Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამაგალითო ბრძოლა

29 ივლისი 2016

14 წლის ტამასიპანი თანატოლ ბიჭებთან ერთად ჩვეულებისამებრ კოლეჯში მიდის, თუმცა დღეს გაკვეთილების ნაცვლად შეხვედრაზე მიეჩქარება. სამოა-საქართველოს თამაშამდე 3 დღეა დარჩენილი, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა დრო მაინც გამონახეს და აველეს კოლეჯს სტუმრობენ. ტამასიპანიც აქ სწავლობს. შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის მნიშვნელობას ეძღვნება. ისევე, როგორც ბევრ სამოელ ბიჭს, რაგბი ტამასიპანისაც ძალიან უყვარს და არც ძალადობაზე საუბარი ეუცხოება: აველეში ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.

ახალგაზრდების შეკრების შემდეგ კოლეჯის დირექტორი სტუმრებს წარადგენს - ნაკრების წევრებს: სანდრო თოდუას, მერაბ კვირიკაშვილს, ლაშა ხმალაძესა და ვეტერან ბორჯღალოსანს, საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალისტს ნონო ანდღულაძეს.

ნონო საუბარს რაგბით იწყებს. ამბობს, რომ ის არა მარტო სპორტი, არამედ ცხოვრების წესია და ბევრ ღირებულს ასწავლის. თან ბიჭებს რაგბის იმ „დაუწერელ კანონებს“ აცნობს, რომლებიც ურთიერთგატანას, ერთმანეთის შეცდომების გამოსწორებას, ძალადობის დაუშვებლობასა და თანასწორობას გულისხმობს. „იგებ თუ აგებ, მნიშვნელობა არ აქვს, თავმდაბლობის შენარჩუნება და მეტოქის პატივისცემა ნებისმიერ დროს აუცილებელია“, - ყვება ნონო ანდღულაძე.

აველეს კოლეჯის მოსწავლეები ქართველ მორაგბეებთან შეხვედრაზე. სამოა. 7 ივნისი 2016 წელი. 

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

აველეში ქართველი მორაგბეები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიიწვია. კოლეჯი შემთხვევით არ შეურჩევიათ: აქ ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირია. ბორჯღალოსნები კი უკვე 6 წელია, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიაში  - „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მონაწილეობენ. საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, მორაგბეებს ამ კამპანიის მხარდაჭერისთვის არაერთი მატჩი მიუძღვნიათ. წლებია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს ხვდებიან და ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან. დღესაც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრაა, ოღონდ, არა საქართველოში.

ოჯახში ძალადობა სამოაში საკმაოდ მწვავე პრობლემაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის ძალადობა სამოელი ქალების 46%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია, თანაც, უმრავლეს შემთხვევაში (96%), - ქმრის მხრიდან. სამოაში ყველაზე გავრცელებული ფორმა ფიზიკური ძალადობაა (38%). ქალთა 24% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ორსულობის პერიოდში სწორედ ბავშვის მამის მხრიდან გამხდარა. ქალების 97% პოლიციას არ ატყობინებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოჯახის პირადი საქმეა.

რაგბი სამოაში, ისევე როგორც საქართველოში, ძალიან უყვართ. ის ამ ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტია, მორაგბეებს კი უდიდეს პატივს სცემენ. ბორჯღალოსნები ამბობენ, რომ მათი ავტორიტეტის გამოყენება ახალი თაობებისთვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად, ძალადობისგან თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი გარემოს შესაქმნელად საქართველოსა თუ სამოაში ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულობის ამბებს ჰყვებიან. საუბრობენ როლზე, რომლის შესრულებაც ამ პრობლემასთან ბრძოლაში სპორტს შეუძლია. მერე კი ყველანი ერთად უყურებენ ვიდეორგოლებს, რომლებიც მორაგბეებმა ძალადობის წინააღმდეგ გადაიღეს.

„გვწამს, რომ ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, მიუღებელია. მას გამართლება არ აქვს. ძალადობასთან ბრძოლა ყოველთვის ჩვენი მოვალეობა იქნება. იმედი გვაქვს, ამ ბრძოლაში მალე თქვენც შემოგვიერთდებით“, - ამბობს ნონო ანდღულაძე.

ტამასიპანი მალიეტოა სამოელი და ქართველი მორაგბეების თამაშზე.

სამოა. 11 ივნისი 2016 წელი. ფოტო: ალოფა მალიეტოა

სხვათა შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული რაგბის ჩართულობა სამაგალითო უკვე სპორტის სხვა სახეობებისთვისაც გახდა. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წელს ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ვალენსიამაც“ დაიწყო და ნონო ანდღულაძემ თავისი გამოცდილება ესპანელ სპორტსმენებსაც გაუზიარა. „სამწუხაროდ, საქართველოსა თუ მსოფლიოში ძალადობა საკმაოდ ხშირია. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ ვიყოთ უბრალოდ დამკვირვებლები და მეტი გავაკეთოთ ძალადობის წინააღმდეგ. ბუნებრივია, სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობა ამ კამპანიაში საქართველოს ფარგლებს გასცდა და იქცა მაგალითად, რომელსაც სხვებიც მიმართავენ“, - ამბობს ნონო ანდღულაძე.

შეხვედრა მთავრდება. მოსწავლეები მორაგბეებს იქაურ სიმბოლოს - ყვითელ ყვავილებს აბნევენ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ. სტუმრების წასვლის შემდეგ ტამასიპანიც სახლში, დედასთან, ალოფასთან ბრუნდება. ალოფა შეხვედრით ინტერესდება და კითხულობს: „როგორი იყო, საინტერესო თუ მოსაწყენი?“ „ბომბა“, - ერთი სიტყვით პასუხობს ტამასიპანი. მერე კი დედასა და 17 წლის ძმას, ლოიდს შთაბეჭდილებებს უზიარებს: „ძალიან მაგარია, როცა მორაგბე გიყვება, თუ როგორ შეგიძლია გოგოებზე ძალადობის შეჩერება, რომ თურმე ეს ბიჭებსაც გვეხება“, - ამბობს ის.

ლოიდმა აველეში გამართული შეხვედრა საღამოს ტელევიზიით ნახა. „კოლეჯში არ ვიყავი, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ვნახე, მივხვდი, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იყო. მოსწავლეებმა მოუსმინეს წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობასა და იმ უარყოფით შედეგზე საუბრობდნენ, რაც მას საზოგადოებისთვის მოაქვს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენთვის ცვლილებების მომტანი იქნება“, - ჰყვება ლოიდი.

ქართველი მორაგბეები სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერას უცხადებენ.

თბილისი. 23 ნოემბერი 2014 წელი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე. 

ტამასიპანი 3 დღის შემდეგ უკვე თამაშზე მიიჩქარის. სახეზე საქართველოს დროშას იხატავს. არა იმიტომ, რომ სამოას მოგება არ სურს, უბრალოდ, ქართველი მორაგბეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა უნდა.

ბორჯღალოსნების მაგალითი კი რამდენიმე დღეში სამოასა და ტონგას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გაიზიარეს: მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი, რომელიც 25 ივნისს გაიმართა და ნარინჯისფერ - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის - დღეს დაემთხვა, სპორტსმენებმა სწორედ ამ კამპანიას მიუძღვნეს. თან შესაბამისი ვიდეორგოლიც გადაიღეს. ქართველი მორაგბეები კი სამშობლოში დაბრუნდნენ. წინ კიდევ ერთი შეხვედრა აქვთ: სამაგალითო ბრძოლაზე მათ ამჯერად სამეგრელოში ტამასიპანის ქართველ თანატოლებს უნდა უამბონ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რას ფიქრობენ ბრექსიტზე ქომაგები ნისლიანი ...

ფეხბურთი პოპულარული სპორტის სახეობაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ინგლისელებს, როგორც ამ სპორტის შემქნელებს, მისდამი განსაკუთრ ...
16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რამდენად რეალურია NATO-ს რეფორმა საქართვ ...

„გადარჩენილი ტერიტორიის“ უსაფრთხოების დაცვა კვლავინდებურად აქტუალურია რუსეთის უწყვეტი აგრესიის, „მცოცა ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...

მეტი

^