Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ - შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობა

03 ივლისი 2016

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად ორმაგი დისკრიმინაციის ობიექტები არიან. გარდა სხვადასხვა წინააღმდეგობისა, რაც საერთოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ქალების შემთხვევაში ამას ემატება ბარიერები ყოველდღიურ ცხოვრებაში სქესის ნიშნით. დამოუკიდებელი ცხოვრება, თვითრეალიზაციის შესაძლებლობები, არჩევანის თავისუფლება, პირადი სივრცე, რაც ყველა ჩვენგანისთვის  არსებითად მნიშივნელოვანი და ღირებულია,  თუმცა  ქალების შემთხვევაში სწორედ ეს სივრცე  ირღვევა ხშირად, როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევიკრიბეთ იმისვის, რომ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. იმისათვის რომ ვიცხოვროთ ღირსეულად. სწორედ ამისთვის შეიქმნა შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობა, „-, ნინო ბაიდაური მოძრაობა  „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ წევრია. მოძრაობის წევრების პირველი საჯარო შეხვედრა განახლებულ მზიურის პარკში მოეწყო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და მხარდამჭერთა ახლადშექმნილი დამოუკიდებელი მოძრაობა „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“  ჯერ მხოლოდ ოცამდე აქტივისტს აერთიანებს, თუმცა ის  ღიაა ახალი წევრებისთვის. შშმ ქალთა მოძრაობის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ქალი და გოგონა თანაბრად სარგებლობდეს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებით, დამოუკიდებლობით, განვითარების და თვითრეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობით.

ოლგა კალინა ორგანიზაცია „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და მოძრაობის წევრია. მან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალების შესახებ ისაუბრა.

„როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიაგნოზის მიღების შემდეგ ადამიანი კარგავს ხმას ოჯახში, ეს უფრო რთულია ქალისთვის და გოგოსთვის, რადგან არსებობს ძალიან დიდი შანსი და ალბათობა იმისა, რომ ქალი სამუდამოდ დაკარგავს ხმას, ოჯახი გააკონტროლებს მის ცხოვრებას და გადაწყვეტილებებს მომავალში. ვიცით რა მდგომარეობაა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ ინსტიტუციებში, მაგრამ ის  ღიაა მონიტორინგისთვის, მაშინ  როცა ოჯახები ჩაკეტილია და წარმოდგენაც კი არ გვაქვს რა ხდება იქ. რამდენიმე მძიმე შემთხვევა ვიცით, ერთ-ერთი იყო როცა გავიგეთ რომ დედას ჰყავდა გოგო ჩაკეტილი სახლში  40 წლის განმავლობაში, არც საბუთები ჰქონდა, არც  პირადობის მოწმობა,  ადამიანი ფაქტობრივად, არ არსებობდა, როცა დედა გარდაეცვალა და ის დარჩა სრულიად მარტო, იუსტიციის სახლში უარს აცხადებენ საბუთების აღდგენაზე.  რამდენიმე ასეთი შემთხვევაა, როცა ადამიანი ჩაკეტილი ჰყავთ ოჯახის წევრებს სახლში და ისინი ცხოვრობენ ყველანაირი უფლების გარეშე. ნაცვლად იმისა რომ იყოს თერაპიული გარემო და თანადგომა, ვიღებთ უფლებების შელახვას და კიდევ უფრო მეტ პრობლემას.  პირველ რიგში ამ პრობლემებთან საბრძოლველად საჭიროა თვითრწმენა. ჩვენ ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენ თავად უნდა გვქონდეს უფლება მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენ შესახებ, თუნდაც სარისკო ან შეიძლება მცდარი,  მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება. ახლადშექმნილი პრლატფორმის ფარგლებში შესაძლებლობა მექნება უფრო მეტად შევეხო ამ თემებს და მხარი დავუჭირო გოგონებს და ქალებს რომლებიც დღემდე ჩაკეტილები არიან სახლებში და ინსტიტუციებში, „- ამბობს ოლგა კალინა.

მარიამ მიქიაშვილიც შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობის წევრია. ამბობს, რომ დროული იყო ამ მოძრაობის შექმნა, რადგან ეს მოძრაობა დაეხმარება შშმ ქალებს გამოჩნდნენ, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებზე, პრობლემებზე, საჭიროებებსა თუ ინტერესებზე.

„მოძრაობის მთავარი მიზანი არის შშმ ქალთა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა. ხშირად ვფიქრობ, რა არის ჩვენთვის დამოუკიდებლობა. როგორია დამოუკიდებლობის აღქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. თუ მე მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ვარ, დამოუკიდებლად შემიძლია გარეთ გასვლა,  განათლების მიღება და აშ. დიდი ალბათობით მე ამას უფრო უკეთესად შევძლებ,  ვიდრე ის რომელიც საკუთარ თავს აღიქვამს სუსტად და თვლის რომ ამას ვერ შეძლებს.  რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემოს აუცილებლობასა და საჭიროებას, და რომ პირადი განცდა და აღქმა არ კმარა იმისათვის რომ სრულ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ,  მაგრამ მე მაინც მგონია, რომ  შინაგანი მოტივაცია და  განწყობა  არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად, თუნდაც გარემოში არსებული ბარიერების დასაძლევად, „- ამბობს  მარიამ მიქიაშვილი.

ანა მაისურაძემ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა და იმაზე, თუ როგორ აღიქვამს გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

„არასოდეს  ვფიქრობს რომ მე ვინმესგან განსხვავებული ვარ, საკუთარ თავს ისე აღვიქვამ და ისე ვცხოვრობ როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი.  მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ გარემო, საზოგადოების დამოკიდებულება გაგრძნობინებს თავს ნაკლებ ადამიანად, ნაკლებ ქალად. მახსოვს, 6-7 წლის ასაკამდე არასდროს მიფიქრია, რომ რამეთი განსხვავებული ვარ და ეს ასეც იქნებოდა რომ არა გარემო. ადამიანების ჩემ მიმართ დამოკიდებულებებმა მაფიქრებინეს ის, რომ ჩემი შესაძლებლობები რაღაც კუთხით, შეზღუდულია. ასე რომ ძირითადად შემთხვევაში, სხვა ადამიანების დამოკიდებულება ახდენს გავლენას ადამიანზე, რომ საკუთარი თავი სხვანაირად აღიქვას. მე დღეს საზოგადოებაში რეალიზებული ვარ. ვცხოვრობ ისე, რომ არ მახსენდება და არ ვფიქრობ, რომ სხვებისგან განსხვავებული ვარ ჩემი განსხვავებული შესაძლებლობებით. მინახავს და თავსაც გადამხდენია როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დისკრიმინაციის გამოვლინებები. არაფერს ვიტყვი დაცინვაზე, თითის გაშვერაზე და ა.შ. მოვყვები იმას, თუ როგორ ავლენენ ადამიანები ჩემ მიმართ პოზიტიურ დისკრიმინაციას. მაგ. როცა იგებენ, რომ მაქვს უმაღლესი განათლება, მაქვს ორი დიპლომი,  ას პროცენტიანი სახელმწიფო გრანტით  მოვხვდი უნივერსიტეტში და ა.შ. მათში მე ვერ ვხედავ აღფრთოვანებას, ძირითადად გამოხატავენ გაკვირვებას.  პირველ რიგში იმის გამო რომ მე ვარ გოგო,  ჩვენს ქვეყანაში ხომ ითვლება რომ ბიჭები უფრო ჭკვიანები არიან,  მეორე ის რომ მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  გოგო.  ეს უნდა შეიცვალოს, _“ ამბობს ანა მაისურაძე.

შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობა ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ პროექტის ფარგლებში  შეიქმნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

შენი სხეული ბრძოლის ველია ► ლილი მამულაშ ...

ლილი მამულაშვილის მორიგ პოდკასტში მოისმენთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალ შემსრულებლებში სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს ...
19 მაისი
19 მაისი

თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს

დღეს საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს ხმაურიანი სხდომები გაიმართა, სადაც გამოტანილი გახლდათ მუნიცი ...
16 მაისი
16 მაისი

ასუსტებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები ...

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვები მიმდინარეობს. კონსტიტუციის პროექტის რამდენიმე სა ...

მეტი

^