Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ავტონომია“, როგორც თვითნებობა

16 აპრილი 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომია არ არის გარანტი კანონიერებისა. უფრო მეტიც, ის იქცა თვითნებობისა და განუკითხაობის ფარად.

მარტის თვეში განვითარებული მოვლენებისას, უნივერსიტეტისთვის ბოძებული ავტონომიის გამოყენებით აკადემიურმა საბჭომ კანცლერის არჩევნების პროცესში დაარღვია არსებული რეგულაციები. ეს პროცესი ამხილა ერთი მხრივ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა. კანონდარღვევის უკუღმართობა კიდევ უფრო აშკარა გახადა სტუდენტურმა მღელვარებამ, რის შედეგადაც გადადგა თსუ რექტორი და აკადემიური საბჭო. მიუხედავად ამისა, ამა წლის 15 მაისამდე საბჭომ გაიხანგრძლივა მუშაობის ვადა და 4 აპრილს გამოაცხადა კონკურსი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო 14 აპრილს ამოიწურა განცხადების შეტანის ვადა. 

თავს ვალდებულად ვთვლი, გავასაჯაროვო, რომ ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსშიც უკვე უხეშად დაირღვა რეგულაციები, რაც გამოიხატა სულ მცირე შემდეგში:

14 აპრილს საარჩევნო კომისიამ კონკურსში დარეგისტრირებული ორი პირი მოხსნა კონკურსიდან ასაკობრივი ზღვარის მიყენებით, რაც განმარტა შემდეგნაირად:

მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი არ აკმაყოფილებენ:უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე  არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

მოგეხსენებათ, საქართველოს კანონის 40-ე მუხლის 2-ე პუნქტამდე, 1-ი პუნქტია, სადაც განმარტებულია, თუ რომელი თანამდებობები იგულისხმება 2-ე პუნქტში:

1.  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. საჯარო  სამართლის იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.“ 

როგორც ჩემთვის ნათელია და როგორც განმიმარტეს წამყვანმა იურისტებმა, ამ თანამდებობებში არ იგულისხმება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა. ამიტომ იყო, რომ განცხადების მიღების მოთხოვნათა ჩამონათვალში ასაკობრივი ზღვარი მითითებული ვერ იქნებოდა.  

ამდენად, ჩემი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე განცხადების გასაჯაროებისას გამოიყენეს ის კანონი, რომელიც არ უდგება საკონკურსო თანამდებობას.

ამის გარდა, სამარცხვინო ისიცაა, რომ 40-ე მუხლის 2-ე პუნქტი, რომელიც არასწორად მიუყენეს საკონკურსო თანამდებობას, თავად, როგორც რეგულაცია, არასრულად წარმოადგინეს. აი, რას ვკითხულობთ არსებული კანონის 40-ე მუხლის 2-ე პუნქტში:

2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

როგორც ვხედავთ, კანონის 40 მუხლის 2-ე პუნქტის სრულად წარმოდგენის ნაცვლად, წინადადება გაყვეს და წარმოადგინეს მხოლოდ მისი პირველი ნაწილი, ე. ი. დამალეს წინადადების მეორე ნაწილი და მძიმის ნაცვლად დასვეს წერტილი.

ისმის სხვა კითხვა: იმ შემთხვევაშიც, თუ კანონი გამოცხადებულ თანამდებობას მიუდგებოდა,  საბჭოს ხომ ევალებოდა საჯაროდ გამოექვეყნებინა მოთხოვნათა ნუსხაში ასაკობრივი ზღვარი, რადგან კანონის თანახმად ეს საბჭოს პრეროგატივაა? ასეთი არ მომხდარა!

ფრიად საყურადღებოა, რომ თსუ კანცელარიის უფროსმა, ნუნუ ოვსიანიკოვამ საკონკურსო საბუთების მიღებისას ამა წლის 12 აპრილს, შეიტყო რა, რომ ვარ 66 წლის, ჩაიბარა წესრიგში არსებული ჩემი საბუთები და იქვე ამიხსნა, რომ 65 წლის ასაკობრივი ზღვარი ამჯერად არ მეხებოდა, რადგან საბუთები შემქონდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ამასთანავე ერთად, განმიმარტა, რომ თუ მომავალში ვისურვებდი მონაწილეობა მიმეღო რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინება დამოკიდებული იქნებოდა ახალი აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე.

ისმის შემდეგი კითხვა: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას რომ თავი დავანებოთ, რექტორისა და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელების მიმართ თუ იყენებს თსუ აკადემიური საბჭო 40 მუხლის 2-ე პუნქტს ასაკობრივ ზღვართან მიმართებაში?

როგორც ჩანს, არა, რადგან მერაბ ელიაშვილი, რომელიც არამართებულად მოხსნეს კონკურსიდან, აღმოჩნდება, რომ არის დანიშნული რექტორის მოადგილედ 2013 წლის სექტემბერში, რადგან მ. ელიაშვილი დაბადებულია 1945 წელს, და 2013 წლის სექტემბერს 68 წელს იქნებოდა მიღწეული.

ცნობისათვის, თსუ-ში 65 წელს გადაცილებული პირების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევები სხვაც მოიძებნება.

თუ არსებულ აკადემიურ საბჭოს მიღებული აქვს დადგენილება ასაკობრივი ზღვარის გამოყენების შესახებ, რაც პირდაპირ მიესადაგება რექტორის მოადგილის თანამდებობას, მაშინ მერაბ ელიაშვილი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

ისმის კითხვა: განთავისუფლდა თუ არა მერაბ ელიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან? თუ არა და რატომ? არ ეხება მას კანონის ზემოაღნიშნული პუნქტი?

გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი საბჭო მხილებულია კანონდარღვევასა და ადმინისტრირების დაბალ კომპეტენციაში, ხოლო საარჩევნო კომისიამ უკვე დაუშვა რიგი შეცდომებისა (გარდა განცხადებაში მითითებულის), მე არავითარ შემთხვევაში არ ვითხოვ ჩემს დაბრუნებას კონკურსში (თუმც ამის დარეგულირება თითქმის ავტომატურადაა შესაძლებელი), არამედ, მოვითხოვ, არსებული საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დათხოვნას და ახალი კომისიის დაკომპლექტებას. საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობით არასანდოა იმის გამო, რომ ის დააკომპლექტა არასანდო აკადემიურმა საბჭომ. 

ამასთანავე მაქვს უფლება განვაცხადო, რომ არსებული აკადემიური საბჭო, რომელიც  გადამდგარად არის გამოცხადებული, მაგრამ მუშაობს 15 მაისამდე, სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდეს ადმინისტრაციულ საქმიანობას უნივერსიტეტში, ხოლო ახალი საარჩევნო კომისია შესაძლოა დააკომპლექტოს პროფესორთა საგანგებოდ შერჩეულმა გუნდმა.

ინესა მერაბიშვილი, პროფესორი, თსუ თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^