეუღლეებმა  საგანმანათლებლო სისტემასა და სოციალურ გარემოს ჩამოაშორეს?

ისე მოხდა, რომ თბილისში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში აღმოვჩნდი. ლისის ტბის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე მდებარე ამ დასახლებაში სტუმრად ყოფნის შემდეგ გავიგე, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები სამუშაოს საძებნელად  სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან.

"შვილიშვილის დაბადების დღე პოლიციის განყოფილებაში აღვნიშნეთ"

პირველი თანამოსაუბრე, რომელმაც სახელის გამჟღავნების უფლება მოგვცა, მანანა ალიოღლუა.  ის 57 წლისაა. პირველად სამუშაოდ  რუსეთში წავიდა. 1995 წელი იყო.  „ქალიშვილი და მისი ოჯახიც წავიყვანე და წავედით მოსკოვში. ლუჟნიკის ბაზრობაზე ტანსაცმელს ვყიდდი. შემდეგ კრიზისი დაიწყო და ხალხს  ტანსაცმლის საყიდელი ფული აღარ ჰქონდა. შემდეგ თერმოსით ვატარებდი ჩაის და ყავას და ვყიდდი. ვნახე, რომ სარფიანი საქმე იყო. საქართველოში ჩამოვედი და  ჩემი დებიც წავიყვანე.  ქალიშვილს ვაჭრობა კარგად მისდიოდა. ხალხს გათბობა უნდოდა. ჩაის ან ყავას ერთ-ორ წვეთ კონიაკს ვურევდით. სვამდნენ და თბებოდნენ. იმ ვაჭრობის შემოსავალით აქ სახლი გავმართეთ და ხელი მოვითბეთ“.

მანანა ამბობს, რომ რუსეთში ყოფნის 5 წლის განმავლობაში იქ არალეგალურად ცხოვრობდა: „როცა მილიცია გვაკავებდა, ფულს ვაძლევდით და გვიშვებდნენ. ერთხელ ერთმა რუსმა მეზობელმა მილიცია გამოიძახა. მოვიდნენ და სახლიდან ყველანი განყოფილებაში გადაგვიყვანეს. მომდევნო დღეს ჩემს შვილიშვილს ერთი წელი უსრულდებოდა. ორი დღე მილიციის განყოფილებაში გვამყოფეს და შვილიშვილის დაბადების დღე იქ აღვნიშნეთ“, - ამბობს მანანა ალიოღლუ.

ალიოღლუ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების მიზეზს ასე ხსნის: „შემდეგ ბაზრობებზე კაფეები გაიხსნა და ჩვენ შეგვავიწროვეს. ხალხი საჭმელად თბილ კაფეებში მიდის  და ჩაისაც იქ მიირთმევს. რუსეთში საჩვენო საქმე უკვე აღარ დარჩა. ახლა თურქეთში  დავდივარ, იქ ავადმყოფებს ვუვლი“.

ჩემი და ხუთი წელია თურქეთში პასპორტის გარეშე  ცხოვრობს

მეორე თანამოსაუბრე სახელს არ გვიმხელს. ამბობს, რომ შვილს არ  მოეწონება, უსახსრობის გამო უცხო ქვეყანაში მისი სამუშაოდ წასვლის შესახებ, პრესაში სტატია რომ გამოქვეყნდეს. პირობითად მას ზაჰრა დავარქვით. ის 62 წლისაა და 2000 წლიდან პერიოდულად თურქეთში მიდის ხოლმე სამუშაოდ. „ასაკოვანი ქალი ვარ, ბავშვების მოვლა აღარ შემიძლია. მოხუცებულებს ვუვლი. თურქეთში შეძლებული ადამიანები, როგორც წესი, ხანში შესული მშობლებისთვის მომვლელს ქირაობენ, თვითონ კი ცალკე ცხოვრობენ. სახლს ვალაგებ, საჭმელს ვამზადებ, ვაჭმევ. როცა მოხუცს სძინავს, ტელევიზორს ვუყურებ", - ამბობს ზაჰრა.

ზაჰრაც მანანას მსგავსად თურქეთში არალეგალურად ცხოვრობს: „კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს იქ მხოლოდ სამი თვით დარჩენის უფლება აქვთ. სამი თვის შემდეგ მე კიდევ 3 ან  6 თვით ვრჩები ხოლმე. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ამ დარღვევის გამო  ჯარიმის სახით 180 ლირას ვიხდი. მე კარგად ვარ, ჩემი დის მდგომარეობა უფრო მძიმეა. პირველ წელს პასპორტი და ფული მოჰპარეს. ვურჩიეთ, რომ საქართველოს საელჩოში მისულიყო, საქართველოში დაბრუნებაში რომ დახმარებოდნენ. არ მოინდომა, ფულის გარეშე როგორ დავბრუნდე ბავშვებთან,  ისინი ჩემგან დახმარებას ელოდებიანო. დაიწყო ასე, პასპორტის გარეშე მუშაობა. ისიც მოხუცებულს უვლის. ხუთი წელია მუშაობს, ფულს აგროვებს და შვილებს უგზავნის. საქართველოში რომ დაბრუნდეს, სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო თურქეთში აღარ შეუშვებენ. საწყალი, პოლიციის შიშით იმ სახლიდანაც აღარ გადის, სადაც მუშაობს".

კიდევ ერთ თანამოსაუბრეს, რომელიც უკვე ექვსი წელია თურქეთში დადის სამუშაოდ, პირობითად გულზარი დავარქვით. ის 44 წლისაა. სამუშაოს ხშირ-ხშირად იცვლის, რადგან ყოველ სამ ან ექვს თვეში ერთხელ საქართველოში დაბრუნება უწევს, სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო თურქეთი რომ არ დაატოვებინონ. სხვა ქალების მსგავსად გულზარიც სამუშაოზე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით აჰყავთ, რადგან დამსაქმებელი ოჯახები ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ამბობენ: „იმდენი სამუშაოს მაძიებელია საქართველოდან, ოღონდ რამე ნახონ და სიტყვიერ შეთანხმებაზეც კი ყველა თანახმაა. კონტრაქტის გაფორმება რომ  მოვითხოვოთ, სხვას აიყვანენ სამუშაოზე... ოფიციალური ხელშეკრულების ხარჯი მაღალია, გადასახადი აქვს, დასაქმებულის დაზღვევის ვალდებულება არსებობს.  ეს არ უნდათ“, - აცხადებს გულზარი.

ამბობს, რომ გაუმართლა, უცხო ქვეყანაში, რომ არ მოკვდა: „ნაღვლის ბუშტი მაწუხებს. ხშირად შეტევები მემართებოდა. ერთ დღესაც ვხედავ, ტკივილს ვეღარ ვუძლებ. საავადმყოფოში ვერ წავიდოდი. საშინლად ძვირი ღირს მკურნალობა. საქართველოში დავბრუნდი. მეორე დღეს, დილით სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და საავადმყოფოში წამიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ ნახევარ საათში ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაღვლის ბუშტი გასკდებოდა. ოპერაცია გამიკეთეს. მადლობელი ვარ, რომ გადამარჩინეს. იქ ფულის გარეშე არავინ გამიკეთებდა ოპერაციას და უცხო  ქვეყანაში მოვკვდებოდი“.

ჩვენ იქ დავბრუნდებით

ჩვენი ყველა რესპონდენტი ამბობს, რომ თურქეთში სამუშაოდ ისევ დაბრუნდება. "ჩემი შვილის ხელფასი სულ 400 ლარია. ამ თანხით მეუღლე, ქალიშვილი და მე უნდა გვარჩინოს. 400 ლარით როგორ უნდა ვიცხოვროთ? იძულებული ვარ, სამუშაოდ წავიდე და შვილებს დავეხმარო“, - აცხადებს გულზარი.

"სამედიცინო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული. საბჭოთა პერიოდში წლების განმავლობაში მედიცინის სფეროში ვმუშაობდი. ბოლო წლებში თანახმა ვიყავი, დამლაგებლადაც მემუშავა. სამუშაო ვერ ვიშოვე. რძალიც მედიცინის სფეროს წარმომადგენელია. ერთ კლინიკაში ოთხი თვე იმუშავა, ხელფასი ვერ აიღო და წამოვიდა. ყველას სადარდებელიც ეს არის. სამსახური რომ იყოს, ამ ასაკში უცხო ქვეყანაში რა წაგვიყვანდა?“ - ამბობს ზაჰრა.

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^