Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომელი პარტიები უჭერენ მხარს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას

18 აპრილი 2016

როგორია პარტიების დამოკიდებულება სავალდებულო გენდერული კვოტირების მიმართ, აპირებენ თუ არა მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, როგორ ადგენენ პარტიულ სიებს და მოხვდებიან თუ არა ქალები მათ სიებში, ფიქრობენ თუ არა შიდაპარტიულ რეგულაციებზე , როგორია მათ გეგმები წინასაარჩევნოდ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასთან დაკავშირებით  - „ქალთა მოძრაობისინიციატივით ამ თემებზე სასაუბროდ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა კონფერენცია, რომელზეც  პოლიტიკური პარტიები იყვნენ მიწვეულნი. „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების ხედვებისა და მოსაზრებების გაგება იყო: არიან თუ არა ისინი მზად მხარი დაუჭირონ როგორც სავალდებულო გენდერულ კვოტირებას და, ზოგადად, რას გეგმავენ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით.

შეხვედრის დასაწყისში „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მცირეა ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკურ სივრცეში.

საქართველოში მოსახლეობის 52%-ს ქალები წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, პარლამენტში ქალები საერთო რაოდენობის მხოლოდ 12%-ს შეადგენენ. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 108-ე ადგილზეა. ადგილობრივ თვითმმართველობებში  ქალების მხოლოდ 11%-იანი წარმომადგენლობაა. 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყანაში არ არის არცერთი მერი და გუბერნატორი ქალი.

მოძრაობის წევრებმა ასევე გაიხსენეს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (ე.წ. Task Force) მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო წინადადებამ საკომიტეტო მოსმენები ვერ გაიარა და ჩავარდა. ინიციატივის  მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს სიების (პროპორციული) შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა  დაეცვათ და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი დაესახელებინათ. საბოლოოდ კი პარლამენტში ქალების 25%-იანი  წარმომადგენლობა იქნებოდა, 150 დეპუტატიდან 38 ქალი.

პარლამენტში ჯერ კიდევ რჩება დეპუტატ ნანა ყეინიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის კანდიდატურა უნდა იყოს. ამ კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში  არჩევნების შემდეგ პარლამენტში 23 ქალი იქნება.

შეხვედრას „ ქალთა მოძრაობისა“ და „პოლიტიკაSHE-ის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე უძღვებოდა. პოლიტიკური პარტიების ხედვების გაცნობამდე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა თეონა ყუფუნიამ  NDI -ის ბოლო, უახლესი კვლევის შედეგებიდან ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მეტ ქალს პოლიტიკაში და მათთვის გენდერული კვოტებიც მისაღებია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღება, 45% პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, 25%-ისთვის უმნიშვნელოა, ხოლო 9%-ისთვის - სრულიად უმნიშვნელო.

კოალიცია “ქართული ოცნების“ წევრმა და სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნანა ყეინიშვილმა თქვა, რომ კანონპროექტი, სავარაუდოდ, 11 მაისისთვის გავა საპარლამენტო კენჭისყრაზე. მას იმედი აქვს, რომ პარტიები მხარს დაუჭერენ კვოტირების სისტემის შემოღებას. თუმცა ამბობს, რომ კოალიციაში „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა და კანონპროექტს მხარს არ უჭერენ  „სახალხო ფორუმი“ და „მრეწველები“.

შეხვედრას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ პარტია არ არის მომხრე სავალდებულო გენდერული კვოტირების, თუმცა, ცალკეული წევრები აპირებენ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, გავა თუ არა კანონპროექტი, პარტია გენდერული თანასწორობის იდეას მხარს უჭერს და წინასაარჩევნოდ 30%-იანი პარიტეტის დაცვას მაინც აპირებს.

გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს პარტია „თავისუფალი-დემოკრატები“.

„გენდერული კვოტირება დროებითი აუცილებელი ნორმაა, რომლიც შემოღებაც საჭიროა, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი შემოვიდეს. ქალების პოლიტიკაში შემოსვლით თანამედროვე პოლიტიკა უფრო ჰუმანური, პრინციპული  და  გაბედული გახდება. ჩვენ მხარს ვუჭერდით როგორც არასამთავრობოების, ასევე ნანა ყეინიშვილის ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყოველი მესამე ჩვენს პარტიულ სიაში ქალი იქნება. მიუხედავად იმისა, კანონი ძალაში შევა თუ არ შევა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - ამბობს „თავისუფალი- დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი ნინო გოგუაძე.

ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ თავჯდომარე დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტარტო პოზიცია საკმაოდ რთულია. კანონპროექტის მისაღებად 76 ხმაა საჭირო, რაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მარტივი მისაღწევი არ არის. მაგრამ თუ ასე მოხდება, ეს დიდი  წარმატება იქნება. რაც შეეხება პარტიის მხარდაჭერას, პარლამენტარი ამბობს, რომ ფრაქციაში ათი კაცია, აქედან მინიმუმ რვა კაცი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„რაც შეეხება შიდაპარტიულ რეგულირებას, შიდაპარტიული კვოტა მიღებული აქვს რესპუბლიკურ პარტიას. ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის იქნება. ეს ეროვნული კომიტეტის მიერ პარტიული დოკუმენტით მიღებული გადაწყვეტილებაა“,  - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ახლად დაარსებული პარტია „გირჩის“ წევრმა ანი სუბელიანმა თქვა, რომ გარკვეული იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე პარტია სავალდებულო გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერს, თუმცა პარლამენტში პარტიის ოთხი წარმომადგენლიდან სამი კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებს.

გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერს ასევე „ეროვნული ფორუმი“. ამის შესახებ შეხვედრაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შორენა ხორბალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის ექვსი დეპუტატიდან კანონპროექტის მხარდაჭერას არცერთი არ აპირებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება დისკრიმინაციული ნორმაა და ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე პარტიებმა შიგნით თავად უნდა იზრუნონ.

შეხვედრაზე „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ გენდერული კვოტა ეს სპეციალური დროებითი ზომაა, რომლის მთავარი მიზანი გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალების რაოდენობის გაზრდაა.

ამჟამად არსებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, გათვალისწინებულია ფინანსური წახალისება: თუკი პარტიების მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით იქნება წარმოდგენილი, ეს პარტია 30%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებს. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ მექანიზმმა არ გაამართლა, პარტიები ამ სისტემას არ იყენებენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გენდერული კვოტები არ დააკმაყოფილა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი  ნებაყოფლობითი კვოტირების სისტემა, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა. თუმცა ნაციონალურ მოძრაობასაც ქალები ათეულში კრიტიკულ, არაგამსვლელ ადგილებში ჰყავდა, იქ სადაც გამარჯვების შანსი ნაკლებად იყო. შესაბამისად, დაფინანსების მიღების მიუხედავად ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა მაინც არ გაზრდილა.  შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ თუკი კანონპროექტს სათანადო მხარდაჭერა არ ექნება და პარლამენტი მას არ მიიღებს, გადაიხედოს ფინანსური წახალისების არსებული ნორმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^