Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კავკასიური ჯაზის წრე

09 ივნისი 2016

თბილისის კონსერვატორიაში მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიხსნა, რომელიც თავის დროზე ჯაზის მოყვარულთა შორის  პოპულარობით სარგებლობდა და გარკვეული შეფერხების შემდეგ ისევ აღდგა. ჯაზფესტივალის გეოგრაფია გაფართოვდა. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბენდებთან ერთად წელს მასში ჯგუფები - Tulug Tiroan Quartet (თურქეთი) და Arte Music Group ( ირანი) მიიღებენ მონაწილეობას.

9 ივნისს „მოძრაობის თეატრში“ მსმენელის წინაშე წარდგებიან: ჯგუფი The Birds (სომხეთი), რომელიც 2013 წელს შეიქმნა და რომელიც ძირითადად, ჩასაბერი ინსტრუმენტების მეშვეობით ცდილობს ეთნოჯაზის განვითარებას; ჯგუფი „კანუდოსი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ გორში დაარსდა და უკვე რამდენიმე საერთაშორისო ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა (მათ შორის, კავკასიის როკ-ფესტივალზე თბილისში (2011) და ტრაბზონის ხელოვნების ფესტივალზე) და  ახალი აზერბაიჯანული ჯგუფი J.E.F – Experement, რომელიც წელს შეიქმნა და რომლის წევრებიც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობენ.

საინტერესოა, რომ ჯაზფესტივალის დასკვნითი გალაკონცერტი 11 ივნისს, ახალციხეში, რაბათის ციხის არენაზე გაიმართება. ამავე დღეს დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალის, „რაბათის“ გახსნაც.

Kavkaz Jazz ფესტივალის ერთ-ერთ საინტერესო მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ მრგვალი მაგიდა ჯაზექსპერტების, მუსიკოსების, არტკრიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართა. მონაწილეები - ამერიკელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი მარტი როზენი, სომეხი ჯაზ-კრიტიკოსი, რადიოწამყვანი და ექსპერტი არმენ მანუკიანი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და კოლუმნისტი ულვი მეჰტი, აზერბაიჯანელი პედაგოგი და მუსიკის კრიტიკოსი, თურმან მამედალიევა და ქართველი მწერალი, ჯაზექსპერტი და ჯაზის შესახებ არაერთი წიგნის ავტორი, ზურაბ ქარუმიძეა.

მრგვალი მაგიდის ძირითადი თემები კავკასიის ეთნომუსიკისა და ტრადიციული ჯაზის ურთიერთგავლენას, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ჯაზის ტრადიციებსა და თანამედროვე მდგომარეობას და ინტერნეტის ეპოქაში ჯაზის ადგილს, მნიშვნელობას და გავლენას ეხებოდა. მონაწილეებმა მუსიკის უნივერსალურ ენასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და გასული საუკუნის 80-იანი წლებიც გაიხსენეს, როდესაც თბილისში საბჭოთა მასშტაბით უპრეცედენტო ჯაზფესტივალი იმართებოდა.

კავკასიაში მშვიდობის, ხელოვნებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მაგალითად მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა თავის დროზე ცნობილი „კავკასიური ჯაზბენდი“ დაასახელეს -  ქართველი კონსტრაბასისტის, თამაზ ყურაშვილის, ცნობილი აზერბაიჯანელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ვაგიფ მუსტაფა-ზადესა და სომეხი დრამერის, არკადი დადაშიანის თანამშრომლობამ 80-იან წლებში რამდენიმე დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა ჯაზის მოყვარულებს.

Kavkaz Jazz ფესტივალის წლევანდელი ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Brige, რომლის მიერ გადებულ „ჯაზ-ხიდებზე“, იმედია ახალი ნიჭიერი ჯგუფები და შემსრულებლები გაივლიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^