რამდენიმე დღეა აქტუალურია საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლების საკითხი. ეს საკითხი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა და ძირითადად „სამინისტრო ლევან ვასაძის წინააღმდეგ“ კონტექსტში განიხილება. შესაძლებელია, სწორედ ამანაც შესძინა საკითხს აქტუალობა. ატეხილი აჟიოტაჟის კვალდაკვალ საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მოსაზრება ჩამომეყალიბებინა ამ საკითხის გარშემო, თუმცა საკითხი ოდნავ განსხვავებულ ჭრილში განმეხილა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვებსა და ქმედებებს აქვს მინიმუმ სამი ხარვეზი „მე და საზოგადოების“ საგნის სწავლებასთან დაკავშირებით: (1) ამ საგნის დამატების არგუმენტაციის სისუსტე განათლების პოლიტიკის კონტექსტში; (2) კომუნიკაციის პრობლემები საზოგადოებასთან პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში; (3) პროფესიული თუ პოლიტიკური სისუსტე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან დისკუსიაში.
1. დამატების არგუმენტაციის სისუსტე განათლების პოლიტიკის კონტექსტში
1.1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგნის შემოტანის დასაბუთება ძალიან სუსტია. მასწავლებელთა სიჭარბის, კვალიფიციურ მასწავლებელთა დეფიციტის, მასწავლებელი-მოსწავლის დაბალი შეფარდების, გადატვირთული სასწავლო გეგმის პირობებში ახალი საგნების დამატება სწორედ რომ არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკაა. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ოპტიმიზაციასა და საგანთა ინტეგრაციაზე, ვიდრე სხვადასხვა მოსაზრებებით გაუმართლებელი საგნების დამატებაზე. თავდაპირველი მიდგომა, რომელიც სხვადასხვა საგნებში „მე და საზოგადოების“ საგანში თავმოყრილი საკითხების ინტეგრირებას გულისხმობდა, ეფუძნებოდა რეალობას და გააზრებულ პოლიტიკას. ამ მიდგომის შეცვლის მართებულობის დასასაბუთებლად სამინისტრო აპელირებს კვლევაზე, რომელიც სამინისტრომ ჩაატარა და რომელიც არ არის ღია დოკუმენტი და მასზე მსჯელობა რთულია, თუმცა, ზოგადად, სამინისტროს მიერ საკუთარი სასწავლო გეგმის განხორციელების შესაფასებლად ჩატარებული კვლევა კითხვის ნიშნებს ბადებს.
1.2.სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებისთვის აქცენტი კეთდება არა სწავლების შინაარსზე, ანუ რას ვასწავლი, არამედ როგორ ვასწავლი და რა გარემოში ვასწავლი. აქცენტი კეთდება აკადემიური საგნების მიღმა სამოქალაქო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ისეთი აქტიური მოქალაქის ფორმირებაზე, რომელიც, ერთი მხრივ, შეძლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართვას და თანაცხოვრებას და, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს ამ საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. შესაბამისად, სამინისტროს აქცენტი ამ მიმართულებით უნდა წასულიყო განათლების პოლიტიკის კონტექსტში, და არა ერთი კონკრეტული საგნის დამატებით სამოქალაქო განათლებისა და აქტივიზმის გაძლიერებაზე.
1.3. სკოლა არის საზოგადოების მოდელი. სკოლაში არსებული წესებითა და საზოგადოებრივი ურთიერთობებით ყალიბდება მოსწავლე საზოგადოების აქტიურ წევრად. შესაბამისად მნიშვნელოვანია ისეთი სასკოლო კლიმატის შექმნა, რომელშიც რეალურად ჩამოყალიბდება სოციუმის მცირე მოდელი და მოსწავლეებს გაუჩნდებათ მასში მონაწილეობის, კომუნიკაციის, სკოლის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობა და ა.შ. ასეთი სკოლის, როგორც საზოგადოების მოდელის შექმნის შესაძლებლობებს ნაკლებად იძლევა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის არსებული კონფიგურაცია, მართვის არსებული მიდგომები და სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორც მინიჭებული აგრეთვე განხორციელებული. როდის უფრო ეფექტურად ვითარდება სამოქალაქო ცნობიერება - როცა კონკრეტული საგანი ისწავლება, თუ იმ დროს, როცა სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა ყველა საგნის და ყველა მასწავლებლის ვალდებულებაა? რა ზრდის სამოქალაქო აქტივიზმს, საგნების თეორიული სწავლება თუ სკოლა, სადაც სწავლება დემოკრატიული წესით ხორციელდება, სადაც მმართველობა დემოკრატიულია, სადაც გახსნილია ფინანსური და პროცედურული შესაძლებლობები მოსწავლეთა საზოგადოებრივი აქტიურობისთვის? სად უფრო კარგად ისწავლება ცხოვრების ჯანსაღი წესისა თუ ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულ საგანში თუ სასკოლო გარემოში, რომელიც ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სასკოლო დონეზე დამკვიდრების შესაძლებლობებს ქმნის? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არა საგნების დამატება და დროის, ფინანსების, რესურსების ამ კუთხით მიმართვა, არამედ შესაბამისი სასკოლო კლიმატის შექმნა და მთელი ძალისხმევის ამ მიმართულებით წარმართვა.
1.4.რა არის ჩვენს სკოლებში უფრო პრობლემატური იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია თანასწორობა, თანაბარი საგანმანთლებლო შესაძლებლობები, არადისკრიმინაციული გარემო და სამოქალაქო აქტივიზმი? პრობლემა ამ თვალსაზრისით საგნის არსწავლებაშია, თუ სისტემურ პრობლემებში, რომელიც გვხვდება და რომელსაც სამინისტრო ნაკლებად აღიარებს? მაგალითად, მოსწავლეების ეთნიკური, სოციალური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაცია. თუ სამინისტრო ამ სისტემურ პრობლემას არ აღიარებს და შესაბამის საგანმანათლებლო პოლიტიკას არ დაგეგმავს, რა თქმა უნდა, საგნის დამატება და/ან ამოღება ვითარებას ვერ შეცვლის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამინისტრომ ამ საკითხების გარშემო გამართოს დისკუსია დაინტერესებულ კომპეტენტურ მხარეებთან.
2. კომუნიკაციის პრობლემები საზოგადოებასთან პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში
2.1.სხვადასხვა ჯგუფის აქტივობა საგნის სწავლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბუნებრივი პროცესია და არ არის გასაკვირი, ანუ ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, აქტიურად იყოს ჩართული პროცესში და შეეცადოს, ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე (მათ შორის საპატრიარქოს თუ დემოგრაფიულ ფონდს). თუმცა ეს დისკუსია არ უნდა გასცდეს ქართული საზოგადოების მიერ შეთანხმებულ და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ზოგად პრინციპებს, ისევე როგორც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრულ პრინციპებსა და დებულებებს. ამ ღირებულებებსა და პრინციპებს მიღმა ყოველგვარი დამატებითი მსჯელობა სამინისტროს მხრიდან გაუმართლებელია. შესაბამისად, მიზანმიმართულად თავს ავარიდებ ამ საგნის დამატების ოპონენტთა კრიტიკას და შემოვიფარგლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედებებით, რომელიც ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ ყურადღებას და გაანალიზებას მოითხოვს.
2.2 სამინისტროს სამოქალაქო მონაწილეობისადმი უნდა ჰქონდეს ბევრად ჯანსაღი მიდგომა ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან და სულ მცირე: (ა) განსხვავებულ აზრს არ უნდა განიხილავდეს, როგორც მისდამი მტრულად განწყობილი ჯგუფის აზრს; (ბ) კომუნიკაცია უნდა აწარმოოს ყველა პროფესიონალურ ჯგუფთან და არა შერჩევით, გავლენის, მისდამი ლოიალობის თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად.
3. სამინისტროს პროფესიული თუ პოლიტიკური სისუსტე
3.1 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „მე და საზოგადოების“ სწავლების საკითხთან დაკავშირებულ პროცესში გამოიჩინა პროფესიული და პოლიტიკური სისუსტე: (ა) შეცვალა საგნის დანერგვის ვადები; (ბ) დღემდე გაურკვევლად და ბუნდოვნად ხდება საგნის დანერგვის ვადებზე საუბარი და მისი გადატანა ივარაუდება 2017 წელს, ანუ არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, დაწყებით კლასებში 2016-2021 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან შეუსაბამობაში. ეს კი ნიშნავს, რომ 2016-2021 წლების სასწავლო გეგმის სხვადასხვა საგანში აღარ არის ინტეგრირებული ის საკითხები, რომელიც „მე და საზოგადოების“ საგანში უნდა ყოფილიყო, შესაბამისად ამ საკითხებს ვერც ამ საგნებში და ვერ ახალ საგანში მოსწავლეები ვეღარ ისწავლიან; (გ) ყოვლად დაუსაბუთებლად ამოიღო ეროვნული სასწავლო გეგმიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი დებულება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის დაუსაბუთებელი ზეწოლის შედეგად;
3.2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სუსტი აღმოჩნდა საჯარო დისკუსიებში და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების ნაცვლად მეტად ამყარებდა ოპონენტთა პოზიციებს მათთან „ენის ჩლექით“ და მათივე ტერმინოლოგიითა და ღირებულებების შემცველი ნარატივით. ამით, ვფიქრობ, სერიოზულად დააზარალა არამარტო ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული დისკუსია, უკვე საზოგადოების მიერ შეთანხმებული, საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დადასტურებული ღირებულებები და მისწრაფებები.
3.3. სამინისტროს ხელმძღვანელობამ საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლებასთან დაკავშირებით დისკუსიაში გამოამჟღავნა დაბალი კომპეტენცია ზოგადად განათლების პოლიტიკისა და საკითხების მიმართ (ვგულისხმობ მინისტრის გამოსვლებს სხვადასხვა ტელეარხებზე) და შესაბამისად ცალსახა გახადა, რომ სამინისტროს ასეთი ხელმძღვანელობა უფრო სახიფათოა ქვეყნის განვითარების გზაზე, ვიდრე მასთან ოპონირებაში მყოფი ძალები, რომლებიც, საბედნიეროდ გადაწყვეტილების მიმღებნი, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად, არ არიან.