Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარასკევობით, როდესაც ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ყოველკვირეულ ლოცვას, ჯუმას აღავლენენ, ორთა ჯამეს მეჩეთში ასობით მლოცველი იკრიბება. მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. ამიტომ მუსლიმები იძულებულნი არიან, ლოცვა სალოცავის ეზოში გაშლილ ხალიჩებზე აღავლინონ.

ბათუმში მცხოვრები მუსლიმი თემი უკვე მრავალი წელია, ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის გამოყოფას ითხოვს. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, რომელიც მუსლიმებმა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღეს, ხელისუფალთა გეგმები  ბუნდოვანია, პრობლემა კი დღემდე მოუგვარებელი რჩება.

ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი რამდენიმე წლის წინ, 2012 წლის არჩევნებამდე,  სპეკულაციის საგანი გახდა. მოქალაქეთა ნაწილი ამბობდა, რომ მუსლიმი მრევლი აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ითხოვდა და მეჩეთის აშენება-არაშენების საკითხს სახელმწიფოსა და თურქეთთან დადებულ შეთანხმებას მიაწერდნენ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუსლიმი მრევლის სახელით გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მლოცველები თანახმა იყვნენ არსებული მეჩეთის, ორთა ჯამეს გაფართოებაზე, თუმცა ბოლო პერიოდში მკვეთრად გამოიკვეთა რომ მუსლიმები ახალი მეჩეთის მშენებლობას საჭიროებენ და არსებულის რესტავრაცია-განახლებაზე თანახმა არ არიან.

რას ითხოვენ მუსლიმები?

ბათუმში ორი მეჩეთია - ადლიის მეჩეთი და ორთა ჯამე, რომელიც მლოცველებს ვერ იტევს და ამის გამო, პარასკევობით, 500-მდე მუსლიმი ლოცვას შენობის გარეთ აღავლენს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია, რადგან მრწამსი მუსლიმ ქალებს მამაკაცებთან ერთად ლოცვის უფლებას არ აძლევს. მართალია, ჯუმა მუსლიმი ქალებისთვის აუცილებელ ლოცვას არ წარმოადგენს, თუმცა, წესის თანახმად, ქალებმა მამაკაცებისგან განცალკევებულ ადგილას უნდა ილოცონ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯამე ვერც მამაკაც მლოცველებს იტევს, ქალ მუსლიმებს პარასკევობით მეჩეთში ლოცვის საშუალება თითქმის არასდროს ეძლევათ.

 მლოცველთა სიჭარბის გამო მუსლიმები ბათუმში არსებულ მედრესეებსა და ყურანის კურსებისთვის განკუთვნილ შენობებში ლოცულობენ. საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გამოყოს და მშენებლობის შესაბამისი ნებართვები გასცეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კეთილ ნებას არ გამოამჟღავნებს, მუსლიმები მზად არიან, მრევლში შემოწირულობები შეაგროვონ და მიწის ნაკვეთი დამოუკიდებლად იყიდონ, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლება მათ დაეხმარება.

აღნიშნულმა ჯგუფმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მოთხოვნებს ხელისუფლებისგან კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია და თუ ასე გაგრძელდება, მუსლიმ თემს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართოს.

რაც შეეხება მუსლიმთა სამმართველოს, მისი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს აქვს მზაობა, მხარი დაუჭიროს თავის საზოგადოებას“ და მიიჩნევს, რომ საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

ჯერ კიდევ მარტში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის მთავრობასთან მეჩეთის ასაშენებლად ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნაზე საუბარს აპირებდა. მისი თქმით, მეჩეთის საკითხი უკვე დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას და შესაბამისი რეაგირება ალბათ აჭარის მთავრობასთან საუბრის შემდეგ იყო მოსალოდნელი.

საინიციატივო ჯგუფმა ბათუმში გამაფრთხილებელი აქცია დაახლოებით ერთი თვის წინ გამართა. პარასკევის ლოცვის შემდეგ, რომელიც მუსლიმთა ნაწილმა ისევ ღია ცის ქვეშ, გაშლილ ხალიჩებზე აღავლინა, ისინი აჭარის მთავრობის სახლისკენ გაემართნენ. მათი მოთხოვნა ამჯერადაც იგივე იყო - მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვების მიღება. მუსლიმებმა ბათუმის მერიაში 12 000-მდე ხელმოწერაც შეიტანეს, რომლებიც ახალი მეჩეთის აშენების შესახებ მუსლიმთა სურვილს ადასტურებდა. აჭარის მთავრობის მეთაური მუსლიმთა მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ახალი მეჩეთის აშენება არა მუსლიმი თემის ახირება, არამედ თანასწორობის დაცვის აუცილებელი პირობაა.

 „ეს სცილდება მხოლოდ ერთ საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ეს არის მუსლიმი თემის თანასწორობისა და რელიგიური თავისუფლების აღიარების საკითხიც. იგი თავისი მნიშვნელობით, ქვეყნის დემოკრატიულობის საზომიცაა“, - ამბობს ნაკაიძე. მისი თქმით, თუკი მუსლიმთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ეს იქნება პრეცენდენტი, რომელიც ხვალ-ზეგ პრობლემას სხვა რელიგიურ უმცირესობებსაც შეუქმნის. 

დაპირებები და უცვლელი მოლოდინი

ნაკაიძე ამბობს, რომ ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 2008 წლიდან შეიძინა. მისი თქმით, იმ პერიოდში ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.

2012 წელს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი თურქეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც, გავრცელებული ინფორმაციით, იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ საქართველოში აზიზიეს მეჩეთი უნდა განახლებულიყო. 

იმ პერიოდში, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი თურქულ პრესასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ საქართველოში მეჩეთის აშენების პრობლემა არასდროს ყოფილა და აზიზიეს მეჩეთი დაგეგმილ ადგილზე აშენდებოდა. ანალოგიურად, აჭარის მთავრობაშიც გამოთქვამდნენ მეჩეთის აშენებისთვის მზადყოფნას და აცხადებდნენ, რომ ნაგებობისთვის ადგილი უნდა განსაზღვრულიყო.

უკვე 2013 წელს, როდესაც იმ დროს უკვე პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი თურქეთის პრემიერს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა, განაცხადა, რომ მეჩეთის აშენების პრობლემაზე ისაუბრეს და საკითხი წარმატებით გადაწყვიტეს.

იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აღნიშნავდა, რომ საქართველოში მეჩეთი საქართველოს სახსრებით აშენდებოდა, მას ხელშეკრულებასთან კავშირი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მეჩეთი რომ აშენდებოდა, ამას იმდროინდელი კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარიაც ადასტურებდა.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, საქმე ის არის, რომ მუსლიმ თემს მაინცდამაინც აზიზიეს აღდგენა არასდროს მოუთხოვია. მისი განმარტებით, მუსლიმებს უბრალოდ ახალი მეჩეთი სურდათ, სადაც თავისუფლად ლოცვას შეძლებდნენ. აზიზიეს საკითხი კი პოლიტიკური სპეკულაციის თემა გახდა, თითქოს თურქეთი საკუთარი ინტერესის გატარებას ცდილობდა. მისი თქმით, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ყოველთვის ცდილობდ, სპეკულაციისთვის თავი არიდებას.

2014 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის მიზანსაც „მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება“ წარმოადგენს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ 2014 წელს განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა. კერძოდ, მისი თქმით, უნდა აშენებულიყო მეჩეთი „ქართული ფულით, ქართული სახელმწიფოს მიერ“, რომელსაც აზიზიე არ ერქმეოდა.

მიუხედავად დაპირებებისა, პრობლემა მოუგვარებელი რჩება, მუსლიმებს კი დაპირებები დღემდე ახსოვთ.

რამ შეუშალა ხელი ახალი მეჩეთის აშენებას?

2014 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ „დასავლეთ საქართველოს მუსლიმი თემის წინაშე ღვთისმსახურების პირობების გაუმჯობესებაზე მეტად თანამედროვე და კვალიფიციური რელიგიური განათლებისა და სოციალური მსახურების აუცილებლობა“ იდგა. მიმართვას სხვა ხელმომწერებიც ჰყავდა.

ამდენად, ხელმომწერებმა „ორთა ჯამეს გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად“ მისი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა მოითხოვეს.

ამავე მიმართვაში, ხელმომწერებმა ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვა და „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის“ გადაცემა მოითხოვეს, რათა არსებულ ტერიტორიაზე სამუფთოს რეზიდენცია და მედრესე აშენებულიყო. მიმართვის წერილს ხელს მუსლიმთა სამმართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძეც აწერდა. თუმცა ჩვენთან საუბარში იგი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისმა წინამორბედმა მუფტმა მიიღო და, შესაბამისად, პასუხიც მას უნდა მოვთხოვოთ.

„ეს გადაწყვეტილება, რომ შენობები უნდა გადმოეცათ, ჩემს მუფტობამდე მიიღეს. შეთანხმება ჩემი მუფტობის პერიოდში განხორციელდა. პასუხი წინა მუფტმა უდნა გაგცეთ“, - ამბობს ქამაშიძე.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა მუსლიმთა სამმართველო ცენტრალურ ან ადგილობრივ ხელისუფლებას მუსლიმი თემის მოთხოვნაზე, ქამაშიძე პასუხობს, რომ რელიგიათა სააგენტოსთან ამაზე ჯერ არ უსაუბრიათ, რადგან მათ პრიორიტეტად ზემოაღნიშნული შენობების მიღება დასახეს.  

„ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენს სტუდენტებს განათლება საქართველოში მიეღოთ და არ წასულიყვნენ სხვა ქვეყნებში. საუბარია რელიგიურ სასწავლებელზე. არ გვქონდა რეზიდენცია, არ გვქონდა ელემენტარული მისაღები კაბინეტი, რომ სტუმარი მიგვეღო. საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი მუსლიმია და მათ ლიდერს რომ კაინეტი არ ჰქონდეს, არც სტუმრის მისაღები... კარგი, ქართველებს მივახვედრებთ, რომ ამაზე მეტი არ გვაქვს, მაგრამ საზღვარგარეთიდან რომ სტუმარი ჩამოდიოდა, გვრცხვენოდა, რომ წესიერად ვერ ვიღებდით. იმედია, სახელმწიფო მხარში დაუდგება ყველა მოქალაქეს. უიმედოდ არასდროს ვყოფილვართ. დღევანდელი ხელისუფლება უფრო დემოკრატიულია და ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საზოგადოებას და მუსლიმ თემს სჭირდება“, - ამბობს მუფტი.

2015 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუსლიმთა სამმართველოს შენობა მართლაც გადასცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებდა, რომ ეს ორთა ჯამეში დამატებით ადგილს გამოათავისუფლებდა, რომლის რეორგანიზაციის შედეგადაც მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნებოდა.

აღსანიშნავია ბეგლარ ქამაშიძის მიერ იმ პერიოდში გაკეთებული განცხადება, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნა ძალაში რჩებოდა.

.2011 წელს, როდესაც მუსლიმთა სამმართველო დაარსდა, სამუფთოს მეჯლისის შემადგენლობაში არამუსლიმი წევრებიც იყვნენ, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. სამმართველო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მლნ ლარით ფინანსდება, რისთვისაც ბეგლარ ქამაშიძე სახელმწიფოს მადლიერია.

„ის, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ეს არის კომუნისტური რეჟიმის დროს დაზარალებული რელიგიური ჯგუფის დაფინანსება. ეს არის წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. ამდენი ხელისუფლება იყო და მუსლიმი თემისთვის შეღავათი და ფინანსური დახმარება არცერთს არ გაუწევია. ჩვენ გავხსენით სალოცავი მესამე ბატალიონში, ჯარში, სადაც არიან მუსლიმი ჯარისკაცები. მათ სჭირდებოდათ სალოცავი. სახელმწიფომ ესეც გაითვალისწინა, ტოლერანტობის კუთხით ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი. დღეს მე არცერთი სახელმწიფო არ მეგულება, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია -  არც აზიაში, არც არაბეთში, არც თურქეთში, არც ევროპაში და არსად. ყველგან არსებობს პრობლემები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეგობრული ურთიერთობით უფრო კარგ ქვეყანას ავაშენებთ, რომ გარეშე პირებმა ერთმანეთს ვერ დაუპირისპიროს ორი საზოგადოება, ორი მრევლი, ორი მრწამსი, რომ მომავალში ეს დიდ პრობლემად არ გადაიქცეს“ - ამბობს ქამაშიძე.

რაც შეეხება სამმართველოს მეჯლისში არამუსლიმი წევრის არსებობას, ქამაშიძე ამბობს, რომ მათ შემადგენლობაში ქრისტიანი წევრი მართლაც იყო, თუმცა იგი ჩაანაცვლეს და ამჟამად ყველა დამფუძნებელი მუსლიმია.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე სამმართველოს ხელისუფლებისგან მართულ ჯგუფად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, აუცილებელია, მისი დამფუძნებლები მუსლიმები იყვნენ.

„მათ დააფუძნეს, წესდებაც მათ შექმნეს - სახელმწიფომ, განსაკუთრებით უშიშროების სპეცსამსახურებმა. შესაბამისად, ისინი მართავენ. სააგენტო სპეცსამსახურების ერთ-ერთი არაოფიციალური განყოფილებაა, რომელსაც აქვს ერთ საერთო ენა და თუ ერთ მუფტი არ მოეწონათ მოხსნიან და მეორეს დანიშნავენ. არანაირი არჩევნები და მუსლიმთა ნება“, - ამბობს ნაკაიძე.

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ 2008 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ მას ეკონომიკის სამინისტროსთვის მეჩეთის ასაშენებლად მიწის გამოყოფის მოთხოვნით აქამდე ოფიციალურად არ მიუმართავს. კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართეს სამინისტროს აქამდე, როცა მოთხოვნა უკვე წლებია დღის წესრიგშია, ნაკაიძე პასუხობს, რომ აქამდე მიზნის მიღწევას სამმართველოსთან ერთად ცდილობდნენ, თუმცა ახლა უკვე მუსლიმთა კავშირი შეიტანს განცხადებას.

„არც ჩვენ, არც სამმართველოს არ მიგვიმართავს. ჩვენ ახლა მივმართავთ ახალი მეჩეთს მშენებლობის თხოვნით. აქამდე ვცდილობდით, რომ სამმართველოსთან ერთად გაგვეკეთებინა. ადრე სამმართველოსთვისაც გვითხოვია, შეიტანეს კიდევაც 2013 წელს. 2014 წელს უარი ათქმევინეს. ახლა შეგვაქვს მუსლიმთა კავშირის სახელით. ველოდებით პასუხს და ვაგრძელებთ ბრძოლას“, - ამბობს ნაკაიძე.

მუსლიმთა სამმართველოს რეზიდენცია - ეჭვი კორუფციული გარიგების შესახებ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე სარეზერვო ფონდიდან მუსლიმთა სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესის შენობის შესაძენად გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს. იგი შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეძენილი შენობების ღირებულება გამოყოფილი თანხების შესაბამისი არ არის.

„მაქვს ვარაუდი, რომ 4,5 მლნ ლარი, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, მუსლიმთა ინტერესებს არ მოხმარებია“, - ამბობს ვასაძე.

მან ეს საკითხი დღის წესრიგში 2015 წელს დააყენა და შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. იგი განმარტავს, რომ მისი ეჭვები, რომ ქონებაში გაცილებით მეტი გადაიხადეს, ვიდრე იგი რეალურად ღირდა,  აუდიტის შეფასების არარსებობამ გამოიწვია.

„ამ საკითხს მტკივნეულად აღვიქვამ რამდენადაც მიმაჩნია, რომ მუსლიმთა ინტერესები ამ შემთხვევაშიც შეილახა. ეს 4,5 მლნ მიზნობრივად რომ დახარჯულიყო, უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა რეგიონში. ხელშეკრულება გაფორმდა ორ ფიზიკურ პირს შორის -ეკონომიკის სამინისტროსა და გამყიდველებს შორის. შემდეგ კი მფლობელობაში გადაეცა მუსლიმთა სამმართველოს. ეს შენობები დღეს, რა თქმა უნდა, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მათი გაყიდვის საჭიროება რომ დადგეს (საკუთრებაში არ გადასცემია სამმართველოს), ისინი ნახევარ ფასადად ვერ გაიყიდება“ - ამბობს ვასაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოგვიანებით ვასაძეს აცნობა, რომ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, რაც საბოლოოდ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა. კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ „დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს”.

რას ფიქრობს ხელისუფლება?

ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ასევე მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებსის გაცნობის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში კომენტარზე უარის მიზეზად მოუცლელობასა და დატვირთულ გრაფიკს ასახელებენ. ანალოგიური პასუხი მივიღეთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგანაც.

მართალია, აჭარის მთავრობასთან საუბარი ვერ მოხერხდა, თუმცა ბეგლარ ქამაშიძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესაუბრა და მათ მიწის გამოყოფის საკითხზე მზადყოფნა გამოთქვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი მედეა ვასაძე კი მიიჩნევს, რომ ახალი მეჩეთის აშენებაზე უფრო უპრიანი არსებული მეჩეთის - ორთა ჯამეს - გაფართოებაა.

„თუ ეს არ მოხერხდა, მიწა აუცილებლად უნდა გამოუყონ მუსლიმებს. თუკი ეს საკითხი არ მოგვარდა, ეს მათი უფლებების დარღვევა იქნება“, - ამბობს ვასაძე.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ პრივილეგიების მინიჭებას, ვასაძე აღნიშნავს, რომ „ქვეცნობიერში ჩვენში მაინც დევს მართლმადიდებლობა, რადგან ჩვენ ვართ მართლმადიდებლური კულტურისა და ტრადიციის ქვეყანა. გამომდინარე აქედან, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა“.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ მუსლიმ მრევლს მეტი ყურადღება სჭირდება და მათი ძირითადი მოთხოვნილებების უგულებელყოფა დაუშვებელია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნის დაყენების უფლება ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს აქვს და მათ ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს. მისი თქმით, ხელისუფლების დღევანდელი ნაბიჯები უფრო ხელის შეშლაა, ვიდრე ხელშეწყობა.

„ქართული ოცნება“ მისთვის პოლიტიკური დივიდენტების მომტანი გადაწყვეტილების მიღებისთვის მუშაობს და არ ხელმძღვანელობს იმით, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებს“, - ამბობს ზამბახიძე.

აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ კითხვაზე, უნდა აშენდეს თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთი, პასუხის ერთმნიშვნელოვნად გაცემა უჭირს. ის განმარტავს, მუსლიმმა მრევლმა მეჩეთისთვის მიწის გამოყოფა კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ თანხები თავად შეკრიბოს და დამოუკიდებლად ააშენონ. მისი თქმით, სახელმწიფოს ასეთი ვალდებულება არ აკისრია.

„სეკულარობა ნიშნავს სახელმწიფოს ნეიტრალურ დამოკიდებულებას. გინდათ ლოცვა? - ილოცეთ. მე არ ვერევი მიწის გამოყოფაში“, - ამბობს დუმბაძე.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უანგაროდ გადაცემულ ქონებას მუსლიმების პრობლემის ფონზე, დუმბაძე პასუხობს, რომ ამას კონსტიტუციური ძალა აქვს.

„თუ თქვენ მომიტანთ კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ კონკორდატი დადებულია მუსლიმ თემთანაც… მაშინ დავდოთ, კი ბატონო, დავდებთ?“ - ამბობს დუმბაძე და აქვე განმარტავს, რომ მისი აზრით, სახელმწიფომ მიწა არც ქრისტიანებს უნდა მისცეს.

„მეჩეთები არის - ილოცეთ. თუ ვინმე ლოცვას შეგიშლით, სახელმწიფო დაგიცავთ. მაგრამ მეჩეთს სახელწმიფო ვერ აგიშენებთ. მათ აქვთ სალოცავი ადგილი“, - ამბობს დუმბაძე.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას სიმბოლური პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს მუსლიმი თემისთვის, ამდენად, ბათუმში, როგორც აჭარის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობა მუსლიმი თემის აღიარების და მხარდაჭერის აქტი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. იგი აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მუსლიმებს ქალაქში ხელმისაწვდომ ადგილას უნდა გადასცეს სივრცე ახალი მეჩეთის ასაშენებლად, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ სახელმწიფო ამას გაბედავს.

„ძალაუფლებრივ ველში მეჩეთის აშენებას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. მათ შორის, ეკლესია, რომელიც აჭარაში ინდოქტრინაციის აქტიურ პოლიტიკას ეწევა. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის არსებული იდეოლოგია, რომელიც არსებითად სწორედ ეკლესიის მიერ არის კულტივირებული, საკუთარი რელიგიური იდენტობის გამო, ქართველი მუსლიმების გარიყვას იწვევს. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე ხშირად ელექტორალურ და არა უფლებრივ გადაწყვეტილებებს იღებს, არ ვარ დარწმუნებული რომ სახელმწიფო გაბედავს და მოახერხებს ბათუმის მეჩეთის მშენებლობას“ - ამბობს მიქელაძე.

იგი აღნიშნავს, რომ ქართველი მუსლიმი თემი საქართველოში სტრუქტური ჩაგვრისა და დიკსრიმინაციის მსხვერპლია. მისი განმარტებით, აღნიშნულ მტკიცებას ადასტურებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა რეგიონებში გამოვლენილი ერთმანეთისგან იზოლირებული რელიგიური ძალადობის შემთხვებები მუსლიმების მიმართ, რომელთაც სახელმწიფომ აშკარად არაეფექტიანი და არასეკულარული პოლიტიკით უპასუხა.

მიქელაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისთვის მეჩეთის დროებით სარგებლობაში დაბრუნების პროცესს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ან პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან სახელმწიფომ მუსლიმ თემს ისედაც მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, ფუნქციონირებადი მეჩეთები გადასცა დროებით სარგებლობაში და არა საკუთრებაში.

„მუსლიმი თემის ისტორიული მეჩეთების დაბრუნების საკითხი კი კვლავ პრობლემად რჩება. მათ შორის, სახელმწიფომ ამ დრომდე არ გადაწყვიტა მოხის სადავო საკულტო ნაგებობისსაკითხი. სხვა საკითხია მოხის კომისიის მანდატის პრობლემა, რომელიც რესტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების დემოკრატიული (მხარეთა კონსენსუსით) და არა სამართლებრივი, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების გადაწყვეტის მცდელობაა და ცალსახად მიუღებელია. მით უფრო, რომ მოხის კომისია არაეფექტურია და არც ერთი სერიოზულ გადაწყეტილება ან ღონისძიება ამ დრომდე არ მიუღია“ - ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, ამის პარალელურად, ჩანს რომ ჩაგვრის გამოცდილებამ მუსლიმ თემში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ემანსიპაციას შეუწყო, რაც, მისი აზრით, შეუქცევადი პროცესია.

მუსლიმები და სახელმწიფო პოლიტიკა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ

სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის მისაღებად რელიგიურმა გაერთიანებამ (იურიდიულმა პირმა ან კერძო პირმა ორგანიზაციის სახელით) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უნდა მიმართოს, რომელიც დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას გასცემს. რეკომენდაცია იმ უწყებას ეგზავნება, რომლის ბალანსზეც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ირიცხება.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ქონებას აძლევს სახელმწიფო საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს საკუთრებაში; რა ფორმით და რა ვადით გადასცემს მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას.

„ლიბერალმა“ ეკონომიკის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, პასუხად კი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა“ და „საქართველოს ებრაელთა კავშირისთვის“ გადაცემული ქონების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ქონება არ გადაუცია. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული მასალებიდან ირკვევა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონებისგან განსხვავებით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო  ქონების ეროვნული სააგენტო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა“ და „საქართველოს ებრაელთა კავშირს“ ქონებას მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს.

2012 წელს ეკლესიამ თითო ლარად მიიღო ორი ავტომობილი: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მიტროპოლიტ თეოდორეს შუამდგომლობით ეკლესიას 2010 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser LC 200 გადაეცა, რომლის ძრავის მოცულობა 4700-ია, ასევე - 2012 წელს გამოშვებული Mercedes-Benz S 500, 4700-იანი მოცულობის ძრავით.

2014 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას ქორეპისკოპოს თეოდორეს შუამდგომლობით 1 ლარად ორი ავტომობილი გადაეცა - Mercedes-Benz 310 და ნივა. ამავე წელს ეკლესიამ, ბოდბელი ეპოსკოპოსის, იაკობის შუამდგომლობით, ასევე 1 ლარად მიიღო 2 ავტობუსი.

რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემულ სხვა უძრავ ქონებას, სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს 1 ლარად გადაეცა ინვენტარი და აღჭურვილობა თავშესაფრისთვის.

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის შუამდგომლობით, 2014 წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი.

ირკვევა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ სახელმწიფოსგან, სარგებლობის უფლებით, ჯამში 46 650 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მიიღო:

2014 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 49 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, ჯამში 25 426 კვ.მ. ფართობი და მასზე განთავსებული 21 მეჩეთი მიიღო.

ასევე 2014 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადასცა ჯამში 20 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 22 მეჩეთი.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ სხვა რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებით მუსლიმებისთვის მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომაა. მეტიც, ის აღნიშნავს, რომ ყველა შენობა-ნაგებობით, რომელიც სახელმწიფომ მუსლიმ თემს გადასცა, მუსლიმები ისედაც სარგებლობდნენ.

„ფაქტობრივად, სახელმწიფომ საკუთარი რეგისტრაციიდან შენობა-ნაგებობები მოხსნა და საკუთრება გადააბარა. პრაქტიკულად, ცენტრალური მეჩეთი გადასცა, რომელიც ისედაც მუსლიმების სარგებლობაში იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვის სახელზე იყო გაფორმებული. რეალურად არცერთი მეჩეთი არ გადაუციათ, რადგან მათი მოსარგებლე ისედაც მუსლიმი თემი იყო“, - ამბობს ნაკაიძე.

მასალა მომზადდა „ლიბერალისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ერთობლივი მუშაობით, პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს ნიდერლანდების სამეფოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^