Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ უჩივის სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ბრალდებით სამი თანამშრომელი

29 ივლისი 2016

სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ბრალდებით სამი თანამშრომელი - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი ილია ჭანტურაია, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტი - გიორგი ქაჯაია და იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩეველი  მაია ლიპარტელიანი - სასამართლოში უჩივის.

ილია ჭანტურაიას შესახებ „ლიბერალმა“ მასალა ივნისში მოამზადა. ამჟამად ის ომბუდსმენის აპარატში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გიორგი ქაჯაიასა და ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის  თ.თ.-ს მოხსენებითი ბარათი. როგორც ქაჯაია ამბობს, მისმა უშუალო ხელმძღვანელებმა ის საწინააღმდეგო აზრის გამო აითვალწუნეს. ქაჯაია აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების მიზანი თანამშრომლების თვალში „მისი სამაგალითო დასჯა იყო“.

ქაჯაიას მიმართ დაწყებული პირველი დისციპლინური წარმოება

გიორგი ქაჯაიას მიმართ პირველი დისციპლინური წარმოება 2015 წლის 18 დეკემბერს მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო. თ. თ. მოხსენებით ბარათში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ლ. წ.-სა და მთავარ სპეციალისტს, გიორგი ქაჯაიას შორის ინციდენტის (ხმამაღლა შელაპარაკება) დროს თავად დერეფანში იმყოფებოდა.

„[ოთახიდან] მომესმა მამაკაცის ძალიან ხმამაღალი ყვირილი, იმდენად ხმამაღალი, რომ უცებ ვერც გავარჩიე ვისი ხმა იყო, რამდენიმე წამში კი გიორგი ქაჯაიას სამუშაო ოთახიდან ლ. წ. გამოვიდა. მან აღელვებულმა მითხრა, რომ ერთ-ერთ საქმეზე ესაუბრებოდა გიორგის, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან ხმის აწევა და ბოლოს საზარელი ყვირილით დაასრულა, რის გამოც ლიკამ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი...“, - წერს თ.თ. მოხსენებით  ბარათში.

გიორგი ქაჯაია მიიჩნევს, რომ თ. თ.- ს მოხსენებითი ბარათი სუბიექტური და მიკერძოებულია და მხოლოდ ცალმხრივად ასახავს ქაჯაიასა და წ.- ს შორის მომხდარ ინციდენტს.

როგორც სასამართლო სარჩელში გიორგი ქაჯაიას წარმომადგენელი მიუთითებს, დერეფანში გამოსულ ხმებს ყვირილად, მით უფრო „საზარელ ყვირილად“ არ აკვალიფიცირებს არცერთი თანამშრომელი, რომლებმაც საქმის შესწავლისთვის შექმნილ კომისიის სხდომაზე ზეპირი ახსნა-განმარტება მისცეს.

„ლიბერალისთვის“ ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი სხდომის ოქმი, სადაც ერთ-ერთი თანამშრომელი მ.გ [რომელიც, ინციდენტის დროს დერეფანში თ. თ.- სთან ერთად იმყოფებოდა] აღნიშნავს, „ეს იყო წამიერად, რაღაც რომ დაგეწვება, იყვირებ და შემდეგ გაჩერდები. ამ ყვირილში სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებდა ადამიანი, იმდენად ხანმოკლე იყო... ასეთი გამორჩეული ყურადღება არ მიმიქცევია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ოფისში ასეთი ხმები ისმის ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია“, - განაცხადა მ. გ. - მა კომისიის სხდომაზე.

კიდევ ერთი თანამშრომელი ვ. თ., რომელიც საქმესთან დაკავშირებით ასევე გამოცხადდა ზეპირ მოსმენაზე, აცხადებს, რომ „ლიკა საუბრობდა ჩვეულებრივი ტონით, არანაირი გაღიზიანება და აგრესია არ გამოუხატავს გიორგის მიმართ. პოზიტიური განწყობით ესაუბრებოდა საქმეზე. გიორგიც შესაბამისად პასუხობდა და ამ საუბრის ერთ-ერთ მომენტში გავიგონე, რომ გიორგიმ ოდნავ ხმამაღალი ტონით რაღაც რეპლიკა თქვა ლიკას მისამართით... ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ხმამაღალი საუბარი. ეს იყო ოდნავ ხმამაღალი საუბარი. ამ რამდენიმეწამიანი შელაპარაკების შემდეგ, საუბრის ტონი გაცხელდა და გახდა ხმამაღალი. ერთმანეთის მიმართ იყო პრეტენზიებისა და რაღაც უკმაყოფილების გამოხატვის შინაარსის მქონე ფრაზების გაცვლა-გამოცვლა“, - აღნიშნავდა ვ. თ.

„მე რომ შევედი ოთახში, ხმამაღალი საუბარი იყო, ორივე ხმამაღლა საუბრობდა“, - აცხადებდა კიდევ ერთი თანამშრომელი ნ.ც.

ოქმის თანახმად, თ. თ.- მ სხდომაზე განაცხადა, რომ ქაჯაიას გამოკითხვისას ცდილობდა მისგან [ქაჯაია] მიზეზების მოსმენას.

„მე ვუთხარი ჩემი პოზიცია, რომ არანაირი მიზეზი არ ამართლებდა [ყვირილს]. ისევე, როგორც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ვაქილიკებთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ [ძალადობის] მიზეზები მნიშვნელოვანია. ზუსტად იგივე განცდა მქონდა აქაც. არის რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს თანამშრომელი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზებს... მე ვუთხარი, რომ თუ რომელიმე საკითხზე რაიმე მოსაზრება ან განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, უნდა ვცადოთ მათი საქმიან ფორმატში გადაწყვეტა, მშვიდ გარემოში განხილვა და არავინ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ წითელ ხაზებს გადავიდეს...“, - თქვა თ. თ. - მ.

აღნიშნულ საქმეზე კომისიის დასკვნაში წერია, რომ გიორგი ქაჯაია ლ. წ. - ს ხმამაღლა (ყვირილით) ესაუბრებოდა. ამის გამო მას კომისიის დასკვნის საფუძველზე გაფრთხილება გამოუცხადეს.

აღსანიშნავია ის, რომ კომისიის ამავე დასკვნით, „ხმამაღალ საუბარს ადგილი ჰქონდა ამავე დეპარტალენტის უფროსის მოადგილის ლ. წ. - ს მხრიდანაც“.

შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დამატებით უნდა ყოფილიყო შესწავლილი ლ. წ. - ს ქმედებაც, „გიორგი ქაჯაიას მიმართ ხმამაღალი საუბარი“.

კომისიის აღნიშნულ დასკვნაზე სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის რეზოლუციიდან ირკვევა, რომ მან მხოლოდ გიორგი ქაჯაიას მიმართ გამოთქმული რეკომენდაცია [გაფრთხილების მიცემა] გაიზიარა. რაც შეეხება რომელიც ლ. წ. - ს მიმართ გამოთქმულ კომისიის რეკომენდაციას, ომბუდსმენი წერს, რომ „მეორე საკითხის დადებითად გადაწყვეტის საჭიროებას ვერ ვხედავ. კომისია უკვე გაესაუბრა ყველა იმ პირს, ვისაც შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის იმ გარემოებას ჰქონდა, თუ ვისი ხმა ისმოდა ოთახის გარეთ და რა გახდა მოხსენების საფუძველი“, - აღნიშნავდა ომბუდსმენი.

ქაჯაია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ მის მიმართ გამოყენება დისკრიმინაციული დამოკიდებულების მანიშნებელია. მისი აზრით, ანალოგიური გადაწყვეტილება დეპარტამენტის უფროსის მიმართაც უნდა მიეღოთ, რომლის ხმაც, ასევე ისმოდა დერეფანში.

„საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ შემოთავაზებული დასაბუთება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. ანუ აშკარაა დაბალ რგოლზე ,,ჯოხის გადატეხვის'' კლასიკური მაგალითი“, - წერია სარჩელში

გიორგი ქაჯაია სარჩელში იმის შესახებაც მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში საქმის გადაწყვეტისას სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია კაციტაძე „პირად ინტერესს“ გამოხატავდა და კომისიის საქმიანობაში ერეოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნათია კაციტაძე არ წარმოადგენდა დისციპლინური კომისიის შემადგენლობაში შემავალ უფლებამოსილ პირს, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც გამოიხატებოდა ზეპირი მოსმენის სხდომაზე დასწრებით, სხდომაზე გამოცხადებული თანამშრომლებისთვის სხვადასხვა შინაარსის კითხვების დასმით (მათ შორის მიმანიშნებელი და მისთვის სასურველი პასუხების შემცველი), საკუთარი შეხედულებებისა და დასკვნების დაფიქსირებით, აგრეთვე გიორგი ქაჯაიასთან ისეთ საკითხზე პოლემიკაში შესვლით, რაც არ უკავშირდებოდა უშუალოდ სხდომაზე განსახილველ საკითხს“, - წერია სასამართლო სარჩელში.

ქაჯაია მიიჩნევს, რომ ნათია კაციტაძის მხრიდან „მსგავსი სურვილის გამოთქმას არ შეიძლება მიეცეს სხვა შეფასება, თუ არა დისციპლინური კომისიის წევრებზე ზეწოლისა და გავლენის მოხდენის მცდელობა. ამ წინადადებით ნათია კაციტაძემ დისციპლინური კომისიის შემადგენლობას ირიბად მიუთითა, რომ მათ უნდა ეხელმძღვანელათ მხოლოდ ლ. წ.-ს მიერ გაკეთებული განმარტებებით, ისე, რომ არც დარწმუნებულა მათ უტყუარობაში“.

ქაჯაია ამბობს, რომ ნათია კაციტაძესა და ლ. წ. - ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ახლომეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ და სწორედ ამიტომ მიიჩნევდა კაციტაძეც, რომ წ. - ს მიმართ საქმის დამატებითი შესწავლა არ უნდა დაწყებულიყო.

გიორგი ქაჯაიას ბრალდებებთან დაკავშირებით, „ლიბერალმა” სახალხო დამცველის აპარატს შეკითხვებით მიმართა. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, სხვადასხვა თანამშრომელთა ზეპირი გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, არცერთი გამოკითხული პირი ლ. წ. - ს მიერ ჩადენილ რაიმე გადაცდომაზე არ მიუთითებდა.

„ამის საწინააღმდეგოდ, კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირი ადასტურებდა, რომ გიორგი ქაჯაიას არაადამიანური ხმით ღრიალი შენობის მთელ იმ სართულზე ისმოდა, სადაც გიორგი ქაჯაიას სამუშაო ოთახია. შესაბამისად, კომისიის მოთხოვნა არ ეფუძნებოდა ფაქტებს და არ გაითვალისწინა სახალხო დამცველმა”, - გვიპასუხეს აპარატში.

მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქაჯაია პირდაპირ აყენებს შეურაცხყოფას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს. როგორც „ლიბერალისთვის“ გაცემულ პასუხშია აღნიშნული, გიორგი ქაჯაია არ გამოირჩევა დიდი ენთუზიაზმით და ყოველ შესრულებულ სამუშაოზე ითხოვს ფულად წახალისებას, ხოლო მიღებული უარის გამო ხელმძღვანელი პირების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ქაჯაიას უშუალო ხელმძღვანელები სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ გიორგი ქაჯაიას მოტივაციის გაზრდას. აპარატში აღნიშნავენ, რომ დისციპლინური სანქციები სახალხო დამცველის აპარატში არის უკიდურესი ზომა.

რაც შეეხება კომისიის საქმიანობაში ნათია კაციტაძის მონაწილეობასა და „ზეწოლის საკითხს”, აპარატში აცხადებენ, რომ ეს გიორგი ქაჯაიას სუბიექტური შეფასებაა და ამ განცხადებით ის მხოლოდ აკნინებს კომისიის ოთხივე წევრის გადაწყვეტილების მიღების უნარს.

მათი თქმით, აპარატის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური თუ წახალისების ზომები ამა თუ იმ სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის თანხმობით გამოიყენება და მიზანშეწონილია, რომ კურატორი მოადგილე იმთავითვე ჩართული იყოს საკითხის განხილვაში.

რაც შეეხება ქაჯაიას განცხადებას კაციტაძესა და წ.- ს შორის  მეგობრული ურთიერობის შესახებ, ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ფაქტებს არ ეფუძნება.

ქაჯაიას მიმართ დაწყებული მეორე დისციპლინური წარმოება

გიორგი ქაჯაიას მიმართ მეორე დისციპლინურ წარმოებასაც თ. თ. - ს 1 თებერვლის მოხსენებითი ბარათი დაედო საფუძვლად.

თ. ბარათში აღნიშნავდა, რომ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოსამზადებლად გიორგი ქაჯაიას დაევალა, მოემზადებინა შრომის უფლების თავი. აღნიშნული სამუშაო მას 4-დან 20 იანვრამდე უნდა შეესრულებინა.

მოხსენებით ბარათში თ. მიუთითებს, რომ 15 იანვარს, 2 სამუშაო დღით ადრე, ქაჯაიას მხოლოდ გვერდნახევარი ჰქონდა მომზადებული, რაც დახარჯული დროის კვალობაზე ძალიან მცირე იყო.

ასევე, თ. აღნიშნავდა, რომ 18 იანვრიდან გიორგი ქაჯაია ბიულეტენზე იმყოფებოდა.

„მისგან რამდენიმე თვით ადრე მქონდა ზოგადი ინფორმაცია, რომ იყო საოპერაციო. ეს იყო გეგმური ოპერაცია. გეგმური ოპერაციის კონკრეტული თარიღის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ წინა საღამოს, 17 იანვრის წერილით, რომელიც მან ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნა. წინა დღეებში მე და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ლ. წ. - ს რამდენჯერმე გვთხოვა სამუშაო დროის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება, იმ მიზეზით, რომ ან ექიმთან მისულიყო, ან დაზღვევაზე. ჩვენი მხრიდან 11 იანვარის კვირაში რამდენჯერმე დავუკავშირდით მას, დავინტერესდით, როდისთვის გეგმავდა ოპერაციას. პასუხი ყველა შემთხვევაში ერთი იყო, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია არც ოპერაციის თარიღისა და არც სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდის შესახებ. ბოლო ასეთი საუბარი მასთან 15 იანვარს, პარასკევს შედგა, ამჯერადაც მისგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, - წერდა თ. თ.

გიორგი ქაჯაია აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საპასუხოდ აცხადებს, რომ მან არ იცოდა კონკრეტული თარიღი, როდის ჩაუტარდებოდა ოპერაცია, და სწორედ ამ მიზეზით ვერ შეატყობინა უფროსებს მის შესახებ.

„გეგმური ოპერაციის ჩატარების თარიღი დამოკიდებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სამედიცინო ანალიზები, სადაზღვეო კომპანიის მიერ ოპერაციის დაფინანსებაზე თანხმობა, ექიმის სამუშაო განრიგი და ა.შ. ამის გათვალისწინებით, რამდენიმე კვირით ადრე გათვლა და კონკრეტული თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია“, - აღნიშნავდა ქაჯაია მოხსენებით ბარათში.

მისი თქმით, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ოპერაციას 18 იანვარს დაიგეგმა, წინა დღესვე, 17 იანვარს აცნობა თ. თ. - ს და კადრების განყოფილების თანამშრომელს.

გიორგი ქაჯაიას მიმართ მოხსენებით ბარათს წინ უსწრებდა მისივე მოხსენებითი ბარათი (15.01.2016), სადაც ის აღნიშნავდა, რომ ისეთი საკითხების მომზადება დაევალა, რაზეც წინა წლების ანგარიშების მომზადებისას სხვა სპეციალისტები მუშაობდნენ. ამის გამო მას სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად მოცულობითი ინფორმაციის თავმოყრა, გაანალიზება დასჭირდებოდა. ასევე ქაჯაია მიუთითებდა, რომ  9 სამუშაო დღე საკმარისი არ იყო დავალების პროფესიონალურ დონეზე შესასრულებლად.

თ. თ. გიორგი ქაჯაიას სავარაუდო დისციპლინური წარმოების შესახებ გამართულ კომისიის სხდომაზე აღნიშნავდა, რომ ყველა იმ სპეციალისტს, რომელიც მხოლოდ ერთ თავზე მუშაობდა, ბოლო ვადად 15 იანვარი  განესაზღვრა. თუმცა ქაჯაიას შემთხვევაში გამონაკლისის სახით 20 იანვარი ჩაითვალა სამუშაოს შესრულების ვადად.

„მას ელფოსტით მიეწოდა ძალიან დეტალური ინფორმაცია, რა ნაწილებისგან უნდა შემდგარიყო ანგარიში. ასევე, პრობლემების ჩამონათვალი, თუ რაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება... თუ რაიმე საკითხი გაუგებარი იქნებოდა, შეეძლო შემოსვლა და ამ საკითხების გავლა... ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე ვკითხე, როგორ მიდიოდა ანგარიშზე მუშაობა. ბოლოს ამ თემაზე 15 იანვარს ვისაუბრეთ. მან თქვა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა მომზადებული. 15 იანვარი იყო პარასკევი, ორშაბათი - 18 იანვარი, 19 უკვე დასვენების დღე იყო და 20 იანვარს კი სამუშაოს შესრულების ბოლო დღე. ვინაიდან მისგან მიღებული ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია გარკვეულ სიგნალად მივიღე, ელფოსტით ვთხოვე, მოეწოდებინა ის ვერსია, რომელიც იმ დროისთვის ჰქონდა. ვორდის დოკუმენტის სახითაც არ მოუწოდებია, პირდაპირ ელფოსტაში იყო ჩამოაკოპირა მცირე დოკუმენტი, რომელმაც ვორდის ფაილის მხოლოდ გვერდ-ნახევარი შეადგინა. ელფოსტითვე მივწერე, რომ გასაკვირი იყო, 4 იანვრის შემდეგ ასე მცირე მოცულობის ტექსტი რომ მოამზადა და რომ ეს არ იყო მუშაობის დამაკმაყოფილებელი ხარისხი. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ადგილი ჰქონდა მის დისკრიმინაციას, რადგან სხვა თანამშრომლების მიმართ ასეთი ზომები არ მიმიღია. მე განვუმარტე, რომ სხვა თანამშრომლების მხრიდან არ მიმიღია ასეთი საგანგაშო სიგნალი, რომ ასეთი ძალიან მცირე ტექსტი ჰქონოდათ მომზადებული და ამიტომ გადავწყვიტე მის შემთხვევაში დოკუმენტის ნახვა. პრივილეგიებს რაც შეეხება, იქაც განვუმარტე, რომ, ვინც ერთ თავზე მუშაობდა, ყველას 15 იანვრამდე ჰქონდა დედლაინი და ყველანაირი პრივილეგიის წინააღმდეგი ვიყავი“, - განაცხადა თ. - მ კომისიის სხდომაზე.

მისი განმარტებით, ქაჯაიას დავალების მიღებისას არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია სამუშაოს დასრულების ვადასთან დაკავშირებით არც წერილობითი ფორმით, არც ელფოსტით, არც ზეპირად.

ამასთან, ქაჯაია სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მიუთითებს, რომ 2013 წლიდან დღემდე, თანამშრომლების მხრიდან ბიულეტენზე გასვლის თაობაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის გონივრულ ვადაში შეუტყობინებლობის საფუძვლით არცერთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა.

აღსანიშნავია, რომ ქაჯაიას მიმართ დისციპლინური წარმოების ფარგლებში ომბუდსმენის აპარატმა სადაზღვევო კომპანიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ეცნობა ქაჯაიას ოპერაციის თარიღი.

კომპანიიდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ქაჯაიას ოპერაციის თარიღი დაიგეგმა 15 იანვარს, ყოველდღიური კონსილიუმის შემდეგ, რომელიც 16:00 საათზე  დაიწყო.

ქაჯაია აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ პასუხიდან გამომდინარე მის მიმართ დაწყებულ წარმოებაში მიეთითებინათ, რომ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონდა, კომისიამ აღნიშნული წარმოება ვადის გასვლის მიზეზით შეწყვიტა.

აღსანიშნავია ის, რომ გიორგი ქაჯაიას მიმართ მეორე დისციპლინური წარმოება 15 მარტს დაიწყო (დასკვნის მოსამზადებლად კანონით გათვალისწინებულია 1 თვე). იურიდიულ საკითხებში სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი მაია ლიპარტელიანი „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიიდან აღნიშნული პასუხი 12 აპრილს მიიღეს, დისციპლინურ წარმოებაზე დასკვნის ბოლო ვადამდე 3 დღით ადრე.

„12 აპრილს საღამოს ეს წერილი გავუგზავნე კომისიის წევრებს, რომ აღარ შემეხმიანენ, 13-ში დილით ისევ მივწერე, რომ 15-ში დისციპლინური წარმოების ვადა გადიოდა. 1 თვეში უნდა გამოცემულიყო ადმინისტრაციული აქტი. გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი გარემოებები შეიქმნა, რომ ქაჯაიას მიმართ მეორე დისციპლინურ გადაცდომას ვეღარ ადგენდნენ, ამიტომ კაციტაძე, რომელიც ამჯერად უკვე კომისიის წევრი იყო, შეგნებულად არ გამოვიდა კონტაქტზე.

მივწერე, რომ დღეს ან ხვალ შეკრებილიყო კომისია, რომ ვადის გასვლამდე პასუხის დაწერა მომესწრო. კომისიის ყველა სხვა წევრმა თანხმობა გამოხატა, რომ მათ შეეძლოთ ვადის გასვლამდე შეკრება. 18 აპრილს, ორშაბათს ქაჯაია უკვე ითხოვდა დასკვნას. კომისიის წევრებს ისევ მივწერე, ეგებ შევიკრიბოთ და მითხრათ რა დავწეროთ დასკვნაში-მეთქი. ამჯერად კაციტაძემ მომწერა, რომ დღის ბოლოს, 05:45 შეკრებილიყვნენ. მათ გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ საქმის წარმოება ვადის გასვლის მიზეზით. საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი კი ის იყო, რომ საბოლოდ არ ეთქვათ, ქაჯაიას მიმართ მეორე დისციპლინური წარმოებისას გადაცდომა არ ჰქონდაო“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

სახალხო დამცვლის აპარატში აცხადებენ, რომ 2016 წლის 13-15 აპრილს სახალხო დამცველთან ვიზიტით იმყოფებოდა სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. სახალხო დამცველი, ასევე მისი მოადგილეები (სახალხო დამცველის ორივე მოადგილე სადისციპლინო კომისიის წევრი იყო), დაკავებული იყვნენ აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებითა და მონაწილეობით. 13-15 აპრილის პერიოდში, სხვადასხვა საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრების  გარდა, სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა და ჩაატარა საჯარო დებატები (სადაც მომხსენებელი სწორედ ნათია კაციტაძე იყო) და ტრენინგი კონფლიქტების საკითხებზე. 13 აპრილს ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ნათია კაციტაძე უძღვებოდა. კამპანია შეხვდა „ეს შენ გეხებას“ წევრებს.

მათი თქმით, ეს იყო ის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სადისციპლინო კომისია ვერ შეიკრიბა.

რაც შეეხება ქაჯაიას მიერ მასზე დაკისრებული დავალების არაჯეროვნად შესრულებას, რაზეც თ. თ. მოხსენებით ბარათში მიუთითებდა, ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მას სამართლებრივად ვერ მოედავებოდნენ, რადგან სამუშაოს შესასრულებლად დრო 20 იანვრამდე ჰქონდა.

მაია ლიპარტელიანის საქმე

აღნიშნული საქმეების განხილვის შემდეგ მაია ლიპარტელიანის შტატი ორად გაიყო და მას მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობასა და საიდუმლო საქმისწარმოების ფუნქციები დარჩა. ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის მხრიდან დისკრიმინაციულ ნაბიჯს წარმოადგენდა. რაც გამოწვია გიორგი ქაჯაიასა და ილია ჭანტურაიას წარმოებისას ლიპარტელიანის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ.

ლიპარტელიანი 2014 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველია იურიდიულ საკითხებში. სახალხო დამცველის 30 მაისის ბრძანებით აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი გადაკეთდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველის შტატად იურიდიულ საკითხებში. შესაბამისად, იურიდიულ საკითხებში მრჩევლის ორი პოზიცია შეიქმნა.

ლიპარტელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატში ბოლო პერიოდში ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად აღმოჩნდა, რომ გარკვეულ საკითხებზე მან საქართველოს სახალხო დამცველისაგან განსხვავებული პოზიცია გამოთქვა, რაც მისი ამ ფუნქციებიდან ჩამოშორების მიზეზი გახდა.

ლიპარტელიანმა სასამართლოში წარადგინა სახალხო დამცველთან მისი ელექტრონული მიმოწერა, რის საფუძველზეც ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი სამსახურებრივი ფუნქციებისგან ჩამოშორება არა საქმეთა დიდი რაოდენობით იყო განპირობებული, როგორც ამას სახალხო დამცველი აღნიშნავს, არამედ გიორგი ქაჯაიასა და ილია ჭანტურაიას საქმეებზე გამოთქმული პოზიციის გამო.

სახალხო დამცველი ელექტრონულ წერილში წერდა, რომ ლიპარტელიანს თავის დროზე უნდა გაეფრთხილებინა ისინი, თუ ქაჯაიას საქმის წარმოებას 1 თვეზე მეტი დრო სჭირდებოდა.

„მთავარმა იურისტმა ყველა შესაძლო შედეგის შესახებ ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. თუ ცნობილი იყო, რომ საავადმყოფოდან გვჭირდებოდა ცნობა, უნდა გვეფიქრა, რომ დროზე მიგვეღო ეს დოკუმენტი. ამ ცნობის საჭიროება წინასწარვე იყო ცნობილი. თუ დრო არ იქნებოდა საკმარისი და ამ წარმოების გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამის თქმაც შეიძლებოდა. ასე გვიან არ უნდა ვიგებდე, რომ გაგრძელება არ შეიძლება. სამწუხაროდ, პირველი საქმეც ქაჯაიაზე ასე უაზრო გადაწყვეტილებით დაამთავრეთ, რასაც არ დავეთანხმე და ვერ დავინახე ლ.წ.-ს წინააღმდეგ ახალი საქმის დაწყების საჭიროება. ახლა სასამართლოში უნდა ვამტკიცოთ, რატომ არ დავეთანხმე კომისიის დასკვნას, რომელიც, ჩემი აზრით, დასაბუთებული არ ყოფილა. ამ მეორე საქმეზე მე ჯერ არ მიმიღია დასკვნა. ადრეც ვთქვი, რომ კომისიას ისიც უნდა შეესწავლა, რამდენად აუცილებელი იყო ბიულეტენის გაგრძელება. არ ვიცი, ჯერ რამდენად არის ეს ყველაფერი ასახული საქმისწარმოებაში. აღარ ვსაუბრობ სხვა საქმეებზე. ილიას [ჭანტურაიას] საქმე ხომ ცალკე რამეა და ყველაფერი გასაგებია. მაია, მე ვფიქრობ კარგი იქნება რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე გადასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი  იურისტის შტატი უნდა გაიყოს და ფუნქციები მაინც ახლიდან უნდა ჩამოყალიბდეს ორივე პოზიციაზე. ის, რომ ბევრი საქმეა ამაზე, კაი ხანია ისედაც ვსაუბრობთ. ჩამოსვლამდე მინდა ვიცოდე პასუხი“, - წერდა სახალხო დამცველი ლიპარტელიანს.

ლიპარტელიანი აცხადებს, რომ გიორგი ქაჯაიას საქმეზე, კომისია ვერ შეიკრიბა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და წარმოება ერთთვიანი ვადის გასვლის საფუძველზე შეწყდა.

თუ რატომ არ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების საკითხი მის მიერ დაყენებული არც კომისიაზე და არც სახალხო დამცველთან, ლიპარტელიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე პოზიცია აცნობა როგროც სახალხო დამცველს, ასევე ნათია კაციტაძეს.

„კერძოდ, მიმაჩნია, რომ ეს საქმე არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულით, რის გამოც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ლიპარტელიანი.

როგორც ის ამბობს, ასევე მისწერა კომისიის წევრებს წარმოების დაწყებისა და გამოსათხოვი ინფორმაციის თაობაზე.

რაც შეეხება საავადმყოფო ბიულეტენზე ყოფნის ვადის გაგრძელების საკითხის შესწავლას, ლიპარტელიანი ამბობს, რომ მას ასეთი დავალება არ ჰქონია. ეს საკითხი მითითებული არ ყოფილა მოხსენებით ბარათშიც, რომლის საფუძველზეც დაიწყო დისციპლინური წარმოება.

რაც შეეხება ილია ჭანტურაიას საქმეს, რომელის შესახებაც ომბუდსმენმა ელექტრონულ წერილში მიუთითა, ლიპარტელიანის თქმით, ჭანტურაიას საქმის განხილვისას კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ის მიიჩნევდა, რომ ილია ჭანტურაიას მხრიდან არ იკვეთებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

„ჩემი ეს მოსაზრება გამოვთქვი კომისიის დასკვნაშიც. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებაზე მინიშნებას წარმოადგენს სახალხო დამცველის წერილში ილია ჭანტურაიას საქმის აღნიშვნა. ამასთან, ის, რომ განსხვავებული აზრი მქონდა ილია ჭანტურაიას მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, ნათლად დასტურდება ამ წარმოების შედეგად მოსამზადებელი დასკვნის თაობაზე განხორციელებულ მიმოწერებში“, - ამბობს ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანი ამბობს, რომ მოგვიანებით, როდესაც სახალხო დამცველს პირადად შეხვდა, დაუსვა შეკითხვა - რა კავშირშია სხვა პოზიციაზე გადასვლასთან გორგი ქაჯაიას და ილია ჭანტურაიას საქმეები?

„მან მიპასუხა, რომ ამ საქმეებში ვერ დაინახა, რომ მე ობიექტური ვიყავი. სწორედ აღნიშნული გარემოებები მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საქმეებზე ჩემ მიერ დაფიქსირებული განსხვავებული მოსაზრებების გამო განახორციელა დისკრიმინაცია ჩემ მიმართ“, - ამბობს ლიპარტელიანი.

მაია ლიპარტელიანთან დაკავშირებით, აპარატიდან მიღებულ პასუხებში აღნიშნულია, რომ მაია ლიპარტელიანმა, გიორგი ქაჯაიას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების ეტაპზე სახალხო დამცველს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია დისციპლინური წარმოების ვადებზე, მისი გაგრძელების ეტაპსა და შესაძლებლობებზე. წარმოების შეზღუდული ვადის პირობებში კი კომისიამ ვერ მიიღო სხვადასხვა დაწესებულებებიდან სრულყოფილი ინფორმაცია საკითხის შესასწავლად.

რაც შეეხება იურიდიული მრჩევლის ორი პოზიციის შექმნის საკითხს, ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის აპარატის როგორც მანდატის და ფუნქციების, ისე ადამიანური რესურსის ზრდის გამო, აუცილებელი გახდა იურიდიული მრჩევლის საშტატო ერთეულის დამატება, „რასაც არ გამოუწვევია მაია ლიპარტელიანის რაიმე უფლების შელახვა და ის დღესაც აგრძელებს აპარატში მუშაობას იმავე თანამდებობაზე, იმავე თანამდებობრივი სარგოთი”.

ასეთია ორივე მხარის პოზიცია აპარატის თანამშრომლებზე შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ. სამივე თანამშრომლის სარჩელი უკვე სასამართლოშია. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი მათ მიმართ დისკრიმინაციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^