Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დასაქმებას არასათანადო განათლება და სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს

21 ივლისი 2016

ეთნიკური უმცირესობის ქალთა შვიდმა პროცენტმა  წერა-კითხვა არ იცის

გაეროს ქალთა ორგანიზაციის  - „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ მიერ 2005 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა მხოლოდ 0,2 -0,2 პროცენტია დასაქმებული სახელმწიფო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.  ექსპერტთა აზრით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დასაქმებას  საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი შეხედულებები, არასათანადო განათლება და სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს.

„ჩვენთან ქალების უმეტესობა არ მუშაობს. არც დედაჩემი მუშაობდა და არც ბებია. მხოლოდ სახლის საქმეს აკეთებდნენ.  განათლება არცერთს ჰქონდა და სწავლის უფლება არც მე მომცეს. იმ დროს ნასწავლ და სამსახურში გასულ ქალებს ცუდი თვალით უყურებდნენ. 30 წლის დავქვრივდი. არც განათლება მქონდა და არც სამუშაო გამოცდილება: ორ ბავშვთან ერთად ნათესავებისა და მეზობლების დახმარების იმედად დავრჩი. შვილები წვალებით გავზარდე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლება და საკუთარი ცოდნით შემოსავლის მიღების საშუალება,” - ამბობს მარნეულის რაიონში მცხოვრები მეჰრიბან ჯაფაროვა.

ქალმა ოჯახში რა ფული უნდა შემოიტანოს, რომ ეს მის სახლიდან  გასვლად ღირდეს?”

ეთნიკური აზერბაიჯანელი მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს,  რომ დაბალი ხელფასის გამო ქალების მუშაობა გამართლებული არ არის. ელვინ ალიევი, რომელიც თბილისში  ცხოვრობს, ოჯახს ტაქსაობით ინახავს.  ამბობს, რომ ოჯახის რჩენა  უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეუღლეს მუშაობის უფლებას არ აძლევს.

"ჩემს მეუღლეს  მუშაობის უფლებას არ ვაძლევ. ქალმა ოჯახში რა ფული უნდა შემოიტანოს, რომ ეს მის სახლიდან გასვლად ღირდეს? რომ იმუშავოს,  სახლის საქმეებს ვიღა მიხედავს ან ბავშვს ვინ მოუვლის? სახლიდან გასული ქალები გზაში და სამსახურში ხელფასზე მეტს ხარჯავენ. ჯობია, ქალი სახლში დარჩეს.“

გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად,  დასაქმებული ეთნიკური აზერბაიჯანელი  ქალების 40%  200 ლარამდე ხელფასს იღებს, 40 პროცენტი კი 200-დან 400 ლარამდე. ქალები, რომლებიც ხელფასს იღებენ,  უმეტესად მასწავლებლებად მუშაობენ.

ამავე კვლევის თანახმად გაირკვა, რომ ხელფასის სახით შემოსავალს ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების მხოლოდ 2% იღებს, 8%  საკუთარ და ოჯახის ხარჯებს სახელმწიფოდან მიღებული სოციალური დახმარებიდან ფარავს, 30% მეუღლის მიერ საზღვარგარეთიდან  გადმორიცხული ფულით ისტუმრებს ხარჯებს, 40 პროცენტისთვის კი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობაა. აზერბაიჯანელი ქალების 10% მცირე ვაჭრობით იღებს შემოსავალს. კვლევის თანახმად, მათი დიდი ნაწილი დეზერტირების და თელავის  აგრარულ ბაზრებში  და  ლილოს ბაზრობაზე მუშაობენ.

სოციოლოგი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ქალები, რომლებსაც განათლება არ აქვთ, ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები: „ქალები ადრეულ ასაკში თხოვდებიან და  ამ დროს სწავლაზე არ ფიქრობენ. არის შემთხვევები, როცა  მათ სწავლის უფლებას ოჯახები არ აძლევენ.  გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდება საჭიროება, რომ ოჯახში ფინანსური შემოსავალი  ქალმაც შეიტანოს. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ქალმა, რომელსაც განათლება არ აქვს? ან  საკუთარ მეურნეობაში უნდა მოიყვანოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და გაყიდოს, ან დაქირავებულ მუშად წავიდეს ან კიდევ ბაზარსა და ბაზრობაზე გამყიდველად იმუშაოს.“

სოციოლოგი აცხადებს,  ახალგაზრდა გოგონების ნაწილისთვის პრიორიტეტი ოჯახის შექმნაა და არა განათლება. „აზერბაიჯანელი ქალისთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა და განათლება. მიიჩნევა, რომ ქალისთვის მთავარი  ოჯახის შექმნაა. სწავლა და კარიერა კი მისი ბედნიერებისთვის სულაც არაა საჭირო. ასეთი აზროვნებისა და ძველი ტრადიციის გამო ოჯახები  გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ. ისინი სწავლასა და კარიერაზე არც კი ფიქრობენ. ზოგს ფიქრის უფლებასაც არ აძლევენ, “ - აცხადებს ბაირამოვა.

მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორისაც არიან ისეთი ქალები, რომლებიც დასაქმებულებიც არიან  და საზოგადოებრივ პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობენ. „საქართველოს აქტიური ქალების ასოციაციის“  თავმჯდომარე,  გულთექინ მუსტაფაევი ერთ-ერთი მათგანია.

„უამრავი სირთულის ფონზე დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ  ქართული ენაც გვესწავლა და განათლებაც მიგვეღო. მარტოხელა ქალი იყო და სწავლის და საკუთარი შემოსავლის ფასი იცოდა. იცოდა, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ქალს უწევს მუშაობა და თუ განათლება არ გაქვს, შრომა ძალიან მძიმეა.  აზერბაიჯანელი ქალები ქმრების მხრიდანაც დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. ჩემი მეუღლე მუშაობის უფლებას არ მაძლევდა. ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ბევრი მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალმა არც უნდა ისწავლოს და არც უნდა იმუშავოს. არ ვიცი, რატომ ჩამოყალიბდა ასეთი მენტალიტეტი. სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში  ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე. ასეთი მიდგომა აფერხებს ქალთა განვითარებას და იწვევს გენდერულ უთანასწორობას. მეც დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მუშაობის უფლება მომეპოვებინა. სწავლისა და დასაქმებისთვის ქალებმა თვითონ უნდა იბრძოლონ. საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ქართულიც უნდა ისწავლონ და განათლებაც მიიღონ,"  - ამბობს გულთექინ მუსტაფაევი.

განათლება და ენის ბარიერი

ეთნიკური უმცირესობის ქალთა შვიდმა პროცენტმა  წერა-კითხვა არ იცის, ნახევარზე მეტი (63.4%)  კი ქართულად ვერ ლაპარაკობს და ვერც საუბრის შინაარსს იგებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებშია. ეს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობისა და „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ერთობლივი კვლევის -  „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“  შედეგებია. კვლევა  2013 წელს ჩატარდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის 2010 წლიდან პროგრამა “1+4“ ხორცილდება. ამ პროგრამის თანახმად, საქართველოში მცხოვრებმა იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც ეთნიკური სკოლები აქვთ დამთავრებული, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე ქართული ენის კურსებზე უნდა იარონ: უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შემდეგ კი  კიდევ დამატებით ქართული ენის 1-წლიანი კურსი უნდა გაიარონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის 1-წლიანი კურსის ამოქმედების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რიცხვი გაიზარდა:  1181 ეთნიკური აზერბაიჯანელი აბიტურიენტიდან, რომელმაც 2015 წელს ქართული ენის კურსი გაიარა, 888 სტუდენტი გახდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ და ენის ბარიერის გადალახვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ამაღლების მიზნით, სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალ პროგრამას და სახელმძღვანელოებს  ამზადებს.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ნურანა მამმადი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^