Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური დაცვა და საყოველთაო ჯანმრთელობის 3 წელი - ინტერვიუ დავით გზირიშვილთან

24 თებერვალი 2016
რა მიზნები აქვს სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემებს საქართველოში? რისგან იცავს სოციალური შემწეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს? როგორ შევაფასოთ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის შედეგები და საყოველთაო თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა? - ჯანდაცვისა და სოციალურ სისტემებთან დაკავშირებული შეკითხვები “ლიბერალმა” სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტ დავით გზირიშვილს დაუსვა.

აქვს თუ არა დღეს საქართველოს სოციალური პოლიტიკა?

სოციალურ დაცვაზე საუბრის დაწყებამდე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სოციალური დაცვა უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ანუ ჯერ უნდა ვიცოდეთ, როგორ საზოგადოებას ვაშენებთ და შემდეგ მასზე უნდა დავაშენოთ სოციალური დაცვის სისტემა.

სოციალური დაცვა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ღირებულებებს ეფუძნება. მაგალითად, ის შესაძლოა, დაფუძნებული იყოს  მაქსიმალურად პირად პასუხისმგებლობებზე, (მაგალითი, ამერიკა) ან სოლიდარობის პრინციპზე; ან შესაძლოა იყოს სოლიდარობა, მაგრამ არა ისეთი ხარისხის, სადაც ადამიანებს უდარდელობის განცდა გაუჩნდებათ (მაგალითად სკანდინავიური ქვეყნები). სოციალური დაცვა უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ანუ იმას, თუ როგორი საზოგადოება გვინდა ჩვენ. გვინდა საზოგადოება, სადაც ადამიანი იქნება მობილიზებული, პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალზე თუ გვინდა საზოგადოება, სადაც ადამიანებს გაუჩნდებათ უდარდელობის განცდა.

ამაზე მსჯელობა ჩვენ საზოგადოებაში არ გამართულა. მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ისეთი სოციალური დაცვა გვინდა, როგორიც ამერიკაშია. ვიღაცას შეიძლება ეს არ მოეწონოს და წარიმართება მსჯელობა. მსგავსი პროცესი ჩვენთან არ წარმართულა, თუმცა ის რისკენაც ვილტვით, უფრო ჰგავს სურვილს, რომ დავემსგავსოთ ქვეყნებს, სადაც უზრუნველი ყოფაა, როგორიც დღეს სკანდინავიურ ქვეყნებშია. სადაც ფაქტობრივად რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს, შენი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად არ გაუარესდება. საქართველოში გამორჩეული მემარჯვენე ლიბერალური ხედვის მქონე პოლიტიკურ ელიტებიც კი სოციალურ-დემოკრატიულ მოწყობისკენ ისწრაფვიან.

რა თქმა უნდა, ვიღაც შემეკამათება და მეტყვის, რომ როგორ არა, სოციალური დაცვის სისტემებზე ჩანაწერი იმავე ქართულ ოცნებას ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში. მაგრამ, რომ მოინდომო და წარმოიდგინო, რა შენობაა აეროპორტია თუ ბიბლიოთეკა, ვერ მიხვდები, იმიტომ რომ ელემენტები სხვადასხვა კონსტრუქციებიდანაა აღებული. ისეთი არათანმიმდევრული და ფასადურია ის აღწერები, რომ ვერ მიხვდები, რა დგას მის უკან.

პასუხი მარტივია, გააზრებული სოციალური დაცვის პოლიტიკა, როგორც ამ საზოგადოების განვითარების გააზრებული კონცეფცია, არსად დადებულა და არც საჯარო სივრცეში არ გამოსულა სამსჯელოდ. არსებობდა მონახაზი ვარდების რევოლუციამდე ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა. რა თქმა უნდა, ის არც არავის ახსოვს და მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია არც პოლიტიკაზე. აქ გვაქვს ვაკუუმი.

გასაგებია. სოციალური პოლიტიკა საზოგადოებრივი ურთიერთობების/ღირებულებების გათვალისწინებით უნდა მოეწყოს.  მაგრამ რას ჰგავს ის, რაც გვაქვს? როგორაა მოწყობილი ჩვენი სოციალური დაცვის სისტემა?

გარეგნულად უამრავ რამეს შეიძლება მიამსგავსო. რას ემსახურება, არ ვიცი. ამ წუთას ემსახურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის უსაფუძვლო მოლოდინებს, რომელსაც მოთხოვნის სახე აქვს. მაგალითად, ასაკობრივი პენსიის მიზანია, რომ საზოგადოების მოლოდინი დაკმაყოფილდეს და ამით პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში ან ხვალ არჩევნების გზით უნდა მოვიდეს, კეთილგანწყობილება მოიპოვოს. ჩემი აზრით, ასაკობრივი პენსიის თემა პოლიტიკური პროსტიტუციაა, რომელიც ემსახურება ძალაუფლებაში დარჩენას ან მის მოპოვებას. ასაკობრივი პენსიის მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებას აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

განმარტეთ რას გულისხმობთ?

ამ ადამიანებს, ვინც დღეს ითხოვენ და იღებენ არამისამართულ შემწეობას, იმავე პენსიას მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ეს პენსია არ დაუმსახურებიათ.

შენ რომ დაიმსახურო ან მუთაქაში ინახავ, რომ მერე სიბერეში ამ ფულით იცხოვრო, ან ეს ფული შეგაქვს რაღაც სისტემაში და ამ სისტემას შენ მიმართ უჩნდება ვალდებულება, რომ იმის სანაცვლოდ, რაც შენ შეიტანე, როცა მიაღწევ საპენსიო ასაკს რაღაც მოგცეს. ან შენ შეგაქვს სისტემაში, სადაც შენ ამბობს, რომ ეს ფული მიეცით იმას, ვინც დღეს საპენსიო ასაკშია და მერე მე რომ მივაღწევ საპენსიო ასაკს, გადამიხადოს იმან, ვინც იმუშავებს.

არცერთი ეს სქემა აღარ არსებობს - დღეს პენსიის მიმღებს არ გაუღია თავის დროზე თანხა, რომელმაც სახელმწიფოს შეუქმნა ვალდებულება, რომ საპენსიო ასაკს რომ მიაღწევს, გადაუხადოს პენსია. ეს ვალდებულებითი ნაწილი 2005 – 2006 წლებში გაუქმდა. მანამდე სოციალური გადასახადი ცოცხლობდა. დაზღვევის ფონდში ხელფასიდან შეგქონდა თანხა და იმის ნაცვლად იღებდი 14-ლარიან პენსიას. ეს ფიქტიური გადასახადიც გაქრა სივრციდან.

წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოება ბიუჯეტის მესამედს ხარჯავს იმაში, რის ვალდებულებაც არ არსებობს. პენსიის მიმღების უმეტესი ნაწილი ბოლო 20, 30 წელი თვითდასაქმებული იყო. მიწასთან მომუშავე გლეხი, ფერმერი. საერთო ყულაბაში მას კაპიკი არ შეუტანია. იმ ადამიანის წინაშე ავიკიდე ვალდებულება - რატომ? ასეთი დალხენილები ვართ, რომ არ ვიცით, სად წავიღოთ ფული. სამართლიანია? ეს არის ხელოვნური ვალდებულება, რომელიც გუდავს ქვეყნის ბიუჯეტს.

როდის ეწოდა ამ თანხას პენსია?

პენსია გაჩნდა 90-იანების დასაწყისში, როცა მოხდა პურის ფასის ლიბერალიზაცია და დაიწყო საბაზრო ფასით გაყიდვა.

გარკვეულ მოსახლეობაზე ფასის მომატების ეფექტი რომ შერბილებულიყო სახელმწიფომ დაიწყო ფულის დარიგება და ის მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებს მისცა. ამას დაერქვა პენსია და იყო 7 ლარი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადამიანებს გაუჩნდათ ილუზია, რომ ფული, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შეჰქონდათ, უკან უნდა დაბრუნებოდათ. არადა, საბჭოთა კავშირში სისტემა დაგროვებითი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად ეს გაქრა.

პენსია არის თანხა, რომელიც შეადგენს ამ ადამიანის მიერ საშუალოდ წელიწადში მიღებული სახელფასო შემოსავლის 60 ან 80 %-ს. ანუ პენსიამ უნდა ჩაანაცვლოს მისი შემოსავლები, რაც საშუალებას მისცემს მას, რომ გააგრძელოს ღირსეულად ცხოვრება, არსებობა. ისეთ ქვეყნებში, სადაც ნამდვილი პენსია არსებობს, იმის პარალელურად სხვა სქემებიც შეიძლება, რომ გაჩნდეს, მაგრამ ის და ეს ერთმანეთში არავის ერევა. მას, რასაც ჩვენთან პენსია ჰქვია, ჩემი აზრით,  დამცირების გაფორმებაა. საუბედუროდ, როგორც ჩანს, კრიზისის დროს ადამიანი ისეთი დაბეჩავებული იყო, რომ მათთვის ესეც კი არსებობის აუცილებელი პირობა გახდა. შექმნეს მებრძოლი პენსიონერების კასტა, რომელიც პოლიტიკურ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან ძალას იქცა. ყველა პოლიტიკოსი თავის თავს აყენებს ჩიხში.

  

იგეგმება საპენსიო რეფორმის გადახედვა. როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესს?

რაზეც დღეს მსჯელობა მიდის, ჯანსაღია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ადამიანს, რომელსაც დღეს შემოსავალი აქვს, არ ეშინოდეს და ჰქონდეს ღირსეული სიბერე, უნდა დაიწყოს საპენსიო სისტემის რეფორმა. რატომ არ წაიწია პროცესმა წინ? საპენსიო რეფორმაზე საუბარი არახალია. არ გამიკვირდება, რომ არც წაიწიოს წინ.

თუ ვიღაც მოიკლავს თავს და ახალ საპენსიო სქემას გაიტანს, დიდი შანსია, 10 წლის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ შეგვეშალა.

მე თითქოს არც მწყინს, რომ არ ხდება ნაჩქარევად მიღება, რადგან ასე მოუმზადებლად მიღება უფრო სახიფათო მგონია. ეს უნდა იყოს ღრმა ზეპარტიული შეთანხმება. საზოგადოებაში გვაქვს ამის კულტურა? მე მგონი, არა.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არასოდეს უმუშავია ასეთ მოწყობაში, რას მიიღებს საპენსიო ასაკის მიღწერვისას?

ან არაფერი არ უნდა მიიღოს, ან მოჭრილად აძლევენ და ის არ არის შრომითი პენსია. ის არის სოციალური პენსია.

მისამართულ სოციალურ დახმარებას (დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენაქვს მიზანი. რას ემსახურება და რისთვის ვაძლევთ ამ თანხას სოციალურად დაუცველ ოჯახებს? რისგან იცავს ეს სისტემა ამ ხალხს?

ამ სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან ორი რამ უნდა გავმიჯნოთ. ინსტრუმენტი, ჯადოსნური ჯოხი, რომელიც მეუბნება, რომ ესენი არიან ის ოჯახები, რომლებიც ჩემგან რაღაცას იმსახურებენ. ეს არის მეთოდი. ეს ცალკე თემაა. მეორე მომენტია, რომ ვიპოვე ეს ადამიანი რა უნდა მივცე და რამდენი? ფუნდამენტური შეკითხვა კი ასე ჟღერს - რატომ ვაძლევ, რა სიკეთე მინდა, რომ მოვუტანო ამ ადამიანს? სულის მოსათქმელად ვაძლევ ამ ფულს თუ ღირსეული ცხოვრებისთვის?

როცა ეს სისტემა შეიქმნა - იპოვეს ყველაზე ღარიბები, მერე გადათვალეს თანხა და რაც ჰქონდათ ის გაანაწილეს. ანუ არ დაუთვლიათ რამდენი სჭირდება სულის მოთქმას ან რა არის საჭირო ღირსეული ცხოვრებისთვის?

ბავშვებისთვის ახლა გაჩნდა 10-ლარიანი დანამატი. ბავშვის რა საჭიროებებს შეიძლება ფარავდეს ეს თანხა? რაზე დაყრდნობით გამოყვეს 10 ლარი და არა უფრო მეტი ....

რატომ 10 ლარი და არა მეტი. მოხდა სიმბოლური აღიარება, რომ ჩვენ ვფიქრობთ ბავშვებზე. 10 ლარი იმიტომ, რომ საბიუჯეტო თანხები მეტი არ იყო.

რა არის სოციალური დახმარების მიზანი - ჩვენთან სოციალური დახმარების მიმღები პირები, როგორც წესი, ხანგრძლივად, ხშირად ცხოვრების ბოლომდე, დახმარების მიმღებებად რჩებიან. როგორი უნდა იყოს სისტემა, რომლის მიზანიც დახმარების მიმღების სიღარიბიდან ამოყვანაა. სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებს უნდა ეხმარებოდეს სამსახურის მოძიებაში. აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ხედვა ამ კუთხით?

სახელმწიფო შესაძლოა კი სთავაზობს მაგრამ ხშირად ბენეფიციარები უარს ამბობენ. რა თქმა უნდა, უარს იტყვის, შენ თუ არ დაუყენე პირობა. როცა სახელმწიფო გთავაზობს სამსახურს და შენ უარს ამბობს, ჩემი აზრით, ეს აღმაშფოთებელია. აი, ეს არის ჩვენი გაგებით სამართლიანობა და ასეთი წესებით ვთამაშობთ. საგულისხმოა, რომ, სავარაუდოდ, იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამსახურზე უარს ამბობს, მაინც მუშაობს და აქვთ ხელფასი.

მოქალაქეების ამ ქცევას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ არასტაბილური ქვეყანა ვართ და ადამიანს ურჩევნია, ჰქონდეს შემწეობა, რადგან არ იცის, ხვალ ისევ ექნება თუ არა სამსახური...

ვინმემ გამოიკვლია ეს მიზეზები? გვესმის თუ არა, რას ფიქრობენ ეს ადამიანები? რატომ ამბობენ უარს. რამე გავაკეთეთ ადამიანისთვის იმის სათქმელად, რომ კარგია მუშაობა,  რომ არ წაართმევ ამ ფულს, რომ ცოტა ჩამოიკლოს ხელფასი  და იმას მისცეს, ვინც არ მუშაობს. შექმენი მომენტი, რომ აღარ იყოს საჭირო დამალვა.

დღევანდელი ფორმულით დასჯი ადამიანს, რომელსაც ფორმალურად 250-ლარიანი ხელფასი აქვს და ერთადერთი მარჩენალია ოჯახში. ასეთ ადამიანს არ მისცემ შემწეობას, მაგრამ მისცემ იმას, ვინც მალავს. რა გამოდის? უსამართლობა.

შეიცვალა სოციალური დახმარების გაცემის სისტემა, შევიდა ცვლილებები ქულების დაცვლის წესშიც. გაუმჯობესდა თუ არა ამით რამე? გახდა თუ არა უფრო სამართლიანი/გამჭირვალე სისტემა?

ეს ინსტრუმენტი შედგება რამდენიმე ელემენტისგან. ერთ-ერთია ფორმულა, რომლითაც აგროვებ მონაცემებს და გეძლევა ქულა. ფორმულაც ბევრად რთული იყო და გამარტივდა. გამარტივება გამოიხატა იმაში, რომ რაღაც ცვლადებს, რომელიც საჭირო იყო ქულის გამოსაყვნად,  აღარ გამოიყენება. აქამდე რაც გამოიყენებოდა ინფორმაციის მოსაგროვებლად შესაძლოა ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებზე ამტყდარი აჟიოტაჯის გამო ასეთი ცვლადები ამოვარდა. ხომ საჭიროა  ფორმულა, რომ დაითვალოს. სამწუხაროდ, ამ ფორმულაში დარჩა ისეთი ცვლადი, რომელიც ამბობს, აქვს ლეგალური შემოსავალი თუ არ აქვს. ვისაც აქვს შემოსავალი, ის დაიჩაგრა და ვისაც არ აქვს, იმას უთხრა, რომ გაჭირვებულია.

კარგი ის მოხდა, რომ ფორმულა უფრო მოქნილი გახდა. აქამდე განსაზღვრული იყო ქულა და იმას ცოტაც რომ ასცილებოდი, დახმარებას უკვე ვეღარ იღებდი.

პრინციპი შეიცვალა და ახლა ფორმულა ამბობს, რომ ისინი, ვინც რაღაც ქულის ზევით აღმოჩნდნენ, ასევე არიან გაჭირვებულები, ოღონდ იმათზე ნაკლებგაჭირვებულები, ვინც რაღაც ქულის დაბლაა. აქამდე ძალიან მტკივნეული იყო ეს საკითხი. 10 ქულის გამო ადამიანები სოციალური დახმარების მიღმა რჩებოდნენ.

მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გარღვევაა. ადრე ჰქონდათ ჭერი და მას, ვინც ცოტათი მაინც ასცდებოდა, სისტემის მიღმა რჩებოდა. ახლა ეს ჭერი გაქრა.

როგორ უნდა გავზომოთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტურობა? აქვს თუ არა ამ პროგრამას მიზნები, რომლებთან შესაბამისობაშიც შეფასდება - რას მიაღწია მან და რას ვერ?

ჯანმრთელობის დაცვის სისტემები პირველ რიგში იზომება იმით, თუ როგორია ერის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენა მხოლოდ ჯანდაცვას არ აქვს, თუმცა სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ეს გაუმჯობესება უნდა გამოხატულიყო სხვადასხვა მაჩვენებელებში.

მაგალითად, ნაკლები ინფარქტი, ნაკლები სიმსივნე. ჯანდაცვის სისტემებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სამი მიზანი აქვს - მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების განაწილება და სისტემის გულისხმიერება. მათი ეფექტურობაც მათთან მიმართებაში ფასდება ხოლმე. რამდენად პასუხობს სისტემა ადამიანების მოლოდინებს.

მესამე მიზანთან მიმართებაში ამ პროგრამამ გარკვეული შედეგები აჩვენა. მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მარტო აღარაა. თუმცა შესაძლოა ასეთი შთაბეჭდილებების მქონე ბევრი მოქალაქე ფრუსტრირებული დარჩეს, როცა უშუალოდ ჯანდაცვის რომელიმე სერვისის მიღება მოუწევს.

რთულია იმის თქმა, რამდენად ობიექტურია ეს განცდა მოსახლეობის და რამდენად ეფუძნება ფაქტებსა და პრაქტიკას. კრიტიკულ/გადაუდებელ შემთხვევებში ეს განცდა შესაძლოა გაუმართლდეთ.

დანარჩენ ორ მიზანთან მიმართებაში როგორია პროგრამის შედეგები, არ ვიცით. სპეციალისტებმა შესაძლოა თქვან, რომ ჯერ ადრეა ამ კუთხით დასკვნების გაკეთება, რადგან ასეთი პროგრამების შედეგებს, როგორც წესი, გვიან ვიმკით. საქმე მთლად ასეც არაა, რადგან არის საზომები, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა. მაგალითად, მე დღესვე შემიძლია დავინახო რამდენად გაიზარდა ადრეულ ეტაპზე კობის გამოვლენა ან რამდენად შემცირდა ისეთი დაავადებების რაოდენობა, რომლებიც ამბულატორიულად იმართება, აღარ მოჰყვა გართულება და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

ახლა რაც შეეხება ფინანსური ტვირთების განაწილების საკითხს. ის, რომ ფინანსური ტვირთები უსამართლოდ განაწილდა ეს ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომელიც მთავრობამ ჭუჭრუტანიდან დაგვანახა. კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაობით მეტი ხეირი არა გაჭირვებულმა, არამედ მდიდარმა მიიღო.

ჩვენნაირ ქვეყნაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ფინანსური ტვირთების განაწილების საკითხია...

თეორიულად ეს რეფორმა და მისი წარმატება სწორედ იმ კომპონენტზე უნდა ასახულიყო, რომელიც ტვირთის განაწილებაა. მე ვერ მოვთხოვ ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, იმიტომ, რომ ვიცი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საკმარისი მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვომობის გაზრდა არ არის. ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს.

ტვირთების განაწილების ნაწილში წარმატებას ვერ მიაღწია. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და ღარიბებს ხარჯები გაეზარდათ.

პოლიტიკურმა ელიტამ ქულები დაიწერა. ხალხი მოდუნდა და კმაყოფილია, მაგრამ სანამ არ გაძვრება ამ მილში, ვერ მიხვდება, რომ ტვირთები არ შემსუბუქებულა, პირიქით უფრო დაუმძიმდა.

როგორ ხედავთ ამ პროგრამის მომავალს? როგორ ფიქრობთ, უნდა გააგრძელოს თუ არა სახელმწიფომ პროგრამის ბიუჯეტის ზრდა თუ ისევ სელექციურად უნდა მოიცვას და კონკრეტულ ჯგუფებს ჯანდაცვის სერვისები დაუფაროს?

სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, უნდა ვთქვათ, რომ ფინანსური ტვირთები არათანაბრად ნაწილდება იმიტომ, რომ პროგრამაში შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ჩაიდო დანახარჯები, რის გამოც დანახარჯები არაპროპორციულია. ვგულისხმობ მედიკამენტებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაზე დიდი ტვირთია.

გაჟღერდა, რომ შესაძლოა, მოხდეს წამლების სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად მოწყვლადებისთვის?

იმ ქვეყნებში სადაც არის მისამრთული სქემები არ გამორიცხავს რომ რაღაც სიკეთეს იღებდნე ყველას მაგრამ ამის ზემოთ მარტო იმას მივცემ ვინც ყველაზე გაჭირვებულია. ასეთი კომბინაცია შეიძლება.

როგორ ხედავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალს?

გარკვეული ხანი საზოგადოება მადლიერი დარჩება, თუმცა კეთილგანწყობის შენარჩუნება უფრო და უფრო გართულდება, რადგან ფორმალური და არაფორმალური ჯიბიდან გადახდები გაიზრდება და ეს გარდაუვალია. მომადლიერებული ადამიანები კი მიხვდებიან, რომ უფასო არაფერია. არ ველოდები ჯანმრთელობის მდგომაროების თვისობრივ გაუმჯობესებას.

უდავოა, რომ ამომრჩეველთა ერთი კატეგორია - საექიმო საზოგადოება - მომადლიერებული დარჩება. თუ ნამდვილი საყოველთაობა გვინდოდა, ბიუჯეტი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში სუროგატი გამოვიდა. თუმცა ყველაზე მთავარი, ვინც, ჩემი აზრით, მოიგო არის სამედიცინო საზოგადოება, რომელსაც კვალიფიციური ოპონენტი სადაზღვევო კომპანიების სახით მოეხსნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^