Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქდაგეგმარება ადამიანებისთვის და არა მათ წინააღმდეგ

23 მაისი 2016
როგორია ქალაქი, რომლის განვითარებასაც მოქალაქეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ინვესტორები ერთად გეგმავენ?  რა აქცევს უბანს, სამეზობლოს საცხოვრებლად კარგ და სასიამოვნო ადგილად? ვინ იღებს ამისგან სარგებელს და რა პერსპექტივები აქვთ ძველი უბნის მცხოვრებლებს - რატომ სურთ იქ ცხოვრება, სადაც წლებია ცხოვრობენ? რა აკავშირებთ ერთმანეთთან და რა აკავშირებს ამ უბნებს დანარჩენ ქალაქთან?  ინტეგრირებული ქალაქგეგმარება - პრინციპია, რომელსაც ქალაქების, უბნების დაგეგმვისას თანაბრად აინტერესებს მათი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული პერსპექტივები. 

ერთი თვის წინ ორგანიზაცია "კამპუსის", სივრცითი დაგეგმვის სპეციალისტის ფრაუკე ბურგდორფის (Frauke Burgdorff), ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ინსტიტუტის კოოპერაციული პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა ქალაქმშენებლურად უნდა დაგეგმონ გარე ავლაბრის ერთი ნაწილი, რომელიც მოქცეულია ბარათაშვილის აღმართს, მესხიშვილის ქუჩას, ავლაბრის მოედანსა და ცუცქირიძის ქუჩას შორის. თუმცა თემატური ჯგუფები ამას სხვადასხვა პერსპექტივიდან უდგებიან - ეს იქნება არქიტექტურული, სოციალური თუ კულტურული მხარე. მათ უკვე შეაგროვეს ამ ტერიტორიის, ე.წ. საყრდენი მონაცემები და ცდილობენ მთლიანი სურათის დანახვას, რომლის საფუძველზეც ეს ჯგუფები განვითარების შესაძლო მიმართულებებს დასახავენ და კონცეფციებსაც შეიმუშავებენ. შემდეგ კი ამ განზოგადებულ მიდგომებს ისევ დაავიწროებენ და ქალაქმშენებლურ პროექტად აქცევენ. 

23-27 მაისს უკვე მეორე ვორქშოპია დაგეგმილი. მანამდე კი “ლიბერალი” ფრაუკე ბურგდორფს იმის შესახებ ესაუბრა,  თუ როგორი უნდა იყოს “თბილისი - საცხოვრებლად კარგი ქალაქი”. 

რას ნიშნავს ეს პროექტი ქალაქისთვის და რა შედეგებს ელოდებით მისგან?

ეს პროცესი თავისი არსით ერთი უბნის,  გარე ავლაბრის დაგეგმვას გულისხმობს. თუმცა მთავარი ისაა, რომ პროექტში ჩართული სტუდენტები გაიგებენ ინტეგრირებული ქალაქგეგმარების იდეას, მიხვდებიან რამდენად კომპლექსური და მრავლის მომცველია ის, რა ასპექტები უნდა იყოს ამ პროცესში გათვალისწინებული. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არის კიდევ ის, რაც სასურველი და შესაძლებელია მოხდეს. გარდა ამ შემეცნებითი ნაწილისა, იქნებ ეს იყოს საფუძველი იმისა, რომ მათაც და სხვებმაც დაიწყონ განსხვავებულად ფიქრი ავლაბრის შესახებ, ქალაქის მიმართ პოლიტიკის შესახებ. თუკი ჩვენ ვიპოვით რეალურ გზას, როგორ შეიძლება მართლაც განვითარდეს გარე ავლაბარი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან გაგვიმართლებს. 

რას ნიშნავს ინტეგრირებული ქალაქგეგმარება, ქალაქგანვითარება?

ამ დროს ქალაქმგეგმარებელი თავს უყრის ყველა იმ კომპონენტს, რაც ქმნის ქალაქს, მის ფორმასა და შინაარსს. ინფრასტრუქტურა, ფორმა, ესთეტიკა და ადამიანები - ეს ყველაფერი ერთადაა ქალაქის საგანძური და მემკვიდრეობა. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - იფიქრო ადამიანებზე, გაიგო როგორ ცხოვრობენ ამა თუ იმ სამეზობლოში, უბანში, რა უნდა შევინარჩუნოთ და რა შევცვალოთ; როგორ უნდათ ამ ადამიანებს ცხოვრება და როგორ უნდა ავაშენოთ ისეთი ქალაქი, როგორში ცხოვრებაც მათ სურთ. ესაა ჩემი მიდგომა და განმარტება ინრეგრირებული ქალაქგანვითარების მიმართ: იფიქრო ჯერ ადამიანებზე, მათი უკეთ ცხოვრების საჭიროებებზე, შემდეგ კი უკვე ქალაქგეგმარებაზე, არქიტექტურაზე, ინფრასტრუქტურაზე. ამ ყველაფერზე ერთობლივად უნდა იფიქრო. იფიქრო და დაგეგმო ადამიანებისთვის და არა ადამიანების წინააღმდეგ 

რა კომპონენტები აქვს ასეთ დაგეგმვას?

ადამიანებს სჭირდებათ კარგი საცხოვრებელი პირობები, კარგი საჯარო სივრცეები, სადაც შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ. მათ სჭირდებათ ჯანსაღი გარემო, კარგი საჯარო ტრანსპორტი, სუფთა წყალი, ეს ყველაფერი ქალაქდაგეგმარებაა. ქალაქგეგმარება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურას, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ.  

ამ პროცესში მთავარია იმაზე ფიქრი, როგორ შექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას ეფექტურ ფუნქციონირებაში. საზოგადოება მხოლოდ მაშინაა ჯანსაღი, როდესაც ადამიანები თავისი საცხოვრებელი პირობებით არიან კმაყოფილნი. იწყებ ადამიანებით და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ ინფრასტრუქტურისა და სხვა ქალაქმშენებლური შინაარსებისკენ. 

ასე იგეგმება, ე.წ. “საცხოვრებლად კარგი ქალაქები"?

დიახ, ჩვენ სწორედ ასეთ ქალაქებს ვუწოდებთ სიცოცხლისუნარიან, საცხოვრებლად ვარგის, კარგ ქალაქებს.  ჩემთვის ასეთი ქალაქია, მუნსტერი, გერმანიაში. ის ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელიც მის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ. გამოირჩევა კეთილდღეობით, სიმშვიდით, კარგი ინფრასტრუქტურით, ჯანსაღი გარემოთი. მცხოვრებლები თავად წყვეტენ, რომ იქ იცხოვრონ, ამას ბაზარი არ განაპირობებს.
არსებობენ ასეთი ქალაქები, რომელთა კეთილდღეობა, სიმშვიდე, კულტურა და სიჯანსაღე დღითი დღე იზრდება და არის ქალაქები, რომლებიც “წვალობენ”, იბრძვიან. ვფიქრობ, თბილისი სწორედ ასეთი ქალაქია. ქალაქი, რომელსაც აქვს პოტენციალი იყოს საცხოვრებლად სასიამოვნო და სასურველი, მაგრამ მას ამისთვის ჯერ სწორი, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი გზა ვერ უპოვნია. 

რა აკლია მას ამისთვის ყველაზე მეტად?

ვფიქრობ საამისოდ ქალაქის საკმარისად ძლიერი ადმინისტრაციაა საჭირო. მმართველობა, რომელსაც აქვს სწორი იდეალები, წარმოდგენები კარგ ქალაქზე. შეუძლია ინვესტიციების სწორ კალაპოტში მოქცევა. სჭირდება გადაწყვეტა, რა ინვესტიციები სჭირდება, სად, როგორ და რანაირად უნდა გაანაწილოს ისინი, რომელი საჭიროებებისკენ მიმართოს. ჩანს, რომ ეს ჯერ არ არის დარეგულირებული. 

ქალაქის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, როგორი სურს, რომ იყოს თბილისი 2030 წელს. ვერ ვატყობ, რომ ასეთი ხედვა არსებობდეს. ჩანს, რომ თბილისისთვის მთავარი წესი: ინვესტიციებიდან მაქსიმალური ფინანსური მოგების მიღებაა. 

საჭიროა ხედვის არსებობა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2030-ში ქალაქი საცხოვრებლად კარგი ადგილი იყოს, სიცოცხლისუნარიანად ფუნქციონირებდეს. ეს ხედვა კი ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოების აქტიური მონაწილეობით უნდა ჩამოაყალიბოს, აქტიური დიალოგის საფუძველზე. ვფიქრობ, არც სამოქალაქო საზოგადოებაა ძალიან ძლიერი, მაგრამ ჩანს, რომ ის იზრდება და ძლიერდება. და იქნებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა გარე ავლაბრის დაგეგმვას ვასწავლით, ჰქონდეთ სათქმელი, როგორ თბილისში სურთ ცხოვრება 15 წლის შემდეგ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თქმის შესაძლებლობა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქის ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ერთად უნდა დასხდნენ და დასვან შეკითხვა: როგორი “ხარისხის” ქალაქი უნდათ ჰქონდეთ 15 წლის შემდეგ? რა სჭირდებათ? ჯანმრთელობა? კარგი ტრანსპორტი? კარგი ინფრასტრუქტურა? კარგი წყალგაყვანილობის სისტემა? ასე იქმნება ქალაქი, რომელიც ყვავის.

ცდებიან, ვისაც ჰგონიათ, რომ ჩვენი ნათქვამი: ქალაქი ადამიანებისთვის უნდა დაიგეგმოს, ნიშნავს, რომ ეკონომიკა არ უნდა გაიზარდოს. შეხედეთ მსოფლიოში ადამიანზე მორგებულ ყველაზე ცნობილ ქალაქებს: ვანკუვერი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ამავე დროს სიცოცხლისუნარიანი ქალაქია. მუნსტერი, კოპენჰაგენი ის ქალაქებია, რომლებიც მცხოვრებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ. რომელ მათგანშია სუსტი ეკონომიკა? ეს უნდა იყოს თბილისისთვისაც მთავარი გზავნილი: თუ გინდათ კეთილდღეობა, იფიქრეთ ადამიანებზე. 

მაგრამ როგორია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორს შორის? იქნებ მართებულია მოსაზრება, რომ გარემოზე, სიჯანსაღეზე ფიქრი ელემენტარული ეკონომიკური უზრუნველყოფის შემდეგ იწყება და არა პირიქით? შეიძლება თუ არა ღარიბი ქალაქის მდგრადი განვითარება?

ეს ისეთივე კითხვაა - რომელი იყო პირველი, კვერცხი თუ ქათამი? 

მე მგონია, რომ კეთილდღეობა არ მიიღწევა ადამიანებზე ფიქრის და მათზე ორიენტირების გარეშე. ქალაქი, რომელშიც მე ვცხოვრობ გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ინდუსტრიულ რეგიონში იყო. შესაბამისად, იქ ცხოვრება ნამდვილად არ ჭირდა, მაგრამ ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი დასახლებაა გერმანიაში. რატომ? იმიტომ, რომ ის “დატოვა ინდუსტრიამ”. ახლა კი ქალაქი იწყებს ფიქრს, რა შეუძლია გააკეთოს, რა რესურსი აქვს, ეკონომიკის, ვაჭრობის რა ახალი მიმართულებები შეიძლება წაახალისოს. მნიშვნელოვანი იყო, ის არ ყოფილიყო დამოკიდებული მოგების მომტან ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე.  

როგორც ჩანს, თბილისი  დამოკიდებულია მხოლოდ მშენებლობის  სექტორზე, როგორც “მოგების მისაღებ მანქანაზე”. ვფიქრობ, ეს ძალიან  საშიშია, რადგან ესაა ერთადერთი სექტორი, რომელიც ამოძრავებს ქალაქს. მგონია, რომ მეტად უნდა ფოკუსირდეთ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საერთოდ, “მესამე სექტორზე”, რომ გქონდეთ ეკონომიკის მრავალფეროვანი სტრუქტურა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი  კეთილდღეობის მქონე, მდიდარი ქალაქისთვის.  

ასე რომ კითხვა ასე არ დგას, რომელს მივხედოთ პირველად, ორივეზე უნდა იზრუნოთ, ორივე ერთდროულად უნდა განავითაროთ. ადამიანებისთვის შექმნილ კარგ ქალაქს მოაქვს ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკურ კეთილდღეობასაც მოაქვს ის, რომ ქალაქი კარგია საცხოვრებლად. ეს არის პოზიტიური სპირალი, მაგრამ შეუძლებელია გააკეთო ერთი მეორის გარეშე. ასე მიიღებ მეხიკოს და არა კოპენჰაგენს. 

ყველა ამ “Livable Cities” აერთიანებს ერთი რამ: მათ ჰყავთ ქალაქის ძლიერი აღმასრულებელი რგოლი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ძლიერი ეკონომიკა. მაგალითად, ლაიფციგი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქალაქი იყო გერმანიაში, მაგრამ დღეს ის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა. თუკი ქალაქს უჭირს, თუკი ის კრიზისშია, ვის შეუძლია დაძლიოს ეს კრიზისი თუ არა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ?

შესაძლოა თბილისისთვის მთავარი შანსი სწორედ ის იყოს, რომ გაიზარდოს და გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, მათი ქმედებები უფრო სტაბილური გახდეს. ეს ნიშნავს მისცე მათ შანსი წარმოადგინონ თავიანთი ხედვები ქალაგანვითარების პრობლემების გადასაწყვეტად, მოისმინო მათი სტრატეგიები ქალაქისთვის და განიხილო ისინი სერიოზულად.  როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მუშაობს თქვენს ქალაქში: მხარეები არ უსმენენ ერთმანეთს. არადა, თბილისის მომავლის მთავარი ნაწილი მათი ერთად მუშაობაა. 

ერთ-ერთ ლექციაზე თქვენ თქვით, რომ კონკრეტული ადგილების განვითარების დასაგეგმად სამი მხარის პარტნიორობა გჭირდებათ: ქალაქის ადმინისტრაციის, მოქალაქეების და ბიზნესსექტორის. როგორ უნდა ითანამშრომლონ მათ, როდესაც ქალაქის არცერთი ეს რგოლი მეორეს არ ენდობა?

ყოველთვის არსებობს სივრცე ძალიან პრაქტიკული და რეალური თანამშრომლობისთვის. უნდა იპოვოთ კონკრეტული შემთხვევის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რომელთა ცვლილებაზეც მუშაობას დაიწყებთ. იქნება ეს ავლაბარი თუ სხვა, ადგილი, რომელიც აინტერესებთ ინვესტორებსაც, ხელისუფლებასაც, ქალაქმგეგამრებლებსაც და საზოგადოებასაც. იმსჯელეთ კონკრეტულ ასპექტებზე. 

ნდობის ნაკლებობა დრამატულია და რეალური საფრთხეა პროცესისთვის. ამის შეცვლაც თქვენი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა.  

ჩემი გამოცდილება გერმანულია და იქაც ახალგაზრდების ნაწილს სძულს ოფიციალური პირები, სძულს ბიზნესსექტორიც. არც ეს უკანასკნელნი ენდობიან სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ თუკი საუბრობთ შემთხვევაზე, რომლისგანაც სარგებლის მიღება ყველას სურს, ეს შესაძლებელია. 

ბიზნესმა შეიძლება არ მიიღოს მოგების მაქსიმუმი, მაგრამ მიიღოს სტაბილური სარგებელი, თუკი იმუშავებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. იქნებ სამოქალაქო საზოგადოებამაც ზოგჯერ ცოტა უნდა დათმოს, ქალაქის ადმინისტრაციამაც დაიცვას კულტურული მემკვიდრეობაც, მაგრამ ინვესტორების ინტერესებიც. ამ პროცესის სწორად წასამართად აუცილებელია ნეიტრალური მოდერატორების არსებობა: ერთი საერთო პლატფორმის, “საერთო მაგიდის” ქონა, რომლის ირგვლივაც ყველა მხარე დასხდება, და ამ მაგიდასთან ყველა ამბობს იმას, რა ინტერესი ამოძრავებს, და შემდეგ ნეიტრალური მოდერირებით ვიგებთ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დავაბალანსოთ. ამ დროს აღარ რჩება ფარული ინტერესები. ამიტომ მხარეების შეთანხმება მეტად ლოგიკური და შესაძლებელია. სხვანაირად შეუძლებელია უნდობლობის დაძლევა. 

ნუ დაიწყებთ ყველაზე “რთული ბიჭებით”. აქტივისტებს სჭირდებათ გამარჯვებები. დაიწყეთ სულ მცირე ნაწილებით, სადაც თუნდაც სულ მცირე გამარჯვების შესაძლებლობა გაქვთ. იპოვეთ თანამშრომლობაზე თანახმა ერთი პოლიტიკოსი, ერთი ხელისუფალი, ერთი ბიზნესმენი. კულტურის ცვლილებას ერთი ან ორი თაობა მაინც სჭირდება. მაგრამ ყველაზე შეუვალ ინვესტორებსაც კი უნდათ, რომ წლების შემდეგ ქალაქმა ისინი “გაიხსენოს”, გაიგეთ, რით უნდათ, იამაყონ წლების შემდეგ. მათაც აქვთ სახლი, აქვთ იდენტობა. 

ძველი და კულტურული ღირებულების მქონე უბნები ხშირად სოციალურად ყველაზე მოწყვლადია. რამდენად დიდი ბარიერია ეს მათი მდგრადი განვითარებისთვის? იმისთვის, რომ ისინი თავად იყვნენ ჩართული თავიანთი უბნების გარდაქმნასა და გაცოცხლებაში?

ცხადია, მათი ჩართულობა ქალაქგეგმარებაში გადამწყვეტია და როდესაც მათ უჭირთ, როდესაც მათი სოციალური მდგომარეობა დაბალია, ისინი ნაკლებად გვეხმარებიან ამ პროცესში, უჭირთ თავიანთი მოთხოვნების ფორმულირებაც. მაგრამ აქაც იძებნება რესურსი. მაგალითად, ავლაბარში ჩვენ გვაქვს ძლიერი სოციალური კაპიტალი: ადამიანებს სურთ ისევ იქ ცხოვრება, უყვართ თავიანთი უბანი, აქვთ ძლიერი სამეზობლო კავშირები, ტრადიციები, ჩვევები. 

ძნელია გავიგოთ, საიდან მოვიტანოთ დასაწყებად საჭირო ფინანსები, მაგრამ ხომ შეგვიძლია მხოლოდ ორი სახლით დავიწყოთ? სადაც ცხოვრება უკვე შეუძლებელია და დავაზღვიოთ რისკი, რომ მოსახლეობის უმეტესობა 20 წლის შემდეგ იქ აღარ იცხოვრებს. 

სიღარიბე მნიშვნელოვანი წინაღობაა, მაგრამ გონივრული ქალაქგეგმარებით ყოველთვის შეიძლება სწორი გადაწყვეტის პოვნა, მით უმეტეს, თუ შესაბამისი პარტნიორებიც გყავს. 

თუკი ავლაბარში ძლიერი სოციალური კაპიტალი, ძლიერი სამეზობლო გვაქვს, მაშინ ამით დავიწყოთ მუშაობა, მიზნებიც ამის მიხედვით ვცვალოთ და ნელ-ნელა შევქმნათ კარგი განათლება, საჯარო მწვანე სივრცეები. ყველა რგოლმა ერთად უნდა იმუშაოს და არა ისე, რომ ინვესტორებმა განახორციელონ ინვესტიციები ყოველგვარი გეგმარების გარეშე. თქვენ გჭირდებათ ქალაქმგეგმარებლები, პროფესიონალები სოციალური ხედვებით - იქნებ სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გარე ავლაბრის განვითარებას გეგმავენ, იყვნენ ასეთები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მარტი
27 მარტი

თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ...

იზაბელ იუპერის მიმართვა 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს 1962 წლის 27 მარტიდან მოყოლებული იუნესკო და თეატრის საერთაშ ...
24 მარტი
24 მარტი

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიმა ...

2017 წლის 22 მარტს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებმა 9-პუნქტიანი მიმართვის ტექსტი მიიღეს, ...
23 მარტი
23 მარტი

საგზაო უსაფრთხოება ახალი ველოსიპედის შექ ...

ტერიტორიით საქართველოზე პატარა ჰოლანდიაში, სადაც 3 ჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, 9 მილიონი ავტომობილია და გზებზე მხოლოდ ...

მეტი

^