Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავგულიძე: არ მოვიქეცი სწორად, ქორწინების განსაზღვრისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა

03 აგვისტო 2016

„თავისუფალი დემოკრატების" წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, არასწორად მოიქცა, როდესაც კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

შავგულიძე „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ ინიციატივაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს, მაგრამ არჩევანის საშუალება თავიდან რომ ჰქონდეს, ხელს აღარ მოაწერდა. რაც შეეხება რეფერენდუმს, შავგულიძე მას მხარს არ უჭერს. 

შეკითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებას მხარი თავდაპირველად და ახლა რატომ შეიცვალა პოზიცია, შავგულიძე პასუხობს, რომ მაშინ დასავლურ ღირებულებებს ოჯახის დანგრევასთან აიგივებდნენ, რაც სპეკულაციის საგნად იქცა, პოზიციის შეცვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

„საკითხი ისე შემოატრიალა „ქართულმა ოცნებამ", რომრეფერენდუმში გადაზარდა და ამით ცდილობს, გადაფაროს ყველა ის საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია და არ წყვეტს. რა თქმა უნდა, ამ რეფერენდუმს მხარს არ ვუჭერ. მისი გამართვის არავითარი საჭიროება არ არსებობს. რომ მცოდნოდა, „ქართული ოცნება" ასე ბოროტად შემოატრიალებდა ამ საკითხს, ასე გამოიყენებდა საარჩევნო პიარკამპანიაში, გადაიტანდა ამომრჩევლის ყურადღებას, თითქოს ის ცდილობს ოჯახის ინსტიტუტის დაცვას... ასეთ შემთხვევაში არც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დავუჭერდი მხარს. მაშინ ჩემი მხარდაჭერა მოტივირებული იყო იმით, რომ ხდებოდა სპეკულირება, თითქოს დასავლური ღირებულებები არღვევს ოჯახის ინსტიტუტს" - ამბობს შავგულიძე. 

„ლიბერალის" შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრის შესახებ ინიციატივა ლგბტ ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენაა მიმართული, შავგულიძე პასუხობს, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ამის  კონსტიტუციურ პრინციპად ქცევა ზედმეტია და ჩვენს სახელმწიფოში ამის საჭიროება არ იდგა". 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა. 

„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ასეა ფორმულირებული სარეფერენდუმო შეკითხვა, რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ შეიტანეს. 

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

„საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკოში 13 მაისს შემოვიდა. მოითხოვდნენ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფმა დააზუსტა აღნიშნული საკითხი - კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი საინიციატივო ჯგუფთან ერთად რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს”, - აცხადებენ ცესკოში. 

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^