Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

(სათაურის მიზანი არ არის მხოლოდ გამოცდებში ჩაჭრილ მასწავლებელთა პროცენტული მაჩვენებლის გამოსახვა).

            ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, ზაფხულობით, მასმედია აიტაცებს ხოლმე მასწავლებელთა გამოცდების შედეგებს და კვირანახევრის განმავლობაში მასწავლებლებს ცხვირის გარეთ გამოყოფის გვრცხვენია. გვრცხვენია, რადგანაც დღევანდელი საქართველოს ყველა უბედურებას (მე შენ გეტყვი, აკლია იგინი ჩვენს კარგ ქვეყანას) დიდი და პატარა საწყალ მასწავლებლებს გვაბრალებს. კვირანახევარი საკმარისია ხოლმე - როდის ყოფილა აქამდე ქართველი უფრო ხანგრძლივად კონცენტრირებულიყო რაიმე სერიოზულ საკითხზე?!

            ეს ბოლო ორი წელიწადია ზაფხულის სირცხვილებს ზამთრის სირცხვილებიც დაემატა - მასწავლებლებზე ზრუნვის საბაბით სახელმწიფომ გამოცდები იანვარშიც დაამატა. სათაურში ნაჩვენებ რიცხვიც მიმდინარე წლის გამოცდებში ჩაჭრილი მასწავლებლების დაახლოებითი პროცენტული მაჩვენებელია.

            2016 წლის იანვარში საგნობრივი გამოცდა წარმატებით 1101 მასწავლებელმა ჩააბარა, რაც გამოცდაზე გასულთა (6477 პედაგოგი)  ჩვიდმეტი პროცენტიც კი არაა. რა გასაკვირია და, მედიამ თუ ექსპერტობამ ეს შედეგები კატასტროფულად, საგანგაშოდ, სამარცხვინოდ, სავალალოდ და კიდევ იმად გამოაცხადეს, რაც კი ამ დროს ადამიანს ენაზე მოადგება.

მინისტრი სანიკიძე უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა და განაცხადა: შედეგები სახარბიელო არა, მაგრამ არც სავალალოაო. უკეთესის მოლოდინი არც გვქონიაო.

მართალიცაა. ასეთი შედეგები ფიქსირდება მთელი ექვსი წლის განმავლობაში და 2016 წლის იანვარში რა მოხდებოდა ისეთი, სხვაგვარი მონაცემები რომ დადებულიყო?!

როგორ შეიძლება განვაზოგადოთ ეს მონაცემები? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?  ცხადია, ეს შეკითხვები პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე და ასეთივე პერიოდულობით ჩნდება მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები, სიბრძნენი - სხვათა შორის, საინტერესო და სასარგებლონიც (ვიმედოვნებ, ახლაც ერთ მათგანს კითხულობთ...). თვითონ პედაგოგებიც, პედაგოგიურ საზოგადოებაში გარკვეული რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონენიც, ხშირად მკაცრად აფასებენ პედაგოგთა შედეგებს და ამის მყისიერად გამოსწორებას მოითხოვენ... თითქოსდა სხვაგვარად შეუძლებელიცაა - ძნელია, შეეგუო იმ მახინჯ რეალობას, რომელსაც სარკე გაჩვენებს. სარკე, რომელსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდები ჰქვია

სანამ ამ სარკის მიერ ასახული რეალობის საჭიროებასა და ამ რეალობის რეალობასთან მისადაგებულობაზე ვისაუბრებ, მინდა ჩემი რამდენიმე შეხედულება გამოვთქვა:

  1. მასწავლებელთა პროფესიაში ზუსტად ისეთივე თანაფარდობაა კვალიფიციურსა და არაკვალიფიციურ კადრებს შორის, როგორიც ადვოკატთა, ექიმთა, გამყიდველთა, მეხანძრეთა, პოლიტიკოსთა, სტომტოლოგთა, პოლიციელთა და სხვა რაგინდარა პროფესიებში;
  2. არაპროფესიონალიზმი ზუსტად ისეთივე ხარისხით შემაშფოთებელია მასწავლებელთა შორის, როგორც ვეტერინართა, ოფიციანტთა, გიდთა, ექთანთა, მოსამართლეთა, ჯარისკაცთა, საჯარო მოხელეთა და სხვა რაგინდარა პროფესიის ადამიანთა შორის. (ის, რომ მასწავლებელი ჩვენი შვილების სულსა და გონებას ახარატებს, მასწავლებელი რომ საჭმელს არ ჭამს, იმგვარი თემაა და არ გვინდა ახლა...

კი ბატონო, მაგრამ ოთხმოცპროცენტიანი უვიცობა პროფესიებში?! მაშინ რესტორანში საჭმელი ვეღარ გვიჭამია, სტომატოლოგთან კბილი ვეღარ დაგვიბჟენია, საავადმყოფოს საოპერაციოდან ცოცხალი ვეღარ გამოვსულვართ, სასამართლოში სამართალი ვეღარ გვიპოვია, ქუჩაში კრიმინალებს ვეღარ ავრიდებვართ... იტყვის ჩემი პირველი შეხედულების დაშვებით დაეჭვებული მკითხველი.

...კი, მეც მიმაჩნია, რომ მასწავლებლებს შორის მწვავედ იგრძნობა კვალიფიკაციის დეფიციტი, მაგრამ არა უფრო მწვავედ, ვიდრე სხვა პროფესიებში... მაგრამ მაჩვენებლები? რა ვუყოთ გამოცდების შედეგებს?

საჯარო მოხელეებიც ხომ აბარებენ გამოცდებს, ადვოკატებიც, მოსამართლეებიც, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებიც? მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებით ისე ვერ დაიწყებ მუშაობას, თუ საჭირო გამოცდას არ ჩააბარებ.

მაშ, როგორ აბარებენ, მაგალითად, საჯარო მოხელეები გამოცდებს მეტ-ნაკლები წარმატებით, ხოლო პედაგოგები კი - კატასტროფული შედეგებით?

            სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ, არცთუ შორეული წარსულიდან ერთი ფაქტი გავიხსენოთ. ფაქტი, რომელიც გვარწმუნებს, რომ 2010 წლამდეც იყვნენ მასწავლებლები დახარისხებული სამ კატეგორიად სწორედაც რომ ტესტირების საფუძველზე. 1997-98 წლებში მოხდა მასწავლებელთა ტესტირება და მაშინ მასწავლებლები სამი - უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის ჯგუფებში გადანაწილდნენ. მაშინდელი ტესტირება ყველამ გაიარა. ანუ რა გამოდის? ოც წელიწადში რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა? ცხადია, არა... მაშინ ტესტირება სხვაგვარი მიდგომით, სხვაგვარი მეთოდოლოგიით, სხვაგვარი ადმინისტრირებით ჩაატარეს (მაგალიად, პედაგოგებს წინასწარ დაურიგეს ტესტის, შეკითხვის ყველა შესაძლო ვარიანტი. იყო სხვა განმასხვავებელი მომენტებიც). შედეგებიც ისეთი დაიდო, როგორიც დაიდო. ისეთი, როგორიც მაშინ, იმ ეკონომიკურ-სოციო-პოლიტიკური საქართველოსთვის იყო საჭირო, მისაღები.

            მოკლედ: თუ მოვინდომებთ, თუ სპეციფიკურ მიდგომებს გამოვიყენებთ, ჩვენ ნებისმიერ პროფესიაში შევძლებთ კადრების 80%-ის ჩაჭრას.

            არის თუ არა გამოყენებული პედაგოგთა გამოცდებზე ასეთი გართულებული მიდგომები?

            განვიხილოთ ისტორიის მასწავლებლის საგამოცდო ტესტი. რა უნდა იცოდეს ისტორიის მასწავლებელმა ამ ტესტის წარმატების ჩასაბარებლად? უნდა იცოდეს ისტორია, უპასუხებს ნებისმიერი მკითხველი და მართალიც იქნება. ამასვე ამტკიცებს, მოითხოვს ტესტიც. ისტორიის მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყველაფერი: დაწყებული აფრიკელი ქვის ხანის ადამიანების ისტორიიდან, უკანასკნელი საუკუნის ამბებით დამთავრებული. და ამ დიაპაზონშია: ბაბილონიც და ეგვიპტეც, საქართველოც და ინგლისიც, რომიც და მონღოლეთიც, საფრანგეთიც და აშშ-; ქვის ხანაც და სპილენძ-ქვის ხანაც, ძველი წელთაღრიცხვაც და ახალიც, ძველი მსოფლიოს ისტორიაც და შუა საუკუნეებიც, ახალი ისტორიაც და უახლესიც; აიეტიც და თუქულთინინურთაც, ნაბუქოდონოსორიც და კარლოსიც, ჟორდანიაც და ტუტანხამონიც; პარიზის კომუნაც და ამერიკის კოლონიზაციაც, ჰიქსოსების შემოსევაც და დიდი თურქობაც, ქუჩუკ-კაინარჯის ზავიც და ვორმსის კონკორდატიც...

მოსწავლეებს თუ ასწავლის, აბა, არ უნდა იცოდეს? - იკითხავს საქმეში ჩახედული მკითხველი. დიახ, უნდა იცოდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ეს ცოდნა, ამ ყველაფრის ცოდნა ერთბაშად, ერთ მომენტში არ აქვს ტვინში გააქტიურებული, იგი საგანს მოსწავლეებს ვერ ასწავლის.  

მასწავლებლობაში ჩაუხედავი მკითხველებისთვის დავწერ, რომ მასწავლებლობა ისეთი საქმიანობაა, რომელიც პერმანენტულ მომზადებას მოითხოვს. მასწავლებელი გაკვეთილის წინ ამზადებს მასალას და ემზადება თვითონაც. ანუ წინასწარ მეცადინეობს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის კვალიფიციური მუშაკი. წარმოიდგინეთ ადვოკატი, რომელიც მუშაობს სამოქალაქო სამართალში (სამოქალაქო სამართალი სამართლის ერთი დარგია. დაახლოებით ისევე, როგორც ისტორიის ერთი ნაწილია ახალი საუკუნეების ისტორია). როდესაც ეს ადვოკატი რაიმე ახალ საქმეს აიღებს, ცხადია, მას ესაჭიროება საკმაოდ სერიოზული მომზადება, მეცადინეობა ამ საქმის წარმატებით დასაძლევად...

შესაბამისად, ისტორიის მასწავლებელს ერთბაშად შესაძლოა არ ახსოვდეს კოლოსალური ინფორმაცია. არც უნდა ახსოვდეს და არც ამის შემმოწმებელი გამოცდა უნდა ჩააბარებინო მას, არ უნდა მოსთხოვო მას, რომ ეს ყველაფერი ახსოვდეს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ამ ტესტირებების ერთი შტრიხი გამოვკვეთოთ. ეს არის ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებული ტესტი. ინფორმაციაც არის და ინფორმაციაც. არასაჭირო ინფორმაციას ვგულისხმობ.

აქვე, ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ერთი მომენტიც, რომელსაც საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, მისი გარკვეული ნაწილი ასევე აღტაცებითა და ირონიით აღიტაცებს ხოლმე. გემახსოვრებათ ნიუსები შემდეგი ლიდით: „გამოცდაზე შესულ პედაგოგებს შპარგალკები უხერხული ადგილებიდან ამოუღეს“. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ, ალბათ, ერთხელ ან ორჯერ შეიძლება მოხდეს, ეს შემთხვევები საინფორმაციო ნიუსების ზედაპირზე მაინც ხვდება. უნდა მოხვდეს კიდეც, ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ტესტის ჩამტარებლის მიდგომაზე. ეს მიდგომა ტესტის ჩამბარებელს შპარგალკისკენ უბიძგებს. ეს მიდგომა ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებული მიდგომა...

 

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი სხვაგვარადაც ამოწმებს მასწავლებელს. ესმის თუ არა მას საგნის სწავლების მეთოდიკა, აინტერესებს ტესტის ჩამტარებელს. ამ მიმართულებითაც მასწავლებლებს ერთობ რთული უნარების ფლობა მოეთხოვებათ. საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ზოგიერთ, არცთუ იშვიათ შემთხვევაში მასწავლებელს უწევს ისეთი ცოდნისა და უნარების დემონსტრირება, რომლებიც სახელმძღვანელოს ავტორებისთვისაა საჭირო და პრაქტიკოს მასწავლებელს ისინი არ ესაჭიროება.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს სკოლებში სწავლება სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების შექმნასა და შესყიდვაზე სახელმწიფო ხარჯავს კოლოსალურ თანხებს (ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, სახელმძღვანელოებში სახელმწიფო ფულის ასეთი დოზით დახარჯვაში და, ზოგადადაც, სახელმძღვანელოებით სწავლებისადმი უარყოფითია, მაგრამ ეს სხვა თემისა და მსჯელობის საგანია). დღეისთვის ყველა საჯარო სკოლაში სწავლება სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მეტიც, შემოქმედებით მასწავლებლებს დიდი თავისტკივილი აქვთ ატეხილი, როგორმე გვერდი აუარონ სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ კალაპოტს და დამატებითი რესურს-მასალა გამოიყენონ გაკვეთილებზე. გარდა სახელმძღვანელოებისა, არსებობს მასწავლებლის წიგნები, რომელშიც წერია, თუ როგორ უნდა დაამუშაოს სახელმძღვანელოში მოცემული მასალა მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას. ამიტომაც არა საჭირო მასწავლებელს მოვთხოვოთ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ძალისხმევას აღემატება, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, დღევანდელ საკლასო ოთახში არ გამოიყენება.

 

საგამოცდო ტესტებში შესამჩნევია ერთი საინტერესო მომენტიც: ზოგჯერ სრულიად უწყინარი თემა და შინაარსი ისეთნაირადაა დაღვარჭნილი შეკითხვასა და პასუხების ვარიანტებში, რომ აბნევს გამოსაცდელს, მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მისგან...

მაგალითისთვის ვნახოთ ტესტური შეკითხვა დაწყებითი კლასების მასწავლებლის საგამოცდო ტესტიდან. ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ სპეციალური, საგანგებო ძიება ჩავატარე მაგალითის მოსაძებნად, განვიხილოთ ტესტის პირველივე შეკითხვა:

1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ზედსართავს არ მოეპოვება ხარისხის სამივე ფორმა?

() მწარე;

() ტკბილი;

() ლურჯი;

() მშვენიერი.

            რა არის ამ ტესტური შეკითხვის მიზანი? ორი მიზანი აქვს მას: 1. გამოარკვიოს, ერკვევა თუ არა მასწავლებელი ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებში. 2. დააბნიოს მასწავლებელი და უფრო მეტი დრო დაახარჯინოს სწორი პასუხის ამორჩევაზე. მხოლოდ პირველი მიზნისთვის შეკითხვა ასე უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული: „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ზედსართავს მოეპოვება ხარისხის მხოლოდ ორი ფორმა“...

ცალკეა აღსანიშნავი საგამოცდო ტესტის, . . თხზულების კომპონენტი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წონა აქვს (დაწყებითი კლასების მასწავლებლის ტესტში თხზულება წელს 13 ქულით ფასდებოდა). ტესტის გამსწორებლები არცთუ იშვიათად ამ კომპონენტზე წყრომით საუბრობენ ხოლმე -ისეთ რამეებს წააწყდებით ნაწერებში, რომ“... მერედა რა? აბა დაწერეთ ვინმემ დროითა და სივრცით შემოზღუდულ სიტუაციაში თხზულება მყისიერად შემოთავაზებულ თემატიკაზე! იმდენი უხერხული პასაჟი გაგეპარებათ, რომ მეორე დღეს მისი გადაკითხვისას თავადვე გაგიკვირდებათ და გეჩოთირებათ იგინი...

            დასკვნის სახით: მიუხედავად იმისა, რომ მე არ ჩამიტარებია საგამოცდო ტესტების საფუძვლიანი კვლევა, არცთუ მთლად ერთი შეხედვით, მიმტკიცდება რწმენა, რომ ტესტები თავისი სირთულით აღემატება ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს. მასწავლებელთა არასახარბიელო შედეგები ამითაცაა გამოწვეული.

რა ალტერნატიული მიდგომა უნდა დაინერგოს მასწავლებელთა ტესტირებისთვის? სანამ საკუთარ ვერსიას გაგიზიარებდეთ, დავფიქრდეთ - საჭიროა კი არსებული მოდელის შეცვლა? იქნებ, სამ-ოთხ წელიწადში ჩვენ სრულად გვეყოლება ასეთი გამოცდების წარმატებით ჩამბარებელი მასწავლებლები? მე ვფიქრობ, რომ სამ-ოთხ წელიწადში სახელმწიფო აუცილებლად დადგება ცვლილებების იძულებითი წესით განხორციელების წინაშე. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს დღესვე დაარწმუნებს, რომ გაამარტივოს ტესტები.

ტესტების გამარტივება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ისტორიის გამოცდის პროფესიული ცოდნის შემმოწმებელი ნაწილის გამარტივების შესაძლო ვერსია: მასწავლებელს წინასწარ უნდა მიეცეს იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლის ცოდნაც შემოწმდება გამოცდაზე. მაგალითად: 1. ქართლი ახ. . მე-4 საუკუნეში; 2. აშშ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში; 3. ზედა პალეოლითი კავკასიაში; 4. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ამავე მატიკას დაეყრდნობა მეთოდოლოგიური ცოდნის შემმოწმებელი ნაწილიც. ასეთივე მიდგომა უნდა დაინერგოს სხვა საგნის მასწავლებელთა გამოცდებზეც.

ამის შემდეგ ჩვენ გვეყოლება არა 80%, არამედ - 30% ჩაჭრილი მასწავლებელი, რაც ნორმალური და, რაც მთავარია, რეალისტური მაჩვენებელი იქნება. მათ გამოცვლაზე კი სასწრაფოდ, დღესვე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ...

საიდან მოვიტანე 30 პროცენტი? ჩემი დაკვირვებებით მასწავლებელთა მესამედი დღესვე სახლშია გასაშვები. მაგრამ მესამედი - ოცდაათი პროცენტი და არა - ოთხმოცი. მეორე მესამედი ისეთია, რომელთა განვითარების შემთხვევაში სრულიად დამაკმაყოფილებელი კადრები ჩამოყალიბდება, ხოლო დარჩენილი მესამე მესამედი თამამად ამოუდგება გვერდით ნებისმიერი დაწინაურებული ქვეყნის პედაგოგთა კოჰორტას.

ვიმეორებ: ის, რომ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი წარმატებით ძლევს შემოთავაზებულ გამოცდებს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ადვილი და დაძლევადია ყველასთვის. ზოგიერთი პედაგოგი, და მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს, ნამდვილი ტალანტია და სრულიად შემთხვევით, ამა ქვეყნის უკუღმართობათა გამოა შერჩენილი მასწავლებლის პროფესიას (არა, ტალანტები სკოლაშიც კარგია, რატომაც არა. უბრალოდ, საჭირო არაა. უფრო სწორად, სხვაგან უფრო საჭირონი არიან). ოდა, ამ ტალანტებზე გამოცდების მორგება ხომ არასწორი იქნება?!

P.S. იმედია ცხადია, რომ მე სულაც არ ვრაცხ ჩემს თავს ქართველ პედაგოგთა მესამე, დაწინაურებული მესამედის რიგებში. კარგად ვაცნობიერებ ხარვეზებს, რომელიც თან ახლავს ჩემს სწავლებას, ჩემს გაკვეთილებს. ვცდილობ, გავხდე უკეთესი და ვმუშაობ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე. დარჩენილი ორი მესამედიდან კი რომელს მივაკუთვნებ საკუთარ თავს, თავად მკითხველმა წამოიდგინოს.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^