Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი დანაშაულის დაფარვაში მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს

11 მაისი 2016

„20 წელი რამაზ ხუციანიძესთან ქორწინებაში ვიმყოფებოდი, მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ორი წლის წინ  ტყეში წამიყვანა. ჩემს დახრჩობას ცდილობდა. მეორე დღეს მითხრა, რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, თავს ვერ აკონტროლებდა და პატიებას მთხოვდა. დამაბრუნა სახლში და  14 წლის ქალიშვილის თვალწინ უმოწყალოდ მცემა. ბავშვმა ჩემი დაცვა სცადა და ისიც სცემა. მე სასამართლოში სარჩელი შევიტანე განქორწინების მოთხოვნით. პოლიციასაც დახმარება ვთხოვე. ორი წლის განმავლობაში ყველა ინსტანციას მივმართე, მაგრამ ის მაინც დაუსჯელი დადის“, - ჰყვება მედეა პატაშური. მან თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების შესახებ ქალთა მოძრაობას მიმართა.  როგორც მედეა პატაშურის ამბობს,  ყოფილმა მეუღლემ მას მრავალი დაზიანება მიაყენა, მათ შორის ნეკნების მოტეხილობატვინის შერყევა; იყო ფიზიკური განადგურების მუქარებიც, მკვლელობის მცდელობა, ავტომობილის განზრახ დაჯახება, ავტომობილის წართმევა, პირადი ნივთების დაზიანება, სახლში შეჭრა და .. მიუხედავად ყველაფრისა, დამნაშავე დღემდე არ არის დაკავებული, მის მიმართ გამოყენებულია მხოლოდ ჯარიმები და ადმინისტრაციული სანქციები.  

მედეა პატაშური ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე სავარაუდოდ შსს-ს ფარული თანამშრომელია და მას  შსს-ს მაღალჩინოსნები მფარველობენ.  მან შეხვედრაზე შსს-ს თანამშრომლებისა  და  პარლამენტის მოქმედი დეპუტატის აპარატის მიერ დანაშაულის დაფარვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა.  

„მივმართე დუშეთის პოლიციას, დაიწყო სისხლის სამართლის საქმე. პროკურორმა დავით ბუკიამ გამომძიებელთან შეთანხმებით ტყეში წაყვანის ფაქტი ჩვენებიდან ამომაღებინა. 8 თვის განმავლობაში ერთთვიანი შემაკავებელი ორდერის გაცემას ვითხოვდი. ავიყვანე ადვოკატი მივმართე გენინსპექციას. როგორც იქნა დუშეთის პოლიციამ გასცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა ჩემზე ძალადობა ამით არ დასრულებულა. განქორწინების შემდეგ მეუღლე სახლში იარაღით დამხვდა. როგორ შეაღწია ჩემს სახლში, არ ვიცი. ისევ მემუქრებოდა, რომ მომკლავდა. ჩხუბის ხმაზე დედაჩემი ამოვიდა. ამ დროს სახლიდან გაქცევა შევძელი, მეზობლიდან დავრეკე. პოლიცია მოვიდა, თუმცა ისეთ დროს, რომ ის უკვე მიმალული იყო. პოლიციის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე გიორგი ლომსაძემ გამომიცხადა, რომ მას  სათამაშო იარაღი ჰქონდა.  დუშეთში არსებობს აზრი, რომ მას მაღალჩინოსნები მფარველობენ, ამიტომაც არასოდეს ისჯება. იმ დროს, მაგალითად, ასეთი იყო ზვიად ჯანყარაშვილი. ამას აცხადებს თვითონაც, რომ ზვიად ჯანყარაშვილი მისი მეგობარია და მას ვერავინ შეეხება. 2014 წლიდან 2015 წლამდე დუშეთის პოლიციას დაახლოებით 20-ჯერ მივმართე დახმარების მოთხოვნით.  დიდი ბრძოლის შემდეგ ამ ორი წლის განმავლობაში ორი შემაკავებელი ორდერია გაცემული. ერთი ექვსთვიანი დამცავი ორდერი მაქვს ახლა. ორდერებს არღვევს, თუმცა ამაზე არავინ რეაგირებს.  მეორე  შემაკავებელი ორდერის დარღვევის დროს მან დედაჩემს მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა ამის გამო გამოძიება არ დაწყებულა. გამომძიებელმა საერთოდ არ ახსენა  დედაჩემის ცემის ფაქტი.   სასამართლომ  ამის შესახებ მხოლოდ დედაჩემის დაკითხვის შემდეგ გაიგო“, - ამბობს მედეა პატაშური.

შეხვედრაზე ქალთა მოძრაობის წევრებმა იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რომელიც მედეა პატაშურის საქმის შესწავლისას გამოიკვეთა. როგორც ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, გაირკვა, რომ რამაზ ხუციანიძე შსს-სთან  მომუშავე ადამიანია, თუმცა ოფიციალურად ის გაფორმებული არსად არის. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები სოციალურ ქსელში მიმოწერების ფორმით, რომელიც საქმეშია. ეს მიმოწერები მუქარის მიზნით რამაზ ხუციანიძემ თავად აჩვენა მედეა პატაშურს. ამ მიმოწერებით ირკვევა, რომ მედეას ყოფილი მეუღლე ესაუბრება შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანს.

„კერძოდ, არსებობს ჩანაწერი, სადაც რამაზ ხუციანიძე ესაუბრება მამუკა კბილცეცხლაშვილს, რომელიც იმ დროისათვის თელავის პოლიციის უფროსი იყო. ის აწვდის საზღვრის კვეთის ფოტოებს იმ ადამიანის შესახებ, რომელთან ერთადაც მედეამ აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. არსებობს მიმოწერა დოდო ხეთაგურთან, რომელიც დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწეა. ის  რამაზს წერს, რომ საქმე „გადიოდა მძიმეზე“ და მან ეს გამოძიება პროკურატურასა და შსს-ს შეამსუბუქებინა. დოდო ზაზა მეხატიშვილზე საუბრობს, რომელიც იმ დროს დუშეთის პოლიციის უფროსი იყო. დადებითად ახასიათებს მას და ამბობს, რომ ის ყოველთვის ეხმარება და არაერთხელ გამოუძვრენია დუშელები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ასევე ჩანაწერში საუბრობენ დოდო და რამაზი, რომ იგეგმება რამაზის შეხვედრა ტრიპოლსკისთან. დოდო ხეთაგურმა მედეას საუბარში დაუდასტურა, რომ ეს საუბარი შედგა“, - ჰყვება ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

მისი თქმით, ეს არ არის ოჯახში ძალადობის რიგითი  საქმე. ეს არის საქმე, სადაც ქალის წინააღმდეგ  ძალადობს არა მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, არამედ მთელი სამართალდამცავი სისტემა: „ვითხოვთ შსს-გან, რომ მედეას უსაფრთხოება და სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დაცული იყოს“.

"ლიბერალი" დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის, აპარატის ბიუროს ხელმძღავნელ დოდო ხეთაგურს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, მას მართლაც მისწერა რამაზ ხუციანიძემ და დახმარება სთხოვა: "როგორც მახსოვს, წერილში ამბობდა, რომ ცოლი ძალადობაში სდებდა ბრალს. სინამდვილეში კი ეს ასე არ იყო, ამიტომ შუამდგომლობა ითხოვა. ვუთხარი, რომ გავერკვეოდი საკითხში და თუ შესაძლებელი იქნებოდა, კანონიერ ფარგლებში დავეხმარებოდით. მოქალაქეები მოგვმართავენ ხოლმე მსგავსი თხოვნით, როცა საქმე მსუბუქ დანაშაულს ეხება და ჩვენ ოფიციალურად შუამდგომლობის დაყენება შეგვიძლია.  თუმცა ეს ის შემთხვევა არ იყო, ამიტომ ვერაფრით დავეხმარეთ".

დოდო ხეთაგური ამბობს, რომ რამაზ ხუციანიძესა და დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის შორის შეხვედრა არ შემდგარა: "ირაკლი ტრიპოლსკის ვუთხარი, რომ მოქალაქეს მასთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა". 

მედეა პატაშურმა სხვადასხვა უწყებებს მიმართა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სახალხო დამცხველის აპარატს. როგორც სახალხო დამცველმა დღეს განაცხადა, ის ოჯახში ძალადობის ამ ფაქტს შეისწავლის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^