2015 წელს ზედოზირებით 50 ადამიანი გარდაიცვალა, 2014 წელს - 39 (GHRN). წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა ის, რომ ზედოზირების შემთხვევებს სამედიცინო დაწესებულება პოლიციას ატყობინებდა. ვინაიდან საქართველოში ნარკომოხმარება დასჯადია, პოლიციის მხრიდან ამგვარ ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე. ამის გამო ზედოზირების შემთხვევებში ადამიანები, ჯარიმისა თუ დაპატიმრების შიშით, სასწრაფო დახმარების გამოძახებისგან თავს იკავებდნენ. 2014 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ეს წესი შეიცვალა და სამედიცინო დახმარებას პოლიციისთვის ზედოზირების შესახებ შეტყობინების ვალდებულება არ აქვს. თუმცა მიუხედავად რეგულაციის ცვლილებისა, ზედოზირების შემთხვევებზე ინფორმაცია პოლიციის ყურამდე მაინც მიდის. „ლიბერალის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში.
ზედოზირება - შეტყობინების შედეგი
„ჩემს ნაცნობს ზედოზირება მოუვიდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, სასწრაფოსთან ერთად პოლიციაც მოვიდა. ცუდად მყოფი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი თანმხლები პირები ნარკოტესტირებაზე წაიყვანეს და შემდეგ 1 000 ლარით დააჯარიმეს. ეს შემთხვევა აჭარაში რამდენიმე თვის წინ მოხდა. როდესაც ეს ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიდა, მეორე დღეს ისიც წაიყვანეს ნარკოტესტირებაზე და დააჯარიმეს. მას ახლა 6-თვიან პირობით სასჯელს იხდის“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას სოცმუშაკი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკის გამო თანმხლები პირები უკვე თავს იკავებენ სასწრაფოს გამოძახებისგან. რეგიონებში ასევე არ ჰყავთ ისეთი ადვოკატები, რომლებიც ნარკოტესტირების დროს პირს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
„აქ განუკითხაობაა. ეს არაა თბილისი. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ ფაქტებს სისტემური ხასიათი აქვს. კარგი იურისტი გვჭირდება, რომ ნარკოტესტირებაზე გადაყვანის შემდეგ ადამიანს დაეხმაროს. აქ ვერ იტყვი, რომ მაქვს უფლება და არ ჩავაბარებ ტექსტირებას. იძულებული ხარ, მოშარდო. გინდა, თუ არ გინდა, უნდა მოშარდო“, - ამბობს ის.
„ლიბერალთან“ საუბრისას „ზიანის შემცირების ქსელის“ წარმომადგენელი მაკა გოგია ამბობს, რომ მიუხედავად ბრძანების ცვლილებისა, პრობლემები უცვლელი დარჩა. მისი თქმით, ზედოზირების თითოეული ფაქტი დგას პოტენციური საფრთხის წინაშე, რომ პოლიცია შემდგომ დევნას დაიწყებს. როგორც ის ამბობს, შესაძლებელია პოლიცია ადამიანებს იმ წუთას არ დაადგეს თავზე, მაგრამ მომდევნო დღეებში იწყება კონტროლი. უკვე იციან, რომ ის ნარკომომხმარებელია და ჩასაფრებული არიან.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს შეტყობინების სამსახური - 112, სადაც ყველა სახის გამოძახება იყრის თავს. შესაბამისად, პოლიციას ნებისმიერ შემთხვევაში მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე. შემდეგ კი მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ ამას თავიანთი მიზნებისთვის, თუ არა. რეალურად ქვეყანაში არის ისეთი სიტუაცია, რომ ნარკოპოლიტიკა შსს-ს მიერ გამოიყენება არამართლზომიერად. ბიუჯეტში ამ ადამიანებისგან ხდება თანხების აკუმულირება და გაღარიბებული ოჯახები კიდევ უფრო მწვავე ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან“, - ამბობს გოგია.
მისი თქმით, ზედოზირების შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან რეაგირების ფაქტების შესახებ პერიოდულად იგებენ ხოლმე.
„პერიოდულად ხან თბილისში გვესმის ამგვარი შემთხვევების შესახებ, ხან გორში, აჭარაში. გორში გასულ წელს ასეთი ფაქტი მოხდა: სასწრაფო მივიდა გამოძახებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ის პაციენტს ნალოქსონს გაუკეთებს, მან მოხმარებულ ნალოქსონზე ანგარიში უნდა დაწეროს. როცა ნალოქსონის მოხმარება დაფიქსირდება, ამ ინფორმაციას უკვე იღებს პოლიცია. როგორც ჩანს, ხელი მიუწვდებათ მასზე. ამ შემთხვევაში ექიმმა უთხრა პაციენტის ოჯახს, რომ ის კი გაუკეთებდა ნალოქსონს და ამას არ აღრიცხავდა, მაგრამ მომდევნო დღის ბოლომდე უნდა ეშოვათ ჩასანაცვლებელი ამპულა. შესაბამისად, ექიმმა გადაარჩინა ეს ოჯახი პოლიციის შემდგომი რეაგირებისგან“, - ამბობს მაკა გოგია.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიცია არ რეაგირებდეს ზედოზირების შემთხვევებზე
მაკა გოგია ამბობს, რომ წლების განმავლობაში ზედოზირების შემყურე პირები პოლიციის შიშით არ იძახებდნენ სასწრაფოს და დგებოდა არჩევანი სიცოცხლის გადარჩენასა და ციხეს შორის. მისი თქმით, ამ არჩევნის წინაშე ადამიანები დღესაც დგანან.
„ჯგუფური მოხმარების შემთხვევებისას მხოლოდ ზედოზირებული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ იყო პრობლემა . ასეთ დროს სასწრაფოში დასარეკად ჯგუფიდან პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს უნდა აეღო. ჯგუფში კი ზედოზირების დროს პასუხისმგებლობის აღება არავის უნდოდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სასწრაფოში არ რეკავდნენ და ადამიანი კვდებოდა, ან ეხმარებოდნენ სხვადასხვა არასწორი მეთოდებით: მარილწყლის ინექციით (რაც ასეთ დროს უშედეგოა), დამწვრობის, ძლიერი ტკივილის მიყენებით, გალაწუნებით და ა.შ. ამაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე სასწრაფოს გამოძახებაზე“, - ამბობს გოგია.
„ლიბერალი“ ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, ბრძანების ცვლილების შემდეგ რატომ გრძელდებოდა ძველი პრაქტიკა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ზედოზირების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირებულია. უფრო კონკრეტული პასუხისთვის მათ კონკრეტული ფაქტების დასახელება მოგვთხოვეს. „ლიბერალთან“ საუბრისას რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სტატიაში მისი ვინაობის დასახელების შეთხვევაში, მას პოლიციის მხრიდან პრობლემები შეექმნებოდა, ამიტომ მას კონფიდენციალობის პირობა მივეცით.
ნალოქსონი - ზედოზირების სამკურნალო წამალი რეცეპტით
ნალოქსონი არის წამალი, რომელსაც ზედოზირების შემთხვევებში ადამიანისთვის შეუცვლელი ეფექტი აქვს. მიუხედავად ამისა, ის რეცეპტით გასაცემი წამლების ნუსხაშია. მაკა გოგია ამბობს, რომ რეცეპტით ამ მედიკამენტის გაცემა ადამიანებს უქმნით ბარიერს, რადგან მათ ექიმთან უწევთ სიარული და ა.შ.
„ნალოქსონი რომ ურეცეპტოდ უნდა იყიდებოდეს, ეს არის უდავო. ამერიკაშიც მიხვდნენ, რომ მისი რეცეპტით გაცემა იყო აბსურდი. იქ მისი შეძენა უკვე ურეცეპტოდაც შეიძლება. ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირებისას ნალოქსონის ხელმისაწვდომობა წარმატებული მეთოდი არამარტო აშშ-შია, არამედ ინგლისში, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. არ უნდა იქმნებოდეს დამატებითი ბარიერი ექიმთან მისვლით და რეცეპტის აღებით, მით უმეტეს, რომ ზედოზირების დროს საჭიროა დროული რეაგირება", - ამბობს მაკა გოგია.
გოგიას თქმით, „ზიანის შემცირების ქსელი“ წელიწადში დაახლოებით 10-დან 15 ათასამდე ნალოქსონს არიგებს. მისი თქმით, ქვეყანაში ინექციური მომხმარებელი 50 ათასამდეა. გასულ წელს ქსელმა დაახლოებით 30 000 ადამიანი მოიცვა, ხოლო დაახლოებით 20 000 ადამიანი ამ პროგრამის მიღმა რჩება, რომლებიც პოტენციურად ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგანან.
„ერთი ამპულა ნალოქსონი ნებისმიერ კუნთში შეიძლება გაკეთდეს. ის დაახლოებით 10 წუთში იწყებს მოქმედებას, მანამდე მიზანშეწონილია, რომ ადამიანს ჩაუტარდეს სხვა დამხმარე ღონისძიებები, როგორიცაა უსაფრთხო პოზაში მოთავსება, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, თუკი ის არ სუნთქავს და გალურჯებულია. ნალოქსონი ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს. ოპიოიდებით ზედოზირების დროს, ნარკოტიკი თრგუნავს სუნთქვის ცენტრს ტვინში და მის შესუსტებას იწვევს. ადამიანი ვერ სუნთქავს და ამიტომ არის წარმოქმნილი ჰიპოქსიური (მდგომარეობა, როდესაც მთელი ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას) კომა. სწორედ ასეთ შემთხევებში, ნალოქსონი თავისი ბუნებით, ააქტიურებს ტვინის ამ რეცეპტორებს და იწვევს მის სტიმულაციას. ნალოქსონის გაკეთების შემდეგ ასევე მიზანშეწონილია სასწრაფოს გამოძახება“, - ამბობს გოგია.
მაკა გოგია ამბობს, რომ „ზიანის შემცირების ქსელმა“ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით, რომ ნალოქსონი რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოეღოთ. ქსელისადმი მიწერილ პასუხში ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნალოქსონის დოზირების საკითხი ექიმის გადასაწყვეტია, ვინაიდან შესაძლოა რამდენიმე წუთში აუცილებელი გახდეს პრეპარატის განმეორებითი შეყვანა. აღნიშნული შესაბამის ცოდნასა და კვალიფიკაციას მოითხოვს. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ნალოქსონის გაცემის ლიბერალიზაციას შესაძლოა თან მოჰყვეს უკონტროლო მიღებასთან დაკავშირებული გართულებები, ან სულაც ოპიოიდების უფრო ხშირი და „თამამი“ გამოყენება.
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხად „ზიანის შემცირების ქსელი“ აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზედოზირებისას, როცა ავადმყოფის მდგომარეობა საეჭვოა/სათუოა, ნალოქსონის მცირე დოზით გამოყენებას, ჭარბი დოზით გამოყენება სჯობს.
ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 2014 წლის 4 ნოემბერს გამოიცა, ზედოზირების გამო ყოველწლიურად 69,000 ოპიოიდების მომხმარებელი კვდება, რაც მომხმარებლების დაღუპვის მიზეზებს შორის, აივ/შიდსის შემდეგ, მეორეა. ჯანმო მიუთითებს, რომ ქვეყნებმა ნალოქსონი უნდა გახადონ იოლად ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ზედოზირების ფაქტის შემსწრეები აღმოჩნდნენ. ამ ადამიანების რიცხვში არიან ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ.
ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტის პასუხად, როგორც „ზიანის შემცირების ქსელი“ აცხადებს, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მისი ურეცეპტო გაცემის შედეგად შესაძლოა, მოხდეს პრეპარატის უკონტროლო მიღება და მის შედეგად წარმოქმნილი გართულებები. მათივე თქმით, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნალოქსონზე რეცეპტის მოხსნამ შესაძლოა, გამოიწვიოს ნარკოტიკების „თამამი“ და უფრო ხშირი გამოყენება.
რამდენად არის მიზანშეწონილი ნალოქსონის რეცეპტით გაცემა - ამ საკითხზე სასაუბროდ „ლიბერალმა“ ჯანდაცვას მიმართა. უწყებაში განაცხადეს, რომ დარგის სპეციალისტების, ნარკოლოგების შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის დასკვნის შემთხვევაში, განიხილავენ ნალოქსონის მე-III (ურეცეპტოდ) გასაცემ ნუსხაში გადატანის შესაძლებლობის საკითხს, ან - დარჩენას მე-II ჯგუფში, მაგრამ „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ ნუსხის მიკუთვნებას.