Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს

04 მაისი 2012

 

რა ემართება გარემოს თბილისში? როგორია დაბინძურების შედეგები თბილისის გარემოსა და თბილისელებისთვის? საით მიდის თბილისის განვითარება? რა ზომები უნდა იქნეს მიღებული დედაქალაქის უფრო მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად?

 

ანგარიში თბილისზე „GEO (Global Environmental Outlook) - ქალაქები"  გარემო და უსაფრთხოების (ENVSEC) ინიციატივის მხარდაჭერით მომზადდა და  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვა  ინტიტუტებთან  თანამშრომლობით განხორციელდა.

ანგარიში ქალაქის გარემოსდაცვითი მდგომარეობის ხუთ ძირითად ასპექტს მოიცავს: ჰაერის დაბინძურებას, მყარი ნარჩენების მართვას, წყლის დაბინძურებას, ხმაურსა და ვიბრაციას და ქალაქის გამწვანებას.

ამ სფეროებში ბევრ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი ჯერაც არ არსებობს, რადგან თბილისის გარემოს  მდგომარეობაზე დაკვირვება  ფრაგმენტულად ხდებოდა და სახელმწიფო რესურსების სიმცირის გამო, დღესაც ასე გრძელდება.

კვლევის ავტორთათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობა იყო. ამიტომ თბილისის გარემოს კვლევის შედეგები ფრაგმენტული დაკვირვებების შედეგებს აჯამებს.

„სპეცილისტები, ვინც ამ საკითხზე მუშაობდნენ, მხოლოდ იმ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რაც არსებობდა", - ამბობს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი თამარ გუგუშვილი. - „კარგი ანალიზისთვის, სრულყოფილი ინფორმაცია აუცილებელია. მონაცემების ნაკლებობის პირობებში, რთულია განზოგადება. ტენდენციის გამოსაკვეთად კი უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო."

GEO-ქალაქების აღწერა გლობალური პროექტია და მისი მიზანი დიდი და მზარდი ქალაქების გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლაა.  GEO-ქალაქების ფარგლებში მსოფლიოს არაერთი დიდი ქალაქი შეუსწავლიათ. პირველად, 2003 წელს, ქალაქ მეხიკოს გარემო შეისწავლეს. მოგვიანებით მსგავსი გარემოსდაცვითი შეფასება ლათინური ამერიკის სხვა ქალაქებში ჩატარდა. 2007 წლიდან მასში ჩაერთო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები,  მათ შორის, უკრაინა და სომხეთი.

[video:http://www.youtube.com/watch?v=hAWv-963aEs]

 

მყარი ნარჩენების მართვა

დღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაზე ეროვნული ხედვა და კანონმდებლობა არ გააჩნია.

საბჭოთა კავშირიდან, არ არსებობს ისტორიული სტატისტიკა ნარჩენების დაგროვების შესახებ. ბოლო წლებში კი თბილისში საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა.

2006 წლიდან თბილისის მთავრობამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიმართულებით  მუშაობა დაიწყო.  2009 წელს, კორპუსებში ჩამონტაჟებული ბუნკერები - მღრღნელებისა და მწერების წყარო - გაუქმდა.  საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა  კორპუსის ბუნკერებიდან ქუჩის კონტეინერებში გადაინაცვლა. 2010 წელს კი აშენდა თანამედროვე სანიტარიული ნაგავსაყრელი და დაიხურა გლდანისა და იაღლუჯას ნაგავსაყრელები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკვე აღარ აქვს ადგილი კონტეინერების გადავსებას და ქუჩების დანაგვიანებას, რაც მანამდე ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო.  ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში სანაგვე კონტეინერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ახალი ნაგავსაყრელი თბილისის ახლოს, ლილოს დასახლებაში, 2010 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.  ახალი ნაგავსაყრელი ბუნებრივი ბარიერებით  იზოლირებული, თანამედროვე სანიტარიული სტანდარტების ნაგავსაყრელია.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ძველი ნაგავსაყრელები: გლდანი და იაღლუჯა დახურულად ითვლებიან და ნაგავს აღარ იღებენ,  მაინც რჩებიან ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროებად. უახლოესი საცხოვრებელი სახლიდან 700 მეტრის მანძილზე განლაგებული გლდანის ნაგავსაყრელი პრობლემაა გლდანის მცხოვრებთათვის.

გარდა ამისა, ორგანული მასალების ბუნებრივი ხრწნის გამო, ნაგავსაყრელები მეთანსა და ნახშირჟანგს გამოყოფენ. ეს აირები კი სათბურის ეფექტის მქონე გაზებია: როგორც კლიმატოლოგებს სჯერათ, კლიმატის ცვლილების გამომწვევი გაზები. [pagebreak]

 

ჰაერის ხარისხი

დღეს თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია  არ არსებობს. ქალაქში ჰაერის ხარისხი მხოლოდ სამ ადგილას იზომება: აღმაშენებლის, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე.  სამი სადამკვირვებლო სადგური კი საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობაზე სრული სურათის შესაქმნელად.

სამი სადამკვირვებლო სადგურის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხი თბილისში არ შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს. ჰაერი უფრო ცენტრალურ ადგილებშია დაბინძურებული, სადაც ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს.

2004-2010 წლების პერიოდისთვის, ნახშირჟანგის, აზოტის ორჟანგის, გოგირდის ორჟანგის და მყარი ნაწილაკების (ანუ მტვრის)  დონე აჭარბებს ქართული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.  ჰაერში ტყვიის შემცველობა  2009 წლიდან შემცირდა.

ყველა ამ ქიმიური ნაერთის ორგანიზმში მოხვედრა  ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის  პრობლემას იწვევს. რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკი, ანუ მტვერი, მით უფრო ღრმად იჭრება ის ადამიანის ორგანოებში. ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას, მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე.  გოგირდის ორჟანგი კი ზედა სასუნთქ გზებს აღიზიანებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თბილისში ჰაერის მონიტორინგის სფერო განახლებას საჭიროებს. საქართველოში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ოფიციალურად მიღებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები საბჭოურ სტანდარტს ეფუძნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში კი, სინჯების ასაღები მოწყობილობა მოძველებულია და ლაბორატორიებში ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემა არ არსებობს.

მწვანე საფარი

ანგარიშში ნათქვამია,  რომ თბილისის ეკოსისტემა საკმაოდ მწირია. ბუნებრივი მცენარეული საფარი ძირითადად,  გარეუბნებშია.  ქალაქის ყველაზე დიდი -  მთაწმინდის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის პარკები - საცხოვრებელი უბნებიდან საკმაოდ შორსაა და ყოველდღიურად რთულად მისაწვდომია მოსახლეობისთვის.

ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, პარკების, ეროვნული ბაღებისა და გამწვანების საერთო ფართობი „ძალზე მცირეა."  2001 წლის მონაცემებით,  ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო, რაც  ანგარიშის მიხედვით, მცირეა.

"რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ თბილისის მეტი ნაწილი იყოს გამწვანებული",  - აღნიშნავს თამარ გუგუშვილი. - „თბილისის მერია ამბობს, რომ ქალაქის გამწვანება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია."

უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის,  არ არსებობს.

[pagebreak]

ხმაური

ხმაური, როგორც გარემოს ერთ-ერთი დამაბინძურებელი,  ცუდად აღრიცხული სფეროა.

ბოლო მონაცემები ხმაურზე თბილისში 2005 წელსაა აღებული.  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვარაზისხევში დაფიქსირდა.  ხმაურით დაბინძურებული სხვა უბნები მოიცავს ვაჟა-ფშაველას გამზირს, მელიქიშვილის ქუჩას, რუსთაველის, წერეთლის გამზირს,  კოსტავას ქუჩას და თბილისის ზოგ სხვა ცენტრალურ ტერიტორიას.

როგორც ჰაერის შემთხვევაში,  ხმაურზე გაზომვებიც მხოლოდ რამდენიმე წერტილიდანაა აღებული და არ ასახავს მთელი თბილისის მდგომარეობას.

ხმაურის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ავტოტრანპორტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ავტომანქანების ასაკიცაა. საქართველოში იმპორტირებული მანქანების ასაკი, საშუალოდ, 5-10 წელია.  ხმაურის ინტენსივობის ზრდა კი მათ ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

ავტომობილების ხმაურის მახასიათებლების შემოწმება ადრე ყოველწლიურად ეკო-დიაგნოსტიკურ პუნქტებში ხდებოდა. პუნქტები ამჟამად არ ფუნქციონირებენ  და ავტომობილების ხმაურის მახასიათებლების შემოწმება ბოლო 10-15 წელია, არ მომხდარა.

წყლის ხარისხი

დღეს თბილისს სასმელი წყლით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამარაგებს, რომელიც „თბილისის წყლის" სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" „უმაღლესი ხარისხის" სასმელ წყალს აწვდის მომხმარებლებს: თბილისის მოსახლეობას,  სახელმწიფო ორგანიზაციებს, საწარმოებსა და კომერციულ სექტორს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემაა რეკრეაციული ზონების საბანაო წყლები.  რეკრეაციული ზონების წყლის სისუფთავე ხშირად არ აკმაყოფილებს სანიტარიულ სტანდარტებს.  2009 წელს, თბილისის სამივე რეკრეაციულ ზონის წყლებში: თბილისის ზღვაზე, კუს ტბაზე და ლისის ტბაზე E.coli-ს ბაქტერია აღმოჩნდა. საბანაო სეზონის გარკვეულ პერიოდებში, სამივე ადგილას ბაქტერია ზღვრულად დასაშვებ  ნორმას აღემატებოდა.

E.coli-ის ბაქტერია კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას დიარეას იწვევს. მაგრამ სხვა ორგანოებში მოხვედრის შემთხვევაში, საშარდე სისტემის ინფექციები, ბაქტერემია და მენინგიტი შეიძლება გამოიწვიოს. [pagebreak]

რატომ უნდა იყოს თბილისი „მწვანე ქალაქი"

გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის, ურბანულ კონტექსტში,  ხშირად აღიქმება, როგორც „ზედმეტ დანახარჯებთან დაკავშირებულ" პრობლემები.

საჭიროა გარემოს დაცვის სხვა სფეროებთან - ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან  - დაკავშირება და ინტეგრირება.

'ურბანული გარემოსდაცვითი საკითხები არ უნდა აღიქმებოდეს იზოლირებულ, განცალკევებით მდგომ საკითხებად', - აღნიშნულია ანგარიშში.

რატომ უკავშირდება ურბანული გარემოსდაცვითი საკითხები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს?

მწვანე ტრანსპორტი: ველოსიპედი, ტრამვაი, ფეხით სიარული - ხელს უწყობს როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე ქალაქში მცხოვრებლების პროდუქტიულობის გაზრდას და სოციალურ მომსახურებაზე გაწეული  სახელმწიფო და კერძო დანახარჯების შემცირებას.

მწვანე საფარი აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და შთანთქავს მავნე აირებს, ზრდის საზოგადოების ფიზიკურ აქტივობას და ხელს უწყობს სოციალური კავშირების გაუმჯობესებას.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არასწორმა ურბანულმა მართვამ შეიძლება ეკონომიკური განვითარება შეანელოს.

გარემოს დაცვა და ეკონომიკა ანგარიშის წარდგენის დროს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს ერთმანეთს სპეციალისტებმა.

ანგარიშის - GEO-ქალაქები თბილისი - პრეზენტაცია  თბილისის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობის დროს გაიმართა. ანგარიში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის კონსულტანტმა, ნორა მჟავანაძემ და გარემო და უსაფრთხოების (ENVSEC) ინიციატივის ეროვნულმა კოორდინატორმა, ხათუნა გოგალაძემ, წარადგინეს.

„გარემოს დაცვა განხილული უნდა იქნეს ფართო ჭრილში, ვიდრე მხოლოდ პარკების შეგროვება და ხეების რგვა",  - აღნიშნა ნორა  მჟანავაძემ.  - „ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ მაღალი გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები, ასევე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. თუ საქართველოს დასავლეთის ბაზარზე გასვლა უნდა, კარგი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დანერგვა ამაში მხოლოდ დაეხმარება. რა თქმა უნდა, კარგ გარემოსდაცვით პოლიტიკას სხვა დადებითი ეფექტებიც აქვს, მაგრამ ეკონომიკურ მხარეს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეს დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^