Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არა პანორამას!" - კიდევ ერთხელ

24 აპრილი 2016
ის ადამიანები, რომლებიც “პანორამა თბილისის” არსებულ პროექტს ეწინააღმდეგებიან, 23 აპრილს თბილისის საკრებულოსთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ბანერებით, შეძახილებით, სტვენითა და სლოგანით: “არა პანორამას!” 

“ანარქიტექტურა” - ვკითხულობთ მირიან შენგელაიას თეთრ ფორმატზე. არტისტი ამბობს, რომ ქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ უბნებში მშენებლობების წინააღმდეგობა გემოვნებასთან დაკავშირებულ არგუმენტებსაც სცილდება, რომ დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობები სრულიად დაუგეგმავი და გაუაზრებელია.

“ანარქიტექტურა არის ის სამშენებლო პოლიტიკა, რასაც დღეს ქალაქში ვხედავთ. შეხედეთ მასშტაბს. რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობების, ეს არის შეჭრა ქალაქის არსებულ არქიტექტურაში. აქ კი იმიტომ ვარ, რომ ვეწინააღმდეგები “პანორამა თბილისის” პროექტის იმ ტერიტორიაზე განხორციელებას, სადაც დაგეგმილია. ვფიქრობ, პროექტი თბილისისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ამ სივრცეში. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია მიქელაძეც ამბობს, რომ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგოდ გამართულ თითქმის ყველა აქციაში მონაწილეობდა, რადგან მიაჩნია, რომ ეს ქალაქს დაამახინჯებს. დააკარგინებს ავთნტურობასა და განსაკუთრებულ შარმს. მით უფრო, რომ საუბარი არა მხოლოდ ერთ ნაგებობაზე, არამედ ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილას დაგეგმილ ობიექტებზეა, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროებით უნდა დაუკავშირდეს. 

“ამასთან, 13 ივნისის მოვლენების შემდეგ ძალიან მეშინია, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა გეოლოგიურად ისეთი რამ დაარღვიოს, რომ ქალაქს კიდევ ერთი საშიშროება შეექმნას, ამიტომ ვითხოვთ გეოლოგიურ დასკვნას”, - ამბობს მიქელაძე. მისი აზრით, დასკვნები, რომლებიც ამ დრომდე არის ხელმისაწვდომი მშენებლი კომპანიის მიერ დაქირავებული ექსპერტების დაწერილია და ამიტომ ნაკლებად სანდოა, მაგრამ არ არსბეობს ალტერნატიული კვლევები, რადგან ზოგიერთი სპეციალისტი უბრალოდ ერიდება ღიად იმის თქმას და დაწერას, რასაც ამ პროექტის შედეგებზე ფიქრობს.

“მწვანე მუშტი” ერთ-ერთია იმ 24 არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებსა თუ მოძროაბებს შორის, რომლებიც გაერთიანება “ერთად”-ის სახელით ეწინააღმდეგებიან “პანორამა თბილისის” პროექტს. 

მოძრაობის წევრი ნიკა წიქარიძე ამბობს, რომ მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ამ პროექტის საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაწყებაა. 

“მშენებლობა უკვე დაწყებული იყო სანამ საჭირო ნებართვას აიღებდნენ. პროექტი არ არის შეთანხმებული საზოგადოებასთან, არის არადემოკრატიული. დაჩქარებული წესით მოხდა ყველა გადაწყვეტილების მიღება და არაა შესწავლილი ყველა ის გავლენა, რაც ექნება ამ მშენებლობას ქალაქზე”, - ამბობს წიქარიძე. 

მისი აზრით, პროექტის უარყოფითი ზეგავლება ექნება როგორც გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ისე სოციალური კუთხითაც.

“მერიას დეკლარირებული აქვს, რომ მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯენტრიფიკაციისა და კომერციალიზაციის პროცესია. ეს საზოგადოებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ მოსახლეობის ნელ-ნელა გაძევება მოხდება ამ ტერიტორიებიდან და მათ ჩაანაცვლებენ მაღალშემოსავლიანი, ელიტური ჯგუფები, რაც თავისთავად დისკრიმინაციული მოვლენაა. რაც შეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ლანდშაფტსა და გარემოს, გარდა იმისა, რომ იჩეხება ძალიან დიდ ფართობზე ხე-ტყე, არაა გათვალისიწნებული თბილისის ლანდშაფტის ხასიათი, არც მისი კულტურული სახე, ეს ყველაფერი წარმოქმნის კომპლექსურ პრობლემას და ეს მთლიანობაში, ბოლოს მოუღებს ძველ თბილისს”, - ამბობს “მწვანე მუშტის წევრი. 

ოლივერ რაისნერი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარეა და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ვალდებულებები ყველა მსგავსი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებასი უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული.  

“სამწუხაროდ ეს არაა მარტო თბილისის პრობლემა, მსგავსი ვითარებაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კიევში, ბაქოში იგივე პრობლემებია, რომ ინვესტორების შესაძლებლობები არაა შეზღუდული კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ყველაფერი არ შეიძლება დავინახოთ შავ-თეთრ ფერებში. ეს არ ნიშავს იმას, რომ ინვესტორმა საერთოდ არ გააკეთოს ის თუნდაც უგემოვნო პროექტი და შენარჩუნდეს ისტორიული მემკვიდროება. დიალოგით შესაძლებელია მისაღები ფორმისა და გამოსავლის მონახვა, სადაც ინვესტორის გეგმებიც დაკმაყოფილებული იქნება და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველებისაც”, - ამბობს რაისნერი. 

მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი პროტესტის სწორედ თბილისის საკრებულოსთან გამართვა, რადგან სწორედ შესაბამისი ქალაქგეგმარებით უნდა მოხდეს ის, რომ ისტორიულ უბანში არ იდგმებოდეს ჰიპერმოდერნული შენობები, რომელიც ამ უბნის ჰარმონიას არღვევს. 

“თბილისი ჯერ არ არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდროების სიაში მაგრამ ელოდება ამ აღიარებას და ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდება ეს ველური მშენებლობები და იქნება მხოლოდ ამ ერთი მხარის ინტერესები გათვალისწინებული, თბილისს აღარ დარჩება შესაძლებლობა, რომ ოდესმე მსოფლიო მემკვიდროების სიაში მოხვდება. აქ უბნის, სივრცის, ლანდშაფტის შენარჩუნებაზეა საუბარი, ამისათვის საკრებულოში და მერიაში საჭიროა სურვილი და მზაობა. ეს არ ნიშნავს უარი თქვა ინვესტიციაზე, მაგრამ თუ ჰიპერმოდერნულია ეს პროექტი, ავაშენოთ სხვა ადგილას. 

დღევანდელ ურბანისტიკაში სწორედაც ეს პრინციპი მოქმედებს ახლა, რომ ქალაქში უნდა იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ცენტრი, განსხვავებული ფუნქციების მიხედვით შექმნილი: ტურიზმის, ისტორიული, ქალაქის იდენტობის თუ ბიზნესის ფუნქციით დატვირთული ცენტრები” - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დამცველი. 

მის მოსაზრებას იზიარებს ხელოვნების ისტორიკოსი ლალი პერტენავაც. 

“ჩემთვის მიუღებელი არ არის მშენებლობა და ქალაქგანვითარება, ჩემთვის მიუღებელია სპონტანური და არაპროფესიული მშენებლობა და ქალაქგანვითარება”,  - ამბობს პერტენავა და განმარტავს, რომ ამგვარ აპროტესტო აქციაში მონაწილეობა არათუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც კია.  

“მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ თბილისი თავისი კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებრივი ლანდშაფტით, ასევე იმისთვის, რომ ავაშენოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მომავალშიც შეინარჩუნებს კულტურულ ძეგლებსაც და ბუნებასაც.  “პანორამა თბილისის” პროექტი კი გარდა იმისა, რომ იკავებს საჯარო სივრცის ნაწილს, იკავებს ძველი თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილსაც, ემუქრება ძველ თბილისის არქიტექტურას, ემუქრება ქალაქგანვითარებას. პროექტში არაა ჩამოყალიბებული რამდენად ჯდება ის თბილისის ისტორიულ სახეში და ამასთან, ის ცვლის ძველი თბილისის საზღვრებს.  ძველი თბილისის, რომელიც არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. მისი ყოველგვარი პროფესიული ჩარევის გარეშე ხელყოფა არ შეიძლება, ეს დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობითაც და საერთაშორისო კონვენციებითაც”, - ამბობს პერტენავა. 

სტუდენტი, პარტიზანი მებაღე აჩიკო ქინქლაძეც ფიქრობს, რომ 500-მილიონიანი ინვესტიცია ქალაქის ბიუჯეტს ნამდვილად წაადგება, მაგრამ ისტორიულ ზონაში მსგავსი მშენებლობა, რომელიც სოლოლაკის ისტორიულ განაშენიანებას საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია. 

“სოლოლაკის ისტორიული განაშენიანება არის ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვარი და არ შეიძლება ის ერთი კაცის ახირებას შეეწიროს. კარგი იქნება, თუ მას სხვა, არაისტორიულ უბანში განახხორციელებენ”, - ამბობს ქინქლაძე და დასძენს, რომ ბოლო დროს დაგეგმილი პროექტებიდან “პანორამას” მასშტაბითა და უბნისთვის შეუსაბამობით არ შამოუვარდება მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტი. 

“მეორე ასეთი ყველაზე ცუდი პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ისტორიულ ზონაში, არის მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით და შეუსაბამობით არ ჩამოუვარდება “პანორამას” და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყურადღება ამ მხრივაც იქნას მიმართული და გააქტიურებული. ამ ორი პროექტის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ და ამით შევინარჩუნოთ ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მონაკვეთი”, - ამბობს პარტიზანი მებაღე და სტუდენტი აჩიკო ქინქლაძე. 

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო გაერთიანება “ერთად” იყო. “ერთად” 24 არასამთავრობო ორგანიზაციას, მოძრაობას, საინიციატივო ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის “პარტიზანულ მებაღეობას”, “ტფილისის ჰამქარს”, ასევე “იარე ფეხით”, “მწვანე მუშტი”, “მწვანე ალტერნატივა”, რაჭის დამცველები, საზოგადოება “ბათომი”, ფრონლაინ კლუბი და ა.შ. 

“მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ აქციაზე მხოლოდ “ერთად”-ს ან “მწვანე ალტერნატივას” არ წარმოადგენს. და აქ მოსულია როგორც იმ უბნის იმ ერთ-ერთი უბნის მცხოვრები, რომელიც დავარაუდოდ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოექცევა - სოლოლაკი და ძველი თბილისი. 

“მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ისაა, რომ ასეთი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. არ შეიძლება მთლიანად გარდაქმნა ქალაქის თუ უბნის სივრცე, შეცვალო რადიკალურად ისე, რომ არ ჰკითხო აზრი უშუალოდ ამ უბნებში დასახლებულ ადამიანებს. ან მთლიანად თბილისში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც, როგორი იქნება დედაქალაქი, ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად აღელვებს”, - ამბობს გუჯარაიძე. 

მისი განმარტებით, ამგვარ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო უწყებები საჯარო ადმინისტრაციული წესით უნდა იღებდნენ. რაც იმას ნიშავს, რომ საზოგადოების მონაწილეობა გარანტირებული იქნება. გუჯარაიძის თქმით, ეს დღემდე არ მომხდარა და გადაწყვეტილებები “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით ყველა დონეზე ისე იყო მიღებული, რომ ფორმალურად საზოგადოება არ იყო ჩართული. 

“სამწუხაროდ დღეს კანონმდებლობა ისეთია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სამ ეტაპიან პროცესში, არც ერთი ეტაპი არ უზრუნველყოფს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას. ერთ-ერთი ეტაპი წლების წინ ითვალისიწნებდა საზოგადოების ჩართულობას,  მაგრამ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ეს პროცედურა გაუქმდა და ახლაც სამივე ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რაც პრინციპულად გამორიცხავს საზოგადოების ჩართულობას”, - განმარტავს გუჯარაიძე. 

მისი აზრით, ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზა თავისი შეხედულებისა და პროტესტის გამოსახატად საზოგადოებისთვის ქუჩის აქციებიღაა. 

გუჯარაიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის ნაკლოვანება რამდნეიმე სხვადასხვა მიმართულებით ქმნის პრობლემას. 

“პანორამა თბილისი” ხორციელდება ურბანულ სივრცეში და არა ხელუხლებელ ტყეში თუ გარემოში, რომელში მშენებლობაც აუცილებლად საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ნებართვას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პროექტი გავლენას ახდენს ადამიანზე, რომელიც გარემოსგან განყენებულად არ ცხოვრობს. თუ დავუშვებთ, რომ ამ პროექტის განვითარებით მოიმატებს ავტოტრანსპორტის გადაადგილება, რაც აისახება მათ მარშრუტზე განლაგებული შენობების სიმყარეზე, გაიზრდება გამონაბოლქვი, ხმაური, მტვერი - ეს აისახება ჯანმრთელობაზე. ბევრი სხვადასხვა ტიპის ზეგავლენაა, რაც ასევე წინასწარი შესწავლის საგანი უნდა ყოფილიყო.  

ყველა შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონმდებლობის გარკვეულ ნაკლოვანებებთან, რომლითაც გამონაკლისები ასეთი პროექტებისთვის დაშვებულ იქნა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ არც ამ ხელისუფლებამ გააკეთა რამე, რომ ეს გამონაკლისები და ნაკლოვანებები აღმოეფხვრა, ისინი მშვენივრად მოერგნენ ამ გარემოს და დღემდე არაფერი გაკეთებულა ამის გამოსასწორებლად”, - ამბობს ქეთი გუჯარაიძე, “მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი. 

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე კი ფიქრობს, რომ შაბათს გამართული აქცია ერთ-ერთია აქციების ციკლიდან, რომელიც ამ პროექტის წინააღმდეგ გაიმართა. მაგრამ ამჯერად მას ცოტა განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. რადგან წინა აქციაზე შედგენილი წერილი, 500 ხელმოწერით, პრემიერ-მინისტრმა უყურადღებოდ დატოვა. და არათუ არ შეჩერდა პროექტის განხორციელება, არამედ მათ პასუხის კი არ მიუღიათ პრემიერის ადმინისტრაციისგან. ფერაძის თქმით, ახლა ამას უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს:

“ჩვენ პასუხიც არ გაგვცეს 500-ხელმოწერიან პეტიციაზე, არათუ პრემიერი არ გაგვესაუბრა. და დღევანდელი აქცია არის გაფრთხილება, რომ ჩვენ ეს შეხვედრა და საუბარი აღარ გვჭირდება, ამას აღარ ვითხოვთ. გადავდივართ ბრძოლის სხვა მეთოდებზე, რომლებზეც დაწვრილებით ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა უკვე მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევძლებთ, გავაჩეროთ ეს პროექტი”, - ამბობს პარტიზანი მებაღე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^