Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები სკოლამდელი აღზრდის კანონპროექტში

15 აპრილი 2016

საქართველოს პარლამენტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტს“ განიხილავს.

დარგის სპეციალისტები სკოლამდელი აღზრდის სფეროში კანონის მიღებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ის სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას ჩაუყრის საფუძველს.

თუმცა, ყურადღებას იმ საკითხებზე ამახვილებენ, რომლებიც კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებისას შენიშვნების სახით გააცნეს ავტორებს, მაგრამ, მათი თქმით, კანონპროექტის იმ ვერსიაში, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 1 აპრილს მეორე მოსმენისას განიხილა, ასახული არ არის.

დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ  დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს.  ეს არის პირველი კანონპროექტი, სკოლამდელი განათლების შესახებ, სადაც თავმოყრილია ყველა ძირითადი სტანდარტი, რომლითაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფერო უნდა დარეგულირდეს. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა.

კანონპროექტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდისთვის გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სასწავლო სისტემა - ადრეული აღზრდა და განათლება ორ წლამდე ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება ორი წლიდან სკოლაში შესვლამდე.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს „საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას“ დირექტორს, გიორგი მესხიძეს. ორგანიზაცია უკვე წლებია, ძირითადად სოფლებში  ე.წ. ალტერნატიულ სკოლამდელ განათლებაზე მუშაობს.

გიორგი მესხიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტში ჩაწერილი რეგულაციები, მიღების შემთხვევაში, ხელს შეუშლის სოფლებში ალტერნატიულ სკოლამდელ განათლებას.

კანონპროექტის 21 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობა 9 საათი უნდა იყოს.

მესხიძე ამბობს, რომ სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობა  ე.წ. ალტერნატიულ სკოლამდელ დაწესებულებებში 9 საათზე მცირეა. საუბარია სოფლის ბაღებზე, სადაც ბავშვების კონტინგენტი მცირეა, არის 8, 10 ან 12-ბავშვიანი ჯგუფები.

გიორგი მესხიძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ბაღებში, სადაც აღსაზრდელთა დიდი რაოდენობაა, დაწესებულება სხვა დროითი კრიტერიუმით უნდა მუშაობდეს, განსხვავებით სოფლებისგან, სადაც ბაღები მცირეკონტინგენტიანია. კანონმა მათ არსებობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. 

„ამგვარ სოფლებში სრულფასოვანი სკოლამდელი დაწესებულების გახსნა საკმაოდ პრობლემურია, რადგან დაკავშირებულია ხარჯთან და გამართული ინფრასტრუქტურის პრობლემასთან. ალტერნატიული სკოლამდელი განათლების  მოდელი საკმაოდ აპრობირებულია, საქართველოში ამ მოდელის დაახლოებით 40-მდე ბაღი გვაქვს. თუკი სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობა ყველა დაწესებულების შემთხვევაში სავალდებულო 9 საათი იქნება, ამ ბაღებს პრობლემა შეექმნებათ, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, რომ დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 4 საათით განსაზღვრულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში  ამ ბაღების მუშაობას საფრთხე შეექმნება“.

მესხიძე პრობლემად განიხილავს კანონპროექტში სხვადასხვა ასაკის ბავშვების ჯგუფებში გადანაწილებასთან დაკავშირებულ ჩანაწერსაც.

კერძოდ, კანონი სკოლამდელ დაწესებულებებს უზღუდავს, ჰქონდეთ შერეული ჯგუფები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისათვის.

ის ამ შემთხვევაშიც სოფლის ბაღებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მცირეკონტინგენტიან ბაღებში ჯგუფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებით არის დაკომპლექტებული. 

კანონპროექტით გაწერილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობა. პროექტის თანახმად, ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით უნდა დანაწილდეს: 2-დან 3 წლამდე - სკოლამდელი განათლების პირველი წელი; 3-დან  4  წლამდე - სკოლამდელი განათლების მე-2  წელი; 4–დან  5  წლამდე - სკოლამდელი განათლების მე-3 წელი; მე-4 წელს კი 5 წლიდან სკოლის დაწყებით საფეხურზე შესვლამდე სასკოლო მზაობის პროგრამა განხორციელდება.

„როცა ჯგუფში სულ 10 ბავშვია და რამდენიმე სხვადასხვა ასაკის, ცალ-ცალკე ჯგუფებს ხომ არ გავუხსნით მათ? როგორ შეიძლება ეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სოფლის პირობებში განხორციელდეს?  ჩემი აზრით, სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთ ჯგუფში გაერთიანება დაშვებული უნდა იყოს. ამგვარად აღზრდა აპრობირებულია და ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას. პატარები ბაძავენ უფროსებს, უფროსები სწავლობენ პატარებზე ზრუნვას“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მესხიძე ყურადღებას ამახვილებს, აღმზრდელებისა და აღსაზრდელების ჯგუფებში თანაფარდობას შეეხება. 

კანონპროექტის თანახმად, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;  3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში – არაუმეტეს 30 ბავშვისა;   4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში – არა უმეტეს 30 ბავშვისა; სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში კი – არაუმეტეს 30 ბავშვისა. 

რაც შეეხება აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობას, 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:13; 3-დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში – 1:15;  4-დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში – 1: 15;  ხოლო სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში – 1:15.

მესხიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამ ვერსიით შესაძლოა, 25-ბავშვიან ჯგუფში მხოლოდ ერთი აღმზრდელი და თანაშემწე აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონი იმგვარად დარეგულირდეს, რომ 13 ბავშვს, მინიმუმ, ერთი აღმზრდელი ჰყავდეს.

მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაღის აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს, რაც ასევე კანონით უნდა დარეგულირდეს.

გიორგი მესხიძის განმარტებით, თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს თვითმმართველობას, რომ სახელფასო ფონდის მინიმუმ 1% თავისი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დახარჯოს: „მუნიციპალიტეტმა თანხა მის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა დახარჯოს. ანუ ბაღის ბიუჯეტში ბაღის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თანხა უნდა იყოს გათვალისწინებული. შეიძლება აქ კონკრეტული პროცენტები არ იყოს, მაგრამ ამგვარი ჩანაწერი კანონში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“. - ამბობს მესხიძე 

აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე.

კანონპროექტის დღევანდელი ვერსიით (მუხლი 8), განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს  და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს. ასევე შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტს. შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების ტრეინინგ-მოდულებს.

მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ყუფარაძე მიიჩნევს, რომ აღმზრდელ-პედაგოგის მომზადებისა და გადამზადების საკითხი კანონში ღიად არის დარჩენილი, რადგან  ბუნდოვანია, თუ რომელი უწყება არის პასუხისმგებელი პედაგოგების მომზადებაზე, მათ პროფესიულ ზრდაზე; რომელი დაწესებულება ამზადებს მათ; რა არის უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვათა როლი გადამზადებაში; ვინ ანიჭებს კვალიფიკაციას და ა.შ.

მისი თქმით, მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების შესახებ ყველა დეტალი კანონში ვერ ჩაიწერება, თუმცა უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო (მუხლი 8) ან საქართველოს მთავრობა (მუხლი 7) შეიმუშავებს და დაამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების ერთიან სისტემას, რომლის აღსრულება დაევალება როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ. თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ორგანიზაციებმაც. ვფიქრობთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გაითავისოს მდგომარეობა და რთული ვითარებიდან გამომდინარე, დასთანხმდეს ამ ვალდებულებაზე. რამდენადაც ვიცით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკება პარლამენტსა და განათლების სამინისტროს შორის. სამინისტრო დღეს თანახმაა, აიღოს პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების აღმზრდელ პედაგოგთა მომზადების შესახებ.  თუმცა არა ვართ დარწმუნებულები, როგორ ფორმას მიიღებს კანონში ეს ფორმულირება“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მაია ყუფარაძე ყურადღებას ამახვილებს მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას შეეხება.

კანონპროექტი რიგ სამინისტროებს ავალდებულებს ეროვნული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას და წარდგინებას მთავრობისათვის დასამტკიცებლად, თუმცა სამინისტროებს არ ავალდებულებს ამ სტანდარტების მონიტორინგს.

არსებული კანონპროექტით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს ადრეული და სკოლამდელი განათლების და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ სტანდარტებს; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ ტექნიკურ რეგლამენტს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ტექნიკურ რეგლამენტს.

მაია ყუფარაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ სამინისტროებს უნდა დაავალოს მუნიციპალიტეტებთან ერთად სტანდარტების განხორციელების მონიტორინგი სკოლამდელ დაწესებულებებში ვითარების  გაანალიზებისათვის და სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური დახმარებით სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის დოკუმენტების შემუშავება სამინისტროების მიერ უკვე მიმდინარეობს და ივნისისთვის დასრულდება, რაც ყუფარაძის თქმით, კანონის ამოქმედებას დაგეგმილზე უფრო ადრე ხდის შესაძლებელს. ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, კანონის ამოქმედების ვადა ნაცვლად 2017 წლის სექტემბრისა, 2016 წლის სექტემბერი უნდა იყოს.

პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^