Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მტვრით დაფარული ღვთისმშობელი

20 ივლისი 2016

ღვთისმშობელი მარიამი მტვრის სქელი ფენით არის დაფარული. სანამ საკუჭნაოს ბნელ კუთხეში, თაროზე აღმოჩნდებოდა, ხატი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში კათოლიკურ ეკლესიაში იყო დასვენებული. თუმცა ეს მრავალი წლის წინ იყო. დღეს ხატი ეკლესიის გვერდით, მრევლის სამლოცველოდ ქცეულ სახლში ინახება. კათოლიკეები ამბობენ, რომ ივლიტას ძველი ტაძარი მათ მართლმადიდებელმა ეკლესიამ წაართვა.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ისტორიულად კათოლიკური 6 ეკლესიის დაბრუნებას მოითხოვს, რომლებიც სახელმწიფომ საპატრიარქოს სხვადასხვა დროს გადასცა საკუთრებაში. პრობლემა უკვე დიდი ხანია, კათოლიკე ეკლესიის დღის წესრიგში დგას, თუმცა მის მოსაგვარებლად პოლიტიკურ ნებას არც სახელმწიფო და მით უმეტეს, არც მართლმადიდებელი ეკლესია არ იჩენს. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები კათოლიკე თემი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს - ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი სკოლებში, „გადანათვლა“, რელიგიური უმცირესობების დასაქმების პრობლემა... კათოლიკეები ცდილობენ, რელიგიურ კუთვნილებაზე ხმამაღლა არ ისაუბრონ და შვილებსაც ამას ურჩევენ. დუმილი გამოსავალი არ არის, თუმცა ასე ნაკლები პრობლემა შეექმნებათ. მათი თქმით, დისკრიმინაციის წყარო ხშირად მართლმადიდებელი სასულიერო პირები არიან, რაც მდგომარეობას ერთი-ორად ამძიმებს.

როცა ეკლესიაში არ გიშვებენ

ადიგენის რაიონის კათოლიკე სამრევლოს წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი ივლიტას ეკლესიაში წირვას მართლმადიდებელი მღვდლების წინააღმდეგობის გამო ვერ აღავლენს. წლების წინ კათოლიკეების აშენებული ეკლესია ერთ-ერთია იმ 6 ეკლესიას შორის, რომელთა დაბრუნებასაც მოითხოვენ.

გორის, ბათუმის, უდის, ქუთაისის, ივლიტისა და საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ბუზმარეთის ეკლესიები - ექვსივე ტაძარში, რომლებიც კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიშნებით გამოირჩევა, დღეს წირვა-ლოცვას მართლმადიდებელი ეკლესია აღავლენს.

მამა ზურაბის თქმით, კათოლიკე ეკლესიამ 5 ტაძარი 1989-1991 წლებში დაკარგა, მეექვსე - ბუზმარეთის ეკლესია კი - მოგვიანებით.

„ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდელი იმ პერიოდში სულ ორი იყო. იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, კონტროლი ერთდროულად გაეწიათ ეკლესიებზე, ვითარებით ისარგებლეს ჩვენმა მართლმადიდებელმა ძმებმა, რამაც, ვხედავთ, რომ წლების შემდეგ ცუდი შედეგი გამოიღო. აღარ გვაქვს ის დიდი ეკლესიები, რომლებიც ერთ დროს კათოლიკე მრევლმა ააშენა“ - ამბობს მამა ზურაბი.

კათოლიკეები ჰყვებიან, რომ სულიერი წინამძღვრის გარეშე დარჩენილ მრევლთან ივლიტას ეკლესიაში მართლმადიდებელი მღვდელი მივიდა და შესთავაზა, რომ კათოლიკე წინამძღვრის გამოჩენამდე წირვას თავად აღავლენდა. მათი თქმით, მღვდელი კათოლიკურ დღესასწაულებზე მიდიოდა და წლების განმავლობაში ასე მოიპოვა მათი ნდობა.

„კათოლიკეებს, სამწუხაროდ ,არ გვიშვებენ. იქ რომ „მამაო ჩვენო“ ვილოცო... არ შემიშვებენ“ - ამბობს მამა ზურა. ივლიტას ეკლესია. ახალციხის მუნიციპალიტეტი. ივნისი 2016.

„გარკვეული დროის შემდეგ მოდის მამაო და მრევლს ეუბნება, ეკლესიას რემონტი სჭირდება, ეს ხატები გავიტანოთო. მრევლმა თავისი ხელით გამოიტანა ხატები. მეორე დღეს კათოლიკური საკურთხეველი, რომლის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი იყო, მონგრეული დახვდათ. ერთ ღამეში იყო გაშენებული კანკელის ნაწილი. იქ დღემდე მართლმადიდებლური წესით აღევლინება ლოცვა. კათოლიკეებს, სამწუხაროდ, არ გვიშვებენ იქ, რომ „მამაო ჩვენო“ ვილოცო... არ შემიშვებენ“ - ამბობს ზურაბ კაკაჩიშვილი.

კათოლიკე მრევლი ჰყვება, რომ მღვდლები ეკლესიაში შესვლას არ უშლიან, თუმცა წირვის ან ნათლობის საშუალებას არ აძლევენ. „მიცვალებულს თუ ვასვენებთ ეკლესიაში, მღვდელს არ უშვებენ, რომ წესი აუგოს“ - ამბობენ კათოლიკეები.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც სამართლებრივად ეკლესიების მესაკუთრეა, ტაძრებიდან კათოლიკობის კვალის წაშლა დაიწყო. ივლიტას ეკლესიის კიდეებში დატანილი ჯვრები წაშლილია. თუმცა ცვლილება, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისტორიულად კათოლიკე ტაძარზე მიიტანა, ყველაზე მკვეთრად უდის ეკლესიას ეტყობა.

უდის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა ამას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ხელი არ შეუშლია, რომ 2012 წელს გუმბათზე სარესტავრაციო სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე დაეწყო. როგორც საპატრიარქო აცხადებდა, გუმბათზე სამუშაოების აუცილებლობა წვიმის ჩაჟონვამ წარმოშვა. მოგვიანებით, როგორც „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს, საპატრიარქომ სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო.

ძეგლთა დაცვის სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოების ნებართვას იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. სააგენტოში ამბობენ, რომ ნებართვა საპატრიარქოს მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე გასცეს. მიუხედავად ამისა,1904-1906 წლებში აშენებული უდის ეკლესია დღეს მკვეთრად შეცვლილია და მისი გუმბათი მართლმადიდებელი ეკლესიისას ჰგავს. პროცესში კულტურის სამინისტრო ჩაერთო და გადაწყდა, რომ გუმბათს ეკლექტური ფორმა უნდა ჰქონოდა, მართლმადიდებლური და კათოლიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით.

ივლიტას ეკლესიის კიდეებში დატანილი ჯვრები წაშლილია. ახალციხის მუნიციპალიტეტი. ივნისი 2016

„ლიბერალი“ ეცადა, ამ საკითხზე უდის ეკლესიის ამჟამად მართლმადიდებელ წინამძღვარს გასაუბრებოდა, თუმცა უშედეგოდ. „არ ვიძლევი ინტერვიუებს, ასეთია ჩემი ცხოვრების კრედო“ - ამბობს მამა გრიგოლი.

პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ კათოლიკეები ძალიან ეცოდება, მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ხსენებისას კი ბოტკოველმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ საქართველოში ყველა რელიგიური კონფესია კომფორტულ მდგომარეობაშია.

„როგორ გვეცოდებიან, როგორ გვეცოდებიან... ჩვენთან ასეთ საყვედურებს არასდროს გამოთქვამენ და ძალიან კომფორტული მდგომარეობა აქვს შექმნილი ყველა რელიგიურ კონფესიას საქართველოში. თქვენ რატომ გაწვდიან ასეთ ინფორმაციას?!“ - ამბობს ბოტკოველი.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული ეკლესიების საკითხზე პატრიარქის მდივანმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასთან გადაგვამისამართა, თუმცა მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე „ლიბერალის“ ზარს თავად არ პასუხობს, მისი წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მიტროპოლიტი ან გასულია, ან არ სცალია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მიტროპოლიტმა „ლიბერალთან“ საუბრისთვის ვერ მოიცალა.

ბრძოლა ეკლესიების დასაბრუნებლად

ტაძრების დაბრუნებისთვის ბრძოლა კათოლიკე ეკლესიამ 80-იანი წლებიდან დაიწყო. მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, თუმცა შედეგი არც ერთ მცდელობას არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს რესტიტუციის პოლიტიკა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ მკვეთრად ასიმეტრიულია. დღემდე არავის არ დაუთვლია ის ფულადი და მატერიალური ქონება, რომელსაც სახელმწიფო საპატრიარქოს საბჭოთა დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გულუხვად გადასცემს. მართალია, სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად დაიწყო ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის (მუსლიმური, ებრაული, კათოლიკე და სომხური სამოციქულო გაერთიანებები) საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესი, მაგრამ, საპატრიარქოსგან განსხვავებით, რელიგიურ უმცირესობებს სახელმწიფო ნაკლებად სწყალობს - ხშირად მათ უკვე ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ტაძრებს გადასცემს, ისიც დროებით სარგებლობაში. ამასთან, რელიგიური უმცირესობებისთვის ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვებაც პრობლემურია.„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელი ეთო გვრიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს რესტიტუციის პოლიტიკა არათანმიმდევრული და დისკრიმინაციულია. მისი თქმით, სახელმწიფო საპატრიარქოს მრავალ ისეთ ნაგებობას გადასცემს საკუთრებაში, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან არანაირი ისტორიული ან კონფესიური კავშირი არ აქვს და არც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების არგუმენტით შეიძლება გამართლდეს.

„სახელმწიფო განსხვავებულად ეპყრობა მართლმადიდებელ ეკლესიასა და  სხვა რელიგიურ თემებს და, გარკვეულწილად, მათ იერარქიზაციას ახდენს. სახელმწიფო არაფერს აკეთებს რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საკულტო ნაგებობების თაობაზე არსებული დავის გადასაწყვეტად. სადავო საკულტო ნაგებობების პრობლემა მწვავედ დგას კათოლიკე, მუსლიმი და სომხური თემების წინაშე. ცხადია, ეს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ უნდობლობას და მათში მეორეხარისხოვანი მოქალაქეობის განცდას აჩენს “ - ამბობს გვრიტიშვილი.

 „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) წარმომადგენელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს მიმართ რესტიტუციის პროცესი ხელისუფლებამ 80-იან წლებში დაიწყო. მისი თქმით, იმ პერიოდში საპატრიარქომ მსვლელობები მოაწყო სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც პატრიარქი კათოლიკე თემს ხვდებოდა.

წართმეული ეკლესიის გვერდით მდებარე კათოლიკე მრევლის სამლოცველო სოფელ ივლიტაში. ახალციხის მუნიციპალიტეტი. ივნისი 2016.

„ამბობდა, ჩვენ ერთნი ვართ, შეგვიძლია ერთად ვილოცოთო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო მხოლოდ ხრიკი და მოტყუება მოსახლეობისა, - ამბობდნენ, რომ თუ დაუბრუნდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიას ეს ტაძრები, ისინი უფრო მოვლილი იქნებოდა და კათოლიკეებიც შეძლებდნენ ამ ტაძრებში მსახურებას. პირობა ასეთი იყო - გადმოგვეცით ეს ტაძრები და ჩვენ ხელს არ შეგიშლითო“ - ამბობს მინდიაშვილი.

2012 წელს კულტურის იმდროინდელი მინისტრი გურამ ოდიშარია ეკლესიების საპატრიარქოსთვის გადაცემის კანონიერების საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე საუბრობდა, თუმცა კომისია არ შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკეების მოთხოვნა ძალაში რჩება, სახელმწიფოს საკითხის მოგვარების კეთილი ნება რეალურად არასდროს გამოუხატავს. საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული დავის მოსაგვარებლად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი კომისიები არაეფექტიანია, რაც სხვა რელიგიური უმცირესობების, მაგალითად, მუსლიმი თემის შემთხვევაში არაერთხელ დამტკიცდა. თუმცა, კომისია, როგორც პრობლემის აღიარების ფორმა, კათოლიკეებისთვის ტაძრების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო დონეზე არასდროს შექმნილა. რელიგიის სააგენტოში ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კათოლიკე თემს მათთვის საკითხის შესასწავლად არასდროს მიუმართავს.

2004 წელს შეიქმნა მართლმადიდებელ-კათოლიკური კომისია, რომელიც სულ ორჯერ შეიკრიბა და საბოლოოდ მუშაობა შედეგის გარეშე შეწყვიტა. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ამბობს, რომ საპატრიარქოს პოზიციით, სადავო ეკლესიები ყოველთვის მართლმადიდებლური ტაძრები იყო.

„შევთავაზე, სანამ გჭირდებათ ეს ეკლესია, ისარგებლეთ, მაგრამ აღიარეთ, რომ კათოლიკურია-მეთქი. ვუთხარი, როცა აღარ დაგჭირდებათ, დაგვიბრუნეთ-მეთქი, სამართლიანობისთვის“ - ამბობს ჯუზეპე პაზოტო. მისი თქმით, ამ საკითხზე რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებსაც ესაუბრა, თუმცა დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

საგულისხმოა, რომ კათოლიკე ეკლესიამ ტაძრების დასაბრუნებლად სამართლებრივი გზებით ბრძოლა სცადა, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ეკლესიების დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლის გზას აღარ მიმართავს.

კათოლიკე მრევლი ყვება, რომ მღვდლები ეკლესიაში შესვლას არ უშლიან, თუმცა წირვის ან ნათლობის საშუალებას არ აძლევენ. კათოლიკე მრევლის სამლოცველო. სოფელი ივლიტა. ივნისი 2016. 

2001 წელს კათოლიკე ეკლესიამ ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის დაბრუნება სასამართლოს გზის სცადა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმემ სამივე ინსტანცია გაიარა და 2014 წელს უზენაესმა სასამართლომ ეკლესიის მესაკუთრედ მართლმადიდებელი ეკლესია დატოვა.

ბექა მინდიაშვილის თქმით, პრობლემას ისიც ართულებს, რომ კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაცია საქართველოში ლოიალობითა და პატივისცემით ეკიდება ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას, რის გამოც მათ უარი თქვეს, ქუთაისის ეკლესიის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაეღოთ.

„მოტივად იმას ასახელებდნენ, რომ ვერ დაუპირისპირდებოდნენ ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ძმებს. მათგან განსხვავებით, ანალოგიური პოზიცია არ აქვს საპატრიარქოს. მათი დამოკიდებულება მიმტაცებლური და უსინდისოა, როცა ამბობენ, რომ ეს ტაძრები მართლმადიდებლურია“ - ამბობს მინდიაშვილი.

მისი განმარტებით, როცა საქმე საკულტო ნაგებობებს ეხება, საპატრიარქო მათში მართლმადიდებელი ეკლესიის ელემენტების ძებნას იწყებს.

„მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაა, რომ თუ ნაგებობა არ არის მართლმადიდებლური, ის ან აშენებულია მართლმადიდებლური ქვებით, ან აგებულია იმ ადგილზე, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია იყო“ - ამბობს მინდიაშვილი.

ამის ნათელი მაგალითია სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობა, რომლის მეჩეთად რეკონსტრუქციასაც მუსლიმი თემი უკვე დიდი ხანია მოითხოვს. საპატრიარქოს პოზიციით, ნაგებობა ეკლესიის ქვებით არის აშენებული, ამიტომაც, მისი მეჩეთად რეკონსტრუქცია მიუღებელია.

კიდევ ერთი დავა, რომელიც კათოლიკე ეკლესიამ სასამართლოში წამოიწყო, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ტაძრის მშენებლობის ნებართვის მოპოვებას ეხება. დღეს რუსთავში კათოლიკური ეკლესია არ არის, რის გამოც მრევლი იძულებულია, ნაქირავებ ბინაში აღავლინოს ლოცვა. 2013 წელს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ რუსთავის მერიას მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია ამის გამო, კათოლიკე თემმა 2014 წელს საქმე სასამართლოში შეიტანა.

ეთო გვრიტიშვილის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რამდენადაც მერიამ პასუხი არ გასცა კათოლიკე ადმინისტრაციას, სამშენებლო სამართალში მოქმედი პრინციპის თანახმად, - „დუმილი თანხმობის ნიშანია“, - მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვალა.

ამის მიუხედავად, მერიამ სამშენებლო სანებართვო მოწმობა მაინც არ გასცა და კათოლიკე თემს რუსთავის პერიფერიაში არსებული მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რაზეც კათოლიკეები არ დასთანხმდნენ.

„უარის მთავარი მიზეზი ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგობა იყო. 2015 წლის დეკემბერში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს წევრები და მართლმადიდებელი სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას“ - ამბობს ეთო გვრიტიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის უარი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ლოიალობით იყო განპირობებული, ამიტომ, 2015 წლის ნოემბერში EMC-მ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად, ასევე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გასაცემად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„შესაბამისად, სასამართლო საქმის ორ ნაწილად გაყოფას აპირებდა. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკე ეკლესიის ძირითად ინტერესს საკულტო ნაგებობის აშენება წარმოადგენდა, მოგვიწია, უარი გვეთქვა დისკრიმინაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე, რათა პროცესი არ გაჭიანურებულიყო. სასამართლოს ვთხოვეთ, დისკრიმინაციის შესახებ არგუმენტები გადაწყვეტილებაში აესახა, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩაგვბარებია“ - ამბობს გვრიტიშვილი.

მისი განმარტებით, დისკრიმინაციას ადასტურებს ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც, რომლის თანახმადაც, რუსთავის მერი აღნიშნულ საკითხზე რჩევის მისაღებად საქართველოს პატრიარქს ეწვია.

აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩართული იყო რელიგიის სააგენტოც, რომელმაც მშენებლობის ნებართვაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა რუსთავის მერიას არც ეს რეკომენდაცია გაუთვალისწინებია.

როგორც ეთო გვრიტიშვილი ამბობს, კათოლიკე მრევლი სოციალურ კონფლიქტებს ერიდება.

„სამართლებრივი გზით ბრძოლის დაწყებაზე კათოლიკეები, ჯერჯერობით, უარს აცხადებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მართლმადიდებელი მეზობლებისგან წინააღმდეგობას შეხვდებიან. მნიშვნელოვანია, რომ პროცესების მშვიდობიანად წარმართვისთვის სახელმწიფომ თავისი პოზიტიური მოვალეობა შეასრულოს“ - ამბობს გვრიტიშვილი.

„ლიბერალთან“ საუბრისას გვრიტიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ცდილობს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებით, მისი ლოიალობა სათავისოდ გამოიყენოს, თუნდაც მოახლოებულ არჩევნებში.

„გადანათვლა“

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სხვა კონფესიის წარმომადგენელთან მართლმადიდებლის ქორწინებას არ აღიარებს. წმინდა სინოდმა სულ ახლახან გააუქმა ის საგამონაკლისო წესი, რომლითაც მართლმადიდებელს არამართლმადიდებელზე ქორწინება იმ პირობით მაინც შეეძლო, თუკი ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლებოდნენ და აღიზრდებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები კათოლიკეები მართლმადიდებელი ეკლესიის ამ პოზიციის გამო უკვე დიდი ხანია, სირთულეებს აწყდებიან. „გადანათვლა“ - ასე უწოდებენ ისინი მართლმადიდებელი მღვდლების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას, რომელიც კათოლიკეებისთვის დამამცირებელია.

რა თქმა უნდა, ქორწინება არ არის ერთადერთი მიზეზი, რომელიც „გადანათვლას“ უდევს საფუძვლად. ეთნორელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც ქართველს ხშირად მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანად განიხილავს, არც თუ იშვიათი არგუმენტია, რომელსაც ადგილობრივი მართლმადიდებლები კათოლიკობის წინააღმდეგ იყენებენ. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, განსხვავებული მრწამსის საზოგადოებაში დისკრედიტაციით სხვადასხვა უმცირესობა თავის მრწამსზე „მოაქციოს“. როგორც კათოლიკეები ჰყვებიან, უმრავლესობაში ყოფნა დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს, რაც სოციალური კონფორმიზმის ერთ-ერთი განმაპირობებელი ხდება.

კათოლიკეები სამცხე-ჯავახეთის მხარეში დილემის წინაშე ხშირად დგებიან - ხელახლა მოინათლონ, ან ჯვრისწერაზე თქვან უარი. ახალციხის მცხოვრები თაკო ფეიქრიშვილი ჰყვება, რომ ვითარება განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა.

„მართლმადიდებელზე ქორწინებისთვის აუცილებელი გახდა, რომ კათოლიკე გადაინათლოს - არადა, სხვანაირად ჯვრისწერა ვერ შედგება. არ მაქვს პრობლემა, თუ ჯვარს მართლმადიდებელი მღვდელი დამწერს, მაგრამ არ მინდა მეორე ნათლობა იმიტომ რომ უკვე მონათლული ვარ წყლითაც და მირონიც მაქვს ნაცხები. არ მესმის, რა საჭიროა მეორედ მონათვლა“ - ამბობ თაკო ფეიქრიშვილი.

1904-1906 წლებში აშენებული უდის ეკლესია დღეს მკვეთრად შეცვლილია და მისი გუბმათი მართლმადიდებლური ეკლესიისას ჰგავს. ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია. სოფელი უდე. ივნისი 2016.

მისი თქმით, 2007-2008 წლებში ახალგაზრდების „გადანათვლა“ მასშტაბურად ხდებოდა, თუმცა „გადანათლულები“ წლების შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ვერ პოულობენ სიმშვიდეს და საერთოდ ეკლესიის გარეთ რჩებიან. სურვილის შემთხვევაში, კათოლიკე ეკლესია მათ უკან მიიღებს, თუმცა თავად ვეღარ ბედავენ იმ ტაძარში დაბრუნებას, რომელზეც ერთხელ უარი თქვეს.

ფეიქრიშვილის თქმით, თუკი ოდესმე არჩევანის გაკეთება მოუწევს, კათოლიკურ რწმენას არ უარყოფს. „მომიწევს, ადამიანი დავტოვო. მე კათოლიკედ დავრჩები და მოუწევს, ამას შეეგუოს“ - ამბობს თაკო ფეიქრიშვილი.

შუშანა მათუშვილი მართლმადიდებელ რძალს კათოლიკურად „გადანათვლას“ არ სთხოვს. პირიქით, მოუწოდებს კიდეც, მართლმადიდებლურ ტაძარში წავიდეს და ილოცოს. დღეს შვილიშვილები ადარდებს, რომლებიც საზოგადოებისგან რელიგიური ნიშნით იდევნებიან.

„შვილისთვის არ დამიძალებია, ჩემი შვილიშვილები კათოლიკეებად მოენათლა. ძალიან ვნერვიულობ, ხომ დაოჯახდებიან? როცა ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავთ, მღვდელი ეუბნება, პირჯვრის გადაწერა გეშლებაო. შეურაცხმყოფელი ტონით ეუბნებიან, რომ კათოლიკეა. სარწმუნოება ხომ ერთი გვაქვს? მეც მწამს ღვთისმშობელი, იესო. ბავშვები სტრესში არიან. მინდა, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ერთმანეთის დანახვა გვიხაროდეს“ - ამბობს მათუშვილი.

სოფელ უდის მცხოვრები ლალი კაკოშვილი ყვება, რომ მართლმადიდებელი მღვდლები ზოგჯერ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებსაც ნათლავენ.

„მომაკვდავები გადანათლეს ივლიტაში. აგონიაში იყო ადამიანი, შეკითხვაზე პასუხის გაცემაც არ შეეძლო. კაცს სული ამოსდის და ეკითხებიან, გინდა მართლმადიდებლურად მოინათლოო? როგორ შეიძლება, აზროვნება მოსთხოვო კაცს, რომელიც წუთში სულს ლევს?!“ - ამბობს ლალი კაკოშვილი.

ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, მამა აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ „გადანათვლა“ კათოლიკეებზე ძალადობის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა.

„ეს არის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე საზიზღარი ფორმა თუნდაც იმ მოხუცზე, რომელიც მთელი ცხოვრება კათოლიკე იყო“ - ამბობს მამა აკაკი.

მისი თქმით, პროზელიტიზმის ყველაზე უარესი ფორმა მართლმადიდებლობის ქართულ იდენტობასთან დაკავშირებაა.

„თუ ხარ ქართველი, უნდა იყო მართლმადიდებელი... - ამ ნიშნით დევნა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი მეთოდია და მის წინაშე უძლურად ვგრძნობთ თავს კათოლიკეები. ეს ტაძრებზე უფრო მტკივნეული თემაა, რომელსაც ვერ ვეწინააღმდეგებით“ - ამბობს აკაკი ჭელიძე.

ბავშვები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პირისპირ

არლის საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა ფეიქრიშვილი ჰყვება, რომ ადგილობრივ სკოლებში განსხვავებული აღმსარებლობის ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. იგი ამბობს, რომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია მის შვილსაც განუცდია, თუმცა ასეთ ფაქტებზე მასწავლებლები სათანადოდ არ რეაგირებენ.

„ჩემი შვილი ორი წლის იყო, რომ მოვნათლე. მეოთხე კლასში მეგობრებს მოუყვა თავისი ნათლობის შესახებ, ფოტოებიც ანახა. ბავშვებს რეაქცია არ ჰქონიათ, თუმცა, როცა ამის შესახებ მშობლებმა გაიგეს, ჩემი შვილის სიტყვიერი ჩაგვრაც მაშინ დაიწყო. ნუ დადიხარ მაგ ეკლესიაში, არ არის შენი ნათლობა ლამაზიო, მეგობარი ეუბნებოდა“ - ამბობს ფეიქრიშვილი.

ამის შესახებ პედაგოგს შეატყობინა, მაგრამ მასწავლებლისგან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„რომელ საუკუნეში ხართ ბავშვი კათოლიკურად რომ მონათლეთო, მითხრა მასწავლებელმა როცა ვითარების დარეგულირება ვთხოვე. ასეთი პრობლემები ხშირად გვხვდება“ - ამბობს ფეიქრიშვილი.

მისი განმარტებით, კათოლიკე ბავშვები ცდილობენ, თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე ხმამაღლა არ ისაუბრონ. ასე ნაკლები პრობლემა შეექმნებათ.

„სანამ საკუჭნაოს ბნელ კუთხეში თაროზე აღმოჩნდებოდა, ხატი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში კათოლიკურ ეკლესიაში იყო დასვენებული". ივლიტა. ივნისი 2016.

ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ სკოლებში ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმიც სერიოზული პრობლემაა. უდის მეორე საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ 2015 წელს რელიგიის ისტორიას მართლმადიდებელი სასულიერო პირი ასწავლიდა, თუმცა ეს მხოლოდ მართლმადიდებლური სწავლების თავს მოხვევა იყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ რელიგიის ისტორია სკოლებში 2008 წლიდან აღარ ისწავლება.

„2008 წლის შემდეგ არც ერთ სკოლაში არ ისწავლება რელიგიის ისტორია, არჩევით საგნადაც კი. მით უმეტეს, არ ასწავლის სასულიერო პირი. 2008 წლამდე შესაძლოა, რაღაც იყო. სახალხო დამცველის ანგარიშში ეს აუცილებლად მოხვდებოდა. მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს სკოლებში. არც ერთ შემთხვევაში ეს არ დაიმალებოდა," - ამბობენ განათლების სამინისტროში.

კათოლიკე თემის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში ინფორმაცია არ გვხვდება. კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენის ადგილობრივი წარმომადგენელი პრობლემებს ნათლად ვერ ხედავს და ვერც შესაბამის რეაგირებას ახდენს.

სახალხო დამცველის აპარატში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ კათოლიკე თემის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მიმართვა არ მიუღიათ.

კათოლიკე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ბოლო ფაქტი, რომელზეც ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა, 2006 წელს მოხდა. სახალხო დამცველს ვალეს პირველი საშუალო სკოლის კათოლიკე მოსწავლეებმა მიმართეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენის მასწავლებლები უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ კათოლიკე მოსწავლეების აღმსარებლობის მიმართ.

„ერთ-ერთი მშობელი ამბობდა, რომ მის მესამეკლასელ შვილს, რელიგიისა და კულტურის მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ ბავშვი არამართლმადიდებლური წესით ისახავდა პირჯვარს. კერძოდ, ისე ძლიერად აუწია ყური, რომ კანის მთლიანობა დაერღვა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაშინ პედაგოგებს განემარტათ, რომ მოსწავლეების წინაშე საკუთარი სარწმუნოებრივი პოზიციის გამოხატვა დაუშვებელია, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა პრობლემად რჩება. კათოლიკეებს მუდმივად აგრძნობინებენ, რომ „სხვები“ არიან. ეს იმ სოფლებშიც კი ხდება, სადაც კათოლიკეები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. კათოლიკეები ხვდებიან, რომ დამტვერილი ღვთისმშობლის ივლიტას ეკლესიაში დასაბრუნებლად გრძელი და არც თუ იოლი გზის გავლა მოუწევთ. 

              

მასალა მომზადდა „ლიბერალისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის~" (EMC) ერთობლივი მუშაობით, პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს  საელჩოს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს ნიდერლანდების სამეფოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^