Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BREXIT - ერთი ისტორიის დასასრული

18 ივლისი 2016

23 ივნისს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის კითხვა მარტივი იყო, შედეგები კი კომპლექსური: „უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში?“. რეფერენდუმზე, რომელიც 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ცოცხალი დემოკრატიული მოვლენა გამოდგა, 30 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გამოხატა პოზიცია. მათმა 52%-მა გაერთიანებული სამეფოს ევროპული კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48%-მა კი - დარჩენას.

მოლოდინისამებრ, ევროკავშირში დარჩენის მომხრე აღმოჩნდა ამომრჩეველთა უმრავლესობა შოტლანდიაში (62%), ჩრდილო ირლანდიასა  (55.8%) და ლონდონის ოლქებში, ისევე, როგორც ესპანეთის სამხრეთით მდებარე კუნძულ გიბრალტარზე (96%), რომელიც გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციისა და სუვერენიტეტის დაქვემდებარებაში არსებული  ტერიტორიაა, თუმცა  მოლოდინს გადააჭარბა ევროკავშირის დატოვების მომხრეთა რაოდენობამ. პროვინციული ინგლისისა (53.4%) და უელსის (52.5%) ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.

საერთო ჯამში, დატოვების მომხრეთა მანდატი საკმაოდ სუსტია, რადგან ელექტორალური აქტიურობა 75%-ზე ნაკლები იყო (72.2%), გამარჯვებული მხარის მხარდაჭერა კი 60%-ზე ნაკლები (52%). ევროკავშირის დატოვებას ხმა მისცა 17, 410, 472 მილიონმა ადამიანმა.  რეფერენდუმის საბოლოო შედეგი  კი 1,269,501-მა ხმამ გადაწყვიტა. მოცემულ შედეგში ყველაზე დიდი როლი ხანშიშესულთა გადაწყვეტილებამ შეასრულა, რის გამოც არაერთმა კომენტატორმა მომხდარს „პენსიონერთა რეფერენდუმიც“ კი უწოდა. მართლაც, 50 წელზე უფრო ნაკლები ასაკის ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დარჩენას დაუჭირა მხარი - 18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის თითქმის 75%-მა ნდობა გამოუცხადა ევროკავშირის პოლიტიკურ პროექტს. სამაგიეროდ, გასვლის მხარდამჭერთა 61% იყო 65 წლის ან მეტის. ამასთანავე, რეფერენდუმზე ხმის უფლების მქონე ახალგაზრდათა მხოლოდ 37% გამოცხადდა, ხანშიშესულთა დასწრება კი გაცილებით უფრო მაღალი იყო. 18-24 წლის ასაკის ადამიანებს, საშუალოდ, 69 წლის განმავლობაში მოუწევთ რეფერენდუმის გადაწყვეტილების შედეგებით ცხოვრება, 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს კი, საშუალოდ, - 16. ამიტომ, ბევრის აზრით, ხანშიშესულებმა ახალგაზრდებს მომავალი მოსტაცეს.

გაერთიანებულ სამეფოს არც ფორმალურად და არც სამართლებრივად ჯერ კიდევ არ დაუტოვებია ევროპული კავშირი. რეფერენდუმის გადაწყვეტილებას ლეგალური ძალა არ ჰქონია, მთავრობას კი არ ევალება მისი შედეგებით ხელმძღვანელობა. რეფერენდუმი მხოლოდ მრჩეველობითი ფუნქციის იყო და მიზნად  ისახავდა წლების განმავლობაში საკამათოდ ქცეულ საკითხზე დემოკრატიის გადაწყვეტილების მოსმენას. შესაბამისად, თეორიულად,  გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს შეუძლია, საერთოდ არ გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგები. სხვათა შორის, მსგავსი მოთხოვნა უკვე დაფიქსირდა პარლამენტშიც. თუმცა, დემოკრატიული სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია.

სწორედ დემოკრატიული ანგარიშვალდებულების პრინციპის გამო, 24 ივნისის შუადღესვე გადადგომის თაობაზე განაცხადა კონსერვატორმა პრემიერმა კამერონმა. პრემიერი დარჩენას ემხრობოდა და „დარჩენის“ კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, რაკი დემოკრატიამ საპირისპირო კურსი აირჩია, კამერონი ვეღარ იქნებოდა ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეძლებდა, სრულფასოვნად განეხორციელებინა ხალხის მიერ არჩეული კურსი, რომელიც მისივე პრეფერენციებს არ ემთხვეოდა.  კამერონი 9 სექტემბრამდე განაგრძობს უფლებამოსილებების აღსრულებას, რის შემდეგაც მას პარტიის მიერ არჩეული ახალი ლიდერი შეცვლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამ დროის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს, ევროპული კავშირის დატოვების მიზნით.

რეფერენდუმი ისტორიულ კონტექსტში

2016 წლის რეფერენდუმი ბრიტანულ-ევროპული პოლიტიკური ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელება და ასეთივე დასასრულია. გაერთიანებული სამეფოსა და ევროპული კავშირის ურთიერთობა ყოველთვის  გამოირჩეოდა ორმხრივი ეჭვებითა და ანტაგონიზმებით.  თავდაპირველად გაერთიანებული სამეფო საერთოდაც თაკილობდა ევროპულ გაერთიანებაში (შემდგომში - ევროპულ კავშირში) გაწევრებას, შემდეგ კი მისი ყველაზე ახირებული წევრი იყო. ბრიტანეთის გეოგრაფიული იზოლაციონიზმი, კონტინენტისგან მოშორებით, პოლიტიკურად იზოლაციონისტურ და სეპარატისტულ ენერგიადაც გვევლინებოდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც გარკვეული სახის ევროპულ ერთობაზე ფიქრი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი იყო, უინსტონ ჩერჩილი აცხადებდა, რომ „ჩვენ არ უნდა განვიზრახავდეთ არაფერ ნაკლებს, ვიდრე ევროპის კავშირია… ჩვენ მტკიცე რწმენით ველით დღეს, როდესაც ასეთი კავშირი მიიღწევა”. და მაინც, მიუხედავად თეორიულად განცხადებული ენთუზიაზმისა, გაერთიანებული სამეფო არ შეუერთდა 1951 წელს შექმნილ ქვანახშირისა და ფოლადის ევროპულ გაერთიანებას (Eუროპეან ჩოალ ანდ შტეელ ჩომმუნიტყ), რომელმაც 1957 წელს სათავე დაუდო ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობას (Eუროპეან Eცონომიც ჩომმუნიტყ),  შემდეგ კი, 1993 წელს, ევროპულ კავშირს (Eუროპეან Uნიონ).

1951-61 წლებში ევროსკეპტიციზმი წარმოადგენდა ბრიტანეთის როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ძალების პოლიტიკის ურყევ ნაწილს. კურსის ცვლილება მაშინაც „კონსერვატიულ პარტიაში“ დაიწყო, როდესაც 1961 წელს  ჰაროლდ მაკმილანის მეთაურობით „კონსერვატიული პარტია“ ბრიტანეთის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრებას მიემხრო. „ლეიბორისტული პარტია“ 1964 წლამდე სკეპტიკური რჩებოდა, შემდეგ კი  ხელისუფლებაში მოვიდნენ და, კონსერვატორების მსგავსად, ევროპულ თანამეგობრობაში გაერთიანებას მიემხრნენ. თუმცა ბრიტანეთის თანამეგობრობაში გაწევრებას არ ემხრობოდა და მუდმივად ბლოკავდა საფრანგეთის პრეზიდენტი, შარლ დე გოლი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბრიტანულ სწრაფვას სხვა არაფერი ამოძრავებდა, თუ არა გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობა. საბოლოოდ, ბრიტანეთი ევროპულ თანამეგობრობაში მხოლოდ 1973 წელს გაწევრდა, მესამე მცდელობისას, მას შემდეგ, რაც დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტი აღარ იყო.

სამი მცდელობის შემდეგ მიღწეული წევრობის მიუხედავად, უკვე 1973 წელს ისმოდა მღელვარე არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რა ეფექტს იქონიებდა ევროპული თანამეგობრობის წევრობა ბრიტანეთის დამოუკიდებლობაზე, მშრომელთა სოციალურ უფლებებსა და პროფესიულ კავშირებზე. „ლეიბორისტული პარტიის“ 1974 წლის წინასაარჩევნო მანიფესტი აცხადებდა, რომ კონსერვატორებმა ხალხის აზრის დაუკითხავად მიიღეს „ამ საუკუნის მშვიდობის ჟამის ყველაზე დიდი გადაწყვეტილება“. 1974 წელს კონსერვატორი პრემიერი ნაწილობრივ სწორედ ევროპული საკითხის გამო დამარცხდა. ლეიბორისტული ოპოზიციის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობაზე რეფერენდუმის გამართვა გახდა. როგორც მათი მანიფესტი აცხადებდა,  „მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“ იცავს ამ ქვეყნის ადამიანების უფლებას, თვითონ მიიღონ ეს უნიკალური გადაწყვეტილება“. ლეიბორისტებმა არჩევნები მოიგეს.

2016 წლის პარტიულ პოზიციებთან შედარებით, 1975 წლის რეფერენდუმზე პარტიული პოზიციები ლამის სრულიად საპირისპირო იყო. 1975 წელს ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის ყველაზე მძლავრ მომხრეს წარმოადგენდა „კონსერვატიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“ კი ორად იყო გაყოფილი. „ლეიბორისტული პარტიის“ მანიფესტი ეჭვქვეშ აყენებდა ევროპული თანამეგობრობის ეფექტს ბრიტანულ დემოკრატიასა და მშრომელი ხალხის ბედზე. მანიფესტი ამბობდა, რომ „თუკი ბრიტანეთის წევრობა გაღატაკებით დაემუქრება ჩვენს მშრომელ ხალხს, ან გაანადგურებს პარლამენტის ავტორიტეტს, ლეიბორისტები ვერ მიემხრობიან მას“.

2016 წელს კი ყველაფერი, ფაქტობრივად, პირიქით იყო. ამჯერად ევროპის საკითხზე „კონსერვატიული პარტია“ იყო ორად გაყოფილი, ლეიბორისტთა უმრავლესობა კი — დარჩენის მხარეს. თუკი 1975 წელს დემოკრატიის დამცველები ლეიბორისტები იყვნენ, 2016 წელს დემოკრატიის, საპარლამენტო სუვერენიტეტისა და თავისუფლების სახელით უკვე კონსერვატორები გამოდიოდნენ. მათი კამპანიის სლოგანი იყო — „დავიბრუნოთ კონტროლი“. 2016 წელს ლეიბორისტთა დისკურსიც სრულიად განსხვავებული იყო, 1975 წლის რიტორიკასთან შედარებით. თუკი ადრე ისინი ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობას მშრომელთა უფლებების ჭრილში აკრიტიკებდნენ,  წელს ლეიბორისტთა დიდი უმრავლესობა ევროპულ კავშირში ბრიტანეთის დარჩენას სწორედ მინიმალური ხელფასის, სოციალური უფლებების, მშრომელთა უფლებებისა და სხვა სოციალური სიკეთეების უზრუნველყოფის გამო იცავდა.

1975 წლის რეფერენდუმზე (იგივე „საერთო ბაზრის რეფერენდუმი“), ბრიტანელთა 67%-მა არჩია, დარჩენილიყო ევროპული თანამეგობრობისა და საერთო ბაზრის წევრად. ლეიბორისტმა პრემიერმა, ჰაროლდ ვილსონმა, რეფერენდუმს „ისტორიული გადაწყვეტილება“ უწოდა, რომელმაც უკან მოიტოვა ეჭვები და სრული გასაქანი მისცა ბრიტანეთის მომავალს ევროპულ თანამეგობრობაში.  მართალია, 1975 წელს ვილსონი ამაყად აცხადებდა, რომ „14-წლიანი ეროვნული კამათი დასრულებულია“, მაგრამ ევროპული საკითხი სინამდვილეში არასდროს არ გაქრებოდა ბრიტანეთის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. 1980-იანებში იგი გამოიწვევდა დაყოფას „ლეიბორისტული პარტიის“ შიგნით და კონსერვატიულ პოლიტიკურ აზრსაც, ფაქტობრივად, მთელი დროის განმავლობაში ორ ბანაკად დაჰყოფდა. ამასთანავე, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ევროპის საკითხი შეიწირავდა არაერთი პრემიერის კარიერას, რომელთა შორის იყვნენ: მაკმილანი, ჰიტი, ტეტჩერი, მეიჯორი და სულ ბოლოს კამერონიც.

2016 წლის რეფერენდუმმა ისეთივე სინათლე მოჰფინა ეროვნული დაყოფის საგნად ქცეულ საკითხს, როგორიც 1975 წლის რეფერენდუმმა. ერთიცა და მეორეც სწორედ ამისათვის იყო საჭირო. მართალია, მსოფლიოს დიდი ნაწილისათვის ბრიტანეთის გადაწყვეტილება სამწუხარო და, მოულოდნელობის გამო, შემაშფოთებელიც იყო, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბრიტანულ-ევროპული ურთიერთობები ოდითგანვე მუდმივი პოლიტიკური სკეპტიციზმისა და ჭიდილის ფონზე მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ ევროპულ გაერთიანებაში ბრიტანეთი გვიან გაწევრდა, იგი შემდგომშიც ყოველთვის ყველასაგან გამორჩეული და ახირებული წევრი იყო. განსხვავებით ევროპული კავშირის სახელმწიფოთა უმეტესობისგან, ბრიტანეთი არასდროს არ ყოფილა არც შენგენის ზონის წევრი და არც ევრო მიუღია. 2016 წლის რეფერენდუმი და მისი შედეგი სწორედ ამ ვრცელი ანტაგონისტური ურთიერთობის გაგრძელება და სრულიად ლოგიკური ფინალური ნაწილი იყო.

რა იქნება ახლა?

რადგან რეფერენდუმს ლეგალური ძალა არ ჰქონია, ის, თუ რა იქნება შემდგომში, წმინდად პოლიტიკური საკითხია და არა ლეგალური. გაერთიანებული სამეფო ევროპულ კავშირს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, როდესაც ბრიტანეთის მთავრობა დაიწყებს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლით განსაზღვრული მექანიზმის ამოქმედებას წევრი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის დატოვების თაობაზე. გაერთიანებული სამეფო არ ჩქარობს მექანიზმის ამუშავებას,  თუმცა ევროპული კავშირის მთავარმა პოლიტიკოსებმა უკვე არაერთგზის მოუწოდეს მთავრობას ბრიტანელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისა და კავშირის დატოვებისაკენ. მათივე განცხადებით, ევროპული კავშირი არ აპირებს, აწარმოოს მოლაპარაკებები გაერთიანებულ სამეფოსთან, სანამ მას არ დაუწყია კავშირის დატოვების ლეგალური პროცედურა.

მიუხედავად ამისა, სანამ ბრიტანეთი ახალი პრემიერის მოლოდინშია, არსებით სიახლეებს არ უნდა ველოდეთ. ევროპული კავშირიდან გასვლის მექანიზმს სწორედ ახალი პრემიერი გაააქტიურებს, რომელიც მუშაობას 10 სექტემბერს შეუდგება. სწორედ მას მოუწევს მომავალ წლებში გაერთიანებული სამეფოსათვის მომგებიანი ეკონომიკური და პოლიტიკური შეთანხმებების დადება ევროპული კავშირის დანარჩენ 27 სახელმწიფოსთან. 

თუმცა რეფერენდუმის შედეგებმა სხვა ცვლილებათა მთელი სერიის შესაძლებლობაც წარმოშვა. შედეგების გამოცხადებიდან პირველივე საათებში, რისკის ქვეშ დადგა თვით „დიდი ბრიტანეთისა“ და „გაერთიანებული სამეფოს“ იდეები. ინგლისისა და უელსისგან განსხვავებით, შოტლანდია, ჩრდილო ირლანდია და გიბრალტარი ევროპულ კავშირში დარჩენას მიემხრო, ამგვარმა აცდენამ კი სამივეგან წარმოშვა დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის მომხრეთა მოძრაობის ახალი ტალღა, რომელიც შოტლანდიაშიც და ჩრდილო ირლანდიაშიც ისტორიულად არსებობდა და დღესაც მძლავრ ენერგიას წარმოადგენს.

ორი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც 2014 წლის 18 სექტემბერს შოტლანდიამ გამართა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც კითხულობდა: „უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო?“ ამომრჩეველთა 55.3%-ის ხმით, 44.7%-ს საპირწონედ, შოტლანდიურმა დემოკრატიამ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა არჩია, თუმცა 2016 წლის ევროპული რეფერენდუმის შემდეგ, მალევე გაჩნდა მეორე შოტლანდიური დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესაძლებლობა. დღევანდელი მონაცემებით, შოტლანდიელთა 48% ემხრობა დიდი ბრიტანეთიდან გასვლას და ევროპულ კავშირში დარჩენას, 42%-ის საპირწონედ. რადგან „დიდი ბრიტანეთი“ ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის პოლიტიკურ ერთობას აღნიშნავს, შოტლანდიის გასვლის შემთხვევაში, აღარ იარსებებს არც „დიდი ბრიტანეთი“ და შესაბამისად, აღარც „გაერთიანებული სამეფო“ მისი ამჟამინდელი ფორმით. 

ამ მომენტში, შოტლანდიისა და ევროპული კავშირის მოლაპარაკებებს ბლოკავს ესპანეთი, რომელსაც შინ სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურების შესაძლებლობა აღელვებს, თუმცა ამას დიდწილად ის გარემოება განაპირობებს, რომ შოტლანდია ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის შემადგენელი ნაწილია. ამ მოცემულობაში, შოტლანდიასთან დამოუკიდებელი მოლაპარაკება ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გვერდის ავლით სეპარატისტულ ძალასთან საუბარს, რის პრეცედენტსაც ესპანეთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს. თუმცა, თუ შოტლანდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთიდან, რაც მას ლეგიტიმურად ხელეწიფება, მაშინ ესპანეთი ვეღარ დაბლოკავს მოლაპარაკებებს დამოუკიდებელ შოტლანდიასთან. მეორე პოტენციური სცენარის თანახმად, შოტლანდიისა და გიბრალტარის საქმე შესაძლოა, ე. წ. გრინლანდიის სცენარით განვითარდეს. ამ შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს ნაწილები, მაგალითად, შოტლანდია და გიბრალტარი, შეძლებენ წევრობის ხელახალი განაცხადის გარეშე დარჩნენ ევროკავშირის წევრებად, განსხვავებით სამეფოს სხვა შემადგენელი ნაწილებისგან.

გაერთიანებულ სამეფოს წინ უდავოდ რთული ორი წელი ელის, რომელიც სავსეა კითხვის ნიშნებით. დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო, ვინ იქნება „კონსერვატიული პარტიის“ შემდეგი ლიდერი და პრემიერ-მინისტრი, რა დროს და რა ფორმით დაიწყებს გაერთიანებული სამეფო გასვლის პროცედურებს და რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ შეთანხმებებს დადებს ის ევროპული კავშირის 27 დანარჩენ სახელმწიფოსთან - ამას მომავალი თვეები გვაჩვენებს. თუმცა უკვე ცხადია, რომ შემდეგი 5-7 წლის განმავლობაში, ევროპის საკითხი კვლავ განსაზღვრავს დიდი ბრიტანეთის შიდა პოლიტიკას. დიდია ალბათობა იმისა, რომ ევროპის საკითხი კიდევ სულ მცირე ერთ პრემიერ-მინისტრს შეიწირავს და უდავოდ კარგა ხნის განმავლობაში იქნება დაყოფის საგანი ბრიტანულ საშინაო პოლიტიკაში.

ამასობაში კი, მნიშვნელოვანია, ჯეროვნად აღვიქვათ Bრეხიტ ისტორიულ ჭრილში. რეფერენდუმის შედეგი არც ევროპის იდეის და არც ევროპული კავშირის დასასრულს არ მოასწავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შედეგი, გარკვეულწილად, უდავოდ განაპირობა ნეონაციონალისტებისა და პოპულისტების მიერ წარმოებულმა შიშის ირაციონალურმა პოლიტიკამ, ისევე, როგორც დასავლურ ღირებულებათა წინააღმდეგ განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქსენოფობიით, რასიზმითა თუ პოპულიზმის სიყვარულით გამოირჩევიან, რეფერენდუმის შედეგი არ მოასწავებს ცალკეულად ამ ენერგიის გამარჯვებას.

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც გასვლის, ასევე დარჩენის მხარეს იყო არამარტო ნეონაციონალისტური და პოპულისტური ენერგიები, არამედ კონსერვატორთა და ლეიბორისტთა საკმაო ნაწილიც. ამასთანავე, ბრიტანეთის რეფერენდუმი არ ყოფილა რეფერენდუმი არც ევროპელობის და არც ევროპული ღირებულებების შესახებ. მსგავსად 1975 წლის რეფერენდუმისა, ის იყო სრულიად პრაგმატული ხასიათის არჩევანი, რომელიც ეხებოდა ევროპული კავშირის, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობის ავკარგიანობას და მის წევრად დარჩენის სიკეთეს.  რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბრიტანეთი რჩება NATO-ს წევრად და ინარჩუნებს მის ტრადიციულ საგარეო და გეოპოლიტიკურ ორიენტირებს.

BREXIT უდავოდ არის ისტორიის დასასრული; მაგრამ, იგი მხოლოდ ერთი ახირებული ისტორიის დასასრულია, ხოლო ისტორია, როგორც ასეთი, გრძელდება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^