Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემოკრატია ვიწრო გაგებით

23 ივნისი 2016

საქართველოში პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობენ, დემოკრატიის ზედაპირული და მინიმალისტური გაგება დაამკვიდრონ. მათი აქცენტი საბაზისო საკითხებზეა მიმართული. ამით საკუთარი თავისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე დაბალ მოთხოვნებს აყენებენ და ზედმეტ პასუხისმგებლობასაც თავს არიდებენ.

დემოკრატია არის სისტემა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობენ, არის მედიაპლურალიზმი, დაცულია ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა უზრუნველყოფილია  ყველასთვის. აღნიშნული საკითხები, თავისთავად, სხვა უამრავ კომპონენტს მოიცავს, რომელიც ასახული უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუტის საქმიანობაში, კანონებსა და დემოკრატიულ რეფორმებში. თუმცა დემოკრატიის ეფექტიანობა და ხარისხი უმთავრესად სამართლის უზენაესობითა და ადამიანის უფლებების დაცულობით ფასდება.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ცნობილ ღია წერილში, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ასე დაახასიათა: „შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს, მნიშვნელოვანწილად, ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება“.

შეიძლება თუ არა დემოკრატიის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნად მივიჩნიოთ საქართველო, სადაც სიძულვილის ნიადაგზე ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან; ქვეყანა, სადაც სიცოცხლის უფლება არ არის დაცული. საქართველოს მოქალაქემ, გიგა ოთხოზორიამ, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან საფრთხე იგრძნო, სცადა, თავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეფარებინა. რა მოხდებოდა თუკი ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არა 10-12 მეტრს, არამედ 100 მეტრს, ან მეტს გაივლიდა. ან რამდენი უნდა გაევლო, რომ სამშვიდობოს გასულიყო. როდის იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება დაცული? სად იწყება საქართველოს სახელმწიფო?!  

დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას, საკვანძო მნიშვნელობა აქვს შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში წარმატებულ ინსტიტუციურ რეფორმებს.

4-წლიანი საარჩევნო ციკლის მიწურულს მმართველი პარტია რამდენად რეალისტურად აფასებს თავის საქმიანობას და რატომ გახდა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი დასკვნის საფუძველი?

„საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არის მაღალი ხარისხის დემოკრატია, ეს ინსტიტუციური დემოკრატიაც კი არ არის“, - გვეუბნება „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი, რომლის შეფასებით, აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია რეფორმები, რომელიც შსს-სა და პროკურატურაში გატარდა. თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, დემოკრატიის ხარისხი გაცილებით მაღალია იმასთან შედარებით, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, რაც ჩამოყალიბებულ ავტორიტარულ რეჟიმს წარმოადგენდა.

„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც დემოკრატიის სიმყარის ინსტიტუციური გარანტიები, ფაქტობრივად, არ არსებობს, იმის თქმა, რომ არათუ მაღალი, საშუალო ხარისხის დემოკრატიაა, ძალიან გადაჭარბება იქნება“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დაწყებული იყო ძვრები - მცდელობა იყო ამ სტრუქტურების დეპოლიტიზების, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, იმისათვის, რომ ეს სტრუქტურები პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ანგარიშსწორების იარაღი არ ყოფილიყო, რაც წინა ხელისუფლების დროს ინსტიტუციურ დონეზე იყო ჩამოყალიბებული.

„მაგრამ, ეს არათუ ბოლომდე არ მიიყვანეს, უარი ვერ თქვეს  ამ სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე. პრაქტიკულად უკუპროცესი გვაქვს“, - ამბობს ზურაბიშვილი, - „თუმცა მას ჯერ შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია“.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი „ლიბერალთან“ სასამართლოს სისტემაში გატარებულ ცვლილებებს აფასებს. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების საკანონმდებლო რეფორმის შედეგი იყო მოსამართლეთა კორპორატისტული ინტერესების გამყარება და პოლიტიკური გარიგება ამ ინტერესების გამაერთიანებელ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან, საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით. როგორც ზედელაშვილი აღნიშნავს, ეს შესაძლებელი გახადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის არასათანადო საკანონმდებლო გარანტიების არსებობამ, განსაკუთრებით კი მათი არჩევის შესაძლებლობამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და არა კვალიფიციური უმრავლესობით. „ისინი პირდაპირ უმრავლესობის ინტერესების გამტარებლად იქცნენ, რამაც მათი მეშვეობით საპარლამენტო უმრავლესობას/მთავრობას და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს შორის პოლიტიკური გარიგება შესაძლებელი გახადა“, - მიიჩნევს ზედელაშვილი.

სამართალდამცავი სისტემის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ცვლილებების შესახებ საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ყველაფერი შედარებითია. მისთვის მთავარი საზომი ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაა.

„ლიბერალთან“ საუბრისას დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს მოსამართლეებისთვის მეტი ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, იუსტიციის საბჭო პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდა.

„დღეს დეპუტატის ნაცვლად,  იუსტიციის საბჭოში პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, აღიარებულ იურისტებს ირჩევს. გარდა ამისა, მკაფიო კრიტერიუმებია თანამდებობაზე მოსამართლეთა გამწესებისთვის, ასევე შემოვიდა, უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა“, - აღნიშნავს კობახიძე. როგორც იგი ამბობს, მედიისთვის სასამართლო დარბაზი გაიხსნა. წინა წლებში ჟურნალისტს თავისი კამერით დგომა სასამართლოს ეზოშიც კი არ შეეძლო.

სამართალდამცავი სტრუქტურების შეფასებისას კობახიძე აცხადებს, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგა საიმისოდ, რომ პირველ რიგში კანონმდებლობაში შესულიყო ცვლილებები, მაგალითად, დაზარალებულის უფლებების უზრუნველსაყოფად და მეტი გარანტიისთვის. „მანამდე დაზარალებულს სასამართლოს აქტების გასაჩივრებისა და წინასწარ ძიებაში საქმის მასალების გაცნობის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, ბრალდებულის უფლებების დაცვისთვის გაცილებით მეტი გარანტიაა, ასევე - პროცესში საადვოკატო უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - აცხადებს კობახიძე.  მთლიანობაში, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, ბევრი რამ გაკეთდა და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მაღალია, თუნდაც მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. თავისუფალი, კრიტიკული აზრი ყველგან ისმის; ოპონირების გამო, ადამიანებს არ იჭერენ; შეკრება, პროტესტი, გამოსვლა არ იზღუდება.  

იდეოლოგიური ამორფულობა

„ქართული ოცნების“ წევრთა შეფასებას არ იზიარებს დავით ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ თუ საქართველოს დემოკრატიული პროცესი უნდა და სურს, რომ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სამართალდამცველებით ქვეყნის მართვაზე არსებითად უარი უნდა ითქვას. მისი შეფასებით, უშიშროების სამსახური დაკავებული უნდა იყოს საფრთხეებით, ანალიტიკური საქმიანობით და, ძირითადად, უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეებით; ამასთან, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედი პირებით უნდა ინტერესდებოდეს;  უნივერსიტეტში კი არ უნდა ჰყავდეს ჩანერგილი ადამიანი და მისი მიზანი საკადრო პოლიტიკის გაკონტროლება არ უნდა იყოს.

„თუ ეს არ გაკეთდა, აუცილებლად ცუდად დამთავრდება. კარგად არც ერთი ხელისუფლების დროს არ დამთავრებულა“, - ამბობს იგი.

დემოკრატიის მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის  იდეოლოგიური ამორფულობით ხსნის.

„ღირებულებები მყარად არ აქვთ ჩამოყალიბებული; არ აქვთ მყარი ცოდნა იმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე საკითხია, რომ არ აქვთ ცოდნა ეს, როგორ კეთდება და - ეს, რომ აუცილებელია. გარდა ამისა, ასეთი საკითხების მიმართ ზედაპირული მიდგომა აქვთ. ძალოვანი სტრუქტურებით მართვა ადვილი გეჩვენება, მაგრამ ისინი მართვაში გამოიყენო და ამავე დროს, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას ცდილობდე,  ისეთი აბსურდია, რაც წინა ხელისუფლებასაც არ უქნია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იცოდნენ, რომ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდნენ. წინა ხელისუფლებას ეს მაინც ჰქონდა გაცნობიერებული. ახლა შეიძლება, მართლა ჰგონიათ, რომ დემოკრატია იმით აშენდება, თუ სუს-ის რომელიმე უწყება Fაცებოოკ-ზე გამოქვეყნებულ კომენტარებს დაუწყებს მონიტორინგს. ასე არაფერი გამოვა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

ივანიშვილის ლეგენდა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველაზე აქტუალური ლიდერი კვლავ ბიძინა ივანიშვილია.  რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ იგი საჯარო სივრცეში კვლავ ღია წერილით გამოჩნდა და წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებსაც გეგმავს. რა პოლიტიკური კაპიტალი აქვს ბიძინა ივანიშვილს და რეალისტურად აფასებს თუ არა მოვლენებს. ამ საკითხზე საუბრისას, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, საზოგადოებას დააჯერონ, რომ ქვეყანაში კვლავ 2012 წელია - არიან ბიძინას, ან მიშას მომხრეები და ქვეყანაში პოლარიზებული სიტუაციაა.

„რეალურად, ქვეყანაში ასეთი ვითარება არ არის. ყოველგვარი მცდელობა, რომ ადამიანები დაარწმუნო იმაში, რაც არ არის და არ არსებობს, აზრს მოკლებულია“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი

ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ასპარეზზე  გამოვიდა, მაშინ საზოგადოების პოლარიზებული დამოკიდებულებები რეალობა იყო და თავისი მოსვლით უპასუხა ამ რეალობას. ამიტომაც ჰქონდა წარმატება და არა იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანია არნახულად წარმართა.

„იმ მორალური ავტორიტეტის პირობებში, რაც ივანიშვილს 2012 წელს ჰქონდა, ნებისმიერი კამპანია გაამართლებდა. 2012 წელს ივანიშვილის ავტორიტეტი და დღევანდელი - ერთმანეთთან შეუდარებელია. იმ დროს ივანიშვილი ცოცხალი ლეგენდა იყო. სახეზეც არავინ ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდა. ბევრმა ისიც კი არ იცოდა, არსებობდა თუ არა. პრაქტიკულად, მითი განსხეულდა, დედამიწაზე ჩამოვიდა, დადგა ფეხი და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. შეუძლებელი იყო, იგი ვინმეს დაემარცხებინა. დღეს ივანიშვილის ლეგენდიდან არაფერია დარჩენილი. ის საზოგადოების რაღაც ნაწილში ავტორიტეტსა და გავლენას კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ ეს არც კი შეედრება იმას, რაც მას 2012 წელს ჰქონდა“, - თქვა მან.

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ივანიშვილს უკვე 4-წლიანი სახელისუფლებო ტვირთი აწევს.

„ამ დროის განმავლობაში, რაც მოხდა და რაც ვერ გაკეთდა, ამ საკითხებზე უკმაყოფილება შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს: რადიკალურად განწყობილი „ანტინაცებით“ დაწყებული და ლიბერალებით დამთავრებული, ივანიშვილის მიმართ პრეტენზია ყველას შეიძლება ჰქონდეს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკოსის აზრით, ამ ვითარებაში უფრო შედეგიანი იქნებოდა, მას სხვა ტაქტიკა აერჩია და არა სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადამწყვეტი ბრძოლის იმიტაცია.  

ფოტო: ბესო გულაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

მშობლები, შვილები და განათლება

უსაფრთხოება სკოლაში, მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები, განათლების ხარისხი, მშობლების მონაწილეობა შვილების განათლებ ...
08 დეკემბერი
08 დეკემბერი

პაციენტის ტატუმ ეთიკური დილემა წარმოშვა

დილის შემოვლის დასრულების შემდეგ ექიმ გრეგორი ჰოლტს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში ახალი პაციენტის სანახავად დაუძახ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

12 მგ. „მდმა”-ისთვის 9 წლით დაპატიმრებულ ...

გამარჯობა, მე მიხაილო ვარ, DJ და პროდიუსერი. პირველად ციხეში 2009 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” მოხ ...

მეტი

^