Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პერსპექტივები აქვს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას საქართველოში

23 თებერვალი 2016
შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს - ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურისტებსა და ადვოკატთა ასოციაციას. ამავეს ურჩევდნენ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2005 წელს გაერო-ის წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალური მომხსენებელი მანფრედ ნოვაკი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი ტომას ჰამერბერგი 2011 და 2013 წლებში. არასამთავრობოებმა გასულ წელს კანონპროექტიც შექმნეს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხით მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ.

მექანიზმის შექმნის აუცილებლობა

ყველაზე ხმაურიანი  მოვლენა, რამაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის არსებობაში დაგვარწმუნა, ე.წ. ციხის კადრები იყო. საზოგადოებას პროტესტთან ერთად დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა გაუჩნდა. თუმცა მიღებული შედეგი არც ისე დამაკმაყოფილებელი იყო, რადგან  წამებაში ბრალდებულ 16 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და მინიმალური სასჯელი მიუსაჯეს.

რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას, ქვეყანა წლებია ამის აუცილებლობის წინაშე დგას. ყველაზე გახმაურებული ფაქტი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალება იყო. პოლიციაში დაკითხვაზე მყოფმა კაცმა მოგვიანებით  თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. გვამს სხეულსა და სახეზე დაზიანებები ემჩნეოდა. ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად,  პოლიციელთა შესაძლო დანაშაულის გამოძიება შსს-ს გენინსპექციამ დაიწყო. მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას პირადი ღირსების საქმე უწოდა და, იურისტთა კრიტიკის მიუხედავად, გამოძიება შსს-მ განაგრძო. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რით დასრულდა ის.

მას შემდეგ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურ ძალადობაზე სულ უფრო მეტი მოქალაქე საუბრობს. ამას აღნიშნავს თავის ანგარიშებში სახალხო დამცველიც.

2015 წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის 9 ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. თუმცა, ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ დრომდე შედეგი არცერთზე არ დამდგარა.  სახალხო დამცველი სხვადასხვა დროს  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასაც ითხოვდა.

რაც შეეხება წინასწარი დაკავების იზოლატორებს, იქ 2013 წელს 16553 პირი შეასახლეს, საიდანაც დაზიანებები 7095-ს აღენიშნებოდა. მათგან 111 კი ამაში პოლიციას ადანაშაულებდა.

2014 წელს იზოლატორში შესახლებული 17 087 პირიდან დაზიანება 6908-ს ჰქონდა. 198 მათგანი ამაში პოლიციას ადანაშაულებდა.

ყველა ეს ფაქტი  შსს-მ ან პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ერთს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, მეორე კი არც ისე მაღალი ნდობით სარგებლობს და ყოველთვის არსებობს ეჭვი, რომ ის სამართალდამცველთა  მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ ლოიალურია.

კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისთვის 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, კანონპროექტი მოამზადა. მისი მიზანი შსს-ს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურის თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებაა, რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს.

დამოუკიდებელი ორგანოს ძირითადი უფლებამოსილება გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სასამართლოში ბრალდების მხარედ მონაწილეობაა. დამოუკიდებელ  საგამოძიებო მექანიზმს კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების ექსკლუზიური უფლება ექნება.  თუმცა მას ისეთი დანაშაულების გამოძიებაც შეეძლება, სადაც ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დასაბუთებული ვარაუდი იქნება.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიურ იურისდიქციაში სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლების შედის: 1261 (ოჯახში ძალადობა),  1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა), 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 335(განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) ან 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობა ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისთვის ხელის შეშლის მიზნით).

თუ შესაძლო დანაშაული სამართალდამცველის მიერ იქნა ჩადენილი ან პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერაა დაკავებული და ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ცემა, ძალადობა, დამცირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, მაშინ საქმე  დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს გადაეცემა.

კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს კომისარი ხელმძღვანელობს. ის შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობითა და რეპუტაციით. კომისრად ვერ აირჩევენ პირს, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში პროკურორად ან გამომძიებლად მუშაობდა.

კომისარის კანდიდატების შესარჩევად 9-კაციანი კომისია უნდა შეიქმნას, რომელშიც პარლამენტის 2 წევრი, იუსტიციის მინისტრი/მისი წარმომადგენელი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი, სახალხო დამცველი/წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების 3 წარმომადგენელი იქნება.

საკონკურსო კომისია 3-5 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს, ის კი მათგან მინიმუმ 2-ს - პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანო კომისარს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 3/5 ირჩევს. კომისარს 7 წლის ვადით ირჩევენ, რათა, კანონპროექტის ავტორთა განმარტებით,  არჩევის ვადა არცერთ საარჩევნო ციკლს არ დაემთხვეს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელსა და პროკურორს კომისარი კონკურსის წესით ნიშნავს. მათ  უფლება აქვთ: დაუბრკოლებლად შევიდნენ სასჯელაღსრულების, შსს-ს და კერძო დაწესებულებებში; სამართალდამცველებს მოსთხოვონ და სრულად მიიღონ გამოძიებისთვის/სისხლის სამართლებრივი დევნისთვის საჭირო ყველა ცნობა და დოკუმენტი; ჩაატარონ ექსპერტიზა, გამოქვეყნონ თემატური ანგარიშები.

კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სახელწმიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშეა და მას წელიწადში ორჯერ მოხსენებას წარუდგენს.  ამასთან, კომისრის ოფისი ვალდებულია, დაზარალებულს შესაბამის საქმესთან დაკავშირებით 

განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გონივრულ ინტერვალში მიაწოდოს.

ხელისუფლებისა და არასამთავრობოების წარმომადგენელთა მოსაზრებები კანონპროექტზე

კანონპროექტთან დაკავშირებით ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, იურისტები და სახალხო დამცველი იმყოფებოდნენ.

უჩა ნანუაშვილმა დღეს არსებული ვითარება შეაფასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიტუაციის მნიშვნელოვნად შესაცვლელად ბევრი რამაა გასაკეთებელი, რადგან სრულყოფილი გამოძიება დღემდე არ ტარდება. ომბუდსმენის ინფორმაციით, სამართალდამცველთა მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტზე 2015 წელს 40-მდე პირმა მიმართა.

„რამდენად მზადაა საქართველო, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ეფექტურად გამოიძიოს - ამ კითხვაზე პასუხი ამ მექანიზმის შექმნა იქნება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს კონფერენციაზე მყოფმა იურისტებმაც.

კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ერთი მხრივ, ისინი ამ მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, საგამოძიებო ორგანოს მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი მის შექმნას აზრს სრულიად უკარგავს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჰქონდა. თუმცა მათთვის ეს ვალდებულება თავს არავის მოუხვევია და გამოძიების პროცესის დახვეწის ინიციატივით ისინი თავად გამოვიდნენ. თუმცა მინისტრის მოსაზრებით, ახლადშექმნილი ორგანო  არა დამოუკიდებელი, არამედ პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უნდა იყოს.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას ხედავს, თუმცა პარალელური საგამოძიებო ორგანოს შექმნას არ ეთანხმება.

წულუკიანის მოადგილე  სანდრო ბარამიძე დამოუკიდებელ საგამოძიებო  ორგანოს პროკურატურის პროკურატურას უწოდებს. მისი მოსაზრებით,  საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ გამოძიების ფუნქცია უნდა ჰქონდეს, დევნის და სასამართლოში ბრალდების მხარედ ყოფნის - არა. ბარამიძის თქმით, ყველა ქვეყანაში დევნის ვალდებულება აქვს პროკურატურას და განსხვავებული ვერც საქართველო იქნება.

თუმცა მინისტრის მოადგილისთვის ღიად რჩება ერთი საკითხი - ვინ გამოიძიებს და დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას პროკურატურის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს შსს-ს წარმომადგენელი  ვალერი ლომუაშვილი. მან აღნიშნა, რომ მის უწყებას ამისთვის ბევრი არგუმენტი აქვს. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში შსს-ს მიმართ უნდობლობის პრობლემა არ არსებობს. მისი ინფორმაციით, შსს ადეკვატურ მოდელად არა 100%-ით დამოუკიდებელ ორგანოს, არამედ პროკურატურაში შექმნილ ქვედანაყოფს მიიჩნევს. მისი შეფასებით, ასე თანხებიც დაიზოგება და პროკურატურის ფუნქციების დუბლირებაც არ მოხდება.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ იურისტის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, ნოემბერში UPR-ზე (საყოველთაო პერიოდული მოხსენება) შვიდმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაცია მოგვცეს. ქართულმა მხარემ მოსაფიქრებლად 3 თვე ითხოვა. ეს ვადა მარტის დასაწყისში გადის. თუმცა, ბურჯანაძის შეფასებით, დღესდღეობით მექანიზმთან დაკავშირებით მთავრობას ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. იურისტის ინფორმაციით, ისინი პრემიერთან შეხვედრასაც აპირებენ.

იურისტის ინფორმაციით, საქართველოში მყოფმა გაერო-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ხუან მენდესმა აღნიშნა, რომ მექანიზმს გამოძიებასთან ერთად დევნის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. ბურჯანაძის შეფასებით, თუ დევნის პროკურატურას ექნება უფლება და საბოლოოდ საქმე მაინც პროკურატურაში უნდა მივიდეს, პროკურორს შეეძლება, დევნა ნებისმიერი მოტივით არ დაიწყოს და საქმე გააფუჭოს.

„დევნის ბერკეტი თუ მას დარჩა, მაშინ არაფერი შეიცვლება. საერთოდ რად გვინდა ეს მექანიზმი, თუკი ზედამხედველი მაინც პროკურატურა უნდა იყოს. თუ დევნის ნაწილში ვედნობით პროკურატურას, გამოძიებაშიც ვენდოთ“.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, სისტემა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, იქ კეთილი ადამიანი იქნება თუ ბოროტი.

„დღეს შეიძლება არ ხდება წამება და არაჰუმანური მოპყრობა, მაგრამ რითი ვართ დაზღვეული სამომავლოდ სხვა ხელისუფლების პირობებში. კანონმა უნდა დააზღვიოს  ყველა შესაძლო სცენარი, ის ინდივიდებზე კი არ უნდა იყოს მორგებული“.

როგორც კონფერენციაზე სანდრო ბარამიძემ განაცხადა, კანონპროექტზე მსჯელობა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^