Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის

23 აგვისტო 2016

ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ხშირად არასათანადო განათლება სახელდება. სკოლებში ბავშვები ნაკლებად  იღებენ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ. პედაგოგები თითქმის არ განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გადამდები დაავადებები, მავნე ნივთიერებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ნაადრევ ქორწინებას, ორსულობას  და ა.შ. მოჰყვება. ამ ინფორმაციას მოზარდები ხშირად არაფორმალური წყაროებიდან -  თანატოლებისგან, ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან - იღებენ.  ამგვარად მიღებული ინფორმაცია კი, როგორც წესი, არაზუსტია.  დიდი ხანია დაწყებულია მსჯელობა, რა სივრცეში და ვინ უნდა მიაწოდოს მოზარდებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა. რას ფიქრობენ  და აკეთებენ  პედაგოგები?  არის თუ არა გამოსავალი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სასკოლო განათლების ფორმალურ სივრცეში სწავლება?  

მამედ მირზაევი მარნეულის რაიონის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორია. მის დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე სკოლიდან მოსწავლე გათხოვდა, მასზე გაცილებით უფროს ბიჭს გაჰყვა. მოგვიანებით, როცა მათი შვილის რეგისტრაცია გახდა საჭირო, აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის დროზე კანონის ის მუხლი დაარღვია, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირს კრძალავს. ბიჭი დაიჭირეს. მას ჯარიმა დაეკისრა და სამწლიანი პირობითი პატიმრობაც მიესაჯა. დაქორწინებულებმა კანონში ამ ტიპის ჩანაწერის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ეს შემთხვევა ერთგვარი ინსპირაცია აღმოჩნდა მამედ მირზაევისთვის. დირექტორად დანიშვნის შემდეგ მან რამდენიმე პედაგოგთან ერთად იმსჯელა, თუ როგორ მოეგვარებინა სკოლაში ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა. გადაწყდა, რომ ყველაზე კარგი გზა მშობლებთან და მოსწავლეებთან უშუალო კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა. ასეც მოიქცნენ. პედაგოგები ესაუბრებოდნენ მშობლებს იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს შეუქმნიდა მათ შვილებს ადრეულ ასაკში ქორწინება როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური კუთხით. 

მამედ მირზაევი ამბობს, რომ ტრადიციებიდან და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, მათი დარწმუნება არც ისე ადვილი იყო, თუმცა ორწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ სკოლიდან ადრეულ ასაკში აღარავინ ქორწინდება. კასუმლოს სკოლის კურსდამთავრებულებიდან უმეტესად სწორედ გოგონები აგრძელებენ სწავლას. მამედ მირზაევი ამბობს, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდება და კიდევ უფრო კარგ შედეგს მოიტანს. მთავარია, ამ პროცესში ყველამ - სკოლამ, მშობელმა, სახელმწიფომ, საზოგადოებამ - თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიაზროს. სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცოდნა ფორმალური განათლების ნაწილიც გახდება. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლების მიმართ ნდობის გაჩენა. მშობლებმაც და მოსწავლეებმაც უნდა იცოდნენ, რომ სკოლა მათ კარგ განათლებას მისცემს, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.

მაია ანანიკიანი ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში ქიმიას ასწავლის. მისი ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი გასულ წელს დაქორწინდა, ახლა მე-12 კლასშია. გოგონა 15 წლისაა, სხვა სკოლიდან და მან სწავლა შეწყვიტა. ოჯახმა ადრეულ ასაკში დაქორწინებას ხელი არ შეუშალა. მაია ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება სკოლაში სულ უფრო იშვიათია. ამ ერთის გარდა, სხვა შემთხვევის გახსენებაც კი უჭირს.

მაია ანანიკიანი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის დაძლევისთვის აუცილებელია სკოლის მონაწილეობა, რადგან სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია. შესაბამისად, პედაგოგებს მშობლებზე არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ.

ნარინე ბოღოსოვა ამავე სკოლის ხელოვნების მასწავლებელია. ის მაიას ეთანხმება და ამბობს, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანმიმდევრული, სწორი ინფორმაცია მოსალოდნელ რისკებზე, რაც თან ახლავს ზრდასრულობას, ადრეულ ასაკში ქორწინებას; უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება ამ ფაქტმა მათი პიროვნული თუ სოციალური განვითარება შეაფერხოს.

პედაგოგები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო განათლების საგანი მეტ-ნაკლებად ამ საკითხებს მოიცავს. ბიოლოგიის პედაგოგსაც აქვს ცოდნა ამ საკითხებზე ესაუბროს ბავშვს.  თუმცა, მაინც ფიქრობენ, რომ უმჯობესია, ფორმალურ სივრცეში გაჩნდეს ისეთი ცოდნის მიღების საშუალება, რომელიც სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის და მათ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

ასპინძის რაიონის სოფელ დამალას საჯარო სკოლაში ნათია ზედგინიძე-სოღოიანი ქართულ ენას უკვე ათი წელია ასწავლის. ამბობს, რომ რიგი წუხილები, რომლებიც ბავშვებს აქვთ, ხშირად მშობლებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამ დროს არის საჭირო პედაგოგის ყურადღება, რადგან ბავშვი ძირითად დროს სკოლაში ატარებს. იხსენებს შემთხვევებს, როდესაც საუბრით, კეთილგანწყობით მოსწავლეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებია. ფიქრობს, რომ ადრეული ქორწინების ან სხვადასხვა სარისკო ქცევის მიზეზი ხშირად ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაციაა. ამიტომ მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ცოდნა ბავშვისთვის სკოლაშივე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მინიმუმ, უნდა არსებობდეს არჩევითი საგანი.

ადრეული ქორწინების პრობლემის მოგვარებაში სკოლის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თამარ მოსიაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობა ყველაზე საჭირო სტრატეგიაა. სკოლა უნდა გახდეს არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ადგილობრივი თემი ამ საკითხებზე თამამად იმსჯელებს, რადგან  შეუძლებელია სკოლამ, როგორც იზოლირებულმა დაწესებულებამ, რაიმე შეცვალოს და  თემში  მეტი მომხრეები გაიჩინოს. სკოლამ უნდა შესთავაზოს სასკოლო თემს სივრცე და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები, სოფლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების არსებობა.

 „ცხადია, უნდა ისწავლებოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს ერთი საკითხია. მაგრამ მარტო ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტული ტექსტების შესწავლა შედეგს არ მოგვცემს.  სკოლისა და ადგილობრივი თემის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პრობლემას მხოლოდ სკოლა ვერ გაუმკლავდება, თუ თემში დასაყრდენი არ ნახა. ადგილობრივი საზოგადოება მისი თანამოაზრე უნდა გახდეს, რომ ნაადრევი ქორწინებების რაოდენობა შემცირდეს და საზოგადოება აღარ იყოს ტოლერანტული ამ საკითხის მიმართ. საზოგადოებასთან თანაშრომლობაზე ორიენტირებული პატარ-პატარა ინიციატივები შედეგს იძლევა“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მოზარდთა განათლება, როგორც გამოსავალი

ჯანდაცვისა და განათლების სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მოზარდები სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად თანატოლებისა და მეგობრებისგან იღებენ, რადგან არ არსებობს სისტემური განათლების წყარო და შესაბამისი სერვისი, რომელიც მათ არასწორი ინფორმაციისგან დაიცავს.

დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემით, აბორტების 47%-ზე მეტი 15-29  წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. მით უფრო, რომ მოზარდობის პერიოდში ორსულობა და მშობიარობა ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული როგორც დედისთვის, ისე ჩვილისთვისაც.

ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორი პიერ ანდრე მიშო რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა. სკოლის ჯანდაცვის სისტემაში შესაბამისი სწავლების დასანერგად, რომელიც მოზარდების  ჯანმრთელობის ხელშეწყობას ეხება, მან ექიმებისთვის რამდენიმედღიანი შეხვედრა ჩაატარა. პროფესორი მიიჩნევს, რომ იდეალურ შემთხვევაში ჯანდაცვა უნდა იწყებოდეს მშობლებიდან, შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლი კი სკოლა  და მედია უნდა იყოს. თუმცა, როგორც ის ამბობს, რეალობა განსხვავებულია.

„ზოგადად სკოლის სისტემა ძალიან ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს. მათ უნდა იცოდნენ, როგორ აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა.  სკოლა კი შესანიშნავი საშუალებაა ამის მისაღწევად, თუმცა, ეს მშობლებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებები იმისა, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად პრევენცია მართლაც ეფექტურია. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სკოლის ჯანდაცვის სისტემა. ამ საკითხებზე უნდა შედგეს მჭიდრო კომუნიკაცია მასწავლებლებთან და მშობლებთან“, - ამბობს  პროფესორი პიერ ანდრე მიშო.

ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობის საკითხების შესწავლა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი მომსახურების მიწოდება და ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს პროექტის მიზანს, რომლის ფარგლებშიც გაერო-ის მოსახლეობის ფონდის (UNFPA), ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა  ეროვნული ცენტრის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში ოცამდე ექიმი გადამზადდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გასულ წელს განათლების სამინისტრომ დაიწყო და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციასთან ერთად, სკოლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს, „მშობელთა  განთლების და ჩართულობის“ ქვეპროგრამაა. სამინისტროსთან ერთად, პროგრამაზე „გაეროს მოსახლეობის ფონდიც“ მუშაობს.

მარიამ ბანძელაძე პროგრამის მენეჯერია. „ლიბერალს“ მან განუცხადა, რომ,  როცა საუბარი ბავშვებთან ადრეულ ასაკში ქორწინებას ან ცხოვრების ჯანსაღ წესს ეხება,  საჭიროა მშობელი დარწმუნებული იყოს, რომ მის შვილს არანაირ საფრთხის შემცველ ინფორმაციას არ აწვდიან. პირიქით, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია მოზარდების სრულფასოვანი განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ისინი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.  

როგორც მარიამ ბანძელაძე ამბობს, სხვადასხვა შეხვედრის დროს მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები თვითონ ასახელებენ ამ პრობლემას, როგორც ყველაზე აქტუალურს.  მშობლისთვის უფრო პრობლემურია ამ თემებზე საუბარი, რადგან ბევრი მათგანი ამ საკითხში კომპეტენტური არ არის. არ იცის, რა ცვლილებები ხდება ბავშვში ასაკის მიხედვით. ამიტომ საჭიროა მეცნიერული ინფორმაცია მოზარდებმა კეთილგანწყობილ სივრცეში მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ.

რამდენიმე წლის წინ ჩატარებული მოზარდთა რეპროდუქციული კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა (57, 5%) მიიჩნევდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

2010 წელს ორგანიზაცია „თანადგომის“ ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჭიროების, ხელმისაწვდომობისა და მიწოდების გზების შესახებ X-XI კლასის პედაგოგები და მოსწავლეები გამოიკითხნენ. კვლევა ქვეყნის ოთხ ქალაქში  - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში - ჩატარდა.

პედაგოგები ამბობდნენ, რომ მოზარდები ინტერესდებიან ისეთი საკითხებით, როგორიცაა ნარკოტიკები, რეპროდუქციული სისტემა, მოზარდობის ასაკი, შიდსი, აბორტი. ეძებენ ინფორმაციას და სურვილი აქვთ, ისაუბრონ ამ საკითხებზე. კვლევის მიხედვით, მხარეები - როგორც პედაგოგი, ისე მშობელი - გაურბიან პასუხისმგებლობას. მიუხედავად ამისა, კვლევის ყველა მონაწილე თანხმდება, რომ მოზარდებთან ამ თემებზე საუბარი საჭიროა.

ორგანიზაცია „თანადგომა“ დიდი ხანია სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ  საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებს.

ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერის, ქეთი ჭელიძის აზრით, არაერთმა საერთაშორისო  კვლევამ  დაადასტურა, რომ ამ საკითხების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღებამ მოზარდებში სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი გადაწია. მოზარდმა მას სხვა თვალით შეხედა,  გაიაზრა რისკები და ასე ადვილად აღარ მიიღო გადაწყვეტილება.   

ქეთი ჭელიძე ამბობს, რომ ყველა საკითხზე, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოზარდები განათლებას ასაკის შესაბამისად უნდა იღებდნენ. ის უნდა იყოს უწყვეტი, გენდერულად და კულტურულად სენსიტიური პროცესი.

ევროპის ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სასკოლო განათლების ნაწილია, როგორც სავალდებულო, ისე არჩევითი საგნების სახით. მაგალითად, როგორც ქეთი ჭელიძე ამბობს, ისრაელში საბავშვო ბაღიდან შესაბამისი ფორმით აწოდებენ ბავშვებს, რომ არსებობს სასარგებლო და უსარგებლო ნივთიერებები, ასწავლიან გარემოსთან გამკლავებას, ესაუბრებიან ჯანსაღ კვებაზე და ა.შ.

„როგორც წესი, საქართველოში ამ რისკებზე მოზარდებს არავინ ესაუბრება. არც იმაზე, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ქალისთვის მრავალი კუთხით შეიძლება იყოს რისკის შემცველი. ამ პროცესში პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - მშობელს, სკოლას, საზოგადოებას. უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც დაარწმუნებს მოზარდს, რომ არ ღირს ადრეულ ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაზე კარგი ადგილი ამისთვის სკოლაა“, - ამბობს ქეთი ჭელიძე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ინიციატივა მოერგოს ადგილობრივ კონტექსტს, სხვისი გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა არ გაამართლებს. მან უნდა უპასუხოს მოსახლეობის მოლოდინებს, მოთხოვნებს, ინტერესებსა და კულტურულ ნორმებს.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^