Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გავხდეთ მასწავლებელი

29 თებერვალი 2016

პედაგოგობა საქართველოში სასურველი პროფესიების სიაში არ არის. დაბალი ავტორიტეტისა და ხელფასის გამო ეს პროფესია დიდი ხანია ახალგაზრდებისთვის არამიმზიდველი გახდა. სახელმწიფომ პროფესიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესაცვლელად და ხარისხის ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა შემოიღო.

სკოლაში პედაგოგად მუშაობის შესაძლებლობა ხშირად დირექტორის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ჰქონდა მუშაობის დაწყების მსურველ პირს მასწავლებლობისთვის საჭირო უნარი. 2004 წლიდან სახელმწიფომ პედაგოგიური საქმიანობის რეგულირებაზე დაიწყო მუშაობა, 2010 წლიდან კი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც დაიწყო. 

სპეციალისტების შეფასებით, მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების დღემდე მოქმედი სისტემა სათანადოდ ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად. დღემდე პრობლემას წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც განპირობებულია მასწავლებელთა შრომის დაბალი ანაზღაურებით, პროფესიის ნაკლებპრესტიჟულობითა და სელექციის არაკონკურენტული მექანიზმის გამო.

2015 წლის თებერვალში დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელმაც, ავტორთა თქმით, არსებული პრობლემები უნდა გადაჭრას.

სქემით გათვალისწინებულია:  პროფესიის პრესტიჟის გაზრდა, ახალი კადრების მოზიდვა,  პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება.

სქემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მასწავლებლის მომზადების ახალ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც მიზნად  ისახავს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალგაზრდების მოზიდვასა და კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრას. სახელმწიფო პროგრამას სრულად დააფინანსებს.

მარიამ ბეგალაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ძირითად პროფესიად ბიოლოგიას სწავლობს, დამატებით სპეციალობად (მაინორად) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული. „ბავშვობიდან მასწავლებლობაზე არ მიფიქრია, - ამბობს ის, - თუმცა, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და ძირითად პროფესიასთან ერთად დამატებითი პროფესიის არჩევის შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის მომავალში სამუშაოს საპოვნელად დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა მასწავლებლისთვის საჭირო კომპეტენციის შეძენა. როცა სწავლა დავიწყე და სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით საინტერესო საგნები გავიარე, არჩევანის სისწორეში კიდევ უფრო დავრწმუნდი."

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 2010 წლიდან ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის გავლა დაინტერესებულ სტუდენტებს საქართველოს 12 უნივერსიტეტში შეუძლიათ.

პროგრამა  დამატებითი  სპეციალობის 60 კრედიტს მოიცავს და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. პროგრამის პრაქტიკული კურსის ფარგლებში  მარიამ ბეგალაშვილმა თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში  პირველი გაკვეთილიც ჩაატარა. თემა უჯრედის შემადგენელი ქიმიური ნივთიერებები იყო. იხსენებს, რომ თავდაპირველად, როცა 30 მოსწავლესთან საკლასო ოთახში მარტო დარჩა, დაიბნა. უფროსკლასელებთან ურთიერთობა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა  გაკვეთილის წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვა, ახალი გაკვეთილი ახსნა და მოსწავლეებს ჯგუფური დავალებებიც გააკეთებინა. ამბობს, რომ პრაქტიკული კურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი გაკვეთილის შემდეგ ხელმძღვანელ მასწავლებელთან თავისი მიღწევებისა თუ ხარვეზების ანალიზი იყო, რაც სტუდენტს ეხმარება, მომდევნო გაკვეთილი მეტი ყურადღებით დაგეგმოს და უკვე დაშვებული შეცდომებიც გაითვალისწინოს.

მასწავლებლად მუშაობას უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გეგმავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიამ მატიაშვილი. მან  უნივერსიტეტში სწავლა 2010 წელს დაასრულა. ძირითად სპეციალობად ინგლისური ენა და ლიტერატურა შეისწავლა, ხოლო დამატებით მასწავლებლის მომზადების პროგრამა გაიარა.

პროგრამის ფარგლებში  უცხო ენის სწავლების დიდაქტიკისა და მეთოდიკის საფუძვლები, უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგია, სასწავლო კურიკულუმის დიზაინი, გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ისწავლა. მისი შეფასებით, პროგრამამ  სწორედ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.

მარიამ მატიაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთო. პირველი გასაუბრება მასწავლებლის სახლში წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც  თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში დაიბარეს კიდევ ერთ გასაუბრებაზე. 2010-2011 სასწავლო წლის განმავლობაში  მაძიებელი მასწავლებელის სტატუსი ჰქონდა.

მაძიებლის პროგრამა 2008-2013 წლებში ხორციელდებოდა. მასწავლებლობის მაძიებელი დამწყები, ახალბედა მასწავლებელია, რომელიც პედაგოგიური გამოცდილების მიღების მიზნით დროებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის.

2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს  მარიამ მატიაშვილმა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სკოლის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და  ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობა შესთავაზეს. ახლა უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ახალი სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად  იყოფიან. პირველი საფეხურზე პრაქტიკოსი პედაგოგები არიან, მეორეზე - უფროსი პედაგოგები, მესამეზე -  წამყვანი, ხოლო მეოთხეზე - მენტორი  მასწავლებლები.  სხვადასხვა საფეხურზე პედაგოგებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ და ეს მოთხოვნები  სტატუსიდან სტატუსამდე იზრდება.

მარიამ მატიაშვილი სკოლაში სრული დატვირთვით I, III, VII, VIII და X კლასებს ინგლისურ ენას ასწავლის.  იხსენებს, რომ მასწავლებლად მუშაობა თავდაპირველად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მთავარ სირთულეს კი არა საგნობრივი კომპეტენცია, არამედ მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება წარმოადგენდა.  მისი თქმით, სწორედ ამიტომ მასწავლებლის საქმიანობისთვის პრაქტიკულ უნარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მასწავლებლის პროფესიაში პრაქტიკის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტებიც.

„არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებლობის პირველ წელს ძალიან დიდია  პროფესიიდან გადინება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი არის ის, რომ მუშაობის დამწყებთა მოლოდინი განსხვავდება რეალობისგან. პრაქტიკის გავლისას კი სტუდენტი  ხედავს ყველა იმ სირთულეს, რაც თან ახლავს მასწავლებლის პროფესიას.  ამიტომ, ამ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელების ალბათობა გაცილებით  მაღალია", - ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი.

დღემდე დაინტერესებულ პირს, რომელსაც  მასწავლებლის კარიერის დაწყება სურდა, უნდა ჰქონოდა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. გამონაკლისს წარმოადგენდა სახელოვნებო და სასპორტო მიმართულებები. მასწავლებლის უფლების განახლება კი ხდებოდა სერტიფიცირების გამოცდით.

მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა, თავდაპირველად მხოლოდ მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენების პედაგოგებისთვის, მომდევნო წლებში დანარჩენი საგნებიც დაემატა, თუმცა მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაში გამოცდები დღემდე არ ჩატარებულა.

მანანა რატიანის შეფასებით, პროფესიაში ჩართვის ეს წესი არაეფექტიანი აღმოჩნდა. მართალია, დაინტერესებული პირისათვის ადვილი იყო მასწავლებლის კარიერის დაწყება, მაგრამ ხარისხი იყო დაბალი. ხშირ შემთხვევაში დამწყებ მასწავლებელს  არ ჰქონდა სათანადო ცოდნა სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ. შესაბამისად, მასწავლებლების გადამზადება დამატებით ხარჯს მოითხოვდა.

„ამდენად, მნიშვნელოვანია არამარტო საგნის ცოდნა, არამედ ისიც, თუ როგორ ასწავლოს - როგორ უნდა მიუდგეს მოსწავლეს, გაითვალისწინოს მათი ასაკობრივი თავისებურებები, აუხსნას ესა თუ ის საკითხი, როგორ მართოს კლასი და შეაფასოს სასწავლო პროცესი. ანუ აუცილებელია ცოდნა საგნის სწავლების მეთოდიკაში“,-  ამბობს ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფო ლობჟანიძე.

მისი თქმით, სწორედ ამგვარი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიაში ჩართვის გრძელი გზა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით, საუნივერსიტეტო მომზადება მოხდება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამით, რომელიც არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს. ამ პროგრამის წარმატებით გავლის შემდგომ კურსდამთავრებულს  განათლების მაგისტრის ხარისხი მიენიჭება.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ორი გზა არსებობს - მიმდევრობითი და პარალელური პროგრამა.

მიმდევრობითი პროგრამის შემთხვევაში, აბიტურიენტი თავიდანვე მასწავლებლობის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. პროგრამის ფარგლებში, 120 კრედიტი ეთმობა საგნის/საგნობრივი ჯგუფის  მოდულს,  60 კრედიტი - თავისუფალი კომპონენტების მოდულს, ასევე 60 კრედიტი  მეთოდიკის მოდულს, ანუ ამ მოდულის ფარგლებში სტუდენტი იძენს ცოდნასა და გამოიმუშავებს უნარს სწავლების მეთოდოლოგიაში. სწავლის მეხუთე წელი სასკოლო პრაქტიკის მოდულია, რომელიც შედგება საგაკვეთილო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის კომპონენტებისაგან. პრაქტიკის კვლევის ფარგლებში სტუდენტი ამზადებს სამაგისტრო ნაშრომს, რომლის წარმატებით დაცვის შემდეგაც ენიჭება განათლების მაგისტრის ხარისხი.

პარალელური პროგრამის შემთხვევაში კი სტუდენტი მასწავლებლის პროფესიას სწავლის პროცესში ირჩევს. მაგალითად, სწავლობს ფიზიკის მიმართულებაზე, ხოლო დამატებით (მაინორ) პროგრამად ირჩევს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გაივლის პროგრამის ყველა მოდულს, გარდა სასკოლო პრაქტიკისა, მას მიენიჭება შესაბამისი საგნის ბაკალავრის კვალიფიკაცია და მიეცემა მასწავლებლის სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში კი, თუ გადაწყვეტს მეხუთე წელსაც ისწავლოს,  ამ ერთწლიანი პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ   განათლების მაგისტრის ხარისხი მიენიჭება.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას მასწავლებლობის უფლებას აძლევს.

სწორედ ეს კომპეტენციები კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს, სკოლაში დაიწყოს მუშაობა უფროს მასწავლებლად, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. უფროსი მასწავლებლის სტატუსი  მას შემდეგ მიენიჭება, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უნდა შეიმუშაოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა  და ერთი წლით გაუხანგრძლივდება გარე დაკვირვების გასავლელად გამოსაცდელი პერიოდი.

მასწავლებლის მომზადების 5-წლიანი პროგრამები 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

იმის გამო, რომ  ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები სახელმწიფოს 5-6 წლის შემდგომ ეყოლება, საჭირო გახდა კვალიფიციური მასწავლებლის რიგების შევსება ალტერნატიული გზით - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამოუკიდებლად ამოქმედებით.

„დღევანდელი ვითარების მიხედვით, პროფესიაში დაახლოებით  23%  საპენსიო ასაკის პედაგოგი გვყავს. რეალურად, მათი ერთი ნაწილი აქტიური მასწავლებელია, სერტიფიცირების გამოცდებიც ჩაბარებული აქვს, თუმცა მეორე ნაწილს სკოლაში დარჩენის სურვილი გამოცდებზე გასვლით არ დაუდასტურებია. შესაბამისად, სახელმწიფო წინასწარ უნდა იყოს მზად, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, პროფესიიდან გავიდნენ. ამისათვის 5-წლიანი პერსპექტივა საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ უნდა არსებობდეს უფრო მოკლე გზა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სკოლაში შესვლის „ღია კარის პოლიტიკა“. ამ გზით კომპეტენტური კადრები უნდა შევიდნენ პროფესიაში“, - ამბობს მანანა რატიანი. 

პროფესიაში ჩართვის მოკლე გზა

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც პროფესიაში ალტერნატიული გზით შესვლას გადაწყვეტენ, შედარებით მოკლე გზის  - მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლა მოუწევთ. მას, ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამის დარგში,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შემდგომ მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას შეძლებს, პროგრამის დამთავრების შემდგომ კი პროფესიაში ჩაერთვება. 

1 თებერვლიდან 1 მარტამდე დაინტერესებულმა უნივერსიტეტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 60-კრედიტიანი პროგრამები უნდა წარადგინონ, აკრედიტაციის გასავლელად.

რაც შეეხება ვადებს, აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტებს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან (2016-2017) შეეძლებათ დამოუკიდებელი პროგრამების განხორციელება. 

დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროფესიის დაწყების ამგვარად დივერსიფიცირებული გზების არსებობა მასწავლებლად გახდომას უფრო ართულებს, მაგრამ ამავდროულად მათი კომპეტენციაც მოიმატებს. ვარაუდის საფუძველს კი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იძლევა, პირველი - სავალდებულო საგნობრივი გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირი საგნობრივ კომპეტენციას დაადასტურებს. მეორე კი ისაა, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამა, როგორც გრძელი გზის შემთხვევაში, ისე დამოუკიდებელი ერთწლიანი პროგრამის სახით, დაინტერესებულ პირს  საშუალებას აძლევს, პრაქტიკული ცოდნა მიიღოს და საგნის სწავლების მეთოდოლოგიურ ნაწილში მეტი კომპეტენცია შეიძინოს.

 გაიზრდება თუ არა მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა, მომავალი აჩვენებს, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ კვლევები, რომლის მიხედვითაც, პედაგოგობის სურვილი ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ. ეს პროფესია საქართველოში არაპრესტიჟულად  მიიჩნევა, რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. მთავარი კი მაინც ხელფასია.

სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა  2012 წელს მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის შესახებ  ჩაატარა კვლევა. კვლევა მოიცავდა, საშუალოდ, 42 ინტერვიუს საქართველოს მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 14 უმაღლეს სასწავლებელში.

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ სტუდენტთა არსებული კორპუსიდან, 321-ლარიანი ანაზღაურების პირობებში, რეალურად შესაძლებელია დაახლოებით 23.6%-ის  სკოლაში მასწავლებლად რეკრუტირება,  კურსდამთავრებულთაგან კი - 33.2%-ის.

გაზრდილი ანაზღაურების პირობებში სტუდენტთა  58.3%, ხოლო კურსდამთავრებულთა  51.8%-ია  ლოიალური მასწავლებლის საქმიანობის მიმართ. სტუდენტთა  ეს ნაწილი სკოლას განიხილავს  როგორც მათი დასაქმების შესაძლო ინსტიტუტს.

სკოლაში მასწავლებლად მუშაობას გამორიცხავს (და ამ საკითხს ანაზღაურებაზე დამოკიდებულად არ მიიჩნევს) სტუდენტთა 17.3% და  კურსდამთავრებულთა 22.6%.

მასწავლებელთა ხელფასი სქემის შესაბამისად, 3 ეტაპად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, 2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის საბაზო ხელფასმა მოიმატა და მინუმუმ 337 ლარი შეადგინა. მეორე ეტაპზე, 2016 წლის აპრილში, ხელფასი კვლავ მოიმატებს და მინიმალური საბაზო ანაზღაურება 385 ლარი გახდება, ხოლო 2017 წლის იანვარში 704 ლარამდე გაიზრდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^