Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელი ზოგჯერ ჩაჭრილი და არავითარი "მაგრამ"

05 სექტემბერი 2016

კარგად მახსოვს, სკოლაში პირველად რომ მივედი, საერთოდ არ მიტირია. მაშინვე გავაცნობიერე, სად მივედი და რატომ.

ყველაზე კარგად კი ცარცისა და დაფის ნერვიული შეჯახებების ხმა მახსოვს:

ჩვენი დამრიგებელი დახატავდა წრეს ნახევარზე ოდნავ მეტს ხაზებით შეავსებდა და ნახევარს ცარიელს დატოვებდა:

„ეს ჩემი გულია ეს მხარე (ხელით ათითებდა დახაზულ ნაწილზე). უკვე თქვენ დახაზეთ და შეიწირეთ. დანარჩენი მცირე ნაწილი ჯერ კიდევ საღია“...

არ ვიცი, ეს აპრობირებული მეთოდი იყო თუ არა, მაგრამ ასე თუ ისე ამართლებდა. ჩვენ სინანულის გრძნობა გვდევდა თან და როდესაც რამეს ვაშავებდით, მასწავლებლის დაჩხაპნილი გული წარმოგვიდგებოდა თვალწინ.

როცა სკოლაში შევედი, სახელმწიფოს ფეხი ახალადგმული ჰქონდა და განათლება არ იყო ქვეყნის ერთადერთი საზრუნავი... ამიტომ ინგლისურის პირველი სახელმძღვანელო იმას მასწავლიდა, რომ ვარ დიადი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია-Soviet Union.

ბევრს თუ არა უმეტესობას მაინც ემახსოვრებოდა კუთხეში სიმინდის კაკლებზე დამუხვლა, თავში წიგნის, გასაღების, საგანგებოდ გამოთლილი ჯოხის სიმწარე, ან სულაც სამასწავლებლოდან ახლად შემწვარი კუპატის სუნი...

მიუხედავად უამრავი და უკიდეგანო დაპირებებისა, განათლება არცერთი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა. არ ვიცი, ეს საიდან მომდინარეობს და რატომ, თუმცა ყველა მმართველი ძალა თითქოს ჩემი ყოფილი კლასის დამრიგებელს და მის ცარცით დახატულ „გულს“ უფრთხილდება...

ხისტი და ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გარეშე ძირეული ცვლილებები არ მიიღწევა. ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ამ მიმართულებით უხეში პოლიტიკა ცარცით ნახევრად დაჩხაპნილ „გულს“ ბოლომდე გააფერადებს. ამიტომ რაღაც ოქროს შუალედია მოსაძებნი. შუალედი, რომელიც განვითარებაზე, ზრუნვაზე, წახალისებაზე იქნება ორიენტირებული და არა დასჯაზე.

მასწავლებელთა საყოველთაო სქემა, რომელიც ამოქმედდა და რომელიც ჯერ მხოლოდ სატესტო ვერსიაა, უნდა ვაღიაროთ, გამართულობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ხერხია. თუმცა აუცილებელია, რომ სქემა მასწავლებლის საჭიროებებზე  იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული; ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მხოლოდ პროგრესზე იქნება მიბმული.

ანუ გამოსავალი კატეგორიებშია?

ამ ეტაპზე, დიახ!

მასწავლებელს სტიმული სჭირდება და, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ეს სტიმული ადეკვატური ანაზღაურებაა. ერთია, თუ რა ჩარჩოებს ვაწესებთ ჩვენ მასწავლებლებისთვის და მეორე, როგორ ვუწყობთ ხელს ჩარჩოდან ჩარჩოში გადასასვლელად. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესი და ხელშესაწყობია. მასწავლებელს ყოველდღიურად, ყოველთვიურად და მუდმივად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სიახლის ძიებისთვის. ვინც სიახლეს და პროგრესს ფეხს ვერ აუწყობს, ის თავად წავა.

ესაა მცირე რეცეპტი, რეცეპტი, რომელიც თუნდაც ჩაჭრილ მასწავლებელს პროგრესში ჩართავს და შიგადაშიგ იბერიაც წამოიბრწყინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^