Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლა და თემი - ურთიერთობა, პრობლემები, გამოწვევები

06 ივლისი 2016

საქართველოში  სკოლის მართვის მოდელი მშობლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს, თუმცა დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ჩართულობა, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურია. მათი შეფასებით, რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა, ერთი მხრივ, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია, მეორე მხრივ კი, სკოლასა და თემს შორის თანამშრომლობა. როგორ შეუძლია სკოლას, წვლილი შეიტანოს თემის განვითარებაში და პირიქით, რა შესაძლებლობები აქვს თემს, რომ სკოლის განვითარებას  შეუწყოს ხელი?

სანიორე

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საჯარო სკოლაში  ასამდე მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლაში უკვე 7 წელია, ახალგაზრდული კლუბი არსებობს. კლუბში 20-მდე მოსწავლეა გაერთიანებული. კლუბის წევრები ყოველ პარასკევს სკოლის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში იკრიბებიან. ეს ოთახი დანარჩენ საკლასო ოთახებს არ ჰგავს. იქ არც დაფაა და არც მერხები. ოთახის შუაში  სკამები წრიულად დგას, კედლებზე კი მოსწავლეების  ხელით გაკეთებული, ფერადი ფანქრებითა და საღებავებით მოხატული პლაკატებია გაკრული. პლაკატები მათ მიერ გამართულ ღონისძიებებს ასახავს -ზოგიერთი კითხვის საერთაშორისო დღეს ეხება, ზოგი ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზოგიც სხვადასხვა საერთაშორისო დღის აღსანიშნავადაა შექმნილი. შეხვედრებზე მოსწავლეები სკოლასა და ადგილობრივ თემში არსებულ საჭიროებებზე საუბრობენ, სოფლის მოსახლეობისა და თანატოლებისთვის საინფორმაციო პრეზენტაციებს ამზადებენ, ღონისძიებებს გეგმავენ.

სანიორეს  სკოლა კახეთში ერთ-ერთია იმ 17 სკოლას შორის, სადაც worldvision - საქართველო -კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სოფლის სკოლის ბაზაზე ახალგაზრდული კლუბები მოქმედებს. პროგრამის ფასილიტატორის, თამარ მეგუთნიშვილის განმარტებით, კლუბში გაერთიანება ახალგაზრდებს სხვადასხვა არაფორმალურ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. რაც, თავის მხრივ, მონაწილეთა ადგილობრივ თემებში გაძლიერებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

კლუბის წევრები ჯერ თემისა და სკოლის საჭიროებებზე ფიქრობენ, შემდეგ კი კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავენ. ისინი ცდილობენ, იმუშაონ თემებზე, რომელიც თემსა და სკოლას თანაბრად აწუხებს, მაგალითად, -ახალგაზრდებისათვის გასართობი და დასასვენებელი სივრცის არარსებობა, სოფლის ეკოლოგიური პრობლემები, მოსახლეობის არასათანადო ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებისა და უფლებების შესახებ.

 ანი ბიტიაშვილი მეათე კლასის მოსწავლეა. ბოლო ერთი წელია, კლუბის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ანი მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ჰყვება, რომლებშიც სოფლის მოსახლეობაც ენთუზიაზმით ერთვება ხოლმე.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ნაგვის ბუნკერები დადგეს და მათ კვირაში ერთხელ ასუფთავებენ, ეს საკმარისი არ არის. სოფლის გზებზე კვლავ საყოფაცხოვრებო ნარჩენი ყრია. გადავწყვიტეთ, დასუფთავება სკოლის ეზოდან დაგვეწყო; დახმარება სოფლის რწმუნებულს ვთხოვეთ; მანაც საჭირო იარაღები და ხელთათმანები მოგვიტანა; მერე ყველა ერთად შევუდექით საქმეს; სოფლის ცენტრიც დავასუფთავეთ. მოსახლეობა, როდესაც ხედავდა, რომ ჩვენ ვალაგებდით, ყველა თავისი ეზოს წინ გამოვიდა და დასუფთავება დაიწყო, მეზობელი სოფლიდან პატარა ტრაქტორიც მოგვაშველეს, რომ შეგროვებული ნაგავი ერთად გადაგვეყარა“, -ამბობს ანი.

კლუბის წევრებს შორის თანასწორი განმანათლებლებიც არიან. რეგიონში სულ 42 თანასწორი განმანათლებელია. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან და სხვებისგან განასხვავებთ ის, რომ  ინკლუზიური განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს მომზადება. თანასწორი განმანათლებლის მუშაობის პრინციპი მარტივია -იმ ინფორმაციას, რომელსაც მოსწავლეები ტრენინგებზე იღებენ, შემდგომ სკოლაში თანატოლებს უზიარებენ, ერთად იხილავენ პრობლემებს, გეგმავენ გადაჭრის გზებს, გადიან თემში და საინფორმაციო აქციებს ატარებენ.

მეცხრეკლასელი ნათია ამირეჯიბი ერთ-ერთი თანასწორი განმანათლებელია. ნათია ერთ-ერთ ღონისძიებას იხსენებს, როცა სოფლის ბაღში მივიდნენ, ბავშვებისთვის ხელების დაბანა რომ ესწავლებინათ. „დაიბანე ხელი“ -ასე ერქვა აქციას. `ბაღის ბავშვებს ხელების დაბანა ვასწავლეთ, სახალისო მარტივი პრეზენტაცია მოვამზადეთ სისუფთავის შესახებ. ბაღის მასწავლებლებიც გვეხმარებოდნენ“, -ამბობს ნათია.

სოფლის სკოლებში კლუბების მნიშვნელობაზე  ყურადღებას ამახვილებს ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ნაცვლიშვილი.

მისი თქმით,  ახალგაზრდულ კლუბებს სოფლის სკოლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  როცა სოფლის სკოლის მოსწავლეებს, ქალაქისგან განსხვავებით, ბევრ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ, კლუბები მოსწავლეებს თავისუფალი დროის სწორად ორგანიზების, ნიჭისა და უნარის გამოვლენის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება სკოლის ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლა თემის პარტნიორი უნდა იყოს და პირიქით, თემი უნდა იყოს დაინტერესებული სკოლით. მისი თქმით, სკოლა ზრდის სწორედ იმ თაობას, რომელიც მომავალში თემის წევრი უნდა გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლასა და თემს შორის  შეთანხმებული და ჰარმონიული დამოკიდებულება არსებობდეს.

ნაცვლიშვილი ჰყვება, რომ სკოლის ტერიტორია ისტორიულია. ნაფარეულში პირველი სკოლა დავით ჭავჭავაძემ დააარსა. „ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ სკოლაში გარდა საღმრთო სჯულისა და წერა-კითხვისა, გლეხის შვილებს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიდნენ. ჯერ კიდევ მაშინ კარგად ჰქონდათ გააზრებული სწავლის პროცესში იმ გარემოს გათვალისწინება, რომლის წევრებიც განათლებას იღებენ. რა თქმა უნდა, სწავლის სტანდარტი ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რაც კახეთისთვის აქტუალურია, სვანეთისთვისაც ასეთივე იყოს. ვფიქრობ, რეგიონის ინტერესები, თემის ინტერესები სასკოლო ცხოვრებაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული და ასახული. ამ შემთხვევაში შეძლებს სკოლა თემის განვითარების ხელშეწყობას“, -ამბობს მაია ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ამგვარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას  მხოლოდ სკოლის მხრიდან წამოსული ინიციატივა ვერ შექმნის. საჭიროა სკოლის მიმართ ინტერესი თემშიც გაჩნდეს. მისმა წევრებმა გაიაზრონ, რომ სკოლა განცალკევებით მდგომი ინსტიტუცია კი არ არის, მათი ნაწილია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დღეს თემის მხრიდან ეს ინტერესი ნაკლებად ჩანს.

სკოლა და თემი

თემისა და სკოლის ურთიერთობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის, ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი, შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ დღესდღეობით, როცა თვითმმართველობის წარმომადგენელი და მშობლები სკოლის სამეურვეო საბჭოში არიან წარმოდგენილი ამ გზით თემს სკოლის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. მისი შეფასებით, ასე, ერთი მხრივ, თემის თვითშეგნება იზრდება, მეორე მხრივ კი, სკოლა ანგარიშვალდებული ხდება თემის წინაშე. თუმცა, ტაბატაძის შეფასებით, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა არის, ის, რომ ეს ჩართულობა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურია, რადგან სკოლების მართვა ცენტრალიზებულია. მისი შეფასებით, მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემდა. 

„მაქსიმალურად უნდა მოხდეს მმართველობის სკოლასა და თემში გადატანა, სამინისტროს ფუნქცია კი ამ პროცესში სკოლების ხელშეწყობა უნდა იყოს. სამინისტროს ხშირად აქვს ილუზია, რომ ცენტრალიზებულად შეუძლია ორი ათასზე მეტი სკოლის მართვა. სინამდვილეში ყველაფერი თავად სკოლაში ხდება -სწავლება, მოსწავლისა თუ მასწავლებლის განვითარება. თუნდაც, მასწავლებლის შეფასება სწორედ ადგილობრივად, სკოლის ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს ჩართულობით უნდა მოხდეს. მათ წინაშე კი მასწავლებელმა ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს. დღეს სამეურვეო საბჭოსა და თემის მიმართ ამ ანგარიშვალდებულებას არც სკოლის დირექტორი და არც მასწავლებლები არ გრძნობენ", -ამბობს შალვა ტაბატაძე.

2005 წელს ქვეყანაში ზოგადი განათლების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, -ზოგადი განათლების მართვის ცენტრალიზებული მოდელი ე.წ. სკოლის დონეზე მართვის მოდელით შეიცვალა. ამ მოდელის საფუძველს, ერთი მხრივ,  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სკოლის დონეზე მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს, მეორე მხრივ კი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობა სკოლის შიგნით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნაწილდება. სკოლის სამეურვეო საბჭო, როგორც სკოლის საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანო, ამ მოდელის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

სკოლის სამეურვეო საბჭო შედგება პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, სამეურვეო საბჭოებში სათათბირო ხმის უფლებით თითო წევრი დანიშნონ.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს. ამტკიცებს სკოლის წესდებას, აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას.

ტაბატაძის თქმით, ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ხარვეზები ნაკლებად უნდა ვეძებოთ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ, მიუხედავად სამეურვეო საბჭოების არსებობისა, გადაწყვეტილების მიმღები პირები ანგარიშვალდებულებას მხოლოდ სამინისტროს წინაშე გრძნობენ.

„სკოლის დირექტორის მთავარი ფუნქციაა, ისე დახარჯოს თანხა, აუდიტის სამსახური ვერ მოედავოს. ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ სკოლისა და თემის ურთიერთობა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად? სწორედ ამიტომ, მსგავსი ინიციატივები უმეტესად სკოლებში არ არის. დავაკვირდეთ სტატისტიკას, არავინ არ თავისუფლდება სკოლიდან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დარღვევის გამო. უმეტესად თავისუფლდებიან საფინანსო ან შესყიდვებთან დაკავშირებით აღმოჩენილი დარღვევებისთვის. ეს ერთგვარად პირდაპირი „შეტყობინებაა“ სამინისტროს მხრიდან -მაქსიმალურად ისე წარიმართოს ადმინისტრირება და მენეჯმენტი, რომ პრობლემები არ შეექმნათ. ასეც იქცევიან. გადაწყვეტილების მიმღები პირები ორიენტირებულნი არიან არა ახალ ინიციატივებზე, არამედ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაზე, იმისათვის, რომ თანამდებობა შეინარჩუნონ“, -ამბობს ტაბატაძე.

ამ მიმართულებით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც  სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, სკოლის მწირი ბიუჯეტია. განათლების საკითხების მკვლევარი, რევაზ აფხაზავა განმარტავს, რომ სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც, ძირითადად, ხელფასსა და კომუნალურ გადასახადს ხმარდება, სკოლას განვითარებისთვის თავისუფალი თანხა არ რჩება. აფხაზავა მიიჩნევს, რომ, როდესაც სკოლის ინსტიტუციური განვითარებისათვის თავისუფალი თანხა გაჩნდება, სკოლის სამეურვეო საბჭოც უფრო გააქტიურდება და რეალურად დაიწყებს მოქმედებას.

„ცენტრალური ხელისუფლებისგან რაც გასაკეთებელია, მეტ-ნაკლებად გაკეთებულია. ახლა უკვე იქაური ინიციატივების წახალისებაა საჭირო. ამას სწავლა და გამოცდილება სჭირდება. არსად იმ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი თემებია განვითარებული, ეს ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა. ქვემოდანაც უნდა მოდიოდეს ინიციატივა. დღეს რომ განათლების სამინისტრომ სკოლებს მისცეს სრული თავისუფლება, დახვდება კი იქ საჭირო კომპეტენცია და მოტივაცია?", -ამბობს რევაზ აფხაზავა.

რაც შეეხება თემისა და სკოლის თანამშრომლობის მნიშვნელობას, დარგის სპეციალისტების შეფასებით, ძალიან ბევრი საკითხია, რის გამოც თემი სკოლისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს და პირიქით, სკოლამ წვლილი შეიტანოს თემის განვითარებაში.

შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ მიუხედავად დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებისა, თემს შეუძლია რესურსების სკოლის დასახმარებლად მობილიზება. მაგალითად, დაეხმაროს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, უზრუნველყოს საჭირო ხის მასალით ან იაფი მუშახელით. მეორე მხრივ, თემის ჩართულობა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უშუალოდ სწავლების პროცესისათვის. მაგალითად, როცა სოფლის დასახლებებში მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიან, თემი და მისი მოსახლეობა მნიშვნელოვანი რესურსია მოსწავლეებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად.

სპეციალისტების შეფასებით, სკოლას შეუძლია, სოფლისათვის მნიშვნელოვანი ფორმალური და არაფორმალური განათლების ცენტრი გახდეს.

მაგალითად, ხელი შეუწყოს ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, ამბობს რევაზ აფხაზავა და იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული სკოლები ამ პრაქტიკას თითქმის არ იყენებენ.

„უმეტესად, სკოლებში დღის მეორე ნახევარში  სასწავლო პროცესი მთავრდება და ეს შენობები დანარჩენი დროის განმავლობაში, ფაქტობრივად, ცარიელი და უფუნქციოა. ამ სივრცეების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კულტურული, საგანმანათლებლო და  სპორტული ღონისძიებების გამართვა. განსაკუთრებით ეს ჩვენს რეალობაშია მნიშვნელოვანი, როცა სოფლების უმეტესობაში არანაირი გასართობი თუ დასასვენებელი ადგილი არ არსებობს,- ამბობს აფხაზავა.

მაგალითად კი უცხოეთის გამოცდილება მოჰყავს, სადაც სკოლა დღის მეორე ნახევარში თემის მობილიზების ადგილად იქცევა ხოლმე.

რევაზ აფხაზავა სკოლის განვითარებისათვის ინდივიდუალური მიდგომის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, სკოლის მართვის მოდელი იმ კომპეტენციებსა და მოტივაციას უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც კონკრეტულ სკოლას აქვს. 

მისივე განმარტებით, განათლების პოლიტიკის ინსტრუმენტები ადგილობრივ კონტექსტზე უკეთ მოერგება, თუკი იმ სკოლებს, რომლებსაც მეტი რესურსი და მოტივაცია აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების განსხვავებული რეჟიმი ექნება, ვიდრე იმ სკოლებს, სადაც ნაკლები რესურსი და მოტივაციაა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^