Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა" - პოლიციური რეჟიმის დასასრული

31 აგვისტო 2016

20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმებოდა. დილით გორში ჩავედი, სადაც  „რუპორი“ უნდა გამომერთმია რამაზ ქოქოშვილის მეგობრებისთვის და შემდეგ აქციის მონაწილეებთან ერთად დავაპირე სამტრედიაში წასვლა. რამაზი 2 ივნისს დაიჭირეს გორში, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. მან პროტესტის უმძიმეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. წინა ხელისუფლების რეჟიმს კი მისი ძმა შეეწირა ციხეში. რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მის სასამართლო პროცესზე დაიჭირეს ლევან ქოქოშვილი (რამაზის მეორე ძმა), ასევე დააპატიმრეს რამდენიმე მეგობარიც. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა აღარ გაგრძელებულიყო საპროტესტო აქციები და მიეჩქმალათ აღნიშნული საქმე. მალე სამტრედიისკენ მიმავალ ავტობუსში აღმოვჩნდი. როცა ხაშურში პოლიციის შენობასთან  გავიარეთ გაგვახსენდა ამავე შენობაში გარდაცვლილი იოსებ ქიმერიძე.  შემდეგ ქუთაისს შემოვლითი გზით ჩავუარეთ, მაგრამ სიშორემ ვერ დამავიწყა ლევან აბზიანიძის მკვლელობის ამბავი და იქ გამართული საპროტესტო აქცია, პოლიციისა და ნარკოლოგიურის შენობების წინ, სახელწოდებით - „ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“. ეს ადამიანები პოლიციურმა რეჟიმმა იმსხვერპლა. სისტემამ, რომელიც არ შექმნილა დღეს, მაგრამ აგრძელებს არსებობას. სისტემამ, სადაც ადამიანებს უწევთ დაშინების, იძულებისა და ძალადობის ქვეშ ცხოვრება. უსამართლობის წინააღმდეგ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ჯგუფები ყოველდღიურად განიცდიან ზეწოლას ქუჩებში, სამუშაო ადგილებსა თუ სხვადასხვა სივრცეში და ამ ბრძოლაში ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებსა თუ ძალადობრივ სისტემასა და პოლიტიკას  „საქართველოს სამსახურის“ ნიღაბს ამოფარებული პოლიცია იცავს.

საბოლოოდ მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს, მაგრამ ვხვდებოდით, რომ ასეთი ადგილი ერთი კონკრეტული არაა და ის გაბნეულია მთელ ქვეყანაში, რადგან პრობლემის ხასიათი სისტემურია და არ შემოიფარგლება ერთი შემთხვევით. ჩავედით ქალაქში, საიდანაც წერილი „მოგვივიდა“. სიტყვები კი, რომელიც წავიკითხეთ და შემდეგ ერთმანეთისგან მოვისმინეთ ყველასთვის შემზარავია - „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“.

ესაა შედეგი იმ  უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელშიც დღეს ხალხს უწევს არსებობა. ადამიანებს ვერ ექნებათ განცდა, რომ დაცულები არიან, როცა მათზე ძალადობს ის, ვინც უნდა იცავდეს. რეჟიმისთვის მარტივია იძალადოს მასზე, ვისაც არ აქვს გავლენა, ძალაუფლება, ვისთვისაც ის მცირედიც კი ბევრს ნიშნავს, რაც გააჩნია; სისტემა ამით მანიპულირებს და ასე მოიპოვებს კონტროლს ადამიანებზე. ხალხს სურს ამოიღოს ხმა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. ჩვენამდე არ მოდის ან ძლივს აღწევს ხმა, რომლის ჩახშობასაც სისტემა ცდილობს. ხმა, რომელიც ჩაგვრისგან და ძალადობისგანაა გამოწვეული  ისმის პერიფერიებიდან და რეგიონებიდან.

ვის ეშინია ხალხის? პოლიციურ რეჟიმს, ელიტებს, სისტემას. ხალხსაც შეიძლება ეშინია ხმის ამოღების, თუმცა ეს განცდა ჩვენამდე ვერ აღწევს, რადგან ერთმანეთისგან ვგრძნობთ სოლიდარობას, გვერდით დგომას, რადგან ვიცით, რომ უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ვიბრძვით. შეიძლება ხმის ამოღება და პირდაპირი ქმედებები დავაგვიანეთ ისევე, როგორც აქციის დაწყება ვერ მოხერხდა დროულად, მაგრამ მაინც ვთქვით ჩვენი სათქმელი, გადავდგით ნაბიჯი, დავიწყეთ ბრძოლა და არ ვაპირებთ დანებებას. სამტრედიაში ყველა ვგრძნობდით და ვხვდებოდით, რომ პოლიციურ რეჟიმს არ უნდა შერჩეს დემურის სიკვდილი, რომ ეს შემთხვევა უნდა გახდეს უკანასკნელი და წინაპირობა სისტემის ნგრევის.

აქციაც დაიწყო და პარტიული პირის გამოჩენამაც არ დააყოვნა, რომლის ქმედებაც პირდაპირ პოლიტიკური ქულების დაწერისკენ იყო მიმართული. კამერების მორევში გადაეშვა და მალე აქციის დატოვებაც მოუწია. მითუმეტეს არაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც პოლიციური რეჟიმის გასაპროტესტებლად, კონკრეტული მოთხოვნებით, შეიკრიბნენ ადამიანები.

პოლიციელები შენობასთან და შენობის კიბეზე იდგნენ. იქამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად მანქანებით იყო გადაკეტილი. აქციაზე თავისი სათქმელი ბევრმა თქვა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ზეწოლა, დაშინება, მუქარა, ჩაგვრა და ვინც ყველაზე მძაფრად გრძნობდა დემურის გარდაცვალების ტკივილს. ვისაუბრეთ ძალადობრივ სისტემაზე, მისი წარმომავლობისა და დღემდე არსებობის შესახებ, პოლიციურ რეჟიმზე, ნარკოპოლიტიკაზე და სხვა შემთხვევებიც გავიხსენეთ. ნელ-ნელა მივიწევდით წინ, რათა მოშორებით მდგარ, მომცინარი სახეების მქონე, პოლიციის თანამშრომლებს კარგად დაენახათ, რომ არ ვაპირებდით გაჩუმებას, რომ არ გვეშინოდა ხმის ამოღების, ერთად ვსკანდირებდით „ძირს პოლიციური რეჟიმი“. კვამლში გაეხვა შენობის წინ, მანქანებით გადაჭედილი ტერიტორია. უცებ პოლიციელები დაიძრნენ ჩვენკენ, როცა ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა, რომ აქტივისტები პოლიციის მანქანაზე იყვნენ ასულები და გინებაც თან მოაყოლა. ამას საპასუხო რეაქციაც მოჰყვა და ბუნებრივია არ მივეცით მათ საშუალება ვინმე დაეჭირათ. შეიღება და წარწერებიც გაკეთდა პოლიციის მანქანებზე. აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოოდ კი აქცია მსვლელობით დასრულდა მომავლის პარკთან. მალე დავიძარით ყველა სხვადასხვა მიმართულებით. ზოგი სვანეთში მიდიოდა, ზოგიც ბათუმსა და ქუთაისში, ძირითადი ნაწილი თბილისში ბრუნდებოდა. რამდენიმე ადამიანთან ერთად ქუთაისის მიმართულებით წავედი. ქუჩას გავუყევით, ხიდს მივუახლოვდით და მასზე გადასვლისას პოლიციის პიკაპებმა ალყაში მოგვაქციეს, მხოლოდ მე დამაკავეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფაც მომაყენეს. ჩემი და მათი ურთიერთობა სამტრედიის პოლიციის შენობაში გაგრძელდა. არ აუხსნიათ თუ რატომ დამიჭირეს, მობილური ჩამომართვეს და არ მომცეს ზარის განხორციელების საშუალება, ადვოკატზე საუბარიც ზედმეტი იყო. ცოტახანში აქტივისტები მობრუნდნენ და რამდენიმე პოლიციელმა შენობა დატოვა. გარკვეული დროის შემდეგ ქუთაისში დააპირეს ჩემი გადაყვანა. ვგრძნობდი სოლიდარობას და გვერდით დგომას თანამებრძოლების, ჩემი მეგობრების მხრიდან. ალბათ ამიტომაც ვერ გაბედეს იმაზე მეტი, როდესაც დაინახეს, რომ ჩვენ ერთმანეთს ბრძოლაში არ ვტოვებთ და ალბათ იმასაც მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. ასე იხევს უკან სისტემა, როცა არსებობს სოლიდარობა და წინააღმდეგობა. პოლიციელთა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ არამხოლოდ დემურ სტურუა იყო ძალადობის მსხვერპლი, არამედ ბევრი ადამიანი შეიძლება დღესაც ზეწოლის ქვეშაა. ბოლოს გადამიყვანეს ქუთაისში, სადაც მითხრეს, რომ თურმე მოწმის სტატუსით ვიმყოფებოდი სამხარეო პოლიციის შენობაში. ამის შემდეგ ორი ადვოკატი შემოუშვეს, კიდევ ერთთან დავრეკე და გავესაუბრე. კონსულტაციის შედეგად  უარი განვაცხადე პოლიციის შენობაში მეპასუხა რაიმე კითხვაზე და ვუთხარი, რომ სასამართლოში შეეძლოთ ჩემგან პასუხების მიღება. ჩამიტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ გამომიშვეს. გამოსვლისთანავე გავიგე, რომ აქციის მონაწილე სამი აქტივისტი ბორჯომში ნარკოლოგიურში გადაიყვანეს...

უამრავი ადამიანის გვერდით დგომა ვიგრძენი. კიდევ ერთხელ დავინახე თუ რას ნიშავს სოლიდარობა და თან სულ სხვაგვარია, როცა შენ მიმართ გრძნობ თანადგომას: იმედს გმატებს და გამხნევებს, ძალას გაძლევს ბრძოლისა და წინააღმდეგობისთვის. თავს მარტო არ გრძნობ მახინჯი, ძალადობრივი, პოლიციური რეჟიმისა და სისტემის წინაშე, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდას საშუალებას აძლევდეს მიიღოს განათლება და  განვითარდეს, პირიქით თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ეს არის დღევანდელი პოლიციური რეჟიმის სახე, რომელიც უნდა დასრულდეს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^