Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქიკური ჯანმრთელობის უკუღმართი სისტემა

19 მაისი 2016

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს აქტივისტი, მინდა  გამოვეხმაურო “ლიბერალის” ერთ-ერთ  თემას - “რატომ შეუმცირეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს წამლები”  და შემოგთავაზოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც   ჩემი ორგანიზაციის პროექტის“ მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მონიტორინგის კვლევის ფარგლებში  ჩატარებულ  ინტერვიუებს ეყრდნობა.  პროექტი “ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.   

განსახილველად გთავაზობთ როგორც პაციენტების, ისე დარგის ექსპერტების მოსაზრებებსა და   ასევე მცირე რეკომენდაციას.   

პაციენტების ოჯახის წევრები უარყოფითად აფასებენ მათთვის დისპანსერში დარიგებული წამლების  ადმინისტრირებას:

გარდა იმისა, რომ მოუწესრიგებელია თავად მედიკამენტების დარიგების წესი (ზოგჯერ წამალი თავდება, მშობლებს რიგში დგომა უწევთ, რაც მზრუნველებისთვის პრობლემურია), პაციენტები ეჭვქვეშ აყენებენ წამლების ეფექტურობას. განსაკუთრებით ეს ეხება დისპანსერში მიღებულ/დარიგებულ წამლებს, წამლების უხარისხობა ვლინდება დაავადების გამწვავებაში ან სიმპტომების აულაგებლობაში. შედეგად, პაციენტი ხვდება ჰოსპიტალში, სადაც მას უფრო ხარისხიანი წამლებით მკურნალობენ, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილურდება. თუმცა სტაბილურობა დროებითია. ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ პაციენტისთვის ისევ მიუწვდომელია ხარისხიანი წამალი, რასაც ისევ დაავადების გამწვავება და ჰოსპიტალიზაცია მოჰყვება.

პაციენტის დედა: “კლინიკაში დაყოვნების დრო შემცირებულია, გარე სერვისები არ არის განვითარებული, დისპანსერები ძალიან დაბალ დონეზეა, წამლის ხარისხი ძალიან დაბალია, წამლის შესყიდვის რეგულაციები შესაცვლელია. მშობლებისა და ექსპერტების აზრით, ეს რეგულაციები წამლის ხარისხის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მის ფასზე. სწორად შერჩეულ წამლებს ძალიან შესამჩნევი შედეგი აქვს”.

მეორე რესპონდენტი: “მოვითხოვ, რომ იყოს ხარისხიანი წამლები!  10 დღის წამალში, რომელიც თურქულ ფირმაში ვიყიდე,  მივეცი 64 ლარი.  წამალი ძალიან სუსტი აღმოჩნდა, მაშინ, როცა 120-ლარიანმა წამალმა, რომელიც  ჩემმა ახლობელმა მოსკოვიდან გამომიგზავნა, სამ დღეში გამომიჯანმრთელა შვილი. აქ არასწორი მკურნალობით ჩემი შვილი დაიღუპება, ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლონეთში გადავსახლდე”. 

მესამე რესპონდენტი “ვფიქრობ არასწორი მედიკამენტების დანიშვნის გამო გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან შენელებულია. მინდა, იყოს კარგი წამლები, რომ ადამიანს ჰქონდეს არჩევანი, და ვისაც შეუძლია, იყიდოს”. 

 რას ფიქრობენ  დარგის სპეციალისტები

გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ ამბულატორიული დაწესებულების ფუნქცია  იაფი და დაუდასტურებელი ეფექტურობის მქონე მედიკამენტების დარიგებით შემოიფარგლება, რაც აფერხებს ზოგადად დეინსტიტუციონალიზაციისა და თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ხელს უწყობს ძველი მოდელის შენარჩუნებას. არსებული მოდელი, პირიქით, ახალისებს პაციენტების ინსტიტუციებზე დამოკიდებულებას.

ექსპერტები   ამბობენ, რომ დისპანსერისთვის შედარებით იაფი წამლების შესყიდვა ხდება, ხოლო სტაციონარისათვის კი ხარისხიან წამლებს ყიდულობენ, რაც ერთის მხრივ,  ფინანსური რესურსების ზოგადი სიმწირითაც  არის ნაკარნახევი, თუმცა მთავარი პრობლემა  არსებული დაფინანსების მოდელია. 

ერთ ექსპერტი: “პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ შესყიდვების კანონი ავალდებულებს სახელმწიფო დაწესებულებებს იაფი მედიკამენტის ყიდვას. პრობლემა ისაა, რომ დაფინანსება ამ იაფსაც ვერ სწვდება. საერთოდ ამბულატორიების დაფინანსების პრინციპი გაუგებარია. ფული გლობალური ბიუჯეტით მიეწოდება და იმდენ პაციენტს უნდა ეყოს, რამდენიც მიმართავს”.

როგორ ნაწილდება ბიუჯეტიდან თანხები?

აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ მომსახურებაზე საქართველო წლების განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობაზე გამოყოფილი თანხების ყველაზე დიდ წილს, 71%, ხარჯავს.

როგორ ხორციელდება მედიკამენტების შესყიდვა სამედიცინო დაწესებულებების მიერ?

  დაწესებულებები ვერ ახერხებენ სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერებში ეფექტურ მონაწილეობას, მაგალითად, ვერ უმკლავდებიან ოპერაციულ სირთულეებს, ვერ ერთიანდებიან სხვა პროვაიდერებთან, ვერ ნახულობენ მათთან საერთო ენას, რადგან ყველა დაწესებულებას   რიგი ფირმებისა და მედიკამენეტების მიმართ საკუთარი პრეფერენციები აქვს.

ექსპერტებთან დიალოგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ერთეულის ფასის შესამცირებლად სასურველია შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის გაზრდა. ამისათვის საჭიროა ტრენინგი შესყიდვის ლოტის შესამუშავებლად ან შესაძლებელია მედიკამენტების შესყიდვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც დაქირავებული სპეციალისტები სასურველ ფასსა და ხარისხზე შეთანხმდებიან.

რეკომენდაცია:

 ფსიქიკური ჯანმრთელობის  პაციენტებისათვის მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმების გადახედვა და დახვეწა  იმგვარად, რომ სახელმწიფო რესურსები არ დაიხარჯოს  იაფი და დაუდასტურებელი ეფექტურობის მქონე წამლებზე. აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე და არა ფასზე. ფასის დაკლება შესაძლებელია მოხდეს შესასყიდი მოცულობის გაზრდით.   დეინსტიტუციონალიზაციის ხელშესაწყობად გასათვალისწინებელია  წამლის დაფინანსების იმგვარი  მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტის არა ინსტიტუციაზე მიბმას, არამედ მის თემში ინტეგრაციას.  ამასთან დაცული უნდა იყოს პაციენტის თავისუფალი არჩევანი ექიმის,  დაწესებულებისა და წამლის შერჩევისას. ერთი მხრივ, სახელმწიფომ ცენტრალიზებულად უნდა უზრუნველყოს ხარისხიან  მედიკამენტზე საუკეთესო ფასი  და, მეორე მხრივ, პაციენტს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ვაუჩერის საშუალებით იყიდოს ეს მედიკამენტი ან ვაუჩერზე ზევიდან დაამატოს თანხა და შეიძინოს  ისევ ხარისხიანი, მაგრამ უფრო ძვირი მედიკამენტი.

თიკო ცომაია

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^