Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუალური სისტემა მხოლოდ განათლების სფეროს რეფორმით არ მიიღწევა

22 თებერვალი 2016

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელი უნდა დაინერგოს. იმდენად რამდენადაც ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩემი კვლევის საგანთან, მინდა განვმარტო, რატომ მეჩვენება პრობლემურად აღნიშნული განცხადება, თუკი პარალელურად არ ვისაუბრებთ ინდუსტრიული ურთიერთობების რეგულირებაზე.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ დუალური სისტემით ცნობილია გერმანიის პროფესიული და არა უმაღლესი განათლების სისტემა. ის ბევრჯერ გამხდარა ტრფობის საგანი სხვა ქვეყნებისათვის. ევროკომისიამ ოფიციალური რეკომენდაციაც კი მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გადასულიყვნენ აღნიშნულ მოდელზე, თუმცა ეს მცდელობები ხშირად წარმატების გარეშე მიმდინარეობს. რა არის ამის მიზეზი?

ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც დუალური სისტემის წარმატების მიზეზი გერმანიაში არსებული განსაკუთრებული კულტურა ყოფილა. ეს არგუმენტი ბოლომდე მყარი არაა, რადგან პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევართა შორის კარგადაა ცნობილი კაპიტალიზმის ვარიაციების თეორია, რომელიც კარგად ხსნის, რატომ მუშაობს მოდელი გერმანიაში, მაგრამ არ მუშაობს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული თეორიის მიხედვით განვითარებული ეკონომიკები ორ ჯგუფად: კოორდინირებულ და ლიბერალურ ეკონომიკებად იყოფიან. ორივეს ფუნქციონირების განსხვავებული ლოგიკა გააჩნია. განათლებისა და ტრენინგის პოლიტიკა მათში ისეა მოწყობილი, რომ ლოგიკურ ბმაშია პოლიტიკის სხვა სფეროებთან, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაში (მაგ. დიდი ბრიტანეთი) კომპანიები კოორდინაციას საბაზრო მექანიზმებით ახდენენ. ფასები მუშაობს, როგორც სიგნალი, რომლის საფუძველზეც აქტორები წყვეტენ, თუ როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდება ამა თუ იმ პროდუქტზე/სერვისზე. გარემო საკმაოდ კონკურენტულია, ხოლო შრომის ბაზარზე რეგულაციები მცირეა. კოორდინირებულ საბაზრო ეკონომიკაში (როგორიცაა გერმანია) აქტორები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი საბაზრო მექანიზმებზე. კოორდინაციის არასაბაზრო მეთოდები გულისხმობს აქტორთა შორის ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს. აქ სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენცია.

განათლებისა და ტრენინგის სისტემა ლიბერალურ ეკონომიკაში არსებული მოქნილი შრომის ბაზრის შესაბამისია და ინსტიტუციურად თავსებადია მასთან. აქ პროფესიული განათლება დიდად პოპულარული არ არის, რადგან ეს უკანასკნელი თავისთავად ვიწრო სპეციალიზაციას გულისხმობს. ლიბერალურ ეკონომიკაში, ინდივიდები წახალისებული არიან, ისეთ უნარებში ჩადონ ინვესტიცია, რომელთა ტრანსფერი ადვილად შეიძლება სექტორიდან სექტორში. ეს იმიტომ რომ, მათ არა აქვთ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების გარანტია, სამსახურში აყვანა და გაშვება (ე.წ.hiring and firing) ძალიან ადვილია. ამიტომ თუ უცებ სამსახურიდან გაგიშვეს, ადვილად უნდა შეგეძლოს სხვა კომპანიაში ან თუნდაც სხვა სფეროში გადასვლა. ამას კი ვიწრო სპეციალობით ვერ მოახერხებ.

აღნიშნული მიზეზის გამო დამსაქმებლებს არა აქვთ მოტივი, ჩაერთონ განათლების სახელმწიფო სისტემაში და დააფინანსონ სტაჟირების ისეთი პროგრამა, რომელიც ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ უნარებს იძლევა. მათ არა აქვთ გარანტია, რომ შემდეგ მათ მიერ მომზადებულ კადრს სხვა დამსაქმებელი არ “გადაიბირებს” (ე.წ. poaching) უფრო მაღალი ხელფასის შეთავაზებით. ამიტომაც ფირმები ტრენინგებს ძირითადად მას შემდეგ მიმართავენ, რაც კადრს დაიქირავებენ. ეს ხდება კომპანიის შიდა მომზადების პროგრამებით, რაც ამცირებს კადრის გადინების საშიშროებას.

რა ხდება ამ დროს გერმანიაში? როგორ ახერხებს კოორდინირებული მოდელი poaching-ის პრობლემის მოგვარებას? გერმანის ინდუსტრიული ურთიერთობის სისტემა აღნიშნულ პრობლემას იმით აგვარებს, რომ სხვადასხვა სექტორში სოციალური პარტნიორების გარიგების საფუძველზე ადგენს პროფესიონალის ხელფასს. დასაქმებულის ანაზღაურება დგინდება მისი უნარების დონის მიხედვით ნებისმიერ კომპანიაში. შესაბამისად, კომპანიები დაცული არიან იმისგან, რომ მათ კადრს ვინმე სხვა წაიყვანს (რადგან ამ ადამიანის ანაზღაურება ფიქსირებულია მისი უნარების მიხედვით და მეორე კომპანია უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზების ხარჯზე ვერ გადაიბირებს მუშაკს). თავის მხრივ, დასაქმებულები კი დარწმუნებული არიან, რომ სექტორული გარიგების შედეგად მათ სხვა კომპანიაში უფრო მაღალი ხელფასი ვერ ექნებათ, შესაბამისად, მოტივაციაც ნაკლები აქვთ სამუშაოდ სხვაგან გადასასვლელად. იმდენად რამდენადაც ინდუსტრიული ურთიერთობების სისტემა დასაქმებულებს მყარ გარანტიებს აძლევს მოულოდნელი გათავისუფლებისა თუ სამუშაო პირობების გაუარესების საწინააღმდეგოდ, დასაქმებულებს გააჩნიათ მოტივაცია, მიიღონ განათლება კომპანიისთვის საჭირო სპეციფიკურ დარგებში.

სწორედ აღნიშნულის გამო კომპანიებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ პროფესიული მომზადების სახელმწიფო სისტემაში. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ამ პროგრამას მონიტორინგს უწევს, ერთი მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაცია, მეორე მხრივ კი - პროფესიული კავშირები. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევით ყველა კომპანია ჩართულია სისტემაში და სტაჟირებაზე აჰყავთ პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული მოსწავლეები, რომლებიც საკლასო ოთახში თეორიული სწავლების გარდა, კომპანიაში იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ აღნიშნულ მოდელს უწოდებენ “დუალურ სისტემას”, რომელიც კომპანიის მხრიდან მართლაც დიდ ჩართულობას მოითხოვს. რამდენიმე წლის წინ, ფოლკსვაგენის ქარხანაში სტუმრად მყოფს, მასპინძელი მიხსნიდა, რომ მათთან ყოველწლიურად ასეულობით სტაჟიორი მოდის. ისინი სწავლების უმეტეს დროს ქარხანაში ატარებენ და სტიპენდიის სახით კომპანიისგან თვიურ 400 ევროს იღებენ. სამაგიეროდ, ფოლკსვაგენი დარწმუნებულია, რომ სწორედ ისეთი კადრი ეყოლება, როგორიც მას სჭირდება.

ამდენად, ე.წ. დუალური სისტემა მხოლოდ განათლების პოლიტიკის კონკრეტულ მოდელს არ წარმოადგენს, არამედ, ერთი მხრივ, სოციალურ პარტნიორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და, მეორეს მხრივ, ინდუსტრიული (განსაკუთრებით კი სახელფასო) პოლიტიკის რეგულირების შედეგია.

როგორ იმუშავებს ეს სისტემა საქართველოში, სადაც ლიბერალური საბაზრო ეკონომიკაა? სადაც სამსახურში აყვანა და გათავისუფლება  ძალიან მარტივია, მიუხედავად შრომის კოდექსში მიღებული ცვლილებებისა? ჩემი აზრით, ვერ იმუშავებს, თუკი ინდუსტრიულ ურთიერთობებშიც შესაბამისი ზომები არ გატარდა. მხოლოდ განათლების სექტორში რეფორმა ამას ვერ უზრუნველყოფს. როგორ უნდა დააინტერესო კომპანია, რომ ჩადოს არა მატრო ფინანსური რესურსი, არამედ უბრალოდ ითანამშრომლოს პროფესიულ სასწავლებელთან, როდესაც poaching ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა? საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულმა გარკვეულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ დამსაქმებელთა ჩართულობა ამ სისტემაში მათი აქილევსის ქუსლია. ბოლო ათ წელიწადზე მეტია განათლების სამინისტრო დუალურ მოდელზე საუბარს არ წყვეტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, ერთეული შემთხვევების გარდა, არ გამოდის. რისი მიზეზიც, იმედია ბლოგის წაკითხვის შემდეგ უკვე გასაგებია. შეგიძლიათ გაეცნოთ მსოფლიო ბანკის ანგარიშს, საქართველოში სამუშაო ძალის მომზადების სისტემის თაობაზე, რომელშიც კარგადაა ახსნილი ეს პრობლემა. საქართველოში, კომპანიებში სწორედ შიდა ტრენინგებია გავრცელებული. თუმცა ეს ძირითადად, მსხვილი კომპანიების პრეროგატივაა, რომელთაც ამის ფინანსური რესურსი გააჩნიათ. მცირე და საშუალო კომპანიები კი იმის იმედად არიან, რომ უკვე მაღალკვალიფიციურ კადრს აიყვანენ და მათი გადამზადება არ დასჭირდებათ. პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის სურვილი კი მათ შორის ძალიან დაბალია.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ საუბარი იმაზე კი არ არის, რომელს ავირჩევთ: ლიბერალურ თუ კოორდინირებულ მოდელს? საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორისთვის დამახასიათებელი ელემენტები ერთმანეთში არ ავურიოთ, რაც გამოუსადეგარ კოქტეილს მოგვცემს. ამის მაგალითი იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის მცდელობა, გადაეღოთ დუალური მოდელი. მთავრობამ დაიწყო პროფესიული განათლების დაფინანსება. დამსაქმებლებისთვის ეს სასიხარულო ამბავი იყო, რადგან თავად არ უწევდათ ხარჯის გაღება. თუმცა მათ შეთანხმების “თავიანთი” მხარე არ შეასრულეს (რადგან ამის ვალდებულება ინდუსტრიული პოლიტიკიდან გამომდინარე არ ჰქონდათ). შესაბამისად, უბილეთო მგზავრის კლასიკური მაგალითი მივიღეთ. ამდენად, დასაფიქრებელია, რეალურად რამდენად შესაძლებელია მოდელის გადმოტანა საქართველოში.

ავტორის შესახებ: სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, თსუ. შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის სპეციალისტი, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^