Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლელა გაფრინდაშვილის ღია წერილი თსუ-ის რექტორს

30 მაისი 2016

ღია წერილი ივანე ჯანახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძეს

მოგესალმებით!

უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი  1989 წელს, საბჭოთა პერიოდში დავამთავრე. მთელი ცხოვრება მეყოფა „საგზლად“ ის გარემოება, რომ გურამ თევზაძის, ედუარდ კოდუას, ლერი მჭედლიშვილის, მიხეილ ბეჟანიშვილის, მერი ჭელიძის, ნიკო ჭავჭავაძის, ნანა გოგოლაშვილის, კახა კაციტაძის და სხვათა სტუდენტი ვიყავი.

ეროვნული მოძრაობა სწორედ იმ კარიბჭესთან წამომეწია, რომელსაც ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში უნდა შევეყვანე. მიმდინარე პროცესების ბევრი არაფერი გამეგებოდა და ამიტომ ხარბად ვეწაფებოდი იმ პერიოდში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებს. სწორედ მათ ფურცლებზე დაიწყო ბრძოლა პროფესორ ოთარ ჯიოევის წინააღმდეგ: ჩვენ, ქართველებმა აკადემიკოსობა მოგანიჭეთო და ახლა ხმა ამოიღე ოსების წინააღმდეგო. ვინ დაიცვა ღირსეული პროფესორი? სწორედ მისმა კოლეგებმა, რომელთა უმრავლესობა ჩემთვის ზნეობრივი მაგალითია. მიხეილ ბეჟანიშვილმა კი მზარდ „კედელთან მიყენების“ ტენდენციას სპეციალური წერილი მიუძღვნა  - „ბალახი ვიყო სათიბი“ ასე ერქვა და იმ პერიოდს ეხებოდა, როცა ბატონი მიხეილის მამა დაიჭირეს და დახვრიტეს, როგორც „ხალხის მტერი“.

შემდეგ მერაბ მამარდაშვილსაც მიადგნენ: როგორ გაბედე და ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დააყენეო?! ვინ დაიცვა დიდი ქართველი ფილოსოფოსი?  სწორედ მისმა კოლეგებმა და ეს მაშინ არ იყო ადვილი.

რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს უკავშირდება, რადგან აქ მე მხოლოდ მეცნიერებას კი არ მასწავლიდნენ, არამედ - ღირსებას, სამართლიანობას, პასუხისმგებლობას. ისინი იყვნენ ჩემი ზნეობრივი და პოლიტიკური მასწავლებლები, რომ არასოდეს შევეგუო უსამართლობას, ძალადობას, ჩაგვრას და არ გავჩუმდე მაშინაც კი, როცა ხმის ამოღებამ შეიძლება უკიდურესად მავნოს.

„ხმის ამოღების“ აუცილებლობა ყველაზე მძაფრად ვიგრძენი მაშინ, როცა ეგრეთ წოდებულმა  „რეფორმატორებმა“ უნივერსიტეტში და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში „წმენდა“ დაიწყეს.  ქართული „ელიტური“ მედიის უზენაესი ყურადღების ღირსი ვერ გახდა პროფესორთა პროტესტები და ახლა შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ასეთი პროტესტი არ არსებობდა, მაგრამ ეს არ არის მართალი: ბევრმა იბრძოლა, თუმცა  ძლევამოსილ სისტემას ვინ მოერეოდა?

მალე  სტუდენტებს მიადგნენ და მათი „დამორჩილება“ მათივე თანატოლების მუშტებით სცადეს. თან იმ სტუდენტების, რომლებმაც სახელმძღვანელოების თარგმნა მოითხოვეს. არც კი მახსოვს , რამდენი ნაცემი და შეურაცხყოფილი სტუდენტი ვნახე იმ პერიოდში. ჩემმა ზღვარგადასულმა ხმის ამოღებამ შეგეგი გამოიღო:  გემახსოვრებათ, როგორი ნეობოლშევიკური შეთქმულება მომიწყვეს და უნივერსიტეტიდან გამაძევეს. სრული კოშმარი გავიარე: სასამართლო პროცესი, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის, ასევე უნივერსიტეტიდან უღირსი მეთოდებით გაშვებული ლოგიკის პროფესორის, ლერი მჭედლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალება.

იმაზე საუბრით ბევრ დროს არ წაგართმევთ, თუ როგორ დავბრუნდი უნივერსიტეტში. ამას არ გავაკეთებ, რადგან შეიძლება თავი ვერ შევიკავო და ძალიან სამართლიანი, მაგრამ ზოგისთვის უკიდურესად არასასიამოვნო რამე ვთქვა და ეს არ მინდა ახლა. მოკლედ შეგახსენებთ: სასამართლო პროცესი მოვიგე , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლიკა წიკლაურის, დახმარებით და იმ ინსპირაციის წყალობით, რომელიც ჩემი მხარდამჭერი სტუდენტების და თანამოაზრეების მხრიდან მოდიოდა.

დღეს კი რა ხდება? ისტორია მეორდება: სტუდენტები ითხოვენ საუნივერსიტეტო სივრცის დემოკრატიზაციას , ძალადობრივი და რეპრესიული სრუქტურის გაუქმებას, თანასწორობის პრინციპით სტუდენტური ერთობების დაკანონებას,  კულისებსმიღმური  პროცესების მხილებას და სასწავლო პროცესს უბრუნებენ 2 ოთხს.   თანაც მათ, სიმბოლურად, ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი ქალების, ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი მოღვაწეების, კატო მიქელაძის და ლიზა ნაკაშიძის, სახელს არქმევენ.

 უნივერსიტეტის მმართველი წრეები რით პასუხობენ ამ პროცესს? ზოგადი მოწოდებით, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ და ვიაროთ პროგრესის გზით? როგორ უნდა მოხდეს ეს? მხოლოდ კანონის შეხსენებით და მუქარით, რომ „დაუმორჩილებლების“ მიმართ კანონი გამკაცრდება?

ძალიან დამაფრთხობელია ( არ მინდოდა გამომეყენებინა ცნება „ავის მომასწავებელი“!) უნივერსიტეტის მმართველთა განცხადებაში ეს ჩანაწერები:

  1. “უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წამომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობით სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები მკაფიოდ გაწერილია და კანონში ცვლილების შეტანამდე სტუდენტებს ამ კანონით გაწერილი უფლება-მოვალეობების შესრულება უნდა შეეძლოთ”
     
  2. “ასევე გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ამ პერიოდში...“

ქალბატონო დარეჯან, მე ძალიან კარგად ვასხვავებ ერთმანეთისგან „სიძულვილის ენას“, და  „აზრის გამოთქმის თავისუფლებას“ .   ჩემი გამონათქვამები ამხელს სისტემას და არავის კონკრეტულად არ შეურაცხყოფს, თუ ვინმე თავად არ გააიგივებს საკუთარ თავს ჩემს შეფასებებთან. ყველა ჩემს სიტყვაზე და საქციელზე პასუხს ვაგებ.  შეკრებილი მაქვს ჩემი აზრებიც და თქვენს მიერ ხელდაფარებული სტუდენტების აზრებიც. იქნებ შემხვდეთ და დამელაპარაკოთ და ნახავთ რა შეურაცხყოფის, სიძულვილის ნიაღვარია პერსონალურად ჩემი მისამართით დაძრული? თუმცა, არცერთი სტუდენტის დასჯა არ მომითხოვია და არც მათი გამონათქვამებისთვის მიწოდებია „სიძულვილის ენა“. პირიქით, - ყველა თანამოაზრეს ვთხოვე, რომ ჩემს მიმართ გამოთქმულ აზრებზე არანაირი კომენტარი არ გაეკეთებინათ.  ეს ომი ჩემთვის საინტერესოა, როგორც მოქალაქისთვის და როგორც მკვლევარისთვის.  ვერაფრით ვერ დავუშვებ, რომ ვინმემ ამ სტუდენტებს აზრის გამოთქმა აუკრძალოს და მით უფრო - ვინმემ დასაჯოს ისინი ამ აზის გამოთქმისთვის. ერთადერთი რასაც ვაკეთებ, ყველაზე აგრესიულებს უბრალოდ ვბლოკავ, რომ გული არ გამისკდეს! იქნებ დაინტერესდეთ: რა მაიძულებს არ გავჩუმდე და ხმა ამოვიღო, მუხედავად ამ ყველაფრისა? თქვენ ხომ ჩემი რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც ხართ და არა - მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის, რომელიც ახლა უნივერსიტეტიდან ჩემს ისეთ გაგდებას მოითხოვს, რომ უკან ვეღარასოდეს დავბრუნდე.

დიდი იმედი მაქვს თქვენი კეთილგონიერების. ნუ შეაშინებთ სტუდენტებს იარლიყით, რომ ისინი პოლიტიკას აკეთებენ. დიახ, „აუდიტორია 115“ აკეთებს პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას, რომელიც გაათავისუფლებს ჩვენს უნივერსიტეტს ძალადობრივი სისტების მარწუხებისგან. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის ნაწილი გახდეთ, თუ მოინდომებთ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და არ ისარგებლებთ მხოლოდ იმ ძალაუფლებით, რომელსაც სისტემა თქვენთვის გამოიმეტებს.

ბოლოს კი მინდა გთხოვოთ: დატოვეთ კატო მიქელაძე და ლიზა ქავთარაძე თავიანთ ოთახებში, ბოლშევიკების მიერ განადგურებული ჩვენი წინაპრების საქმეებისა და ხსოვნის პატივსაცემად და იმის აღსანიშნავად, რომ თქვენ მხოლოდ ძალადობრივ სისტემას ებრძვით და არა - ამ სისტემის მსხვერპლებს!

შეხვედრამდე, ქალბატონო დარეჯან!

30 მაისი, 2016 წელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^