Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფენტეზი ჩვენი არსობისა

18 აგვისტო 2016

სამი ბეჭედი - ცის ქვეშ მსუფევ მეფეებს ელფთა,

შვიდი - ჯუჯათა მთავრებს: კლდეში ფლობენ დარბაზთა ჯარსა,

ცხრა - მოკვდავთ, ვინაც უნდა მოსრას სიკვდილის ცელმა,

ხოლო ერთი კი შავ მბრძანებელს, შავ ტახტზე მჯდარსა

მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.

ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,

ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეკრავს

მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.

თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა.

თანამედროვე ფენტეზის პირველი ნაწარმოებები XX საუკუნის დასაწყისშივე ჩნდება. მათ რიცხვში კი ისეთი ბრწყინვალე წიგნებია, როგორებიცაა: ლორდ ედვარდ დანსენის - „ელფლანდიის მეფის ასული“ (1924 წ.), რობერტ ირვინ ჰოვარდის „კონანი“ (1932 წ.), კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკები“ (1950-1956 წწ.), ჯეიმს კეიბელის „მანუელის ამბავი“ და, რა თქმა უნდა, ჯ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელიც 1954-1955 წლებში გამოქვეყნდა და მთელ ჟანრზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ერთგვარად, სწორედ ტოლკინის მემკვიდრეებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ავტორები, რომლებიც დღეს ფენტეზის ჟანრში მოღვაწეობენ. მათ შორის არიან: ქრისტოფერ პაოლინი, ტეტრალოგია „ერაგორნი“ (2003 წ.), ჯორჯ მარტინი, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომელმაც ჟანრს უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა და არა ერთი სხვა ავტორი, რომელთა ნაწარმოებები დღეს საოცრად პოპულარულია.

მოგეხსენებათ, ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას შორის დიდი სხვაობაა. სამეცნიერო ფანტასტიკაში ის რეალობაა გადმოცემული, რომელიც მეცნიერების განვითარების ნიადაგზე ამა თუ იმ სამყაროში შეიძლება დადგეს - ძირითადად, ჩვენი, ადამიანების, დედამიწის მკვიდრთა მონაწილეობით. ამ ფონზე ფენტეზის აბსოლუტურად არ აინტერესებს მეცნიერება. ის უფრო ზღაპრისკენ, სხვა რეალობისკენ იხრება, რომელიც შესაძლოა, თუნდაც ჩვენი რეალობის პარალელურად არსებობდეს. აქ სულ სხვა ფიზიკური კანონები, წესები და მორალური ურთიერთობები შეიძლება, არსებობდეს, რაც მთავარია, არსებობენ გონიერი არსებები: ელფები, ჰობიტები, კეთილები და ბოროტები, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია ამ სამყაროსი.

ამ ჟანრის მწვერვალი აშკარად „ბეჭდების მბრძანებელია“, ჯ.რ. ტოლკინის შესანიშნავი რომანი, რომელსაც ფენტეზის ჟანრი უნდა უმადლოდეს, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანია. ტოლკინის წიგნები ფილმებად, ზოგადად, კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

„ბეჭდების მბრძანებელში“ ძალიან დიდი მნიშვნელობა მხოლოდ ავტორის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ სამყაროს როდი აქვს. ამას მწერლები სხვაგანაც ახერხებდნენ, მაგალითად, ფოლკნერი, ბალზაკი; თუმცა, ტოლკინის მიერ შექმნილი სამყარო სრულიად განსაკუთრებულია...

ავიღოთ თუნდაც პერსონაჟები, მაგალითად, ჰობიტი, ბილბო ბეგინსი. შირში დაბრუნებიდან 60 წლის თავზე ბილბოს 111 წელი უსრულდება, თუმცა გარეგნულად თითქმის არ იცვლება. ეს კი ბეჭდების ბეჭდის, იმ მაგიური ნივთის დამსახურებაა, რომელიც ბილბომ გოლუმს მოპარა. ეს ბეჭედი ბნელი სამყაროს არსთა გამრიგემ, ბოროტმა ჯადოქარმა საურონმა, მრავალი ათასი წლის წინ ვულკანის წიაღში გამოჭედა.

და აი, ჩნდება ბნელი და ნათელი სამყარო, ბეჭედი, რომელიც ნეიტრალურია სამყაროთა მიმართ და მოქმედებს ორივე მათგანში. თუკი ძალაუფლების ბეჭედი საურონის ხელში აღმოჩნდება, ყველაფერი განადგურდება, სამყარო ამ ფორმით შეწყვეტს არსებობას; ხოლო  ელფების, ჰობიტების, ადამიანების, ჯუჯების, ანუ გონიერი არსებების ხელში  - საფრთხეს შეუქმნის ნებისმიერს, იმიტომ, რომ საურონის სახით მას ერთადერთი მბრძანებელი ჰყავს, სხვა მფლობელებს კი მზაკვრობს და ღალატობს.

ბილბო ბეგინსი ადამიანი რომ ყოფილიყო, მეტად დაჰყვებოდა ბეჭდის ნებას. როგორც ჩანს, ჰობიტმა გაცილებით ნაკლები ცდუნება განიცადა, თუმცა ეს ნივთი ამ კეთილი არსებებისთვისაც კი ძალიან საშიშია. რაღა უნდა ვთქვათ გოლუმზე, რომლისთვისაც ბეჭედი დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან მთლიანად შეცვალა სმიაგოლი.

ფაქტია, ძალაუფლების მთავარი ბეჭედი უნდა განადგურდეს, თუმცა აქ ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იჩენს თავს - ყველაფრის იოლად გადაწყვეტა შეუძლებელია. დედამიწაზე მომხდარი ომების შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რა და როგორ ხდება - მტრის დასამარცხებლად სტრატეგია, უამრავი ტანკი, გმირობაა საჭირო. ეს შესაძლებელია და არაერთხელ გვინახავს ამ ამოცანის დასახვისა და განხორციელების გზები. სრულიად სხვა ვითარებაა ფენტეზის სამყაროში, ბეჭდების მბრძანებლის დასამარცხებლად ბეჭედი უნდა განადგურდეს, ამის გარკვევას კი დიდი მაგიური ცოდნა დასჭირდება. ბეჭედი უნდა განადგურდეს იქ, სადაც შეიქმნა. მისი მოსპობა იმავე ვულკანის ცეცხლს შეუძლია, რომელმაც შვა კიდეც ლავაში, სადაც საურონმა ეს „სანუკვარი“ ნივთი გამოჭედა. თუმცა! უნდა განადგურდეს - კარგია, ბეჭედი იმ ვულკანამდე ხომ უნდა მიიტანო?

აი, სწორედ ამ მიზნით იქმნება საძმო, ადამიანების, ელფის, ჯუჯის, კეთილი მაგისა და ჰობიტების ცხრაარსებიანი ერთობა, ერთობა, რომელიც საურონის არმიასა და მის რჩეულ ცხრა „ფალავანს“ - ნაზგულებს უნდა დაუპირისპირდეს. ნაზგულები ადამიანთა ის მეფეები არიან, რომელთაც საურონმა ძალაუფლების ცხრა ბეჭედი მისცა, ბეჭდებმა კი აცდუნეს და აჩრდილებად აქციეს. ამ ჯგუფს უპირისპირდება გენდალფი და კომპანია - ესაა 18 არსება, რომელთა დაპირისპირებამაც სამყაროს ბედი უნდა გადაწყვიტოს.

რასაკვირველია, ყველაფერი ნათელი სამყაროს სასარგებლოდ გადაწყდა და მაგიური ბეჭედი, ძალაუფლების ეს წყარო მოისპო, თუმცა ეს იყო დიდი მსხვერპლის ფასად მიღწეული უზარმაზარი გამარჯვება. პარალელურ სამყაროში გამარჯვება მარადიულობის ნიშნითაა აღბეჭდილი და ამით განსხვავდება გამარჯვებისგან ჩვენს სამყაროში.

ფანტასტიკისგან განსხვავებით, ფენტეზი აბსოლუტურად დამოუკიდებელია ჩვენი შემეცნებისგან და მთლიანად მორალის სფეროში რჩება.

1950-იანი წლების შემდგომ კაცობრიობა არნახულად განვითარდა, საოცრად შეიცვალა სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო, თუმცა აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა ფენტეზიში, „ბეჭდების მბრძანებელი“ დღესაც ისევე პოპულარულია, და რაც მთავარია, თანამედროვე, როგორც ათეულობით წლის წინ.

თუმცა, როგორც გითხარით, „ბეჭდების მბრძანებელი“ არ ყოფილა ერთადერთი ნაწარმოები, რომელმაც ჟანრზე გავლენა მოახდინა. არ უნდა დაგვავიწყდეს კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკები“, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ფენტეზის მთავარი რომანის გაჩენამდე.

კლაივ ლუისი შესანიშნავი ავტორია, მაგრამ ტოლკინისგან განსხვავებით, მის ნაწარმოებს ფანტაზია აკლია.

ფენტეზიზე საუბრისას შეუძლებელია, არ ვახსენოთ ჯოან როულინგის რევოლუციური ნაწარმოები „ჰარი პოტერი“, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა და მსოფლიოს ბავშვები წიგნებთან მიაბრუნა. სულ არ ვფიქრობ, რომ ბავშვები წიგნებს არ მიუბრუნდებოდნენ, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც ტექნოლოგიურმა საშუალებებმა საფრთხე შეუქმნა კითხვას და ვინ მოაცილებდა ბავშვებს კომპიუტერს, თუ არა განსაკუთრებული წიგნი?!

ამ წიგნს „ჰარი პოტერი“ ჰქვია, მას არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩემი ასაკის ადამიანებიც კითხულობენ და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პოტერიანას არაერთ სპეციალისტს შეხვდებით.

„ჰარი პოტერი“ განსაკუთრებით ძვირფასი ლიტერატურული აღმოჩენაა, ვინაიდან ნაწარმოებში სიყვარული და სიმპათია დაუკავშირდა ბავშვს, რომლის მიმართ თვითიდენტიფიცირება სხვა მოზარდებისთვის ძალიან მარტივია.

რომანის შვიდი წიგნის განმავლობაში ჰარი პოტერი ისევე იზრდება, როგორც მისი მკითხველი; ახალი თაობა მოდის, იწყებს კითხვას იმ ასაკში, რამდენი წლისაც პირველ წიგნში ჰარი პოტერიაა და ასრულებს ნაწარმოებს იმ ასაკში, რომელშიც ნაწარმოების მთავარი გმირის ამბავი სრულდება.

„ჰარი პოტერი“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას სერიოზულად დაუპირისპირდა სხვადასხვა კონფესია და საქართველოშიც, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, პრობლემები შეექმნათ გამომცემლებსაც; გამოჩნდა ანტირეკლამაც, თუმცა ლიტერატურის დამარცხება არავის გამოუვა და ამიტომაც, ამ საკითხს ნაკლებად შევეხები.

ერთი რამ ზუსტად ვიცი - მშობელი, რომელიც ბავშვს ამ ნაწარმოების კითხვას დაუშლის, ამ მხრივ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს და ერთადერთი, რასაც შეიძლება „გამორჩეს“ ისაა, რომ ბავშვს კითხვა შეაძულოს.

ამ რომანში გენიალური იდეაა - საშინელი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ჯაბნის, არსება, ვისიც არ ითქმის სახელი, სახელი, რომელსაც ძალიან იოლად ამბობს ჰარი პოტერი - ლორდი ვოლდემორი, რომელმაც დახოცა ყველა, ვინც იყო და არ იყო საჭირო, მაგრამ ვერ მოკლა ჩვილი ჰარი პოტერი, დაუტოვა ნაიარევი შუბლზე და აი, სწორედ ამ ბავშვს შეუძლია უზარმაზარი ძალის ჯადოქრის დამარცხება. ეს გენიალური იდეა სწორედ ამ ნაწარმოების ფურცლებზე განხორციელდება. სამწუხაროდ, ამას ჰარი პოტერის უამრავი მეგობარი, ახლობელი და მასწავლებელი ვერ მოესწრება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს კეთილშობილი ბრძოლა მსხვერპლს მოითხოვს.

ჰარი პოტერის ბრძოლა კაცობრიობის ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. და როგორც ფენტეზიში ხშირად ხდება, სიკეთე იმარჯვებს, თუმცა ძალიან ძნელად, მაგრამ იმარჯვებს ზუსტად იმის გამო, რაც რუსთაველმა ბრძანა: „არსება მისი გრძელია“.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს ფორმულა სხვაგვარად არის წარმოდგენილი. ეს განსაკუთრებით ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერას ეხება. ეს წიგნი მარტინმა ტრილოგიად ჩაიფიქრა და მისი წერა 1991 წელს დაიწყო, თუმცა, ხუთი უზარმაზარი ტომის გამოსვლის მიუხედავად, პროექტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ნაწარმოებზე დაყრდნობით გადაიღეს სერიალიც, სადაც სცენარისტად სწორედ ჯორჯ მარტინი მიიწვიეს. ამ მიმართულებით არის შემთხვევები, როდესაც სცენარი არ ემთხვევა წიგნის სიუჟეტს და არც არის აუცილებელი. ამის გამო, სერიალის ყურებისას არაერთი მკითხველი გაოცებულა. სიკეთე აქ „გრძელი არსებით“ ვეღარ უპირისპირდება ბოროტებას.

2015 წლის აპრილისთვის ამ სერიის 60 მილიონი ასლი იყო გაყიდული, ის ნათარგმნია 45 ენაზე, სერიის IV და V ტომები კი `Nეწ Yორკ თიმეს~-ის ბესტსელერების სიას ლიდერობენ.

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფენტეზი გასცდა ერთ-ერთობის საზღვრებს და ლიტერატურის პარალელურ ჟანრად იქცა. ფიქშენსა და ფენტეზის შორის გაჩნდა ძალიან სერიოზული სხვაობა, ფენტეზი დღეს სხვა მწერლობაა, რომელიც კლასიკური მწერლობისგან უკვე მკვეთრად განსხვავდება. ფენტეზი სულ უფრო და უფრო უფრო შორდება მიზიდულობას, იმ მორალურ მიზიდულობას, რაც დედამიწას ახასიათებს. მართალია, სიკეთე იმარჯვებს, მაგრამ თუკი შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს ჟანრის განვითარება ჯორჯ მარტინთან, ამაში ღრმად დარწმუნებულები ვეღარ ვიქნებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^