ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დაშვებაზე სამართლებრივი დავა უკვე 2 წელია მიმდინარეობს. თუმცა ორწლიანი მოსამზადებელი სხდომებისა და მათი რამდენჯერმე გადადების შემდეგ პროცესის პირველი და, როგორც აღმოჩნდა, ბოლო მთავარი სხდომაც გუშინ გაიმართა. ახსნა-განმარტების, მტკიცებულებების გამოკვლევის, კითხვა-პასუხისა და პაექრობის ეტაპები სასამართლოს მეორე დარბაზში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესის ბოლოს კი მოსამართლე მირანდა ერემაძემ გადაწყვეტილება ადგილზევე გამოაცხადა.
მოსარჩელეები ითხოვდნენ ორი სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ერთი - მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და მეორე - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება იყო.
24 ივლისის განკარგულებით თბილისის მერმა ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც კანონით დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ხოლო 20 სექტემბრის ბრძანებით თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ თბილისის მერის მიერ გამონაკლისის დაშვების (რაც კანონმდებლობით დასაშვები ქმედებაა) აუცილებლობა კანონის მიხედვით მკაცრად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. რადგან ეს არ მომხდარა, მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვაც უკანონო იყო.
მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ამ შემთხვევაში თბილისის მერიას - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება კანონის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა.
“ასეთ ფარგლებს წარმოადგენს თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას. ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი”, - ვკითხულობთ სასამართლოს განმარტებაში.
მოსარჩელეები სწორედ ამგვარი გამონაკლისის - რეკრეაციულ ზონაში დაუშვებელი მშენებლობის - გამონაკლისის სახით სასტუმროს მშენებლობის ნების დართვაზე ჩიოდნენ. პროცესის დროსაც ამბობდნენ, რომ ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა და ამით საჯარო ინტერესი ილახებოდა. თუმცა თბილისის მერიის იურისტები “საჯარო ინტერესს” სხვაგვარად განმარტავდნენ და ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევაში “მესაკუთრის კერძო ინტერესი თანხვედრაში იყო საჯარო ინტერესთან”, მეტიც ეს თავად იყო საჯარო ინტერესი.
ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის ადვოკატმა ნინო სოსელიამ სასამართლოში განაცხადა, რომ იმ ნორმატიული აქტებიდან, რომლებიც ამ შემთხვევაში დარღვეულია, ყველაზე მნიშვნელოვანია კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”.
სოსელიას თქმით, კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, ანუ კონკრეტულ ზონაში კონკრეტული დასაშვები მშენებლობითი პარამეტრების ცვლილება - მხოლოდ რამდენიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. როდესაც:
ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;
ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით;
გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
სოსელიამ მოგვიანებით სასტუმროსთან მისასვლელ გზაზეც ისაუბრა:
"არქიტექტურის სამსახურმა შესაგებელში დაწერა, რომ ტრანსპორტის ნაკადის გაზრდა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სხვა სამსახურის პრეროგატივაა და მშენებლობის ნებართვას არ უკავშირდება. დედაქალაქის არქიტექტურის სამსახური, რომელიც გეგმავს ქალაქში მშენებლობას, გასცემს ნებართვებს, უნდა იაზრებდეს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ნებართვას. თქვენი აზრით, ის ბილიკი, რომელიც ობიექტთან ახლოს მიდის, საკმარისი იქნება 7-სართულიანი სასტუმროს მომსახურებისა თუ სტუმრებისთვის? ან რა გავლენას მოახდენს ეს ნაკადი იქ ბავშვების დასვენება-გართობაზე? გარემოზე? საჯარო ინტერესი სწორედ ამ მშენებლობის არდაშვებაა, რადგან ტერიტორია ზუსტად ისევეა გამწვანებული, როგორც მისი შემოგარენი”, - ამბობს სოსელია.
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” იურისტი ირმა მახათაძეც განმარტავდა, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით იყო მიღებული და ეს იმგვარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც არღვევდა გარემოს დაცვით ვალდებულებებს, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივ აქტში სხვადასხვა დროსაა გაწერილი. ასოციაციის დირექტორი ნინო გუჯარაიძე კი განმარტავდა, რომ ეს ნამდვილად იყო გადაწყვეტილება, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზიანის მოტანა შეეძლო.
“შესაბამისად დარღვეულია ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებიც, რომელიც გამჭვირვალობისა და თანამონაწილეობის პრინციპს ეფუძნება. მოსახლეობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ, მანამ, სანამ ალტერნატივებს შორის არჩევნის გაკეთება იყო შესაძლებელი”, - განაცხადა გუჯარაიძემ.
არქიტექტორ თემურ კალანდაძისა და მისი ადვოკატის განმარტებით კი გაუმართლებელია დავა იმაზე, რომ ადგილი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს ვაკის პარკს არ ეკუთვნის. კალანდაძის თქმით, აქ რამდენიმე ასპექტია გასამიჯნი:
“თუკი ჩვენ “ვაკის პარკად” მოვიხსენებთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ “ვაკის პარკს” მოიცავს, მაშინ ეს არაა ვაკის პარკის ტერიტორია, მაგრამ ჯერ კიდევ 1945 წელს გამოყოფილი 200 ჰექტარი, რომელზეც კულტურული დასვენების პარკი მოეწყო, თავისთავად მოიაზრებს მის შუაგულში მდებარე ტერიტორიას. არსებითად ვაკის პარკი გაცილებით დიდია, ვიდრე ძეგლი “ვაკის პარკი” და ვიდრე ის ტეროტორია, რაც ახლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩა”, - ამბობს კალანდაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლალი პეტრიაშვილის თქმით, მოპასუხეების მტკიცება, რომ ეს არა პარკის საკუთრება, არამედ პარკის მიმდებარე ტერიტორიაა, არამართებულია. ამასთან, აბსოლუტურად არაფერს ცვლის, რადგან საპროექტო ტერიტორია, ძეგლ “ვაკის პარკის” შიგნით იქნება თუ მის გარეთ, კერძო ტერიტორია იქნება თუ მუნიციპალიტეტის საკუთრება, მასზე მაინც ვრცელდება ის მოთხოვნები, რაც ნებისმიერ სხვა რეკრეაციულ ზონაზე არსებობს.
“ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს რას ჰქვია “ვაკის პარკი”, ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი არ უნდა იცვლებოდეს დაუსაბუთებლად, სადაც არ უნდა იყოს ის”, - აცხადებდა პეტრიაშვილი.
თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის ადვოკატების თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ და სასტუმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სხვადასხვაგვარად ესმით “საჯარო ინტერესი”. ამასთან, მათი თქმით, მოსარჩელეების არგუმენტები ზოგადი და გაუგებარი იყო, არცერთ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე არ მიუთითებდა და კანონმდებლობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე აპელირებდა. მერიის იურისტის თქმით, იგივე კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, რომლის დარღვევაზეც მიუთითებენ მოსარჩელეები, იქვე ამბობს, რომ სარეკრეაციო ტერიტორია შეიძლება გამოყენებული იყოს ტურიზმისთვის.
“ისინი არ აკეთებენ აქცენტს იმ მუხლებზე, სადაც წერია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ რეკრეაციული ტერიტორიების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედაც რომ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ტურიზმის განვითარება კი პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, მოცემულ სამშენებლო ნებართვასთან. ანუ ის დადებითი ეფექტი, რაც ამ სამშენებლო ნებართვას გააჩნია, ვფიქრობთ, რომ ესაა. სწორედ ესაა საჯარო ინტერესი, შესაბამისად დაუსაბუთებელია მათი არგუმენტები. ასევე ხაზგაზმით უნდა ითქვას, რომ ესაა კერძო მიწის ნაკვეთი, ვაკის პარკისგან დამოუკიდებელი ტერიტორია, და ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამის მიხედვით ამ ნაკვეთების საკანონმდებლო რეგულირებაც იცვლება”, - ამბობდა იურისტი.
მისივე თქმით, ასევე გაუმართლებელია მითითება კანონის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პარკების ხელყოფას კრძალავს და ამბობს, რომ ამის გამომწვევი ყოველგვარი მშენებლობა უნდა შეწყდეს.
“ანუ უნდა გვქონდეს ორი გარემოება: დადასტურებული ხელყოფა და მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს. პირველი - კონკრეტულად რა ხელყოფაზეა საუბარი, ამის მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა. სასტუმროსთან მისასვლელი გზა არსებობს და ის რუკაზეცაა წარმოდგენილი. ისიც გაუგებარია, რატომ ფიქრობთ, რომ ის გზა გადაიტვირთება, როდესაც 7-სართულიან სასტუმროზე უთითებთ, ეს არაა საცხოვრებელი ზონა, რომლის სტანდარტითაც თითო საცხოვრებელ ერთეულზე თითო ავტომობილი იგულისხმება”, - ამბობდა მერიის წარმომადგენელი.
თუმცა სხდომის ბოლოს ზურაბ ბაქრაძის იურისტმა ნინო სოსელიამ სასამართლოს აჩვენა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან ამოღებული ვიზუალური მასალა, სადაც საპროექტო ტერიტორია იყო ასახული. “ეს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მასალაა, ჩვენ აქ ვხედავთ რუკის ყველა შრეს, მაგრამ ვერ ვხედავთ სატრანსპორტო გზის ყვითელ ხაზებს. აქ არსებული ბილიკი არ არის სატრანსპორტო გზა. ის თქვენივე წარმოდგენილ რუკაზეც არაა დატანილი”, - განაცხადა სოსელიამ.
მან ისაუბრა საჯარო რეესტრიდან გასულ წელს მიღებულ წერილზეც, რომლის თანახმადაც ეს იყო “პარკის დამხმარე ბილიკი და არა სატრანსპორტო გზა”, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ გზის გაყვანა უნდა მოხდეს ტრანსპორტის თუ სამშენებლო ტექნიკის პარამეტრების მიხედვით. ეს კი კიდევ რა დამატებით ზიანს გამოიწვევს პარკისა და გარემოსთვის, არავის შეუსწავლია”, - განაცხადა სოსელიამ.
არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი იურისტი კი ამბობდა, რომ პრობლემა მაინც “საჯარო ინტერესის” განსხვავებული გაგებაა.
“მათი გადმოსახედიდან ნებისმიერ სარეკრეაციო ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს. თუმცა ცალსახად დადასტურებულია, რომ ეს არაა პარკის ნაწილი და არის დამოუკიდებელი საკადასტრო ერთეული. ამავე დროს, სივრცითი მოწყობის შესახებ კანონის ამოცანა სწორედ - სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის სივრცითი ტერიტორიული წინაპირობების შექმნა, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის სარეკრეაციო ზონების გამოყენება, დაცვა და ინფრასტრუქტურული საფუძვლების შექმნაა. ცალსახა არაა, რომ იქ არ შეიძლება დასასვენებელი თუ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა”, - ამბობს ის და დასძენს:
“ჩვენი პოზიციით, აღნიშნული მშენებლობა უფრო მეტად უწყობს ხელს და ეხმიანება საჯარო ინტერესის განვითარებას და, მეტიც, სახეზე გვაქვს კერძო და საჯარო ინტერესი. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისებურად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს მესამე პირებს და ამავე დროს მესაკუთრის კერძო ინტერესებს ეხმიანება საჯარო ინტერესიც. გაუგებარია “მწვანე ალტერნატივას” დაინტერესებაც. დაუსაბუთებელია, რატომ ადგება გარემოს ზიანი ან მიადგება სამომავლოდ. ესაა კერძო საკუთრება და მათ აქვთ უფლება, განავითარონ ეს ტერიტორია ისე, რომ სხვის უფლებებს ზიანი არ მიაყენონ ”, - ამბობდა იურისტი.
მერიის მესამე იურისტიც თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, სარეკრეაციო ზონის ეფექტურ გამოყენებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება.
საქმეში მესამე მხარედ ჩართული “ტიფლის კოსტავას” წარმომადგენელი იურისტი კი ამბობდა, რომ მისთვის ალოგიკურია ის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლოა რამენაირად ზღუდავდეს რეკრეაციულ ფუნქციებს.
“ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები აკეთილშობილებს რეკრეაციულ ზონებსაც და მიზნებსაც. გაუგებარია, რა საზოგადოებრივი ინტერესი უნდა არსებობდეს ამჟამად იმ ტერიტორიის მიმართ, რომელიც მშენებლობით შეიზღუდება”.
“ტიფლის კოსტავას” დირექტორმაგოგა ზაქაიძემ კი სხდომაზე განაცხადა, რომ მას ეს ტერიტორია მერიისგან არ შეუძენია და შესაბამისად მისი ბიზნესინტერესები ილახება:
“მე მიწის ნაკვეთი თავისი მშენებლობის ნებართვით კონკრეტული მიზნით შევიძინე - იქ სასტუმრო უნდა ამეშენებინა. უკვე მილიონობით დოლარის ზარალი ვნახეთ. ავიღეთ სესხები, გვყავს პარტნიორი ინვესტორები, რომლებმაც აქ სწორედ სასტუმრო უნდა ააშენონ. ჩვენ გავქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ობიექტების მშენებლობაში. გვინდა იქაურობა გავაჯანსაღოთ. 3500 კვადრატული მეტრიდან, რომელიც საკუთრებაში გვაქვს, მხოლოდ 33%-ზე ვაპირებთ მშენებლობას. არცერთ ხეს არ ვჭრით, გარშემო ტერიტორიასაც გავალამაზებთ და გავაცოცხლებთ. იმ გზაზე კი რესტორნის არსებობის დროსაც საკმაოდ ბევრი მანქანა დადიოდა და სასტუმრომ არ მგონია ამაზე მეტი დატვირთვა შექმნას. ტერიტორიის გარშემო ნაგავსაყრელი იყო და 20 წლის განმავლობაში მე იქ არცერთი ბავშვი არ მინახავს. ეს იყო ძველი რესტორანი, მიგდებული წლებია. რესტორანში მეტი მანქანა დადიოდა და თუ ვინმე მეტყვის, რომ 20-მა მანქანამ, რომელიც დღეში ჩვენთან შემოვა რამე ზიანი შეიძლება მიაყენოს ვინმეს, აღარ ავაშენებ ამ სასტუმროს. ჩვენ არ ვჭრით არცერთ ხეს, არ გაგვყავს ახალი გზა, მიწის ზემოთ მხოლოდ ხუთი სართული იქნება”, - განაცხადა ზაქაიძემ.
ამის შემდეგ მხარეები კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდნენ. ადვოკატ ნინო სოსელიას თქმით, გაუგებარი არგუმენტია, რომ “ნაკვეთი კერძო მფლობელობაშია და მესაკუთრემ უნდა განავითაროს”, “კანონმდებელი ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ მისით მკვლელობის ჩადენა არაა ნებადართული”.
“მწვანე ალტერნატივას” იურისტ ირმა მახათაძეს შეკითხვები ძირითადად არქიტექტურის სამსახურთან ჰქონდა. მას აინტერესებდა, უშუალოდ ვინ და რამდენით, ასევე რა დასაბუთებით მოითხოვა მშენებლობის პარამეტრების გაზრდა ან ვის ინტერესებში შედიოდა ეს ცვლილება.
თუმცა მას უპასუხეს, რომ ეს ცნობები საქმის მასალებში იყო და ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკლედ კი, “ეს იყო მესაკუთრის კერძო ინტერესი, რომელიც ეთანხმება საჯარო ინტერესს. პარამეტრების გაზრდა აუცილებელი იყო მათი სამშენებლო პროექტისთვის. ის კერძო მესაკუთრის ინტერესებში იყო, მაგრამ საჯარო ინტერესსაც ეთანხმებოდა”, - განმარტა მერიის იურისტმა შეკითხვის პასუხად.
მახათაძე კი ამბობდა, რომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს 0.2-დან 0.5-მდე კოეფიციენტის გაზრდა 0.3-ით გაზრდას ნიშნავს: “ეს ნიშნავს, რომ შენობის პარამეტრები ლამის 2 ნახევარჯერ გაიზარდა, ეს კი მასშტაბში გაცილებით სერიოზულ შედეგს გვაძლევს”.
მახათაძე ასევე კითხულობდა, რატომ იყო მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა მთავარი პრიორიტეტი, მაშინ როდესაც ეს ეკონომიკის სამინსიტროს პრეროგატივაა და ქალაქის არქიტექტურის სამსახურს სხვა მოთხოვნებით უნდა ეხელმძღვანელა. ასევე, თუკი მერია არ მიიჩნევდა, რომ სასტუმროს მშენებლობა კანონდარღვევა იყო, რატომ მოითხოვა ინვესტორთან მოსალაპარაკებლად დრო და რატომ უშვებდა მისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების შესაძლებლობას.
საიას იურისტის კითხვაზე, სად იყო ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არქიტექტურის სამსახურმა უპასუხა, რომ მათ აღარ ევალებათ მსგავსი დოკუმენტის მოთხოვნა ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად და ამიტომ მშენებელს, თუკი ზედამხედველობის სამსახური მას ამის წარმოდგენას სთხოვს, ასეთი კვლევა ადგილზე უნდა ჰქონდეს.
ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლისთვის დასმულ შეკითხვაზე: იცოდნენ თუ არა ნაკვეთის შეძენისას, რომ ეს პრობლემური ნაკვეთი იყო ან იყო თუ არა საერთოდ ის პრობლემური, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
სამსაათიანი სხდომის შემდეგ გამოცხადებული გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს. თუმცა მერიას ამ ეტაპზე ამ საკითხზე თავიდან მსჯელობა და ახალი აქტების გამოცემა აქვს დავალებული.
ადვოკატი ირმა მახათაძე ამბობს, რომ სადავო აქტების გაბათილება, ცხადია, მათი სურვილი იყო, და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა მას მაინც გაასაჩივრებენ. მახათაძის აზრით, ეს არ არის დადებითი პრაქტიკა, როდესაც სასამართლო, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ მოხდა კანონდარღვევა, მეორე მხრივ კი, საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და საქმეს განსახილველად იმავე ორგანოში აბრუნებს, რომელმაც ეს საქმე ერთხელ უკვე გადაწყვიტა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობის შესახებ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე შევიდა. გუშინ გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც "პარტიზანი მებაღეების", ზურაბ ბაქრაძის, თემურ კალანდაძისა და „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელებს აერთიანებდა.
ცალკე საქმედ რჩება თეა კუჭუხიძისა და „უსაფრთხო სივრცის“ მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის არსებითი განხილვაც ასევე ჯერ კიდევ არ დაწყებულა.