Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაბრუნება მიწის ქვეშ

18 მარტი 2016

ტყიბულში გაფიცვა პროტესტის მეთექვსმეტე დღეს დასრულდა. კომპანია „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ადმინისტრაციასთან ერთად შეთანხმებას გაფიცული მუშების კომიტეტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. კომპანიამ მუშების მოთხოვნაზე, ხელფასი 40%-ით გაეზარდა, უარი თქვა და შემოსავლის 7%-ით, აპრილიდან კი დამატებით 3%-ით გაზრდას შეჰპირდა.

ჩემი ხმა გესმით? - ტყიბულში გაფიცვის მეთხუთმეტე დღეა. 28 თებერვალი. გამგეობის შენობის წინ საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ხმის მოწყობილობას ამოწმებს. მის წინ მეშახტეები შეჯგუფებულან. მათთან ერთად დგანან სოლიდარობის ნიშნად ჩამოსული სტუდენტური გაერთიანების წევრები, ასევე - მუშები სხვადასხვა საწარმოო ქალაქიდან.

„სოლიდარობა მუშებს“, „გაიზარდოს ხელფასები“, „არა ბიზნესდიქტატურას“, „შრომის ინსპექცია უუნაროა“ - ამ წარწერებით გაფიცულ მუშებს აქციის სხვა მონაწილეები ამხნევებენ.

„ხვალ მედიაციის პროცესი დასრულდება და, სავარაუდოდ, უშედეგოდ. ხვალ ზესტაფონი დადგება ფეხზე. დღეს ჩვენ ვდგავართ ფეხზე. გუშინ ქსანი იყო, გუშინწინ - ჭიათურა. რა უნდა უთხრან ამ ხალხს, ერთად რომ დაიძვრებიან და სახელმწიფოს ეტყვიან: ჩვენ გვშია, გვწყურია.  ჩვენ აღარ ვართ მონები, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი“, - აქციის ერთ-ერთი გამომსვლელი ტყიბულელ მეშახტეებს მიმართავს.

ამის შემდეგ წუთიერი დუმილით აქციის მონაწილეები შახტაში დაღუპულ მუშებს პატივს მიაგებენ და ქალაქის გავლით „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ („საქნახშირი“) ადმინისტრაციულ შენობასთან ინაცვლებენ, სადაც უკვე 15 დღეა, კარავში ღუმელი არ ჩამქრალა. ზუსტად სამი დღის წინ აქ ხმაური იყო. მუშები წვიმასა და სიცივეში დაახლოებით ოთხი საათი ჯანდაცვის სამინისტროს, საგაფიცვო კომიტეტისა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებს ელოდებოდნენ. 10 საათი იყო, საგაფიცვო კომიტეტის წევრმა რუპორი მოიმარჯვა, ხელში თაბახის ორი ფურცელი ეჭირა. თვალები ყველას მისკენ ჰქონდა მიმართული:

„მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ „საქნახშირი“ ორი თვის განმავლობაში განახორციელებს ყველა შესაძლო გონივრულ ქმედებას კომპანიაში დანერგილი სახელფასო სისტემის გადახედვისა და ოპტიმიზაციის მიზნით. კომპანია შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყველა გონივრულ ქმედებას მიმართავს. გაფიცვის პერიოდში გაცდენილი საათები ანაზღაურდება გამოუყენებელი/გამოსაყენებელი შვებულების ხარჯზე“, - კითხულობს საჯაროდ კომიტეტის წევრი.

რამდენიმე წამში, მოულოდნელად, მის გვერდით მდგომი გაფიცული მუშა თაბახის ფურცელს კომიტეტის წევრს ართმევს და შუაზე ხევს:

„გვატყუებენ!“, „ეს არაა შეთანხმება!“, „ეს მუშების დაცინვაა!“.

იმ ღამეს გაფიცულები, სტუდენტური გაერთიანების წევრებთან ერთად ადმინისტრაციის შენობაში იჭრებიან. გაბრაზებულები არიან. გაფიცულებს შორის კომპანიის ფინანსურ დირექტორს, ზურა გენელიძეს ვხედავთ, ცდილობს, მასაში გზა გაიკვლიოს და შენობიდან გავიდეს.

იმ ღამეს აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს თავიანთი მოთხოვნები. იყო ემოციური საუბრები და ბევრი უკმაყოფილება, თუმცა შენობა დაახლოებით ერთ საათში პოლიციის მოთხოვნით დატოვეს.

ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის შემდეგ მეშახტეებში გაფიცვის მუხტი უფრო მეტად გაძლიერდა. მეთხუთმეტე დღეს გამგეობის შენობასთან, აქციაზე მეშახტეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებდნენ:

„ახლა უკან დახევა აღარ შეიძლება. სირცხვილია 366 ლარზე ასეთ მძიმე სამუშაოზე მუშაობა.  უკან ჩემი შვილი, მისი შვილი, ჩვენი მშობლები და მეუღლეები დგანან“, - მეუბნება გაფიცული თეიმურაზ ხაჭაპურიძე.

მეორე დღეს, 29 თებერვალს მოვლენები იცვლება. დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციისა და სტუდენტური გაერთიანების წევრები მუშების მიმართ ძალადობის შესახებ იწყებენ საუბარს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუშებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ და გარკვეულ დათმობებზე წასვლას ურჩევენ. შუადღისთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგაფიცვო კომიტეტის წევრების, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პროფკავშირების ხელმძღვანელის, ბიზნესომბუდსმენისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა იწყება.

ღამის პირველის ნახევრისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება შედგა და გაფიცვა დასრულებულია.

გაფიცულების მოთხოვნები ხელფასის 40%-ით გაზრდასთან დაკავშირებით უგულებელყოფილია. კომპანია მზადაა, მეშახტეებს ხელფასი 7%-ით, აპრილიდან კი 3%-ით გაუზარდოს. შეთანხმებაში საუბარია შრომის პირობების გაუმჯობესებაზეც, თუმცა ძალიან ზოგადად და გრძელვადიანი გეგმებით.

დილით, 12 საათზე, 16-დღიანი გაფიცვა წყდება და ტყიბულელი მუშები შახტაში ბრუნდებიან.

***

დემურ ზოსიაშვილი გაფიცვის მეთორმეტე დღეს გამგეობის შენობის წინ  აქციაზე გავიცანი. 74 წლისაა. 45 წელი შახტში, მნგრეველად მუშაობდა. ამბობს, რომ სამსახურიდან 2011 წლის გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაციის თანამშრომელმა პროტესტის გამო გაათავისუფლა.

ერთი შვილი ჰყავს. ისიც მეშახტეა. ექვსი წლის წინ მინდელის სახელობის შახტაში აფეთქება მოხდა და დემურის შვილი 27 დღე ქუთაისის საავადმყოფოში აპარატზე იყო შეერთებული. აფეთქების დროს მასთან ერთად სხვა მეშახტეებიც იყვნენ; ოთხი მათგანი ადგილზე დაიღუპა:

„აფეთქების შემდეგ ჩემს შვილთან რომ მივედი, ისეთი დასახიჩრებული იყო, ძლივს ვიცანი. შახტაში სამუშაოზე აღადგინეს, მაგრამ პერიოდულად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი ნერვიულობა არ შეიძლება, ძალიან ცუდად ხდება ხოლმე“, - მეუბნება დემურ ზოსიაშვილი.

მისი მეგობარია მეორე მეშახტე ავთანდილ ასათიანი. ისიც შახტათან დამარცხებული, როგორც თვითონ უწოდებენ ტრავმებს. მერე 9 თვე შვებულებაში იყო, მკურნალობდა. ახლა კარგად გრძნობს თავს, მაგრამ თავში აფეთქების დროს მოხვედრილი პლასტსმასის ნამსხვრევი აქვს ჩარჩენილი:

„ვერაფერს ვიტყვი, მკურნალობა მთლიანად დამიფინანსა კომპანიამ, კვებისთვისაც კი გამომიყო 200 ლარი, მაგრამ მერე პენსიას აღარ გვაძლევენ და იძულებული გავხდი, შახტაში დავბრუნებულიყავი. ამ წუთს არ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თავში ზედმეტ მასას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეს როდის იჩენს თავს, კაცმა არ იცის”.

ოთხი წლის წინ 1200 ლარი ჰქონდა ხელფასი. ნელ-ნელა შეუმცირდა და ახლა 800 ლარს იღებს. 54 წლისაა, სამი ზრდასრული შვილი ჰყავს, სამივე უმუშევარი.

ამბობს, რომ გაფიცვა სამართლიანია და უფრო დაბალანაზღაურებად მუშებს მათი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„უკან დასახევი გზა არ გვაქვს, შახტაში არ ჩავალთ, სანამ პირობები არ გაუმჯობესდება“, - მეუბნებოდა გაფიცვის მეთორმეტე დღეს ავთანდილ ასათიანი.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს ოთხართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ხათუნა კეკელია  ქმარსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ქმარი სანგრევის მუშაა, აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი.

შემოსავალი - 500 ლარი. რამდენიმე წლის წინ 1200 ლარსაც იღებდა, თუმცა ნელ-ნელა კომპანიამ შემოსავალი შეუმცირა.

ხათუნა იხსენებს, რომ ამ თანხით შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ, აღებული ჰქონდათ კრედიტები და სტუდენტი შვილის სწავლის გადასახადისთვის ფულის სესხება არ უწევდათ.

„ბავშვების ნორმალური კვებისთვის არაფერი გვრჩება. ტყიბულში ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, დაბინძურებულია ჰაერი, კანალიზაციის სისტემა მოშლილია, ბინძურ წყალს ვსვამთ. ხან ერთი მიხდება ცუდად, ხან მეორე. იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შიმშილზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ბავშვებს ხომ უნდათ ხანდახან რძე, კარაქი, ხორცი. მოზარდობის ასაკი აქვთ და ჯანმრთელობის მხრივ ხელის შეწყობა უნდათ“.

ხათუნა ქალაქში საავადმყოფოს გაუმართავ მუშაობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში გაუქმდა გარკვეული მომსახურებები და ახლა მხოლოდ ამბულატორია მუშაობს:

„რამე სერიოზული დაავადება თუ აქვს ადამიანს, ქუთაისში ან ზესტაფონში უნდა წავიდეს. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა; ექიმებს დაბალი ხელფასი აქვთ და მომსახურებაც ასეთივე დაბალია. ასეთი საწარმოო ტრავმების რისკის ქვეშაა მთელი ტყიბული და ჩვენ კიდევ ასეთი სამედიცინო მომსახურების ანაბარად ვართ დარჩენილები“, - ამბობს ხათუნა კეკელია.

გაფიცვების დროს ქმარს გვერდით უდგას. თვითონ ბავშვებთანაა, ქმარი სხვა მეშახტეებთან ერთად ღამე კარავში მორიგეობს.

***

2011 წლის 3 თებერვალს შპს „საქნახშირსა“ და საქართველოს პროფკავშირებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2016 წლის 26 თებერვალს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლობერიძემ გაავრცელა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას „ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ინფლაციის მაჩვენებელს გაითვალისწინებდა და ეს დასაქმებულთა ხელფასზე აისახებოდა.

შეთანხმება არ შესრულებულა და განსაკუთრებულად აქტუალური ტყიბულის ბოლო გაფიცვის დროს გახდა.

პროფკავშირები ამ შეთანხმებიდან 5 წლის შემდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს.

ბოლო გაფიცვის დროს, რომელიც ტყიბულში 13 თებერვალს დაიწყო,  გაფიცულები მთავრობის  მხარდაჭერასა და მედიაციის ეფექტიან პროცესს მოითხოვდნენ. ასევე მოითხოვდნენ სამმხრივი კომისიის შეკრებასა და შრომის პოლიტიკის შესახებ დისკუსიის გამართვას. კომპანიის ადმინისტრაციას რამდენჯერმე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა, ტყიბულში იყო ჩასული საქართველოს ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძეც. „ჯი-აი-ჯის“ ფინანსურმა დირექტორმა, ზურაბ გენელიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ „ბუნებაში შეუძლებელია მეშახტეების ხელფასის 40%-ით გაზრდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნახშირის ფასი დაცემულია და კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს“.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულთა კომიტეტის წევრებს, ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პაატა ჟორჟოლიანს, საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილსა და მის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას, ასევე ტყიბულის დეპუტატს, ელისო ჩაფიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, გიორგი გახარიას შეხვდა. სწორედ ამ დღეს შეწყდა მეშახტეების გაფიცვა. კომპანია მათ ხელფასის 7%-ით, აპრილიდან კი 3%-ით გაზრდას დაჰპირდა.

თუმცა, რის საფუძველზე გაუზარდა კომპანიამ მუშებს ხელფასი მხოლოდ 10%-ით და წარუდგინა თუ არა შესაბამისი დამადასტურებელი ფინანსური მონაცემები შეთანხმების სხვა მხარეებს? ამის შესახებ „ლიბერალი“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, პაატა ჟორჟოლიანს ესაუბრა. მისი განმარტებით, კომპანიას ამის ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან ის კერძოა და მისი ფინანსური მდგომარეობა კომერციული საიდუმლოებაა.

„კომპანიამ თქვა, რომ მეტის საშუალება არ აქვს და მას სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ეს იყო კრიტიკული ვითარება, სადაც ორივე მხარეს უნდა დაეთმო. ამ შემთხვევაში კომპანიაც წაგებაზე წავიდა და მუშებსაც რაღაცის დათმობა მოუწიათ. შეიძლება ეს მეშახტეების შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა არაა, მაგრამ ზოგიერთისთვის ესეც დიდი ნაბიჯია“, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMჩ-იმ მეშახტეებთან ინტერვიუირების საშუალებით დაადგინა, რა რაოდენობის ხელფასი აქვთ მეშახტეებს პოზიციების მიხედვით. ყველაზე დაბალი შემოსავალი გამგორესთვის 368 ლარია, რომელსაც ნახშირი გარეთ გამოაქვს. მაქსიმალური კი ნახშირმომპოვებელ უბანში მნგრეველისთვის 1000 ლარია.

ხელფასის ზრდა მეშახტეების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. გაფიცვის პერიოდში ისინი ყურადღებას შრომის პირობების გაუმჯობესებაზეც ამახვილებდნენ. შეთანხმებაში ამაზეცაა საუბარი, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა მოკლევადიანი გეგმები აქვს კომპანიას. „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ადმინისტრაციული დირექტორი, ნინო ჯორბენაძე „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, რომ: „შრომის პირობებზე ზრუნვა სახელმწიფო ორგანოებისა და კოლექტივის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ჩაივლის. გაძლიერდება კომუნიკაცია პერსონალსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის, ჰოლდინგის ხელმძღვანელების უშუალო ჩართულობით, რაც მომავალში რაიმე სახის დაძაბულობასა და გაურკვევლობას საფუძველში აღმოფხვრის“.

პაატა ჟორჟოლიანის ინფორმაციით კი, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი 2 მარტს საწარმოს ნებართვის საფუძველზე უკვე შევიდა შახტების შესამოწმებლად და რამდენიმე თვეში მათ დეპარტამენტი შესაბამის რეკომენდაციებს გადაუგზავნის: „საწარმო დაგვპირდა, რომ შრომის უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს“.

გაფიცვის დღეებში მეშახტეებთან არასამთავრობო ორგანიზაცია EMჩ-ის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ორგანიზაციის იურისტი ლინა ღვინიანიძე შეთანხმების პროცედურებსა და შემდეგ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მოულოდნელი არ ყოფილა 29 თებერვალს მხარეებს შორის შეთანხმება: „ამ დღეს დილიდანვე იგრძნობოდა, რომ ყველა მხარემ შეცვალა სტრატეგია, საწარმო წინა დღეს კონსერვაციაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ შახტებში კრიზისი იყო. ეს იყო სახელმწიფოს მიმართ ბოლო სიგნალის გაშვება. გარდა ამისა, დილიდან ვხედავდით, როგორ შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება, მაშინ როდესაც მთელი ორი კვირის განმავლობაში, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე აბსოლუტურად ღიად გამოხატავდნენ მუშების მოთხოვნების მიმართ სრულ მხარდაჭერას, დილიდან მუშებს სათითაოდ არწმუნებდნენ, რომ საწარმოს შეთავაზება მიეღოთ“.

ლინა ღვინიანიძის თქმით, ბევრ შეკითხვას ბადებს ისიც, როგორ დარწმუნდნენ მხარეები, რომ კომპანიას სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა: „მედიატორის მიზანი სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რომ ენახათ კომპანიის ხარჯი, შემოსავალი, დოკუმენტები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღოთ. სხვა მხრივ, ბევრი ეჭვი და შეკითხვა ჩნდება ამ შეთანხმების მონაწილეების მიმართ. წინა დღეს ჩვენ ვნახეთ აქცია, სადაც მუშები ბრძოლისთვის მზად იყვნენ, 24 საათში კი მოვლენები დრამატულად იცვლება და ისინი კომპანიის კაბალურ შეთანხმებას ხელს აწერენ. თან აღსანიშნავია, რომ ამ დროს პროცესებში არაა ჩართული გაფიცულების დიდი ნაწილი. მათ მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, რომ გაფიცვა დასრულდა და სამუშაოზე უნდა დაბრუნებულიყვნენ“.

EMჩ-ის იურისტი მოვლენების ასეთ განვითარებაში სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგებს ხედავს. აღნიშნავს, რომ გაფიცვის დღიდან მუშები მთავრობის ჩართულობას და ეფექტიან მედიაციას ითხოვდნენ, რომელსაც ორი მექანიზმი ჰქონდა. ერთი მედიაცია, რომელიც უფრო ლოკალური და ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვისაა საჭირო და მეორე, სამმხრივი კომისია, რომელიც სამთავრობო დონის, პოლიტიკური ფორუმია.

„საბოლოოდ, სახელმწიფომ გამოიყენა სპეციალურად ტყიბულისთვის შექმნილი მექანიზმი, შერეული ფორმატი, სრულიად გაუგებარი, სადაც მთავრობა ფაქტია, რომ ჯერ ცდილობდა, დაბალი რანგის მოხელეებით მოეგვარებინა საქმე, ბოლო დღეს კი ბიზნესომბუდსმენი ჩართო პროცესებში. ამ ადამიანებს კი არ ჰქონდათ ეფექტიანი მედიაციის არც გამოცდილება და არც კომპეტენცია“, - ამბობს ლინა.

რაც შეეხება შეთანხმების შემდეგ პროცესების მონიტორინგს, ღვინიანიძე ამბობს, რომ ამ პირობების შესრულების გარანტორი არის პირველ რიგში საწარმო, მაგრამ თუ ის უარს იტყვის, მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა დანარჩენ მხარეებს ეკისრებათ და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე პროფკავშირებია:

„თუ სათუო გახდება ამ ხელშეკრულების შესრულება, პროფკავშირმა სასამართლო დავა უნდა დაიწყოს. ოღონდ ეს არ უნდა გაიწელოს დროში, როგორც მოხდა 2011 წლის შეთანხმების დროს. ამ შეთანხმების გასაჩივრება მათ გაცილებით ადრე შეეძლოთ“.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, საქმე სასამართლოში წავა.

მისივე თქმით, კომპანიას მეტის დათმობა შეეძლო, მუშების მიმართ უფრო მეტი კეთილგანწყობა რომ გამოეჩინა. მუშები კი ამ შეთანხმებას იმიტომ დასთანხმდნენ,  სხვა გზა არ ჰქონდათ. პეტრიაშვილი ხაზს უსვამს შეთანხმების პროცესში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობასაც:

„ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდოდა. მუშებს სახე ჰქონდათ უკვე დაკარგული; მათ უკან ოჯახები იდგა და უამრავი საბანკო ვალი იყო. ამიტომ შეიძლება, ზოგისთვის მომატებული 30 ლარი არაფერს ნიშნავს, და ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ ზოგისთვის ოჯახის უზრუნველსაყოფად 87 ლარიც კი  მნიშვნელოვანია“.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, რის საფუძველზე ამბობს კომპანია, რომ კრიზისი აქვს, ფინანსური დირექტორი ზურა გენელიძე გვპასუხობს: „მაშინ, როცა 2014-2015 წლებში მოპოვებული ნახშირის მოცულობა შეადგენდა 450 000 ტონას წელიწადში, 2016 წლისთვის საპროგნოზო მოპოვება განსაზღვრულია 360 000 ტონით“.  

„ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ჯორბენაძე მოლაპარაკებების პროცესში მთავრობის წარმომადგენლების პოზიტიურ როლს უსვამს ხაზს, თუმცა პროფკავშირების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი:

„მათი მხრიდან გარკვეული მცდელობა იყო, ვითარების რადიკალიზაციის გზით პროცესში თავიანთი როლი წამოეწიათ, რაც  არაფრით განასხვავებდა მთელი რიგი არასამთავრობოებისგან, რომლებიც დაძაბულ გარემოში წმინდა წყლის პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები“, - აცხადებს ჯორბენაძე.

***

მეშახტეების გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 თებერვალს მუშები გაიფიცნენ ქსანშიც. სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელს სამი მოთხოვნა ჰქონდა: ხელფასის 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლების მიცემა ადგილობრივი და დარგობრივი პროფკავშირისთვის და საწარმოს ტერიტორიაზე საოფისე ფართის გამოყოფა ადგილობრივი პროფკავშირისთვის.  გაფიცვის 30-ე დღეს, მოლაპარაკებების შედეგად კომპანიამ მუშებს მოთხოვნილი  30%-ის ნაცვლად ხელფასის 7,5%-ით გაზრდა შესთავაზა. ასევე, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პროფკავშირისთვის ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე კი მუშაობა აპრილიდან დაიწყება და ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე.

ლინა ღვინიანიძე, EMჩ-ის იურისტი ამბობს, რომ ბოლო გაფიცვების მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რამდენად პრობლემატურია დღეს ქვეყანაში შრომის პოლიტიკა:

"მიუხედავად ტყიბულის გაფიცვის შედეგებისა, მნიშვნელოვანია, რომ მათი დახმარებით, კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში  დასაქმებულების პრობლემები საქართველოში.  არაა გამორიცხული ეს ტალღა სხვა საწარმოო ქალაქებსაც მოედოს, მაგრამ პრობლემები, რომელიც დიდი ინდუსტრიული ქალაქების გარდა, სხვა პატარა კერძო და საჯარო დაწესებულებებშიცაა, ისევე აქტუალური და მოუგვარებელია, ამიტომ ამ გაფიცვების შემდეგ მთავრობა უნდა დაფიქრდეს, როგორი აუცილებელი და დროულია დასაქმებული ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებზე ზრუნვა და ღირსეუბული შრომის პირობების შექმნა”, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^