Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაღაცა

14 აპრილი 2016

ასე შეიძლება ჩაითვალოს, რომ საზღვარგარეთის ამბავში მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ. კაი ძველიც. რაც სპორტის ჟურნალ-გაზეთებში მიმუშავია, იქ ყველამ იცოდა და ახლაც ეხსომება ვინმეს.

მთელი საბჭოთა კავშირის დროს ეს გულშემატკივრობა უფრო ლიტერატურულ-ისტორიული იყო, თორემ მანჩესტერ იუნაიტედი მწვანე მინდორზე კი არა, ტელევიზორშიც არსად მენახა. ალბათ, უბრალოდ, ამბავი იყო საინტერესო: მიუნხენის ტრაგედია, ბასბის დიდი გუნდი, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, ფოტოები, სუვენირები. თორემ, მერე და მერე დადლიში დანკან ედვარდსის საფლავიც კი ვნახე.

მოკლედ, ასეთი გულშემატკივრობა იყო და ყოველივე ამას კი 70-იან და 80-იან წლებში ვკითხულობდი, მაშინ, როცა იუნაიტედი ერთი ჩავარდნილი გუნდი იყო. მერე დაიშალა საბჭოეთი და მანჩესტერმა ვოლგოგრადის როტორთან წააგო. საერთოდ, ვისთან აღარ აგებდა, თურქეთი გინდაო, ის გინდაო, ეს გინდაო. ოღონდ მანამდე თასების თასი მოუგო კრუიფის ბარსელონას. ჯამში კი, თანდათან მთავარი ეგ იყო, რომ იქ ერიკ კანტონა დაიჯგიმებოდა მოედანზე და ამის გარდა ლამაზი გოლებიც გაჰქონდა. საბოლოოდ კი საქმე მაინც 92-ის კლუბი იყო, ანუ რამდენიმე ბიჭი, რომლებიც სწორედ 1992 წელს შევიდნენ ძირითადში და სწორედ ისინი იყვნენ, როტორთან რომ აგებდნენ. ეს გვარები ცნობილია: სქოულზი, ბატი, ნევილები, ბექემი, გიგზი. სელფორდელი ბიჭები, ზედ დამატებული ბავშვობაში გადმოყვნილი ლონდონელით.

საერთოდ კი მთელ ამ დროს, ცხადია, ფერგიუსონის დრო ერქვა და კარგი დრო იყო. სწორედ დიდი თამაშების დრო. წააგებდნენ თუ მოიგებდნენ, სანახაობა გარანტირებული იყო. იმ დიდი თავგადასავლის მოყოლას ხომ არ დაიწყებ. არ იყო ევროპის პირველი გუნდი, არც ყველაზე ძლიერი, მაგრამ დიდი გუნდი იყო და მიაღწია კიდეც რაღაც სიგიჟეებში დიდ რამეებს. ცოტათი რომ ჩამოიწია, მაშინაც კი დიდ გუნდად რჩებოდა, თითქოს ამ მარადიული მეთაურის მეოთხედსაუკუნოვანი მმართველობა ნაკლების საშუალებას არ იძლეოდა.

ჰოდა, მერე ეს ამბავი შეწყდა.

 ახლა რაც არის, ხედავთ.

ფერგიუსონი წავიდა და ის ისტორია დამთავრდა. გაგრძელება არ მოუხერხდა, მეორე წელიწადია. ჩვეულებრივ მწვრთნელი, რომელსაც თითქოს ფერგის მანჩესტერის ამბავი კარგად უნდა გაეგო და გამგრძელებელი ყოფილიყო, წელში ვერ გაიმართა, დროც არ მიეცა. ასე გაუშვეს დევიდ მოიესი და მოვიდა ლუის ვან გაალი, სახელი და დიდება, რომელმაც თითქოს შენება დაიწყო.

კვირა არ გაივლის მისი მოხსნის შესახებ არ ილაპარაკონ. აი, ახლა მოხსნიან, აი, ახლა აღარ მოხსნიან. გუნდი კი წვალობს. ვან გაალმა ახალი ბიჭები მოიყვანა მსუბუქები, ბურთის მოყვარეები, ყმაწვილები, ჭაბუკები, გუნდი კი ვერ დაალაგა და მგონი, ვეღარც დაალაგებს. ჩემი ჭკუით, შობას უკვე უნდა გაეშვათ, მაგრამ სახელია და ცოტა უჭირთ. თუმცა, რას ელოდებიან, ძნელი სათქმელია. სეზონის ბოლოს გაუშვებენო.

მის მმართველობაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წლევანდელ სეზონში, რაც რომ ინგლისში სტადიონებია იმათ შორის ყველაზე ცოტა გოლი ოლდ ტრეფორდზე გადის. პირველ ტაიმში კი იქ საერთოდ არ გადის გოლი. რახან ოლდ ტრეფორდისთვის ოცნებების თეატრი შეურქმევიათ, უფრო კი, ალბათ, საუკეთესოს წარმოდგენისა, გოლები საჭიროა, თორემ ინგლისურად ოცნება და ძილი ერთი და იგივე სიტყვაა (დრეამ) და წლეულს ამ ადგილს უფრო ძილის თეატრი დაერქმეოდა.

ამის მიუხედავად, ოლდ ტრეფორდი კვლავაც სავსეა. ასეა ქომაგობა და ის, რაც სამარადისოა. სიმართლე რომ ვთქვა, მე მაინც შორეული გულშემატკივარი ვარ, სულაც ვერ ვუყურებ იუნაიტედის თამაშებს იმ ერთგულებით, როგორითაც ოლდ ტრეფორდის ხალხი. ასეც უნდა იყოს. ჰოდა, შევხედავ იმ იმედით, რომ ეგებ რაღაც ძველი გაკრთეს და გადავრთავ. არა კრთის.

გასულ კვირასაც შევხედე. იუნაიტედი არსენალს ეთამაშებოდა. წლევანდელ მისუსტებულ პრემიერლიგაში, ესეც რაღაც გადასარევი არ იქნებოდა, რახან წელს პატარა გუნდებია საცქერი და არა დიდი, მაგრამ წინდაწინვე ვიცოდი, რომ მარკუს რეშფორდი უნდა დაეყენებინა. მან წინა კვირაში ევროპულ თამაშში გამოიჩინა თავი ორი გოლით, თავის სადებიუტო თამაშში და იმის დანახვა მაინტერესებდა.

ვიფიქრე, რაღაც ძველი ეგებ და გაკრთეს-თქო. თვრამეტი წლისაა და ისევ ორი გოლი შეაგდო. როგორც იტყოდნენ ხოლმე, ტექნიკური ბიჭია, თან ტომით მანჩესტერელი, ისევე, როგორც იმ ძველ დროს, მსუბუქად აკეთებს ყველაფერს და მგონი გამოირჩევა იმ უამრავი ყმაწვილისგან, რომლებსაც ოლდ ტრეფორდზე გაუბრწყინიათ და მერე სადღაც გამქრალან. ნეტავ ასე იყოს.

რო ვთქვა, ძველი გაკრთა-თქო, ვერა, მაგრამ რაღაცა კი იყო. მგონი, ეს რაღაცაა, რაზეც რაღაცის დამყარება შეიძლება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^