Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“გოგონების დიდი ნაწილი სკოლაში 8 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადის”

27 მაისი 2016
ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს ბრძოლა ეფექტიანი არ არის

განათლებული ქალი განათლებულ საზოგადოებას ნიშნავს. ჩემი ოცნება სწავლის გაგრძელებაა. ოჯახმა რომც მაიძულოს გათხოვება და სწავლის მიტოვება, ვიბრძოლებ განათლების მისაღებად. არ მინდა, ჩემი გათხოვილი მეგობრების ბედის გავიზიარო,“ – ამბობს აისელ ემინოვა. ის ბოლნისის რაიონის სოფელ მანხუთის საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

მის კლასში ამჟამად მხოლოდ  3 გოგონა  სწავლობს. დანარჩენებმა გათხოვების გამო სკოლა მიატოვეს. „ჩემმა ოჯახმა იცის, რომ სწავლის გაგრძელება მინდა. ზოგიერთი ჩემი მეგობარი მშობლების მოთხოვნით  სწავლას თავს ანებებს და და თხოვდება. ისინი ბევრ სირთულეებს აწყდებიან, მაგრამ ამ პრობლემების შესახებ ღიად საუბარი უჭირთ,“ - აცხადებს აისელი.

ოფიციალური მონაცემებით, 2011–2014  წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4 599–მა გოგონამ შეწყვიტა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში, სადაც მშობლები გოგონებს ხშირად 13 – 14 წლის ასაკში ათხოვებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ქალების 17%-ზე მეტი 18 წლამდე ასაკშია გათხოვილი: ნაადრევი ქორწინების რაოდენობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.

სოფელ მანხუთის საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო მუსაევა ამბობს, რომ გოგონები, რომელთაც ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახი, ჯანსაღ თაობას ვერ გაზრდიან: „გოგონები, რომლებიც ბავშვობის ასაკში ქმნიან ოჯახებს, შვილებს კარგ განათლებას ვერ მისცემენ.  მე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მინდა. მინდა, ინჟინერი გამოვიდე.”

ნურანა გარანზადა, რომელიც ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, ამბობს,  რომ სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს და სწავლის გაგრძელების შესახებ მის გადაწყვეტილებას ოჯახიც მხარს უჭერს: „ოჯახში არ მეუბნებიან, რომ  უნდა გავთხოვდე. პირიქით, უნდათ, რომ სწავლა გავაგრძელო. ყველა გოგო ასეთი იღბლიანი არ არის. ჩემი მეგობრების დიდ ნაწილს ოჯახი აიძულებს, რომ სკოლაში სწავლას თავი დაანებოს და  გათხოვდეს.“

მანხუთის საშულო სკოლის დირექტორი,  გიას ბაბლოვი სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის შემცირების მთავარ მიზეზად ნაადრევ ქორწინებას ასახელებს: „გოგონების დიდი ნაწილი სკოლაში 8 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადის. ჩვენი სკოლის მე-12 კლასში  სწავლა ოთხმა გოგონამ შეწყვიტა, ოთხივე მათგანი გათხოვდა. სხვა გზა აღარ იყო, კლასი დავხურეთ. იძულებული გავხდი, მშობლების მიერ მათი შვილების სკოლიდან გაყვანის შესახებ დაწერილი განცხადება მიმეღო. მითხრეს, რომ მათზე საჩივარი პოლიციაში შემეტანა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე.“

გიას ბაბლოვი ფიქრობს, რომ  ნაადრევი ქორწინების წინაღმდეგ ბრძოლისთვის სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და კანონი გაამკაცროს: „ადრეულ ასაკში ქორწონების წინააღმდეგ  ჩვენც ვიბრძვით, მაგრამ მშობლები ჩვენ არ გვისმენენ. სახელმწიფო ამ პროცესს რომ აკონტროლებდეს და  ასეთ ოჯახებთან ინდივიდუალურად მუშაობდეს, უკეთესი იქნებოდა.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2015 წლის სექტემბრიდან  ნადრევი ქორწინების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციაა გაერთიანებული. „სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი  სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედგენაა. პირველ ეტაპზე აუცილებელია ნაადრევი ქორწინების პრაქტიკის და მისი შედეგების გამოკვლევა.“

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლეილა სულეიმანოვა აცხადებს, რომ ნაადრევი ქორწინების გამო პასუხისმგებლობა ოჯახთან ერთად სკოლასაც უნდა დაეკისროს: „ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი რომ იყოს, სახელმწიფო ორგანოების როლი უნდა გაიზარდოს. სკოლის დირექტორებს, რომლებიც  განათლების სამინისტროს ბავშვების მიერ სკოლაში სწავლის მიტოვების  შესახებ ინფორმაციას  არ მიაწვდიან, სერიოზული  სასჯელი უნდა  დაეკისროთ. იძულებულები გახდებიან, რომ საქმეს მიხედონ.“

გენდერული თანასწორობის ჟურნალისტური ქსელის კოორდინატორი ქვემო ქართლში, სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრის მიზნით კანონში შეტანილი ცვლილება საკმარისი არ არის: „ვფიქრობდით, რომ საკანონმდებლო ცვლილების  შემდეგ პრობლემა შემსუბუქდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, კანონის ცვლილება  საკმარისი არ არის.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108- მუხლის თანახმად, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით 16 წელს მიღწეული პირის ქორწინებაც დაიშვებოდა, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. გამონაკლისის სახით, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვნის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასთან, ეს საგამონაკლისო ნორმა მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.

საზოგადოება ნაადრევ ქორწინებას სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ჩანს, რომ საზოგადოებას ახალი მეთოდები აქვს შემუშავებული ახალი კანონისგან თავის დასაღწევად. ჯარიმის და პატიმრობის მათ აღარ ეშინიათ,“- აღნიშნავს სამირა ბაირამოვა.

სკოლის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრისთავმჯდომარე, ჯეირან ასგაროვა გოგონების ნაადრევი ქორწინების მიზეზად საზოგადოებაში არსებულ ტრადიციას ასახელებს. „ოჯახები გოგონებს  გათხოვებისთვის ადრეული ასკიდან ამზადებენ. ბავშვებს ეუბნებიან: მეზობლის გოგო გათხოვდა და მზითევიც წაიღო, შენ კი ისევ გასათხოვარი ხარ! ასეთი საუბრით მშობლები ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენენ და გოგონებიც აღარ ფიქრობენ სწავლაზე. ბავშვები გარშემო მყოფ ადამიანებს უყურებენ და ცდილობენ, მათ დაემსგავსნონ. თუ ბავშვი ნახავს, რომ მისი მეზობელი და მეგობარი სწავლობს და წარმატებული ცხოვრება აქვს, ეცდება მას  მიბაძოს.“

ასგაროვა ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს უნდა მიექცეს: “სოფლებში კანონის აღსრულება არ ხდება. შესაძლოა, გოგონამ ადრეულ ასკში ოჯახი შექმნას, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ სკოლა მიატოვოს. კანონის თანახმად,  სკოლაში სწავლის გაგრძელება მას გათხოვების შემდეგაც შეუძლია. თბილისში ბავშვები ხედავენ, რომ გოგონები, რომლებიც ფეხმძიმედ არიან,  გაკვეთილებს ესწრებიან. რეგიონებში არ იციან, რომ გათხოვილ გოგონებს სკოლაში სწავლის უფლება აქვთ. თუ ოჯახს კანონის შესახებ ინფორმაცია აქვს  და ბავშვს სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლებას არ აძლევს, მაშინ მშობლების  პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.“

მცხეთის რაიონის სოფელი მსხალდის მკვიდრი, სამანზარ გამბაროვა ამბობს, რომ ბევრი ოჯახი ნაადრევ ასაკში გოგონას ეკონომიკური გაჭირვების გამო ათხოვებს. „ბევრ ოჯახს შვილის რჩენა არ შეუძლია და მისთვის  ტანსაცმლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. ხშირად გოგონებს ამის გამო ათხოვებენ. ტრადიციასაც ანგარიშს უწევენ: ჩვენში 18-20 წლის დასაოჯახებელ გოგოს ცუდი თვალით უყურებენ. ჩემი შვილი 33 წლის ასაკში გათხოვდა. შვილიშვილების ადრეულ ასაკში დაოჯახება აზრადაც არ გამივლია.“

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას

ნურანა მამმადი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^