Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესპუბლიკელები 5%-იანი ბარიერის პირისპირ

20 აპრილი 2016

გასული წლის დეკემბერში „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივლიანე ხაინდრავამ „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ყოფნას გაურკვევლობის 3 წელიწადი უწოდა.

„ყურადღება! საარჩევნო რეჟიმში ჩვენ შევდივართ იმ პირობებში, როცა გაურკვეველი კოალიციის გარკვეული ნაწილი თანაუგრძნობს არა თამარ ხიდაშელს [საგარეჯოს არჩევნებში], არამედ ირმა ინაშვილს. თანაც, არა პარტიული ეჭვიანობის ნიადაგზე, არიქა, „რესპუბლიკელები“ ძლიერდებიანო, არამედ მსოფლმხედველობრივად. თუკი ჩვენი ვაიპატრიოტების პოპულისტურ ბოდვას შეიძლება, მსოფლმხედველობა ვუწოდოთ“, - დაახლოებით ოთხი თვის წინათ ამ სიტყვებით მიმართა ივლიანე ხაინდრავამ თანაპარტიელებს.

ყრილობამ იქვე განსაზღვრა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მონაწილეობის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის 35-წევრიანი ეროვნული კომიტეტი მოგვიანებით მიიღებდა. თუმცა „რესპუბლიკელთა“ ძირითად ბირთვს სულაც არ სურდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა.

„ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით წინააღმდეგნი, საარჩევნო კოალიციაში ვყოფილიყავით. პირიქით, ვფიქრობდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. კოალიციის ბოლომდე მიტანა იყო და რჩება ჩვენს იდეად. ახლა კოალიციიდან რომ არ გავდივართ, ესეც ამის ნიშანია“, - უთხრა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა „ლიბერალს“.

პარლამენტარი იმ პროცესებს იხსენებს, რამაც არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება განაპირობა და დააჩქარა. ამავე დროს მათი მინისტრები მთავრობაში თანამდებობებს ინარჩუნებენ. მისი თქმით, ბევრი ფაქტორი იყო: პოლიტიკური თავდასხმა თინა ხიდაშელზე, არა მხოლოდ „მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის მხრიდან, არამედ ბევრი მიმართულებიდან - ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებები.

„დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ დაემთხვა, ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ისე გაუჭირდა, თოფაძე აგენტად ჰყავს. ეს რომ ვთქვა, ექსპერტები დამცინებენ; როგორც წესი, აგენტები ასე არ იშიფრებიან. მე თოფაძე აგენტი არ მგონია. გოგი თოფაძეს ეწყინა თინა ხიდაშელის ერთი ნათქვამი („ეგ ისევ პარლამენტშია?“) თოფაძემ შეურაცხყოფა მეც მომაყენა, მაგრამ ძირითადი დარტყმის ობიექტი ხიდაშელი აღმოჩნდა, მრავალი კუთხიდან. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა არასამთავრობო სექტორიდან იყო, რომლის მიმართაც „რესპუბლიკელებს“ განსაკუთრებული მგრძნობელობა და პატივისცემა გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი წარმოშობით იქიდან ვართ. ამიტომ, ქალბატონ ეკა გიგაურის დამოკიდებულება გაგვიკვირდა, მან ოთხი სასამართლო პროცესისა და სხვადასხვა ინსტანციის საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების მიუხედავად, პროკურატურას მიმართა - ხომ არ დაირღვა კანონი საგარეჯოს არჩევნებზე? ასეთი ეჭვი მილიონი შეიძლება, გამოითქვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ იმავე დღეს პროკურატურამ ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ეს ისტორიაში არ მომხდარა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ორკესტრირებული არ არის. გიგაურმა მაშინ თქვა, რომ ან ხიდაშელმა დააშავა, ან თოფაძეა ცილისმწამებელი. გამოძიება როდესაც დამთავრდა, გიგაურმა აღარ გაიმეორა, რომ თოფაძე ცილისმწამებელი ყოფილა. გიგაურმა ეს საკითხი მიაფუჩეჩა. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა რამ იყო დაგეგმილი“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის თქმით, ბევრი რამ დაგროვდა - ამავე დროს, „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციელი პარტნიორები დალაგდნენ და „რესპუბლიკელებს“ დაარტყეს. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ გუნდის ნაწილს ბოლოს და ბოლოს მიეცა საშუალება, ეთქვათ, რას ფიქრობდნენ.

„ვითარება აიძულებდა, ეძახათ: ევროპა და NATO. სინამდვილეში მათ რად უნდათ ევროპა?! მაგრამ, ამ ხალხს არაფერს დავაბრალებ, ისინი უპატიოსნესი, გულწრფელი ხალხია, უბრალოდ აქამდე საშუალება არ ჰქონდათ, ეთქვათ სიმართლე, როგორ ვერ იტანენ „რესპუბლიკელებს” და როგორ ოცნებობენ, რომ კონსტიტუციაში ასეთი ტექსტი ეწეროს: „ადამიანი არის კაცი. ქალიც ადამიანია. ქორწინება არის კავშირი ქალსა და კაცს შორის, სადაც კაცი დირექტორია. ისინი ასეთი პრიმიტიული აზროვნების ხალხია, საიდანაც გამომდინარეობს ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, პატიებას მოითხოვენ, არ უნდოდათ, მაგრამ აიძულეს. აქ სოსო ჯაჭვლიანი იქნება, მეჭიაური თუ სხვები, ესენი გულწრფელი ხალხია. კარასინთან ურთიერთობა რომ ჰქონდეთ, ბოლოს და ბოლოს ცოტა რუსული მაინც ხო უნდა იცოდნენ“.

ლევან ბერძენიშვილის მტკიცებით, ამ ვითარებაში ყველაზე უმნიშვნელო როლი შეასრულა გოგი თოფაძემ. „თოფაძე გულწრფელად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. მას მართლა გულწრფელად უყვარს სტალინი, ღმერთმა ყველას მოახმაროს თავისი სიყვარული. უბრალოდ, კოალიციაში რადგან არავის არ გაუჩნდა აზრი, რომ ეს პრობლემაა, იფიქრონ, რომ NAთO-ს, ევროპის გინება კარგია და სტალინის ქება კიდევ უკეთესი“, - ამბობს ბერძენიშვილი.

როგორც „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, მყარი შეგრძნება გაუჩნდათ, რომ მათზე მასირებული, მომზადებული შეტევა მიმდინარეობდა. „აღარაფერს ვამბობ, ამ დროს რას აკეთებს „ალია, „ქრონიკა პლუსი“, „ასავალ-დასავალი“ და სხვ. მაგრამ მათი ვის უკვირს, როდესაც მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (და იქ უამრავი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო) არ თქვა, რომ გიგაური მართალი არ არის“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ორკესტრირებული კამპანიის შესახებ საუბრობს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი, თუმცა მის უკან კოალიციის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კვალს ვერ ხედავს. „ეს ბიძინა ივანიშვილის სტილი არ არის“, - ამბობს ბერძენიშვილი.

„ლიბერალთან“ საუბარში საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის  აკადემიური ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.

შარაშენიძის თქმით, კოალიციაში „რესპუბლიკელების“ ყოფნა მათი მადისა და ეგოს გამო გახდა ივანიშვილისთვის მიუღებელი. გარდა ამისა, როგორც შარაშენიძე ვარაუდობს, ივანიშვილმა მიიჩნია, რომ უკიდურესი ნაციონალისტებისა და კონსერვატორების ხმების მოსაგროვებლად „რესპუბლიკელები“ მას ხელს უშლიდნენ. „ამიტომ თავისი გუნდის წევრებს „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ შეტევა დაავალა. ვერ დამიჯერებია, რომ, მაგალითად, მეჭიაურმა მეოთხე წელს გაიღვიძა და თვითნებურად დაიწყო ასეთი განცხადებებით გამოსვლა“, - ამბობს შარაშენიძე.

პრემიერი პროცესში და არშემდგარი ორპარტიული შეთანხმება

ვითარების გამწვავების შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ განმუხტვა პროცესში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩართვით სცადეს. „რას ვშვრებით?“ - მივმართეთ კვირიკაშვილს“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი, - „ჩვენ სასაუბროდ მეჭიაურსა და ლორთქიფანიძესთან ხომ არ მივიდოდით?! ისინი თავის პარტიაში ოფიციალურად პოსტებს არ ფლობენ. ცნობილია, რომ კვირიკაშვილი, ჯერჯერობით, არაფორმალურად და მომავალში ფორმალურად ამ პარტიის ლიდერი იქნება (იგი, რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერია) და ამიტომ მასთან მივედით სასაუბროდ“.

„რესპუბლიკელებმა“ კვირიკაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ორპარტიული შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს. „პრემიერმა თქვა, რომ მას ესმის ორპარტიული შეთანხმების საკითხი და ორპარტიული მოლაპარაკება იქნება. ჩვენ კოალიციაში მეორე პარტია ვართ და ეს საწყენი არ უნდა ყოფილიყო კოალიციის დანარჩენი პარტიებისთვის“, - თქვა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, პრემიერი ორპარტიული დოკუმენტის საკითხს დასთანხმდა.

„წამოვედით. ცოტა ხანში არა პრემიერის, არამედ სხვა მოქალაქეებისგან გავიგეთ, რომ თურმე ასეთი მოლაპარაკება არ შემდგარა. ჩვენზე არ იყო საქმე, პრემიერზეც იყო დარტყმა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიის გენერალურმა მდივანმა [კახა კალაძემ] განაცხადა. ამ შემთხვევაში თავი სერიოზულად შეცბუნებულად ვიგრძენით“, - ამბობს ბერძენიშვილი. მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების სურვილი იყო, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აღმოჩნდა.

„პრემიერი პირველ რიგში ალაგებს მთავრობას და ამას თავი კარგად გაართვა, ხოლო იმისთვის, რომ პოლიტიკა დაალაგოს, კიდევ დრო არის საჭირო. მის ადგილზე ჯერ პოლიტიკას დავალაგებდი, მაგრამ ასე მოხდა. კომუნიკაციის პრობლემები იყო; პრემიერს იმის გამო ნუ გავკიცხავთ, რომ თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პრემიერისგან განსხვავებით, ორპარტიული შეთანხმების საკითხზე გაცილებით თავდაჯერებულია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი. „თავიდანვე ცხადი იყო, რომ რომელიმე სუბიექტთან ასეთი შეთანხმება ვერ შედგებოდა“, - უთხრა მან „ლიბერალს“.

„რესპუბლიკელების“ შანსები

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ არსებობის 38 წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ერთხელ, 2008 წელს მიიღო, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის 3.78%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა, სახელისუფლებო კოალიციაში 4-წლიანი მონაწილეობის მიწურულს, ჯერ არ არის არც ერთი კვლევა, რომელიც მათი შესაძლებლობების სურათს წარმოადგენს.

როდესაც არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, „რესპუბლიკელებისთვის“ უკვე ცნობილი იყო „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც საარჩევნო ბლოკის შექმნას აღარ გეგმავდა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, მას პარტიის ეროვნული კომიტეტის 26-27 მარტის სხდომამდე კონსულტაციები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან. „წინა დღეებში ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები და ჩვენი პარტნიორების განწყობა ვიცოდით“, - აცხადებს უსუფაშვილი.

„არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა რთული გადაწყვეტილებაა. პარტიას ისეთი რეიტინგი არ აქვს, რომ არჩევნებს მშვიდად უყურებდეს. მაგრამ პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე ჩემი გამოსვლის პათოსი ნათელი იყო: ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგო, რას წარმოადგენ და რამდენი მხარდამჭერი გყავს. როყიო, სულელური ლაპარაკი ამოვიდა ყელში. გამუდმებით იმის მოსმენა, რა უყვარს და რა არ უყვარს ქართველ ხალხს. ამავე დროს იმ ადამიანებისგან დამადლება, რომლებსაც პოლიტიკაში ერთი კენჭიც არ გადაუბრუნებიათ და ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში ორთქმავლით შეაგრიალა; დამადლება, თითქოს მათ შეგვიყვანეს პარლამენტში. რომელი ლორთქიფანიძის, ნიშნიანიძისა და მეჭიაურის შესაყვანი ტვირთი იყო „რესპუბლიკური პარტია“. ახლა მაგათი სიის პრობლემები იქნება და რამდენს ვიცინებ, ეს აუტსაიდერები იქნებიან თუ არა იქ, სადაც საჭიროა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელებს“, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვთ. მისი თქმით, პროდასავლური განწყობის ამომრჩეველი ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“. „პროდასავლური ამომრჩევლის დიდ ნაწილს „ოცნება“ არ მოსწონს, „რესპუბლიკელები“ კი „ქართული ოცნების“ კოალიციაში დიდ ხანს იყვნენ“, - თქვა შარაშენიძემ.

ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის სიტყვებს იხსენებს, რომელიც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სამი ძალა იქნება წარმოდგენილი: „პროევროპული, ოღონდ უსამშობლო (მივხვდი, ვინ იგულისხმება, თავი უსამშობლოდ ვიგრძენი. აქ „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ვართ შეყრილები), ქართველი პატრიოტები, რომლებსაც ევროპაში უნდათ (იგულისხმება „ქართული ოცნება“) და საბჭოთა კავშირის მომხრეები. ეს თუ „ქართული ოცნების“ პოზიციაა, ჩვენს შორის კოლოსალური ზღვარი ყოფილა. ისინიც კი, რომლებიც რუსეთისკენ იხრებიან, უფრო ქართველები ყოფილან“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლის, ზურაბ ბიგვავას პროგნოზით, პარლამენტში მხოლოდ ორი, მაქსიმუმ სამი პარტია იქნება, ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გარდა ბარიერს კოალიციის ვერც ერთი სუბიექტი ვერ გადალახავს.

„ჩემი პროგნოზით, მომავალ პარლამენტში იქნება არანაკლებ შვიდი პარტიისა“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^