“აუდიტორია 115-ის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სხვა მოთხოვნებთან ერთად სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა იყო. თვითმმართველობის რეფორმირების მოთხოვნებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ნაწილობრივ იზიარებენ. სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას არ ეწინააღმდეგებიან განათლების სამინისტროს მესვეურებიც. მინისტრის თქმით, ცვლილებების შინაარსზე თავად სტუდენტები და ადმინისტრაცია უნდა შეთანხმდნენ. შესაძლოა, ცვლილებებისთვის უნივერსიტეტის წესდების შეცვლა საკმარისი იყოს, თუმცა მინისტრი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივის მხარდაჭერისთვისაც მზადაა.
დღეს სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ კანონი ამბობს:
მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქმიანობაში თვითმმართველობის სტუდენტური ჩაერიოს ,აქვს არა უფლება ადმინისტრაციას დაწესებულების საგანმანათლებლო უმაღლესი4. .
ვლადიმერ პაპავას რექტორად დანიშვნის შემდეგ სტუდენტურ თვითმმართველობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსება გაუუქმდა. პაპავამ 7 მარტის აქციაზე თქვა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში სტუდენტური პროექტებისთვის მილიონ სამასი ათასი გამოიყო. ამ თანხის 22%, 28 6000 ლარი, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ შეთავაზებულ პროექტებში დაიხარჯა,.
„აუდიტორია 115-ის“ წევრები თვითმმართველობის სისტემის სრულ გადაქმნას მოითხოვს. კერძოდ, მათ მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის სრული გარდაქმნა და თვითმმართველობის ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობით საბჭოებში მუშაობა იყოს. გარდა ამისა, თვითმმართველობამ უნდა გააუქმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და დეპარტამენტები. მათი მოთხოვნით, უნდა შეიქმნას სტუდენტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების საგრანტო-საკონკურსო კომისია, რომ თანხა თავისუფალმა კლუბებმა გამოიყენონ.
Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი, რომელიც უმაღლესი განათლების კანონის შექმნაშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ ყველა ქვეყნა, ვინც ბოლონიის პროცესში მონაწილეობს, ვალდებულია, უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა, თუმცა სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ბევრი სხვადასხვა მოდელი არსებობს და მისი ფორმირებაც თავად უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გადასაწყვეტია. ლიკა ღლონტის თქმით, ის ამ ეტაპზე სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მომხრეა. ის ფაკულტეტების საბჭოებსა და მმართველ ორგანოებში სტუდენტების წარმომადგენლობის საჭიროებაზე საუბრობს.
“ბოლონიის პროცესში მონაწილე ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ სტუდენტები მართვაში ამა თუ იმ ფორმით იყვნენ ჩართული. ეს ფორმები სხვადასხვა სახისაა. ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებში არსებობს ისეთი ტიპის სტრუქტურები, როგორიც ჩვენ გვაქვს. ზოგან არის სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. ზოგან სტუდენტთა ორგანიზაციებია. ის მოდელი, რომელიც ჩვენთან არსებობს, არ არის მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი. როცა ჩვენ ამ კანონს ვწერდით, იყო რაღაც ნიმუშები აღებული. თვითმმართველობა, რომელიც არჩევითობის პრინციპზეა დაფუძნებული, ბევრ ქვეყნაში არსებობს.
მე ამ ეტაპზე თვითმმართველობის საერთოდ გაუქმების მომხრე ვარ. საჭიროა სტუდენტების წარმომადგენლობა ფაკულტეტების საბჭოებში და მმართველ ორგანოებში. შეიძლება თვითმმართველობა აღარ არსებობდეს და იყოს სტუდენტური კლუბები. მთავარია, წარმომადგენლობით საბჭოებსა და ფაკულტეტების საბჭოებში გარანტირებული იყოს მათი მონაწილეობა.იმ უნივერსიტეტებშიც კი, სადაც თვითმმართველობებს ექსკლუზიური დაფინანსება მოუხსნეს, უპირატეს დაფინანსებას საკონკურსო პროექტებში მაინც თვითმმართველობა იღებს. უმჯობესია, ის საერთოდ გაუქმდეს, რათა არ იძლეოდეს მანიპულაციის საშუალებას“.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძის თქმით, უნივერისტეტები სტუდენტური ორგანიზაციების მოწყობის საკითხში თავისუფალი არიან.
"ბოლონიის პროცესს აქვს ერთადერთი პრინციპი - უნივერსიტეტის მართვაში ჩართული იყვნენ სტუდენტები, რომ მათი ჩართულობის გარეშე არ მოხდეს უნივერსიტეტების მართვა. იქ არ წერია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა მაინცდამაინც იმ ფორმით უნდა არსებობდეს, რა ფორმით დღეს გვაქვს. როგორც მე გავიგე, „აუდიტორია 115-ის“ წევრთა მოთხოვნაა, შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომელიც მმართველ ორგანოებში სტუდენტებს წამოადგენს. მეორე მხრივ, შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუდენტური ჯგუფის ჩართვას, როგორც სტუდენტურ აქტივობებში, ისე საუნივერსიტეტო ცხოვრების მართვაში. მოდელი დამოუკიდებლად უნივერსიტეტებმა სტუდენტების მონაწილეობით უნდა განისაზღვროს." - ამბობს შალვა ტაბატაძე.
სტუდენტური თვითმმართველობების შესახებ კვლევა 2010 წელს ტემპუსის ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 17 უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტი, 17 სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ან წარმომადგენელი და 17 ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოიკითხა.
2010 წლის კვლევის ძირთადი მიგნებები:
თვითმმართველობის საქმიანობა, ძირითადად მოიცავს სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას. ამ მიმართულებით მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. გამოკითხული სტუდენტები ყველაზე ხშირად თვითმმართველობების მიერ სილამაზის კონკურსებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას ასახლებენ. გვხვდება შემთხვევები, როცა თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას უწევს ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებს, ეხმარება სტუდენტებს წავლების გადასახადის გადავადებაში. ის ნაკლებად ახორცილებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
სტუდენტების 59% აცხადებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით;
მის მუშაობას ათბალიან შკალაზე 6 ქულით აფასებენ;
სტუდენტთა 73% აცხადებს, რომ არასოდეს მიუმართავს თვითმმართველობისთვის რაიმე ინიციატივით;
უსდ თვითმმართველობების ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში უსდ ბიუჯეტის 1 პროცენტს არ შეადგენს.
კვლევის ფარგლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის თვითმმართველობიდან ბიუჯეტის დასამტკიცებლად პროექტების და ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვების ასლები მოვითხოვეთ. განგვიცხადეს, რომ აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობამ უარი თქვა, ჰქონოდა ბიუჯეტი და გადაწყვიტა მათთვის განკუთვნილი ფინანსები სტუდენტთა სტიპენდიებსა და პროფესორ-მასწავლებლების ხელფასებზე დახარჯულიყო. ღონისძიებების ჩასატარებლად თვითმმართველობა ეძებს სპონსორებს.