Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი სახეები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში - რატომ შეურთდნენ „ქართულ ოცნებას“

17 მაისი 2016

14 მაისს პარტია “ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაასახელა. საბჭოში 9 ახალი სახეა. 

"ლიბერალი" პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს დაუკავშირდა და მათი საბჭოში გაწევრიანების მოტივაციის, მიზნებისა და მათი გამოცდილების შესახებ დაუსვა კითხვები.

მამუკა მდინარაძე

პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, იურისტი მამუკა მდინარაძე, საბჭოში გაწევრიანების მიზეზებზე საუბრისას რამდენიმე ძირითად ფაქტორს გამოყოფს. მისი თქმით, არცერთ სხვა პარტიას იმდენი სიკეთე არ მოუტანია ხალხისთვის, როგორც "ქართულ ოცნებას". სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, შეურთდეს “ქართული ოცნების” გუნდს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” 4-წლიანი მმართველობის მთავარი მონაპოვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაა. მდინარაძე ამბობს, რომ  "ქართული ოცნება" ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტიაა და გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყო.

"ჩავთვალე, რომ დროა პოლიტიკაში მოვიდე. სათანადო გამოცდილებაც მაქვს იმისათვის, რომ ამ გუნდს გვერდით დავუდგე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ გუნდს აქვს, არის სწორი კომუნიკაციის პრობლემა. ამ კუთხით სამუშაო გასაგრძელებელია, რომ მათ არაერთი წარმატებით შესრულებული საქმე საზოგადოებამდე მიიტანონ. ჩავთვალე, რომ შემიძლია ამ  ყველაფერში მონაწილეობის მიღება, მეც გადავდგი მათკენ ნაბიჯი და მათგანაც შემხვედრი ნაბიჯი მივიღე. მიმიღეს გუნდში და შესაბამისად ჩემი იმედიც აქვთ, ამ იმედის გაცრუება არ შეიძლება. საბოლოო ჯამში ხომ მარტო გუნდზე არ არის საუბარი, საუბარია მოსახლეობაზე, რომელმაც დაიმსახურა, რომ უფრო უკეთესი პოლიტიკური გუნდი ემსახურებოდეს",- ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, მისი და პარტიის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით საგარეო კურსსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ის მიიჩნევს, რომ მისი იურისტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გუნდს გამოადგება.

ბიოგრაფია

მდინარაძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ მისი სამუშაო პრაქტიკა მეორე კურსიდან იწყება, როცა შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად ოთხწელიწადნახევარი იმუშავა. შემდეგ  ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად მუშაობდა. მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში მოხდა "ორი ბათუმელი სტუდენტის გათავისუფლების" გახმაურებული საქმე, რის გამოც საგამოძიებო სამსახურის უფროსთან და ერთ თანამშრომელთან ერთად დააკავეს.

"10 დღე საპყრობილეშიც კი მოგვიწია ყოფნა. შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გამომძიებლების დიდი ერთსულოვნება, რომლებმაც პატაკების წერა დაიწყეს ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით. სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილებით, საქმე რეზონანსული რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ოღონდ  არამარეაბილიტირებელი საფუძვლით. არსებობდა რისკი, რომ თუკი სასამართლოებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას აიძულებდნენ, 3-წლიანი პატიმრობა გვემუქრებოდა, მაგრამ გავრისკეთ და საბოლოოდ ორივე ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ".

მისი თქმით, ამის შემდეგ საჯარო სამსახურში ვეღარ იმუშავა. როგორც ამბობს, საადვოკატო საქმიანობა იყო ერთადერთი, სადაც პროფესიული კარიერის გაგრძელებას შეძლებდა .

მამუკა მდინარაძე არის საქართველოს "პარაოლიმპიური ფონდის" პრეზიდენტი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" ხელმძღვანელი.

ირინე ფრუიძე

ირინე ფრუიძის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდა, პარტიის საგარეო კურსია. მისი შეფასებით, ეს ის გუნდია, რომელიც  დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს.

 "გვექნება გუნდური მუშაობა. სადაც საჭირო ვიქნები, მზად ვარ, რომ ყველგან ჩავერთო. ერთობლივად გადავწყვეტთ, სად უფრო ეფექტიანი და საჭირო იქნება ჩემი ჩართულობა. არის რამდენიმე თემა, რომლებზეც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ შეიძლება ვიმუშაო. ეს არის ევროინტეგრაცია, ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანდაცვის სფერო, მცირე ბიზნესის განვითარება, გენდერული თანასწორობა, მაგრამ უფრო დეტალურად ამას უკვე გუნდთან ერთად გადავწყეტთ", - ამბობს ფრუიძე.

ბიოგრაფია

ფრუიძე ამბობს, რომ აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა საკრებულოში. 10 წელი ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი იყო.

მისი თქმით, მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად არასამთავრობო სექტორს უკავშირდება. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარების სპეციალისტი, მსხვილი პროექტების მენეჯერი.

აკაკი ზოიძე

კიდევ ერთი ახალი სახე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარი აკაკი ზოიძეა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოში შესვლა ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: პირველი, მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანის განვითარებაზე ზრუნვა და, მეორე, მიიჩნევს, რომ ამის მიღწევაში თავისი გამოცდილებით გუნდს დაეხმარება. გარდა ამისა, ზოიძეს გუნდის ახალი სახეებიც მოსწონს. ეს კიდევ ერთი მოტივაცია იყო, რის გამოც საბჭოს წევრობას დასთანხმდა.

"ჩემი მიდგომა ძალიან მარტივი იყო. მე თვითონ გამოვხატე სურვილი, რომ მონაწილეობა მიმეღო წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მერე ამ პროგრამის განხორციელებაში. შემდეგ  უკვე თვითონ შემომთავაზეს ის როლი, რაც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ჩემთვის თვითმიზანი არც თანამდებობაა, არც პარლამენტში შესვლა. ჩემი ამოცანაა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, სასიკეთო საქმის კეთებას მოხმარდეს. რახან ჩემს თავზე ეს ვალდებულება ავიღე, არჩევნების ბოლომდე მათ გვერდში ვიქნები და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა პროცესში”, -  ამბობს ზოიძე.

ბიოგრაფია

აკაკი ზოიძე განათლებით ექიმია. 90-იან წლებში ექიმად მუშაობდა. შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელა საქმიანობა. დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტი საჯარო მმართველობის მიმართულებით, რის შემდეგაც 2-წლიანი სამუშაო პრაქტიკა ამერიკაში გაიარა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ 1997-2003 წლებში საჯარო სამსახურში მუშაობდა: ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში, შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

"იმ პერიოდში საკმაოდ არაეფექტიანი იყო საჯარო სამსახურში მუშაობა. კორუფციის გამო, რეალურად საქმის კეთება საკმაოდ რთული იყო, თუმცა ვთვლი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. როცა აშშ-დან საქართველოში დავბრუნდი, ჩემი მიზანი  ახალი ჯანდაცვის სისტემის შექმნაში მონაწილეობა იყო. კმაყოფილი ვარ იმ წლებით, რადგან სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჯანდაცვის სისტემაში მოწინავე რეფორმას. სწორედ ამ რეფორმამ მოგვცა საშუალება, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვა გვქონოდა და რეგიონში ჯანდაცვის კუთხით გარკვეული წარმატებებისთვის მიგვეღწია", - ამბობს ზოიძე.

ზოიძე 2003 წლიდან "კურაციოს საერთაშორისო ფონდში" მუშაობდა, რომელიც 1995 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა. ფონდი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმაზე მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მუშაობდა. ბოლო 12 წელი კი საექსპერტო და სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. ასევე, ზოიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში, მაგისტრანტებისთვის კითხულობდა ლექციებს ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ.

სოფიო კილაძე

საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი სოფიო კილაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მყარი დასავლური კურსის  მქონე პარტიაა. მისი თქმით საბჭოს წევრობაც ამიტომ გადაწყვიტა. გარდა ამისა, მისთვის მისაღებია ქართული ოცნების პრიორიტეტები: ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის განვითარება, განათლების რეფორმა, საჯარო სამსახურის მოქნილი სისტემის რეფორმა.

"მე ჩემი წარმოდგენები და გეგმები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რაში შემიძლია მივიღო მონაწილეობა. არის რამდენიმე მიმართულება, სადაც ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას ჩემი რესურსი გამოადგება. იურისტი ვარ  და შესაბამისად იურისპრუდენცია ჩემთვის უცხო არ არის. მოხარული ვიქნები, თუ ამ კუთხით გავაგრძლებ მუშაობას. ანალოგიური შემიძლია ვთქვა განათლების სისტემაზეც, ეკონომიკაშიც კარგად ვერკვევი. გასათვალისწინებელია გუნდის ხედვა, სადაც გუნდი ჩათვლის, რომ ჩემი რესურსი ეფექტურად იქნება მიმართული, მეც ბუნებრივია იმ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას", - ამბობს კილაძე.

ბიოგრაფია

სოფიო კილაძემ პროფესიული საქმიანობა გერმანიაში დაიწყო, პრაქტიკა, ჰაიდელბერგში საადვოკატო ბიურო  Bau, Becky & Collegen-ში (2009 წ.) გაიარა. 2008-2011 წლებში მუშაობდა "მაქს პლანკის" შედარებითი სამართლისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტში. 2011-2014 წლებში კილაძე საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, როგორც ქართულ, ისე გერმანულ სექტორზე საჯარო სამართლის მიმართულებით. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს. ამავე წლებში იკავებდა შსს-ს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას. არის საზოგადოება 20:30-ის ანალიტიკოსი.

რომან კაკულია

რომან კაკულიასათვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მოტივი "ქართული ოცნებისადმი" პოლიტიკურ სიმპათიას უკავშირდება. მისი თქმით, ეს სიმპათია ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა, ის 2012 წლის მოვლენებმა განაპირობა.

"ყველაფერს, რასაც ვაშენებთ საფუძვლად ადამიანის უფლებები უდევს. ნებისმიერი რამ სწორედ ამ მყარ საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია გავიხსენო, სამწუხაროდ მათ უგულებელყვეს ადამიანის უფლებები. ამიტომ იმ ძალამ, რომელმაც წინა ხელისუფლება ჩაანაცვლა, თავისთავად გააჩინა შეგრძნება იმისა, რომ მისი  ფუნდამენტი ადამიანის უფლებებია. ამ 4 წლის განმავლობაში იყო შემთხვევები, რომლებსაც ათასნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება მისცეს ადამიანმა, თუმცა ზოგადად ახალი ხელისუფლების ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანის უფლებები", - ამბობს რომან კაკულია.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მისი პიროვნული თვისებები და ქვეყნის განვითარების მისეული ხედვა.

ბიოგრაფია

რომან კაკულიას თქმით, მისი სამუშაო გამოცდილების სფერო ძირითადად ევროინტეგრაცია და სოფლის მეურნეობის საკითხებია. 1995-1997 წლებში რომან კაკულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 1997-2005 წლებში კი ამავე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2006 წლიდან კი ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^